საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება

24 ოქტომბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-5

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 24 ოქტომბერი 2005 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანის ცხოვრება – ურთულესი გზაა, რომლის მიზანიც არის ცხონება, სულიერი
განწმედა, გათავისუფლება ბოროტისაგან, მაგრამ ამისთვის აუცილებელია საკუთარი ნაკლის
დანახვა. ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: გნოსტე ტე იპსუს – შეიცან თავი
შენი. მაგრამ ადამიანმა დღემდე ბოლომდე ვერ შეიცნო საკუთარი თავი.

მახსენდება ჩემი ვიზიტი რუმინეთში. იქ ერთი მწერლის ძეგლზე არის წარწერა:
„ყველაფერი ჩაიწერეთ“. მართლაც, საჭიროა აზრების ფურცელზე დაფიქსირება. ადამიანი
რაიმეს რომ ისმენს, ის აზრი მას დიდხანს ვერ მიჰყვება, ვერ იმახსოვრებს და თუ
ჩაიწერს, – მუდამ გაახსენდება იგი. ამიტომ, აუცილებლად უნდა იქონიოთ პატარა უბის
წიგნაკი და ბრძნული სიტყვები და აზრები ჩაიწეროთ. ეს ძალიან გაამდიდრებს თქვენს
სულიერ სამყაროს, თქვენს ინტელექტს. ასე რომ, გეძლევათ ახალი ლოცვა-კურთხევა,
შეიძინოთ უბის წიგნაკი და მუდამ თან ატაროთ.

ადრე მოგეცით ლოცვა-კურთხევა, დაგელოცათ ერთმანეთი წერილობით. დაგელოცათ ნებისმიერი
ადამიანი, ვინც გნებავთ: თქვენი ახლობლები, ნაცნობები და უცნობები. იცოდეთ, რომ ამ
დალოცვას საოცარი შედეგი ექნება, ის ადამიანები მართლა დალოცვილები იქნებიან.
მაგრამ ეს ლოცვა აუცილებლად გულიდან უნდა ამოვიდეს, გულით უნდა დალოცოთ.

დღეს განსაკუთრებული დღეა და გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყველამ დალოცოთ
ერთმანეთი. თუმცა ნურც სხვა დროს დაგავიწყდებათ ერთმანეთის დალოცვა.

მე მინდა დღეს თქვენ თბილისობის შესახებ გესაუბროთ. ეს დღესასწაული საბჭოთა
პერიოდში დაწესდა. მისი მსგავსი სხვა დღესასწაულებიც არსებობდა, – სხვადასხვა
ადგილების, ქალაქების. მე ვიცი, რომ ეს მაშინ მიმართული იყო სარწმუნოებისა და
ეკლესიის წინააღმდეგ. იყო მცდელობა, რომ საერო დღესასწაულებით საეკლესიო
დღესასწაულები „დაეჩრდილათ“. მაგრამ შეცდნენ. თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნა
ეკლესიას მხოლოდ გაუხარდა. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვდღესასწაულობთ თბილისობას,
– ეს მარტო იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ქუჩებში გამოვიდეთ და კონცერტები
მოვისმინოთ. თბილისობის აღნიშვნა სხვაგვარადაც უნდა მოხდეს. უნდა გავიხსენოთ მთელი
ისტორია თბილისის დაარსებიდან დღემდე; უნდა გავიხსენოთ ჩვენი დიდი მეფე ვახტანგ
გორგასალი და მისი შვილი დაჩი – თბილისის დამაარსებლები; ჩვენ უნდა გავიხსენოთ
ჩვენი წინაპრები, რომლებიც ცხოვრობდნენ აქ და მრავალი მათგანი თბილისის და
სამშობლოს დაცვას შეეწირა. ჩვენ უნდა გავიხსენოთ ჩვენი დედაქალაქის მძიმე და
ბედნიერი დღეებიც. ასე რომ, თბილისობა – ეს ნამდვილად დღესასწაულია, და უპირველეს
ყოვლისა, ეს იმ წმიდა მოწამეების ზეიმია, რომლებიც აქ ეწამნენ. თუნდაც, გავიხსენოთ
ჩვენი დიდი კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია. იგი უდიდესი პიროვნება იყო,
„უშიშარი, ვითარცა უხორცო“. მე მომისმენია უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II-ის
მონათხრობი მის შესახებ. უწმინდესი და უნეტარესი ეფრემი, მღვდელმონოზვნობის,
იღუმენობისა და არქიმანდრიტობის ხარისხში ყოფნისას უწმიდესი ამბროსის მდივანი იყო.

თურმე პატრიარქი ამბროსი პირდაპირი იყო და საკმაოდ მკაცრ მიმართვებს წერდა
მთავრობისადმი. თავადაც გრძნობდა, რომ ყოველთვის ასე არ იყო საჭირო, მაგრამ მაინც
უჭირდა და როცა დაწერდა, თავის მდივანს, მამა ეფრემს აძლევდა – ტექსტი შენ
შეარბილეო და არქიმანდრიტი ეფრემიც შეძლებისდაგვარად შეასწორებდა ხოლმე.
როგორც გახსოვთ, სწორედ უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსი ხელაიამ მიწერა გენუის
კონფერენციას, რომ რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა. ამის გამო იგი
დააპატიმრეს და საბჭოთა სასამართლომ მას დახვრეტა მიუსაჯა. და როცა სასამართლოზე
უკანასკნელი სიტყვის თქმის უფლება მისცეს, მან ისტორიული სიტყვები წარმოთქვა: „ჩემი
გული ეკუთვნის საქართველოს, სული – ღმერთს, ხოლო ხორცი – თქვენთვის მომიგდია, რაც
გინდათ, უყავითო.“ მაგრამ შემდეგ მთელი ერი ფეხზე დადგა და პატრიარქს დახვრეტა
პატიმრობით შეუცვალეს. მაგრამ მას დიდხანს მაინც აღარ უცოცხლია, იგი მალევე
გარდაიცვალა.

გავიხსენოთ ასევე უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე, რომელიც საქართველოს
საპატრიარქო ტახტზე 1932-დან 1952 წლამდე ბრძAნდებოდა. ეს იყო უმძიმესი 20 წელი.
რეპრესიებმა, გადასახლებებმა – ყველაფერმა მის მხრებზე გადაიარა. იყო ისეთი დრო,
როცა უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს უფლება არ ჰქონდა სახლიდან გამოსულიყო,
სიონის ტაძარში შესულიყო და წირვა შეესრულებინა, რადგან შინაპატიმრობაში იყო
აყვანილი.

აი, ასეთი ხალხი უნდა გავიხსენოთ თბილისობის დღესასწაულზე. ასევე უნდა გავიხსენოთ
ის ადამიანები, რომლებიც დახვრიტეს თბილისში და მის გარეუბნებში. ამგვარი კავშირი
უნდა გვქონდეს ჩვენს წინაპრებთან და ეს არის კავშირი ცასა და ქვეყანას შორის.

დღეს კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ მიუხედავად გადატანილი დიდი განსაცდელისა და
გაჭირვებისა, თბილისი გადარჩა, საქართველო გადარჩა! და ასე იქნება მომავალშიც:
საქართველო აუცილებლად გადარჩება, იმიტომ რომ ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ თბილისობას! ჩვენი წინაპრების ლოცვა-კურთხევა, ჩვენი მოწამეების,
მღვდელმთავრების, მეფეთა, დედოფალთა მადლი და კურთხევა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად
საქართველოს, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №38(345),
2005 წ.