საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (6 დეკემბერი, 2009 წ.)

6 დეკემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-6-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9b

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 6 დეკემბერი, 2009 წ.

„…ადამიანი, რომელიც ბოროტებას და ღვარძლს ატარებს თავის გულში, საკუთარ თავს
ვნებს“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

წმინდა დავით წინასწარმეტყველი ხშირად საუბრობს გულის შესახებ და ერთგან ამბობს:
„გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“.
ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ადამიანის გული ღვთის განსაკუთრებული ყურადღებისა და
მფარველობის ქვეშაა და ადამიანი არის ტაძარი სულისა წმინდისა. ბიბლიაში წერია:
„ადამიანი ხედავს სახეს კაცისასა, ხოლო ღმერთი – გულსა კაცისასა“. ასევე ნათქვამია, რომ „გულიდან გამოდიან ზრახვანი
კეთილნი და ბოროტნი“.

ისეთი დიდი მეცნიერი, როგორიც იყო პავლოვი, ამბობს: ადამიანს აქვს ორი გონება: მცირე
და დიდი. მცირე – ეს ჩვენი აზროვნებაა, დიდი –
ადამიანის გული. არაერთხელ მიამბია თქვენთვის ამ დიდი მკვლევარის შესახებ და დღესაც
მინდა გავიმეორო, იგი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი და, ამასთან, მღვდლის შვილი
გახლდათ; მოესწრო რევოლუციას. როცა ხელისუფლებამ სასულიერო პირებს სასწავლებლებში
შესვლა აუკრძალა, პავლოვიც აღარ გამოცხადდა სამსახურში, – მოგეხსენებათ, იგი
უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. და როდესაც მას ჰკითხეს, შენ რატომღა არ
მოდიხარ სასწავლებელშიო, მან მიუგო. „მე ხომ მღვდლის შვილი ვარ?“ ეს იმაზე
მეტყველებს, რომ იგი პატივს მიაგებდა საკუთარ სასულიერო წარმომავლობას.

ერთხელაც კრემლის ჩინოსანმა პავლოვს ჰკითხა: „ნუთუ ასეთი დიდი მეცნიერი, როგორიც
თქვენ ბრძანდებით, მორწმუნე ხართ?“ პავლოვმა ბრწყინვალე პასუხი გასცა: „როდესაც
სწავლობ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა, შეიძლება წმინდანიც გახდე!“

ადამიანში მთავარი მისი გულია… ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ
მას; წმინდა წერილი ხშირად ახსენებს გულის სიწმინდეს, საუბრობს გულის „განზრახვანსა
და ფიქრებზე“; ბრძენი სოლომონ მეფე ითხოვდა: „მომეც მე, უფალო, გული გონიერი!“

გული, რომელიც ბოროტებასა და ღვარძლს აკეთებს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს
ვნებს. უდიდესი ფილოსოფოსი პლატონი ერთგან ასე მსჯელობს: „ვინ არის უბედური და
საცოდავი – ვინც ბოროტებას აკეთებს, თუ ვისაც ბოროტებას უკეთებენ? ის, ვინც
ბოროტებას აკეთებს“. აი, ამიტომ, უნდა გავუფროხილდეთ ჩვენს გულსა და გონებას. არის
ადამიანი, რობელიც ერთს ფიქრობს, მეორეს ლაპარაკობს და მესამეს აკეთებს. ასეთი
ადამიანი შორს ვერ წავა.

ხალხში იციან თქმა: „ეს ადამიანი ცალგულიაო“, – ანუ ერთულია. კაცი ერთგული უნდა
იყოს უფლის, ადამიანების, საზოგადოების. თუ კაცი ერთს ფიქრობს და მეორეს აკეთებს,
იგი არც ხალხს უყვარს და არც ღმერთს.

დიდება და მადლობა უფალს!

მინდა შეგახსენოთ ერთი ამბავი, რომელიც განუკუთხველობასა და სიმდაბლეს გვასწავლის.
ერთმა ბერმა თავის მოძღვარს ჰკითხა: „მამაო, რა ვქნა, ზოგი მაქებს და ზოგი მაძაგებს“. მოძღვარმა იგი სასაფლაოზე გაგზავნა. მიდი იქ, ჯერ აქე მიცვალებულები,
შემდეგ აძაგე და ნახე, რას გეტყვიანო. დაბრუნდა მორჩილი და მოძღვარს უთხრა: ვაქებდი
თუ ვაძაგებდი – დუმდნენ, არაფერს მპასუხობდნენო. მოძღვარმა მიუგო, ჰოდა, წადი და
შენც ასე მოიქეციო.

ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ადამიანთა „სიჭრელე“ თვალსაჩინოდ ვლინდება ჩვენს
ცხოვრებაში. დღეს უნდა ვიფიქროთ და ყველაფერი ვაკეთოთ ჩვენი ერის სასარგებლოდ,
მის სასიკეთოდ – არა ჩემთვის, არა შენთვის, არამედ ქვეყნისა და ერისათვის!

მახსენდება ერთი პატარა ლექსი იაპონური პოეზიიდან: „მოვიდა გაზაფხული, აყვავდა
ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლი და მე ვეღარ ვარჩევ, სად არის ყვავილი და სად
თოვლი…“ ეს ადამიანზეა ნათქვამი, – ვეღარ ვარჩევთ, სად არის კეთილი და სად
ბოროტი; მართალია ვერ ვარჩევთ, მაგრამ უნდა გავარჩიოთ. კარგად ჩავუფიქრდით ამ სიტყვებს. ამ ლექსს ერთი პატარა სტრიქონიც დავუმატე:
„მაგრამ გამოვა მზე, თოვლი დადნება
და ჩვენ ისევ დავინახავთ ყვავილს…“

ღმერთმა დაგლოცოთ და ინებოს, რომ ყოველ
ადამიანს ჰქონდეს გული გონიერი, გული სუფთა, წრფელი და წმინდა, რათა ყოველმა
ჩვენგანმა ვიფიქროთ არა იმაზე, თუ რა ბოროტება გავუკეთოთ ერთმანეთს, რა ბოროტება
ჩავიდინოთ, არამედ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ადამიანებს. პავლე მოციქული ამბობს:
„ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი!“

დალოცვილი
და გახარებული იყავით! გისურვებთ თქვენ და სრულიად საქართველოს, რომ უფალმა
მოგანიჭოთ ისეთი ძალა, რათა ერთმანეთს კი არ გავუძნელოთ და დავუმძიმოთ ჯვარი,
არამედ გავუადვილოთ და დავეხმაროთ!

დღეს არის ორი დღესასწაული – წმინდა გრიგოლ ფერაძისა და წმინდა ალექსანდრე ნეველის
ხსენების დღე.

მამა გრიგოლ ფერაძე უდიდესი მეცნიერი გახლდათ. იგი 1899 წელს დაიბადა, დაამთავრა
სასულიერო სემინარია, შემდეგ
უნივერსიტეტში სწავლობდა.
გერმანიასა და სხვა ქვეყნებში აქვეყნებდა სამეცნიერო
ნაშრომებს.

როდესაც სასულიერო
აკადემიის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოვედი, იმჟამად კათოლიკოს-პატრიარქი
ეფრემ II ბრძანდებოდა,
დავაკვირდი, რომ საწერ მაგიდაზე მას მუდამ ედგა ბერის პორტრეტი. ერთხელ
ვკითხე, თუ ვინ იყო იგი. მითხრა: ეს გრიგოლ ფერაძეა, ჩემი მეგობარი, რომელიც
გერმანიაში აწამესო.
ასე შევიტყვე პირველად მამა
გრიგოლის შესახებ.

დღეს მისი ნათესავები
წირვაზე ბრძანდებიან. მინდა
დავლოცო ისინი; გისურვოთ
მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, სიკეთის კეთების უნარი, სარწმუნოება, გამრავლება.
ღმერთმა ბევრი მისცეს საქართველოს ისეთი პიროვნება, როგორიც გრიგოლ ფერაძე
ბრძანდებოდა!

დღეს ასევე ვლოცავთ ჟვანიების გვარს. ჩვენ გვყავდა ეპისკოპოსი ლეონიდე ჟვანია –
სოხუმის მღვდელმთავარი, დიდი პიროვნება. დამთავრებული ჰქონდა სემინარია და
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. კარგად ვიცნობდი მას. როცა ის გარდაიცვალა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ სოხუმში გამაგზავნა, რომ წესი ამეგო მისთვის და
ქუთაისში გადამესვენებინა, სადაც მისი ახლობლები ცხოვრობდნენ. ამჟამად ეკლესიაში
მსახურობს მისი შვილიშვილი, მამა ზინობ ჟვანია; ჩანს, რომ ბაბუის მადლი მასზე
გადმოვიდა. მინდა დეკანოზი ზინობი, რომელიც ქუთაისის ბაგრატის ტაძრის წინამძღვარია,
მიტრის ტარების უფლებით დავაჯილდოვო.

ღმერთმა დალოცოს ეს ორი გვარი – ფერაძეებისა და ჟვანიებისა!

დღეს ასევე ვლოცავთ 182-ე და 62-ე საჯარო სკოლებს, სკოლა „პოლიგლოტს“ და 90-ე
საბავშვო ბაღს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ კარგი მამულიშვილები გაზრდილიყავით!

უფალი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი! უფლის ძალამ და მადლმა დალოცოს,
გაახაროს, დაამშვიდოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №38 (524), 2009 წ.