საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (31 დეკემბერი, 2006 წ.; სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი)

31 დეკემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-31-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9b

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 31 დეკემბერი, 2006 წელი

უპირველეს ყოვლისა, მადლი უნდა
მოვიხვეჭოთ, ის კი მოიპოვება რწმენით, სიყვარულით,
სიხარულით, სასოებით, თავმდაბლობით, მორჩილებითა და კეთილი საქმით!

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლადსამღვდელოო მღვდელმთავარნო, ყოვლადუსამღვდელოესო ბოლნისის ეპისკოპოსო
ეფრემ, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო!

ადამიანის გონება ვერ მისწვდება ღვთის განგებულებას.
განგება ღვთისა აკეთებს თავის დიდ საქმეს და ჩვენ, ცოდვილი მონანი და მხევალნი
ღვთისანი, თანაზიარნი ვართ ამ საქმეთა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დაგვავალა და, რაც
მთავარია, გვანდო კეთილი საქმეების კეთება.

სულ სამი ათეული წლის წინ საქართველოს ეკლესია მეტად რთულ და გაჭირვებულ
მდგომარეობაში იყო. მთელ საქართველოში სულ 52 ეკლესია მოქმედებდა.
ეკლესია-მონასტრები დახურული და გაუქმებული იყო, – მაგრამ ამასაც არ სჯერდებოდნენ და
კვლავაც მოითხოვდნენ ეკლესიების დახურვას.

კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოში და მთელ საბჭოთა კავშირში ათასობით ტაძარი
და მონასტერი დაიხურა. უნდა ითქვას, რომ საქართველოში განსაკუთრებით შეინიშნებოდა ეს
ზეწოლა. მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა მთავრობაში გამოიძახეს უწმინდესი და
უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათილიკოს-პატრიარქი ეფრემ II და გამოუცხადეს, კიდევ ერთი ეკლესია უნდა დავხუროთ, რადგან
ჩვენც უნდა გავაკეთოთ იგივე, რაც მთელ საბჭოთა კავშირში ხდებაო. უწმინდესმა და
უნეტარესმა შეშფოთებით ჰკითხა, მაინც რომელი ეკლესიის დახურვა გაქვთ განზრახულიო. მას უპასუხეს, რომ მთაწმინდის მამადავითის ეკლესიაო. პატრიარქი ფეხზე
წამომდგარა და უთქვამს: ვიდრე ცოცხალი ვარ,
თქვენ ამას აგრ გააკეთებთო!

აი, ასეთი პერიოდი გამოიარა საქართველომ და უნდა ითქვას, რომ ჩვენმა ეკლესიამ
გაუძლო ამ სიმძიმეს. თქვენ იცით, რომ იყო დრო, როცა მთელი წმინდა სინოდი იყო
დაპატიმრებული, პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ამბროსის (ხელაია) მისჯილი ჰქონდა
დახვრეტა.

დღეს ჩვენ გვაქვს ათასობით მოქმედი ეკლესია და 37
ეპარქია. დღეს შედგა კურთხევა ეპისკოპოს ეფრემისა. იგი
დადგინდა იმ ეპარქიაში, რომელიც დაარსებული იყო ჩვენი დადი მეფის ვახტანგ
გორგასლის მიერ. 15 საუკუნეა, რაც ეს ეპარქია მოქმედია. დიდი მღვდელმთავრები
მოღვაწეობდნგნ იქ, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ დღეს ამ რეგიონში ცხოვრობს მრავალი
არამართლმადიდებელი ადამიანი; ძალიან რთული ეპარქია და რთული რეგიონია. მეუფე
ეფრემი წარმოშობით მთიანი აჭარიდანაა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ღვთის ძალა შეეწევა
მას და იგი ყველაფერს გააკედებს იმისათვის, რომ გაბრწყინდეს ბოლნისის ეპარქია. ამავე დროს, მე მას მივეცი ლოცვა-კურთხევა, რომ როცა მას თავისუფალი დრო
ექნება, ჩავიდეს აჭარაში და იქაც იღვაწოს თავისი მშობლიური კუთხისთვის.

