საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება

29 აპრილი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-7

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 29 აპრილი 2007 წელი

„თუ ადამიანს ესმის, რომ უფალი
ჩვენი იესო ქრისტე არის „გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“,
იგი ჩიხში არასდროს მოექცევა, რადგან მას მუდამ აქვს იმედი ღვთისა!“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტე აღდგა!

დღეს სასიხარულო დღეა. წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარს შემოსწირეს წმინდა
კვირიკესა და ივლიტას შესანიშნავი ხატი. ეს ხატი აქ ამ წმინდანთა სახელობის ტაძრის
მრევლმა და მათმა მოძღვარმა, მამა გიორგი ყიფშიძემ მსვლელობით მოაბრძანეს და
თბილისის ბევრი ქუჩა გამოატარეს. ამ ხატმა დღეს ჩვენი დედაქალაქი აკურთხა და ეს
მადლი მთელ საქართველოს მოეფინება. მწამს, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ
ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანის ცხოვრება მეტად რთული და პრობლემებით აღსავსეა, მაგრამ ადამიანმა უნდა
იცოდეს, როგორ სძლიოს განსაცდელს. ამის პასუხი წმინდა წერილშია. პავლე მოციქული
ამბობს: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“, ე.ი.
სხვა ადამიანის ტვირთი იტვირთე, გაუადვილე მას მისი ცხოვრების გზა და ამით
აღასრულებ ქრისტეს სჯულსა და მცნებებს.

დღეს ბევრ ადამიანს აქვს დალხინებული ცხოვრება, მრავალი ადამიანია მდიდარი და
მათ გვერდით კიდევ უფრო მეტი – გაჭირვებული. და აი, იმ ადამიანმა, რომელსაც აქვს
მატერიალური საშუალება, უნდა იზრუნონ გაჭირვებულთა და ხელმოკლეთა ოჯახებზე.

ჩვენი ეკლესია ყველაფერს აკეთებს, რომ, შეძლებისდაგვარად, შეუმსუბუქოს
ადამიანებს გასაჭირი.

ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა
ღვთისმშობელისა და იგი არასდროს დაეცემა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა მუდამ
იცავს და იფარავს განსაცდელისაგან, ხილული და უხილავი მტრებისაგან ჩვენს ქვეყანას.
ბევრჯერ დადგომია საქართველოს ავბედითი დრო, როცა დაცემული და გაპარტახებული იყო
ქვეყანა და მტერი უკვე ზეიმობდა ჩვენს დამარცხებას; მაგრამ როგორც უფალმა მკვდრეთით
აღადგინა 4 დღის მკვდარი ლაზარე, ასე მრავალგზის აღადგინა მკვდრეთით უფალმა
საქართველოც და ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის!

თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს, თუ როგორ დაძლიოს ის განსაცდელი, რომელიც
ხვდება ქვეყანას თუ პირადად მას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გამოსავალი მუდამ
არსებობს, არასოდეს შედის ვითარება ჩიხში, არასოდეს აღიმართება გადაულახავი კედელი.
სწორედ ამიტომ მოგვცა უფალმა გონება, რომ სწორად განვსაჯოთ და ვიპოვოთ გამოსავალი
და კვლავ განვაგრძოთ ცხოვრების გზა. თუ ადამიანს ესმის, რომ უფალი ჩვენი იესო
ქრისტეს არის „გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“, იგი ჩიხში არასდროს მოექცევა, რადგან
მას მუდამ აქვს იმედი ღვთისა. ღვთის იმედი არ მოგიშალოთ მამაზეციერმა თქვენ და
სრულიად საქართველოს!

მინდა მადლობა ვუთხრა წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მრევლსა და მამა
გიორგის ამ ძვირფასი საჩუქრისთვის.

წყალობა, მშვიდობა და სიხარული სუფევდეს თქვენ შორის და სრულიად საქართველოში!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტე აღდგა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №14,
2007 წ.