საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (4 ივლისი, 2010 წ.)

4 ივლისი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-4-%e1%83%98%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-3

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 4 ივლისი, 2010 წ.

„ადამიანს უნდა ჰქონდეს არა მარტო ლაპარაკის
კულტურა,
არამედ მოსმენის კულტურაც, მაშინ ნაკლებ შეცდომებს დავუშვებთ“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ძველი რომაელები ამბობდნენ: „რომ გაჩუმებულიყავი და არაფერი გეთქვა, ფილოსოფოსად დარჩებოდიო…“ ადამიანი თავისი მეტყველებით ამჟღავნებს საკუთარ
აზროვნებას, რომელიც ხშირად არასწორია ან ზერელე. ამგვარად, უმეტესად არასწორი
საუბრით ვაფუჭებთ საქმეს.

ბრძენ ადამიანებს ასევე უთქვამთ: სიტყვა, რომელსაც შენ ამბობ, ვერცხლია ან ეგეც
არ არის, ხოლო დუმილი – ოქროაო. უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი – ლაპარაკი თუ
მოსმენა, – ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. სამწუხაროა, რომ ამისთვის არ
ვამზადებთ ჩვენს შვილებს და ამიტომ ხშირად წაგებული ვრჩებით და დიდ შეცდომასაც
ვუშვებთ.

რა არის მოსმენა? თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ყველას არ უნდა მოუსმინოს ადამიანმა.
მინდა ვურჩიო ყოველ ჩვენგანს და საკუთარ თავსაც, – ყოველთვის ყველას მოვუსმინოთ.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე უნდა შევასრულოთ, როგორც გვითხრეს.
უნდა მოვისმინოთ, გავიაზროთ და შემდეგ გადავწყვიტოთ – მისაღებია თუ არა იგი და
გავაკეთოთ ისე, როგორც სწორად მივიჩნევთ. რაც უფრო მეტს მოუსმენს სხვას ადამიანი,
მით უკეთესია, რადგან გაიგებს განსხვავებულ მოსაზრებებს და შეძლებს, ეს აზრები შეადაროს, შეაჯეროს ერთმანეთს და, საბოლოოდ, საუკეთესო შეარჩიოს. ამიტომ,
მინდა
ყველას ვურჩიო და, მათ
შორის საკუთარ თავსაც,
აღვზარდოთ ჩვენში მოსმენის კულტურა, ვუსმინოთ ერთმანეთს. ადამიანს უნდა ჰქონდეს არა
მარტო ლაპარაკის
კულტურა, არამედ მოსმენის კულტურაც, მაშინ ნაკლებ შეცდომებს
დავუშვებთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გახსნას ჩვენი გონება და ჩვენი გული, რათა ვიცოდეთ,
სად რა ვთქვათ.

დღეს მინდა დავაჯილდოვო ზოგიერთი სასულიერო პირი:

დეკანოზი გიორგი
თევდორაშვილი დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით,
მღვდელი დავით
ბურდული ჯილდოვდება
ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით,
მღვდელი საბა დიკაშვილი ჯილდოვდება
ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით,
იღუმენ ათენოგენეს (მდივანი) ენიჭება არქიმანდრიტის წოდება,
იღუმენ ილიას (მარგველაშვილი) ენიჭება არქიმანდრიტის წოდება,
მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარს, მონაზონ თამარს (გამყრელიძე) ენიჭება
იღუმენიას წოდება.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ჩვენთან
არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №24, 2010 წ.