საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (30 სექტემბერი, 2007 წელი)

30 სექტემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-30-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%94

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 30 სექტემბერი, 2007 წელი

„ეს დრო ხასიათდება განსხვავებული
აზროვნების გამო კამათით,
რომელიც ღებულობს უხეშ ფორმებ და რომელიც გადადის დაპირისპირებასა და მტრობაში“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყოველ დროს გააჩნია თავისი დამახასიათებელი თვისება. არის დრო მშვიდობიანი, არის
დრო მღელვარე. როგორც ბრძენი სოლომონი ამბობს: „ჟამი არს ნგრევისა, ჟამი არს
შენებისა, ჟამი არს ომისა, ჟამი არს მშვიდობისა“ და ა.შ.

როგორ დავახასიათებდით ჩვენს პერიოდს? შეიძლება ვთქვათ, რომ იგი მეტად რთული და
მღელვარეა. ეს დრო ხასიათდება განსხვავებული აზროვნების გამო კამათით, რომელიც
ღებულობს უხეშ ფორმებ და რომელიც გადადის დაპირისპირებასა და მტრობაში.

რომ გადავხედოთ წარსულს, დავინახავთ, რომ ჩვენმა
წინაპრებმა, უპირველეს ყოვლისა, იცოდნენ მოსმენა. თანამედროვე ადამიანს კი ეს
უჭირს. იგი ნაკლებად ისმენს და უფრო თვითონ საუბრობს, სხვებს ახვევს თავს საკუთარ
აზრებს.

მინდა მეფე ერეკლეს II გავიხსენო. მეფე ერეკლე საოცარი პიროვნება ყოფილა.
როდესაც იგი ლოცულობდა, ყველაფერი რომ დანგრეულიყო, ლოცვას არ შეწყვეტდა. ამასთან,
იყო სხვათა ყურის დამგდები. დიპლომატები რომ მოდიოდნენ, ძალიან დიდი ყურადღებით
უსმენდა. თავად კი იმდენად სიტყვაძუნწი იყო, რომ ელჩებს მუნჯი ეგონათ.

დღეს აქ, ტაძარში ბრძანდებიან უფროსი თაობის წარმომადგენლები: მათ ახსოვთ წინა თაობა და დამეთანხმებიან, რომ
უწინ ნაკლებად ლაპარაკობდა ადამიანი, უფრო ისმენდა და სხვისი ნაამბობით ტკბებოდა.

ერთმა დიდმა მწერალმა აღნიშნა: „წინათ ჩვენ გვყავდნენ ფილოსოფოსები; დღეს
ფილთსოფოსები აღარ არიან, არიან მხოლოდ კრიტიკოსები“. ესეც დამახასიათებელი ნიშანია
ჩვენი დროისა – თანამედროივე ადამიანი ყველაფერს აკრიტიკებს, ყველაფერში რაღაც
ნაკლს ხედავს. ერთი მხრივ ეს თითქოს კარგიცაა, იმიტომ რომ, როცა ნაკლს ხედავ, გინდა
გამოასწორო, მაგრამ კარგიც ხომ უნდა დაინახო.

არსებობს ადამიანის ისეთი სულიერი მდგომარეობა, როცა საშიში ხდება მისი აზროვნება.
ერთ ბრძნს ჰკითხეს: ყველაზე საშიში რა არისო? და მან უპასუხა: კატეგორიული
აზროვნებაო. კატეგორიული აზროვნება საშიში იმიტომაა, რომ იმ ადამიანს რომელიც ასე
აზროვნებს, თავი მართალი ჰგონია და სხვას აღარ უსმენს, მიაჩნია რა, რომ მარტო იგია
ჭეშმარიტების მღაღადებელი. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით საშიშ სახეს იძენს ჩვენს
დროში, როცა ასეთი დაპირისპირებაა ადამიანებს შორის.

რა უდევს საფუძვლად კატეგორიულ აზროვნებას? მას საფუძვლად უდევს ურწმუნოება,
სიყვარულის ნაკლებობდა და რაც მთავარია, ამპარტავნება. ამპარტავანი ადამიანი არავის
ეკითხება აზრს, ის მხოლოდ თვითონ ფიქრობს და საკუთარ აზრებს ისმენს და გამოთქვამს.
ეს კი ნიშანია იმისა, რომ საზოგადოებაში დეფიციტია სარწმუნოებისა და სიყვარულისა.

შევთხოვთ უფალს, რომ თავისი მადლითა და წყალობით შეეხოს ჩვენს გულს და თავისი
სიყვარული და წყალობა ჩაღვაროს ჩვენს გულსა და გონებაში!

მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ დიდი მეცნიერი, ფიზიოლოგი პავლოვი, ამბობდა:
არსებობს მცირე გონება და დიდი გონება. მცირე გონება – ეს ადამიანის აზროვნებაა, ხოლო
დიდი გონება – ადამიანის გული. პავლოვი მღვდლის შვილი იყო; როდესაც ბოლშევიკები
ხელისუფლებაში მოვიდნენ და მას ჰკითხეს: თქვენ მსოფლიოში გამოჩენილი ფიზიოლოგი
ბრძანდებით და ნუთუ თქვენ მორწმუნე ხართო, მან ასე უპასუხა: როცა ჩვენ, მეცნიერები,
ადამიანის სისხლს ვსწავლობთ, მორწმუნე კი არა, შეიძლება, წმინდანი
გახდე, ისე გვარწმუნებს ეს ღვთის არსებობაშიო.

ჩვენი მცირე და დიდი გონება ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული. მინდა მოგმართოთ
თქვენ ყველას და თქვენთან ერთად მთელ საქართველოს: იცოდეთ, რომ ეს ნორმალური
მდგომარეობაა, როცა განსხვავებული აზროვნება გააჩნიათ ადამიანებს, მაგრამ
არანორმალურია ის, როცა განსხვავებული აზრი გადადის მტრობასა და დაპირისპირებაში,
როცა განსხვავებული აზრი თიშავს ერს. საჭიროა ერთსულოვნება, აუცილებელია ერის
სულიერი ერთობა. მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ იყო ის სულიერი ძალა, რომელიც
ამთლიანებდა და ადუღაბებდა ჩვენს ერს, და დღესაც ვცდილობთ, რომ ეს ვაკეთოთ.

ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი კარგად იქნება! ნურაფრის შეგეშინდებათ, იქონიეთ იმედი
ღვთისა და იმედი მომავლისა! ღმერთი მოგვცემს მშვიდობასა და მთლიანობას! დალოცვილი
და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

დღეს, როგორც უკვე მოგახსენეთ, ტაძარში ბრძანდებიან უფროსი თაობის
წარმომადგენლები. მინდა დავლოცო ჩვენი პატივცემული ბატონები და ქალბატონები, რომლებიც აქ
მობრძანდნენ. მინდა ვთქვა, რომ თქვენ გაქვთ დიდი
გამოცდილება, დიდი სიბრძნე და ეს უნდა გადასცეთ ჩვენს ახალგაზრდებს. დარწმუნებული ვარ,
რომ თაობათა შორის კავშირი, რომელიც საქართველოში მუდამ იყო, არ გაწყდება.
ახალგაზრდები მუდამ დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ უფროსებს და ამით ღვთისგან
ილოცებოდნენ. ათ მცნებათაგან ერთ-ერთი გვმოძღვრავს: „პატივ-ეც
მამასა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“.
მინდა გითხრათ, რომ ეს მცნება ეხება არა მარტო დედ-მამას (თუმცა, რა თქმა უნდა,
უპირველეს ყოვლისა სწორედ მშობლებზეა ნათქვამი), ამ მცნების აზრი უფრო ფართოა, იგი
ზოგადად წინაპრების პატივისცემას გვასწავლის და ასევე გულისხმობს უფროსის
პატივისცემას. როგორც ჩვენ მოვექცევით მშობლებს, ჩვენ წინაპრებს, ისე ჩვენი შვიები
და შთამომავლები მოგვექცევიან ჩვენ – ეს ღვთის კანონია!

ხშირად გვეკითხებიან: თუკი დედ-მამა გარდაცვლილია, როგორ ვცეთ მათ პატივიო. თქვენ
მათ პატივი უნდა მიაგოთ, როგორც
ცოცხალს. ღვთის წინაშე სიკვდილი არ არსებობს; ადამიანი არ კვდება, ღვთის წინაშე
ადამიანი ცოცხალია. და თქვენ თუ, მაგალითად, საკურთხს უკეთებთ თქვენს მშობლებს, თქვენს ახლობლებს,
– ისინი ამას ისე იღებენ, თითქოს ცოცხლად მიგიწოდებიათ მათთვის.

მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ჩვენს უფრო თაობას, – ასწავლეთ ჩვენს ახალგაზრდებს
სიბრძნე და თავშეკავება.

ჩვენთან სტუმრად ბრძანდებოდა პოლონეთის ეკლესიის მეთაური და ის ამბობდა: „მე მაქვს
გამოცდილება – როცა რამე უსიამოვნება შემემთხვევა, მაშინვე არ ვპასუხობ. გადის ერთი
კვირა ან რამდენიმე და მერე სულ სხვაგვარად ვაფასებ იმ მოვლენასო“. ახალგაზრდებს
განსაკუთრებით აკლიათ სიდინჯე, სულსწრაფობა ხშირად ძალიან გვვნებს.

დღეს ჩვენ ვლოცავთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს. დალოცვილი და გახარებული
გამყოფოთ მამაზეციერმა! დიდხანს იცოცხლეთ ჩვენი ერის სასიხარულოთ და საიმედოდ! ახლა
თქვენ საჩუქრად მოგართმევთ შვიდგზის ლოცვებს.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №30,
2007 წ.