საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (9 მარტი, 2008 წ.)

9 მარტი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-9-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98-200

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 9 მარტი, 2008 წ.

„საქართველოს ეკლესია ყველაფერს
აკეთებდა და აკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობა და ერთსულოვნება
სუფევდეს ჩვენ ქვეყანაში. ასეთი სულისკვეთებით მოვდივართ ჩვენ პირველი საუკუნიდან“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს განსაკუთრებული დღეა, სინანულისა და მიტევების დღე. უფალი ჩვენი იესო
ქრისტე თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს და ბრძანებს: „რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი,
იგი ამაღლდეს, ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი – იგი დამდაბლდეს“.

მიტევების კვირას აქვს თავისი ისტორია, თავისი საინტერესო დიდი წარსული. თქვენ
იცით, რომ ბერმონაზვნობას საფუძველი ეგვიპტის უდაბნოებში ჩაეყარა. სნორედ იქიდან
წამოვიდა ეს ტრადიციაც. ბერებს ასეთი წესი ჰქონდათ: დიდმარხვის წინ თავს ერთად მოიყრიდნენ, ერთმანეთს პატიებას სთხოვდნენ და შემდეგ უდაბნოში
განმარტოვდებოდნენ, რომ ერთმანეთის ღვაწლი არ ეხილათ. ამ დროს იგალობებოდა სააღდგომო საგალობლები, იმიტომ რომ არ იცოდნენ, აღდგომას ცოცხლები შეხვდებოდნენ თუ
არა. და ასე, მთელი დიდი მარხვა ისინი ეგვიპტისა და იორდანეს უდაბნოებში
მოღვაწეობდნენ, აღდგომისთვის უკან ბრუნდებოდნენ და მადლობდნენ უფალს ამ დიდი
წყალობისათვის.

ჭეშმარიტად, „დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. უფალი ჩვენი
იესო ქრისტე ბრძანებს: „სადაც არის საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი“. რა არის
საუნჯე? თავის საუნჯეს ყოველი ადამიანი სულ სხვადასხვა რამეში ხედავს:
ზოგიერთისთვის საუნჯე არის სიმდიდრე, ზოგისთვის – მაღალი წოდება, ზოგისთიის –
კეთილი საქმე. ბედნიერია ადამიანი,
რომელიც ყოველდღიურად აკეთებს სიკეთეს, რომელსაც გააჩნია თვალი მოწყალე, გული მოწყალე და სული წრფელი,
რომელიც ხედავს სხვა ადამიანების გაჭირვებას და ეხმარება მათ.

უფალი ამბობს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცოდვათა მიტევებას. დღეს წაკითხულ
სახარებაში წერია: „სთქუა უფალმან, უკეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი
მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან, ხოლო
უკეთუ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან ზეცათამან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი
თქუენნი…“

რა არის ცოდვა? როგორ შეიძლება ადამიანმა განსაჯოს ის, რაც
ასე ამძიმებს მას? ცოდვა – ეს
არის მძიმე ტვირთი, ეს არის ის,
რასაც ადამიანი ჯოჯოხეთში მიჰყავს. არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ მოწყალე
გული და
არ შეუძლიათ, სიკეთე არ აკეთონ.
მაგრამ არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც ბოროტს სთესენ
და მათთვის ჯოჯოხეთი აქ, დედამიწაზე იწყება. სიკეთის მთესველი
ადამიანისთვის კი სასუფეველი
დედამიწაზე იწყება და ბედნიერია
იგი.

ძალიან ძნელია ცოდვების მიტევება, ძალიან ძნელია აპატიო წყენა, მით უფრო, მიხვიდე
და პატიება სთხოვო მას, ვინც უსამართლოდ მოგექცა. მაგრამ ეს ძალა უნდა მოვიძიოთ
ჩვენში. არ უნდა დაველოდოთ, როდის მოვა ის და თვითონ გვთხოვს შენდობას, თავად უნდა
გამოვიჩინოთ მეტი თავმდაბლობა, მეტი სულგრძელობა და ყველაფერი გავაკეთოთ
შერიგებისთვის.

მახსენდება, რამდენიმე წლის წინ ამერიკიდან მასწავლებელთა ჯგუფი იყო ჩამოსული.
ისინი
მიამბობდნენ, რომ მათ სკოლაში ასეთი წესი აქვთ, – როცა ბავშვები ერთმანეთთან
იჩხუბებენ, სახლში მანამ არ უნდა წავიდნენ, ვიდრე ერთმანეთს არ შეურიგდებიან. ეს
შესანიშნავი წესია და მე არაერთხელ მითქვამს ამის შესახებ ჩვენს სკოლებში
მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის.

