საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება ( 9 ივლისი, 2006 წ.)

9 ივლისი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-9-%e1%83%98%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 9 ივლისი, 2006 წ.

„ერთსულოვნება გადაარჩენს
საქართველოს!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ფსალმუნში წერია: „მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი
აღვიღე სული ჩემი“. ყოველ ადამიანს, ყოველ ერს აქვს თავისი გზა, რომელიც უნდა
განვლოს თავისი ჯვრით და იგი ბოლომდე მიიტანოს.

რომელია გზა ქართველი ერისა? სად არის საწყისი მისი და სად არის დასასრული? ჩვენ
ეს არ ვიცით, მაგრამ ვიცით ის, რომ წყალობა ღვთისა მუდამ იყო ჩვენს ხალხზე და ღვთის
მადლი არასდროს მოგვკლებია.

და ვიცით კიდევ ის, რომ დასასრული არის სასუფეველი ცათა. აი, ეს გზა უნდა
განვლოს ქართველმა კაცმა.

როგორ შეიძლება ავხსნათ – რატომ გახდა საქართვეო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
წილხვედრი. ან როგორ შეიძლება, აიხსნას, რატომ ჩამობრძანდა საქართველოში კვართი
უფლისა, ანდა ქრისტეს შობამდე, 600 წლით ადრე, რატომ ჩამოიტანეს ხალენი წმიდისა
ელია წინასწარმეტყველისა?

ეს ყველაფერი მიუწვდომელია ადამიანის გონებისათვის, მაგრამ ნათლად მეტყველებს
იმის შესახებ, რომ წყალობა ღვთის და სიყვარული ღვთისა არის, იყო და იქნება ჩვენს
ერზე.

მტერი მუდამ ცდილობდა, გაეყო ჩვენი ხალხი, დაენაწევრებინა ჩვენი მიწა-წყალი. და
კვლავ ღვთის ძალა ამთლიანებდა ერს და ეს ძალა განსაკუთრებით ვლინდებოდა და ვლინდება
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის
ის სულიერი ძალა, რომელიც ამ 2000 წლის მანძილზე არა მარტო ამთლიანებს ქართველ ერს,
– ეკლესიის საშუალებით უფალი ანიჭებს მას მადლს სულისა წმიდისა – „უძლურთა
მკურნალსა და ნაკლულევანთა აღმავსებელს“! ვერავითარი მტერი ვერ მოერევა
საქართველოს, ეს უნდა გვახსოვდეს შინაურსა და უცხოს, ეს უნდა ახსოვდეს მოყვარესა და
მტერს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ გადააფარა თავისი კალთა საქართველოს,
ქართველ ერს და ვერავითარი მტერი ვერ სძლევს მას!

ახლა შუა ტაძარში დაბრძანებულია ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც არის ასლი
ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლის იმ ხატისა, რომელიც ბრძანდება ათონის მთაზე. და აი,
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა თავისი ხატით იწყებს დალოცვას საქართველოსი! თქვენ
იცით, რომ ეს ხატი აქ, გუშინ, სიონის საპატრიარქო ტაძრიდან მოაბრძანეს და
პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მას სვეტიცხოველში წავასვენებთ. ამ ხატმა უნდა მოიაროს
მთელი საქართველო, ყოველი ქალაქი, ყოველი რაიონი და ეს არის ნიშანი იმისა, რომ
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი არ ტოვებს საქართველოს და მისი განსაკუთრებული
მფარველობაა ჩვენს ერზე. ეს არის კიდევ ერთი საოცარი მაგალითი, რომელსაც ვერ
მისწვდება და ვერ ახსნის ადამიანის გონება.

ავიღოთ, თუნდაც, 7-გზის ლოცვა, რომელიც უძველესი დროიდან, შორეულ საუკუნეებში
სრულდებოდა და ხალხისგან მივიწყებული კვლავ საქართველოში აღდგა.

წყალობა ღვთისა ჩვენთანაა და ჩვენთან არს ღმერთი!

როგორც იცით, ჩვენი ეკლესიის დელეგაცია რამდენიმე დღით იმყოფება მოსკოვში. ეს
იყო მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოგზაურობა. იქ თავი მოიყარეს
სხვადასხვა რელიგიების მეთაურებმა და წარმომადგენლებმა. სამიტი ჩატარდა მოსკოვისა
და სრულიად რუსეთის პატრიარქის ალექსი II მიწვევით და ის საერთაშორისო ხასიათს
ატარებდა. წამოყენებული იყო მეტად საყურადღებო საკითხები. რა თქმა უნდა, უპირველეს
ყოვლისა, პოლიტიკური და არა ეკლესიოლოგიური, რადგან უცხო რელიგიებთან სარწმუნოებრივ
საკითხებზე საუბარი არ შეიძლება. განხილულ საკითხებს შორის იყო ტერორიზმის
პრობლემა, რომელიც ვრცელდება მთელს მსოფლიოში, იყო საუბარი ნარკომანიაზე, შიმშილზე
და სხვა.

მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ იქ ჩვენ შევხვდით ჩვენს ქართველებს, ჩვენს
დიასპორას რუსეთში. შეხვედრა შედგა ქართულ ეკლესიაში, მთელი ტაძარი და ეზო სავსე
იყო ქართველებით, რომლებიც ჩვენს ვიზიტს იმედის თვალით შეჰყურებდნენ. მოგეხსენებათ,
რომ ამ ბოლო დროს ძალიან დაიძაბა პოლიტიკური ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს
შორის. იქაური ქართველები ასევე დაუსრულებელ ნაკადად მოდიოდნენ ჩვენთან სასტუმროში,
ზოგი შეწირულობას აკეთებდა ჩვენი ეკლესიისთვის, კათოლიკოს-პატრიარქის ფონდისთვის.

უწინაც არაერთხელ შევხვედრივარ მოსკოველ ქართველებს, რა თქმა უნდა, მრავალჯერ
ვყოფილვარ რუსეთში. მაგრამ ასეთი შეხვედრა ჯერ არ ყოფილა. ძალიან შეშფოთებულები
არიან დაძაბული რუსულ-ქართული ურთიერთობით, დარდობდნენ – რა ეშველება მათ
მომავალში, რადგან ზოგს იქ ოჯახი ჰყავს, ზოგი საქართველოში დარჩენილ ოჯახს ეხმარება
და ამ ჩვენმა ვიზიტმა მათ ნუგეში მისცა.

ჩვენ გვქონდა შეხვედრა მის უწმინდესობასთან, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის
პატრიარ ალექსი II-თან. შეხვედრაზე გვქონდა მოლაპარაკება იმის შესახებ, რომ მომავალ
წელს პატრიარქი ალექსი II ვიზიტით ეწვევა საქართველოს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ხელს
შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის განმუხტვა. საერთოდ, უნდა
ითქვას, რომ ძალიან დიდია რუსეთის ეკლესიის გავლენა ადგილობრივ ხელისუფლებაზე და
ამას ანგარიში უნდა გაეწიოს.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე. ხშირი
შემთხვევაა, როცა რუსეთის სამღვდელოება უკანონოდ ჩადის აფხაზეთში და ცხინვალის
რეგიონში და იქ ასრულებს მღვდელმსახურებას. პატრიარქმა ალექსიმ მოგვცა სიტყვა, რომ
გაიწვევს ამ სამღვდელოებას, რომელიც რუსეთიდანაა ჩასული – მათ შორის არიან
აფხაზებიც, რომლებცი რუსეთში აკურთხეს და შემდეგ აფხაზეთში შეაგზავნეს. ეს განგებაა
გაკეთებული, კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისთვის. ამასთან დაკავშირებით პატრიარქმა
ალექსი II აღგვითქვა, რომ ამ საკითხს მოაგვარებს.

საოცარი იყო შინ გამომგზავრების დღე. მოსკოველი ქართველები მოვიდნენ ჩვენთან და
ერთ-ერთმა მათგანმა შემოგვწირა ისტორიული მნიშვნელობის მქონე უძველესი ქართული ხატი
– ილორის წმიდა გიორგისა. და მე მწამს, რომ ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ
აფხაზეთი ღვთის მადლით სულ მალე დაგვიბრუნდება!

მინდა, შევთხოვო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას, რომ აღავლინოს ლოცვა
საქართველოს სულიერი ამაღლებისთვის. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენ სხვებს ვადანაშაულებთ
– იმ დროს, როცა თავადვე ვართ დამნაშავენი. უპირველეს ყოვლისა, უნდა გვქონდეს
მტკიცე რწმენა, მართლმადიდებელი სარწმუნოება და, რაც მთავარია, უნდა გვქონდეს
ერთსულოვნება. ერთსულოვნება გადაარჩენს საქართველოს!

ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!

დღეს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში ჩვენ ვლოცავთ საპატრიარქოსთან
არსებულ წმიდა ილია მართლის გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც
დაამთავრეს სკოლა და ემზადებიან უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდებისთვის.
გიმნაზიის დირექტორი ბრძანდება ქალბატონი ნინო კახიანი. დღეს ჩვენ აგრეთვე ვლოცავთ
რუსთავის სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებიც ასევე აქ ბრძანდებიან. ღმერთმა
მოგცეთ რწმენა, სიბრძნე, სიყვარული და სასოება! ჩვენთან არს ღმერთი!

შეგახსენებთ, 12 ივლისს, პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ, ივერიის
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ფეხით მსვლელობით გადაბრძანდება სვეტიცხოვლის
ტაძარში.

ხუთშაბათს არის სვეტიცხოვლობა – 12 მოციქულის ხსენება. სვეტიცხოვლის ტაძარში
ოთხშაბათს საღამოს 7 საათზე დაიწყება საზეიმო ლოცვა და მთელი ღამე ტაძარი ღია
იქნება, ხოლო ხუთშაბათს საზეიმო წირვა დაიწყება დილის 10 საათზე მრავალ დღესასწაულს
დაესწარით და ღმერთმა ბედნიერი პეტრე-პავლობა გაგითენოთ თქვენ და სრულიად
საქართველოს.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №27,
2006 წ.