საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საშობაო ქადაგება (7 იანვარი, 2006 წ.)

7 იანვარი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-7-%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საშობაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 7 იანვარი, 2006 წ.

„როცა ჩვენ დილის ლოცვებს, ან
ძილის წინ საღამოს ლოცვებს ვლოცულობთ,
ან შვიდგზის ლოცვას ვამბობთ, აუცილებლად ვთხოვოთ უფალს საქართველოს გამთლიანება“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ყოველი ჩვენგანი უგალობს ბეთლემს შობილ მაცხოვარს ანგელოზთა საგალობელს:
„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

მართლაც, რომ გადავხედოთ ჩვენი ერის წარსულს, ჩვენს ისტორიას, დავინახავთ, რომ
ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება მხოლოდ იმ შემთხვევაში სუფევდა,
როცა ერი ადიდებდა უფალს. აი, ამიტომ ანგელოზთა ეს საგალობელი, ყოველთვის უნდა
გაითვალისწინოს ადამიანმა.
თუ მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება გვინდა, აუცილებლად უნდა ვადიდოთ ღმერთი; უპირველეს ყოვლისა,
უნდა გვწამდეს და ვადიდებდეთ მას.

უკვე მეორე წელია, დავამკვიდრეთ ახალი შესანიშნავი ტრადიცია: შობის საღამოს სანთელს
ან კანდელს ვანთებთ ფანჯარაში. ამას უდიდესი მნიშვნელობა და შინაარსი აქვს. ჩვენ
ამით ვიწვევთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას და მართალ იოსებს, რათა ჩვენს გულში
იშვას უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და ჩვენი გული, ჩვენი სახლი გახდეს ის წმიდა
სავანე, სადაც არა მარტო იშვება უფალი, არამედ მუდმივად იქ დარჩება.

შობა უდიდესი
დღესასწაულია, უფრო სწორედ, დღესასწაულთა დღესასწაულია. ეს არის კაცობრიობისადმი
მამაზეციერის სიყვარელის უმაღლესი გამოვლინება. უფალმა კარგად უწყოდა, თუ რა
მოხდებოდა დედამიწაზე, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, აგზავნის ძესა თვისსა ,
მხილოდშობილსა, უფალსა ჩვენსა
იესო ქრისტეს იმისათვის, რომ კაცობრიობა იხსნას ცოდვისაგან, და ადამიანი გახდეს
მკვიდრი სასუფეველისა.

დღეს ადამიანი მრავალი პრობლემის წინაშე დგას და ამ საკითხების შესახებ თქვენ
საშობაო ეპისტოლეში წაიკითხავთ. მე აღარ შევუდგები ეპისტოლეს შინაარსზე საუბარს,
მხოლოდ ვიტყვი, რომ იქ განხილულია ზოგიერთი ისეთი მძიმე საკითხი, რომელიც აწუხებს
ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს. ვფიქრობ, ღვთის მადლითა და შეწევნით, შევძლებთ,
დავძლიოთ ის პრობლემები, რომელიც ჩვენს წინაშე დგას.

არაერთხელ მითქვამს თქვენთვის,
რომ არსებობს ორი ძალა, რომელიც გვაცხოვნებს, ორი სულიერი ფრთა, რომელიც ჩვენ მიწიდან
ზეცას აგვიყვანს. ეს არის ჩვენი
რწმენა, ჩვენი სიყვარული
და ეროვნული საუნჯე,
ეროვნული ფასეულობა.
ეს ორი რამ აუცილებელია ყოველი
ადამიანისთვის.

მადლი, მშვიდობა, ღვთის სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენს შორის. დღეს განსაკუთრებით
ვლოცულობდით
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისათვის.
როგორც აფხაზეთი, ისე ცხინვალი, განუყოფელი ნაწილია საქართველოსი და ეს არის ჩვენი
გამოცდა. სხვათა შორის, ეპისტოლეში არის ნათქვამი, რომ როცა ჩვენ დილის ლოცვებს, ან
ძილის წინ საღამოს ლოცვებს ვლოცულობთ, ან შვიდგზის ლოცვას ვამბობთ, აუცილებლად
ვთხოვოთ უფალს საქართველოს გამთლიანება. ეს ჩვენი ჭრილობაა და ჭრილობა ღვთის მადლით
უნდა შეხორცდეს და განიკურნოს.

ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №5,
2006 წ.