ღირსი მამა, წმინდა ეფრემ ასური, ამბობს: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა
ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. რა საოცარი ლოცვაა და, ამავდროულად,
როგორი მოკლე და ყოვლისმომცველი. ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც განცდაი თვისთა
ცოდვათა გააჩნია და რომელსაც შეუძლია თავი შეიკავოს განკითხვისაგან. უფალი
ბრძანებს: რა საზომითაც განიკითხავ სხვა ადამიანს, იმ საზომითვე განგიკითხავს შენ
უფალი. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, განსაკუთრებით დღეს, როცა უამრავი მწვავე
პრობლემისა და გადაუჭრელი საკითხის წინაშე ვდგავართ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
იმისათვის, რომ თავმდაბლად მოვუსმინოთ ერთმანეთს, რათა შევუნდოთ ერთმანეთს. ადამიანში უნდა დავინახოთ არა მხოლოდ მისი უარყოფითი მხარეები, მისი სისუსტეები და ნაკლი,
არამედ შევძლოთ დავინახოთ მისი სიკეთე, მისი სული, დავინახოთ მასში ხატება ღვთისა.
წმინდა მამები ამბობენ, რომ დიდ ადამიანებს დიდი სიკეთე და, ამასთანავე, დიდი
შეცდომები ახასიათებთო.

წმინდა წერილი გვმოძღვრავს: „არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს“.
ამქვეყნად არ არსებობს ადამიანი ცოდვის გარეშე, მაგრამ ადამიანმა უნდა დაინახოს
საკუთარი ცოდვა. რატომღაც ჩვენ უფრო ხშირად სხვის ცოდვებს ვხედავთ, სულ სხვა
ადამიანების ნაკლს დავეძებთ და ამ დროს პირადი ცოდვები გვავიწყდება და ნაკლებად
ვამჩნევთ.

საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და იმედი გვაქვს, რომ
ჩვენი სამშობლო გადარჩება; საქართველო გავა მშვიდობის გზაზე და იგი იქნება ერთ-ერთი
ძლიერი ქვეყანა, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად. თქვენ იცით, ისტორიულად
მრავალი განსაცდელი გამოუვლია საქართველოს. ღმერთმა მოგვცა ისეთი მამული, რომელიც
თვალს ჭრიდა მტერს, რომელიც მუდამ ცდილობდა იგი ჩვენთვის წაეგლიჯა. მაგრამ დიდება
და მადლობა უფალს, რომ საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება! მჯერა, მოვა ის
ბედნიერი დრო, როცა საქართველო გამთლიანდება.

დღეს ბევრი ადამიანი საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს
მომავალი. ზოგიერთი საერო თუ სასულიერო პირი საქართველომი მონარქიის აღდგენაზე
ფიქრობს. მინდა აღვნიშნო, რომ დღეისათვის საამისოდ არ არის მზად არც ჩვენი ერი და
არც სამეფო კანდიდატი. ამისათვის მომავალში უნდა მოემზადოს ჩვენი ქვეყანა, დღეს კი
ყოველივე უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ ერი გამთლიანდეს, რომ ერთსულოვნება სუფევდეს
საქართველოში.

რამდენიმე ხნის წინ საქართველოში სტუმრად ბრძანდებოდა შვეიცარიის პარლამენტის
თავმჯდომარე, ერთი ქალბატონი, რომელიც ჩემთან მობრძანდა და ჩვენ მეტად საინტერესოდ
ვისაუბრეთ. ჩვენი საუბარი შეეხო ზოგადად ხელისუფლებისა და ოპოზიციიას ურთიერთობას
და მან თქვა, რომ იმ პარლამენტში, სადაც მე თავმჯდომარე ვარ, მოწინააღმდეგენი
ხელისუფლებას არ ჰყავს და არც მე მყავს ოპოზიციაო, რადგან ჩვენ ყველანი ერთად
ვაკეთებთ ქვეყნის საქმეს, ერთად ვშრომობთ, ერთად ვფიქრობთ და ერთმანეთს ვუსმენთო.
ჩვენც მათ უნდა მივბაძოთ.

მინდა მადლობა შევსწირო უფალს იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც განსაკუთრებით ამ
ბოლო წლების მანძილზე მოგვივლინა. შესაძლებელი იყო, რომ გაცილებით მძიმედ
განვითარებულიყო მოვლენები საქართველოში, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენ მივედით იმ
შეგნებამდე, რომ შეგვიძლია ერთმანეთს მოვუსმინოთ. ყოველი ქართველი შვილია ჩვენი
ქვეყნისა და ყოველ მათგანს, არანაკლებად რომელიმე ჩვენთაგანზე, უყვარს თავისი
სამშობლო.

მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ეკლესია ყველაფერს აკეთებდა და
აკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობა და ერთსულოვნება სუფევდეს ჩვენ ქვეყანაში. ასეთი
სულისკვეთებით მოვდივართ ჩვენ პირველი საუკუნიდან. ჩვენი ეკლესია მუდამ იყო ის
სულიერი ძალა, რომელიც ამთლიანებდა და ადუღაბებდა ჩვენს ერს. და ჩვენ ვმადლობთ
უფალს, რომ მოგვცა ასეთი სულიერი ძალა. საჭირო და აუცილებელია, რომ მთელ ერს
ჰქონდეს ერთსულოვნება.

ყველანი მოხარულნი ვართ, რომ ამ დიდებულ დღეს შენდობის წესს ესწრება ჩვენი
პრეზიდენტი, მისი აღმატებულება, ბატონი მიხეილი. იმედი გვაქვს, რომ ყველანი ერთად
გამოვნახავთ გზებს, რათა ერთსულოვნებამ დაისადგუროს საქართველოში. წინ უფრო დიდი
საქმეები გველოდება, ჩვენ გველოდება მრავალი საქმე, მშენებლობა, უპირველეს ყოვლისა,
სულიერი, – ყოველმა ადამიანმა, პირველ რიგში, საკუთარი სულიერი ტაძარი უნდა
ააშენოს. საქართველო, ღვთის მადლით, უნდა გახდეს ძლიერი, განვითარებული და
დემოკრატიული სახელმწიფო.

მინდა გითხრათ, რომ ამ წლების განმავლობაში მრავალი გაჭირვება შეგვხვედრია, მაგრამ
ღვთის ძალა იფარავდა ჩვენს ეკლესიასა და ერს. ყოველ ადამიანს გააჩნია რამე სისუსტე,
ყოველი ჩვენგანი ვარდება ცოდვაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი დაცემული
არ უნდა დარჩეს, ის აუცილებლად უნდა ადგეს და კვლავ განაგრძოს თავისი გზა.

მე, როგორც კათოლიკოს-პატრიარქს, არაერთი შეცდომა მქონია. ვითხოვ, ღმერთმა
მაპატიოს. ყოფილა შემთხვევა, როცა დამინახავს, რომ ადამიანი უფსკრულში ვარდება,
გამიწვდია დახმარების ხელი და მას უარი უთქვამს ამ დახმარებაზე…

უნდა ვიცოდეთ, რომ სადაც არის ცოდვა, იქ გამრავლდება მადლი უფლისა, რათა გადაფაროს
ეს ცოდვა. მადლი უფლისა მუდამ იფარავს ადამიანს. მადლი არის ძალა ღვთისა – „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“. დიდ ადამიანებს დიდი საქმენი და დიდი
შეცდომები გააჩნიათ. ამიტომ ჩვენ კი არ უნდა განვიკითხოთ, არამედ – უნდა დავეხმაროთ
ერთმანეთს დიდი, საერთო მიზნისთვის, – რათა საქართველო სამშვიდობო გზაზე გავიდეს.
პატივისცემით მივმართავ ჩვენს პრეზიდენტს, რომ მან გამოიჩინოს დიდი მოწყალება,
დიდი სულგრძელობა და ღმერთი გამოიჩენს დიდ მოწყალებას მასზე. ღმერთი იყოს მფარველი
თქვენი და სრულიად საქართველოსი.

დღეს არის შენდობის დღე. რა თქმა უნდა, ვგრძნობ იმ ცოდვებს, რომელიც ჩამიდენია და
ვთხოვ უფალს და თქვენ, რომ შემინდოთ შეცოდებანი. მახსენდება უწმინდესისა და
უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის ცხოვრება. ერთხელ მასთან
გაბოროტებული ადამიანი მივიდა და ეუბნება: „შენ ხარ იუდა!“ წარმოიდგინეთ, პატრიარქს
ეუბნება ამ სიტყვას! უწმინდესი და უნეტარესი კი პასუხობს: „მე იუდა არა ვარ, მე ვარ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“. აი, ასეთი სულგრძელი და თავმდაბალი ადამიანები
გვყავდა ჩვენ. გაიხსენეთ, თუნდაც, ჩვენი დიდი პატრიარქი ამბროსი ხელაია, რომელმაც
თავის ჯალათებს უთხრა: „ჩემი სული ეკუთვნის უფალს, გული – სამშობლოს და და ამ
ხორცს, რაც გინდათ, ის უქენითო.“

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ!

ღმერთმა გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო!

ღმერთმა ინებოს, რომ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი დაუბრუნდნენ
სამშობლოს.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, მაპატიეთ, ჩემი შეცოდებანი – ნებსითნი და უნებლიეთნი.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №9, 2008 წ.