დღეს თქვენ მიიღეთ დიდი მადლი და ეს მადლი უნდა გაამრავლოთ, არ უნდა განაბნიოთ.
ძალიან საყურადღებო სიტყვები წარმოთქვა ერთმა ბრძენმა და მინდა, ყველამ
დაიმახსოვროთ: „შეიძლება, შენ დაკარგე ფული ან სიმდიდრე, მაშინ – არაფერი დაგიკარგავს, რადგან ფული და სიმდიდრე შეიძლება კიდევ
შეიძინო; შეიძლება შენ დაკარგე ჯანმრთელობა, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია, ხომ მაინც
ცოცხალი ხარ, მაგრამ თუკი შენ დაკარგე მადლი, იცოდე, ყველაფერი დაგიკარგავს!“ აი,
ამაზე უნდა იფიქროს ყოველმა ჩვენგანმა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი სახელოვანი
წინაპრების, ჩვენი წმინდა მამებისა და დედების ლოცვით არ დავკარგავთ მადლს.

მოგვიახლოვდა შობა-ახალი წელი. იგი ხვალ თენდება. ხშირად მეკითხებიან: რომელი უფრო
სწორია, ახალი წლის ძველი სტილით
აღნიშვნა, თუ – ახლით? მინდა შეგახსენოთ, რომ ახალი წელი არის საერო დღესასწაული.
საეკლესიო ახალი წელი დგება ძველი სტილით 1 სექტემბერს, რაც შეეხება საერო ახალ
წელს, იგი არის ხალხის მიერ, საერო ხელისუფლების მიერ დადგენილი.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ რა გავაკეთეთ წარსულში და რა უნდა გავაკეთოთ
მომავალში. არასდროს არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რასაც მივაღწიეთ სულიერ ცხოვრებაში. თუ ყოფიერ ყოველდღიურობაში.
ჩვენი მთავარი მიზანი და ზრუნვის საგანი, უპირველეს ყოვლისა, მადლის მოხვეჭა უნდა
იყოს, ის კი მოიპოვება რწმენით, სიყვარულით, სიხარულით, სასოებით, თავმდაბლობით,
მორჩილებითა და კეთილი საქმით! აი, ეს ყველაფერი უნდა გვახსოვდეს ჩვენ და ეს უნდა
ახსოვდეს მეუფე ეფრემს.

ამაღამ და ხვალ ერთმანეთს ბედნიერებას ვუსურვებთ. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა არის
ბედნიერება. შეიძლება ადამიანი მდიდარი იყოს, ჰქონდეს კეთილდღეობა, მატერიალური
სიუხვე და ბედნიერი არ იყოს. მეორე მხრივ, კი ადამიანი, შეიძლება იყოს ღარიბი, მაგრამ იყოს
ბედნიერი. თუ ადამიანში არის მადლი, ის მუდამ ბედნიერია!

შევთხოვთ უფალს, რომ მადლი გაძლიერდეს ჩვენში, გაძლიერდეს საქართველოში და ეს მადლი
გაამთლიანებს საქართველოს!

როცა ჩვენ ვფიქრობთ იმ სიძნელეების შესახებ, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას,
უნდა ვიცოდეთ, სად არის გამოსავალი და როგორ უნდა დავძლიოთ ეს სიძნელეები. ეს კი
მიიღწევა რწმენით, სიყვარლითა და სასოებით. ეს სამი სათნოება არის ისეთი ძალა,
რომელსაც ვერ აღუდგება წინ ვერავითარი ბოროტება!

დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მადლი გააძლიეროს თქვენში.

მეუფე ეფრემ, დღეს ჩვენი წინაპრები ლოცულობენ თქვენთვის, განსაკუთრებით, ბოლნისის
მღვდელმთავრები და სამღვდელოება.

ჩვენ გაძლევთ თქვენ სამღვდელმთავრო კვერთხს; მიიღეთ ეს კვერთხი და დამწყსეთ
სულიერნი ცხოვარნი, სულიერი სამწყსო, რომელიც ღმერთმა ჩაგაბარათ, რათა პირნათლად
წარდგეთ წინაშე ღვთისა. დალოცეთ საქართველო და კურთხეული ქართველი ერი, რომელიც
დღეს ლოცულობს თქვენთვის.

ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

ბედნიერი და მშვიდობიანი ყოფილიყოს იგი სრულიად საქართველოსთვის!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №1,
2007 წ.