საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (4 მაისი, 2008 წ.)

4 მაისი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-4-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-200

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 4 მაისი, 2008 წ.

„ქართველი ერის მოქცევა – ეს არ
არის არც პირადად ჩემი და არც
ჩვენი სამღვდელოების დამსახურება, – ეს არის ღვთის დიდი წყალობა!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ქრისტე აღდგა!

ყველას გილოცავთ კვირაცხოვლობას! ეს არის უდიდესი დღესასწაული: და დღეს არის
ასევე ხსენება წმინდა თომა მოციქულისა.

როდესაც ჩვენ თომა მოციქულის შესახებ ვსაუბრობთ, აუცილებლად ვიხსენებთ მის
ურწმუნოებას. სახარებიდან იცით, რომ უფალი პირველად გამოეცხადა მოციქულებს, მათ
შორის არ იყო თომა. როდესაც მას მოციქულებმა უამბეს, რომ იხილეს უფალი, მან
განაცხადა, რომ ვიდრე საკუთარი ხელით არ შეეხება მის ნაიარევს, არ ირწმუნებს, რომ
იესო აღდგა.

რვა დღის შემდეგ მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, და მაშინ უკვე იქ თომაც
იყო. ქრისტე „შევიდა კართა ხშულთა“, – ე.ი. ჩაკეტილ კარში შევიდა და მოციქულებს
მოულოდნელად მოევლინა. მისი პირველი სიტყვები იყო: „მშვიდობა თქვენ თანა!“ და
შემდეგ მიუბრუნდა თომა მოციქულს და უთხრა: „მოჰყავ ხელი შენი და დასდევ ჭრილობებსა
ჩემსა ზედა და ნუ იყოფინ ურწმუნო, არამედ გრწმენინ“. თომა მოციქული მუხლებზე დაეცა
და შესძახა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“

აი, ასეთ მდგომარეობაში იმყოფება დღეს ქართველი ერი, რომელმაც გამოიარა ეს
ურწმუნოება, გამოიარა დაცემა, გამოიარა ის დრო, როცა ქართველი ადამიანი არა მარტო
აღიარებდა თავის ურნმუნოებას, არამედ საკუთარი ხელითვე ანგრევდა ტაძრებსა და
მონასტრებს! მაგრამ უფალს ყველაფერი შეუძლია, უფალმა მოაქცია ქართველი ერი და კვლავ
მოუწოდა ქართველ ხალხს ეკლესიაში.

სიტყვა „ეკლესია“ ბერძნულია და ორი სიტყვისაგან შედგება: „ეკ“ და „კლეო“, ე.ი. „უხმობ შორიდან“. ეს იმას ნიშნავს, რომ შორს
არის ადამიანი რწმენისგან და უფალი უხმობს მას. აი, ასევე მოუხმო უფალმა ქართველ
ერს და ქართველი ხალხი მოვიდა ეკლესიაში და შეავსო ქართული
ტაძრები და მონასტრები. და
ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის!

ქართველი ერის მოქცევა
– ეს არ არის არც პირადად
ჩემი და არც ჩვენი სამღვდელოების დამსახურება, – ეს
არის ღვთის დიდი წყალობა!
როდესაც ჩვენთან, ეკლესიაში, მაღალი წოდების სასულიერო იერარქები სტუმრობენ, –
ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ მათ მსოფლიოში არსად უნახავთ ასეთი
მრევლი, ასეთი სიყვარული
და ასეთი სარწმუნოება: ეს
იმიტომ, რომ საქართველო
და ქართველი ხალხი არის
წილხვედრი ყოვლადწმიწდიაა ღვთისმშობელისა! ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვითა და
შუამდგომლობით უფალმა დიდი მადლი მოგვცა, მაგრამ ბევრიც მოგვეკითხება. ამიტომ ჩვენ
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობა სუფევდეს ჩვენს ქვეყანაში.
ამისათვის კი, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობა უნდა სუფევდეს ჩვენს გულსა და გონებაში.

დღეს თქვენ მოისმინეთ ჩემი განცხადება იმის შესახებ, თუ რამდენად დაძაბულია
მდგომარეობა საქართველოში. იმდენად საშიში ვითარება შეიქმნა, რომ ყოველ დღეს
შეიძლება, საომარი მოქმედება გაჩაღდეს. შევთხოვთ უფალს, მოანიჭოს საქართველოს
მშვიდობა და დღეიდან ვიწყებთ საგანგებო ლოცვას ჩვენი სამშობლოსათვის. ამ კვირის
განმავლობაში ყოველდღე ვილოცებთ საქართველოს მშვიდობასა და გადარჩენისათვის.

საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთად ვცხოვრობდით და დღესაც ერთად ვართ – ქართველები,
აფხაზები, ოსები და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ერები. ჩვენ შორის არასდროს
ყოფილა მტრობა და შუღლი, მაგრამ მტერმა მოახერხა და დათესა ღვარძლი და მტრობა. ჩვენ
უნდა დავძლიოთ ეს წინააღმდეგობა ჩვენი ლოცვითა და სიყვარულით, ჩვენი
ურთიერთპატიებით. ყველაფერი უნდა შევუნდოთ ერთმანეთს და უფალი იქნება ჩვენთან.

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!

ღმერთმა გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.“

მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან და საქართველოში, ამინ!

დღეს დიდი დღესასწაულია, დიდი სიხარულის დღეა და ღმერთმა ინებოს, რომ თქვენს გულსა
და გონებაში მუდამ სუფევდეს სიხარული! სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, – თუკი გვექნება სიყვარული, გვექნება სიხარულიც.

დღეს მინდა გულითადად მივულოცო მამა მიქაელსა და მის მეუღლეს – ქეთევანს ეს დიდი
დღესასწაული, რომელსაც კიდევ ერთი სიხარული დაემატა. მამა მიქაელი ცხოვრობს
შეერთებულ შტატებში და თქვენ ყველანი მას იცნობთ, – ყველასთვის ცნობილია „რადიო
თავისუფლების“ ქართული გადაცემა, რომელიც ლუკა ბეთანელს მიჰყავს. ლუკა ბეთანელი
არის დეკანოზი მიქაელ ფოფხაძის ფსევდონიმი. დღეს დიდი სიხარული აქვს ამ ოჯახს, –
მათ იშვილეს პატარა გოგონა, რომელსაც ჰქვია ელისაბედი. იგი ახლა მოინათლა და მისი
ნათლია მე გახლავართ.

ღმერთმა დალოცოს მამა მიქაელი, ქეთევანი და ჩვილი ელისაბედი. ღმერთმა გაგამრავლოთ,
გაგახაროთ და მალე დაგაბრუნოთ სამშობლოში!

ქრისტე აღდგა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №16, 2008 წ.