საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება

9 ოქტომბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-4

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია
II-ის საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 9 ოქტომბერი 2005 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ძველი რომაელები ამბობდნენ: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად“.
მართლაც, რა სწრაფად იცვლება დრო და რა სწრაფად იცვლება თვითონ ადამიანიც.

გავიხსენოთ, თუნდაც ადამიანის შეხედულება ცოდვა-მადლზე. ცოდვა და მადლი მუდამ
არსებობდა, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი ერქვა. ცოდვა მუდამ ცოდვად მიაჩნდათ.
ახლა კი იმდენად შეიცვალა ადამიანი, რომ დღეს, XXI საუკუნეში ცოდვებს ჩვეულებრივ
მოვლენად, ადამიანის თვისებებად აღიქვამენ.

ადამიანი – ურთულესი ქმნილებაა უფლისა. და რაც არ უნდა ვეცადოთ, ბოლომდე
ვერასდროს მივწვდებით მის არსს, მის შესაძლებლობებს, სადამდე დაეცემა იგი ან რა
სულიერ მწვერვალებამდე ამაღლდება, – არავინ იცის. ყველას თავისი გზა აქვს და თავისი
ბედი.

კაცობრიობის წინაშე დგას ურთულესი საკითხი, – როგორ განვითარდება ადამიანი XXI
საუკუნეში, როგორი ცვლილება მოხდება მასში, საით მიიდრიკება – სიკეთისკენ თუ
ბოროტებისკენ. სამწუხაროდ, რასაც დღეს ვხედავთ, ადამიანის მდგომარეობა შეიძლება
მთიდან დაგორებულ ქვას შევადაროთ. მხოლოდ უფლის ძალას და მადლს შეუძლია შეაჩეროს
მისი დაცემა!

ევროპაში წარმოიშვა ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობა, ადამიანის დანიშნულების
ახლებური ხედვა. ამ ხედვის ავტორი არის ცნობილი ფილოსოფოსი ერიხ ფრომი. იგი აყენებს
ძალიან საინტერესო კითხვას: „ვიქონიოთ თუ ვიყოთ?“ რას ნიშნავს ეს? როგორც ვხედავთ,
ადამიანი მომხმარებელი გახდა. მას მუდამ რაღაც აკლია და ყველაფერი ჭირდება; უნდა
მანქანა, სახლი, ფული, ტანსაცმელი; თუ 1 მილიონი აქვს, – 10 უნდა. და ასე,
დაუსრულებელია მისი მოთხოვნილება. ამასთან, ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის,
რომ ის, რაც უნდა, იქონიოს კიდეც. და ასე, ადამიანი ხდება მომხმარებელი. იგი
მექანიკურად ასრულებს თავის მოვალეობებს და მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებებზე
ფიქრობს.

აზერბაიჯანში ვიზიტით ყოფნისას ტელევიზორების ქარხანაში მიგვიყვანეს. იქ ერთ
მწყობრში ისხდნენ ადამიანები, კონტეინერებით მოდიოდა ტელევიზორები და თითო ადამიანი
თითო ჭანჭიკს, თუ სხვა რაღაც დეტალს ამაგრებდა. თვითოეული მათგანი მხოლოდ ამით იყო
დაკევებული მთელი დღის მანძილზე. და ისეთ გაბრუებულ მდგომარეობაში იყვნენ, რომ ვერც
კი შეგვამჩნიეს. ასე შეიძლება ადამიანი ჭკუიდან გადადგეს – სულ ერთი და იგივე
მექანიკურ მოქმედებას აკეთებს დღეების მანძილზე და არავითარი ფიქრი, არავითარი
გონებრივი ფაქტორი ამ მოქმედებაში არ არის.

ახლა იმაზე, თუ რას ნიშნავს „ვიყოთ“ ერიკ ფრომის ფილოსოფიაში. შეიძლება თუ არა,
რომ პიროვნება იყოს დამოუკიდებელი, მოაზროვნე; იყოს ადამიანი, რომელიც ქმნის ახალ
იდეებს, აკეთებს ახალ საქმეს, ფიქრობს, მსჯელობს? ეს ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ „ვიქონიოთ“
– არის უპირველესი და უფრო მნიშვნელოვანი. მისი აზრით, ყველაფერი უნდა
ვიქონიოთ იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენი ვნებები, ჩვენი სურვილები.

ზოგადად რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე: ვიქონიოთ თუ ვიყოთ, – რა თქმა უნდა, ორივე
საჭიროა. ადამიანს ცხოვრებაში სულიერთან ერთად, ცხადია, მატერიალურიც ესაჭიროება.
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი, რაც გვაქვს, – არ უნდა გქონდეს მხოლოდ
ჩვენთვის, არამედ სხვებსაც, გაჭირვებულ ადამოანებსაც უნდა გავუზიაროთ. თუ ადამიანს
გააჩნია ასეთი აზროვნება, მაშინ „ვიქონიოთ“ შეიძლება დადებითიც იყოს. უპირველეს
ყოვლისა, ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი, კეთილშობილი პიროვნებაა.

დღეს არის ხსენება წმიდისა იოანე ღვთისმეტყველისა. მოციქულთა შორის მხოლოდ მას
ეწოდა „ღვთისმეტველი“. იმდენად ღრმა იყო ეს პიროვნება, რომ ყველაზე უკეთესად
გამოთქვა არსი უფლისა – „ღმერთი სიყვარული არს“. სწორედ ეს არის მთავარი და
მამოძრავებელი ძალა, რომელიც გადმოდის ღვთისაგან ადამიანზე. მე არაერთხელ მითქვამს
თქვენთვის, რომ უზენაესის ამ ნიჭით – დიდი სიყვარულით არის დაჯილდოებული ქართველი
ადამიანი და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ
ქართველი ადამიანი არ იქნება მხოლოდ მომხმარებელი, არ იქნება ის, ვინც ფიქრობს
მხოლოდ იმაზე, რომ „იქონიოს“, არამედ იქნება პიროვნება, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ
ადამიანი „იყოს“, ადამიანი უნდა ქმნიდეს, ადამიანი უნდა ფიქრობდეს და სიკეთეს უნდა
სთესავდეს.

ღმერთმა დაგლოცოთ!

წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვა-კურთხევა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად
საქართველოს! ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №36(343),
2005 წ.