საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (30 მარტი, 2008 წ.)

30 მარტი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-30-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98-20

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 30 მარტი, 2008 წ.

„წარსულშიც ბევრი ჰქონია მძიზე
განსაცდელი ჩვენს ქვეყანას, მაგრამ როცა გაჭირვება მოადგებოდა საქართველოს,
მთელი ერი ერთ მუშტად იკვრებოდა და ასე უმკლავდებოდა მტერს!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ტაძარში ჟღერს საგალობელი „ჯვარსა შენსა თაყვანის ვსცემთ, მეუფეო და წმინდასა
აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ“. როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან
ჯვარი და აღდგომა, როგორი სიახლოვეა ჯვარსა და აღდგომას შორის!

დღეს ჩვენ გვმართებს ფიქრი იმის შესახებ, თუ რა არის ჯვარი ადამიანისთვის,
ერისთვის. ეს არის ის გზა, რომელიც უნდა განვლოს ყოველმა ადამიანმა და ყოველმა
ერმა – თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას სულიერი ჯვარი. ჯვარი, უპირველეს ყოვლისა,
არის უდიდესი ძალა და მადლი ღვთისა, რომელიც ეძლევა ადამიანს. ამასთან, ჯვარი არის
გამოცდა და განსაცდელი, რომელიც უნდა იტვირთოს ადამიანმა, უნდა განვლოს გოლგოთის
გზა და მივიდეს უფალთან. ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას სულიერი ჯვარი, რომლის ვერტიკალური ძელი ნიშნავს სწრაფვას ღვთისაკან,
კავშირს ადამიანსა და ღმერთს შორის, ხოლო ჰორიზონტალური – სწრაფვას მოყვასისაკენ.

ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც შექმნის ასეთ სულიერ ჯვარს. ყოველ ადამიანს უნდა
ჰქონდეს სულიერი თვალი, რომ დაინახოს სხვა ადამიანის გაჭირვება და უნდა გაუწოდოს
მას დახმარების ხელი.

აი, მიიწურა დიდმარხვის მესამე კვირაც, რომელსაც ეწოდება
ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე. ეს დღესასწაული დაწესებულია ეკლესიის მიერ
იმისათვის, რომ ჯვარმა გაამხნევოს მორწმუნეები, ფიზიკური და სულიერი ძალა
შესძინოს მათ, რომ მორწმუნეებმა ღირსეულად განაგრძო მარხვა და სიხარულით,
იმედით და სიყვარულით მიეგებონ ბრწყინვალე აღდგომას.

უნდა ითქვას, რომ განსაცდელი, მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით სულ ერთად
არიან. ალბათ, გახსოვთ აღმოსავლური სიბრძნე: „ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ
მწუხარებისა. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა“. როცა ადამიანი მოცულია
სიხარულით, იგი არ უნდა მიეცეს განცხრომას, რათა არ აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში,
რომ დაავიწყდეს ღმერთიც და მოყვასიც. მით უფრო, რომ სიხარულს მოსდევს მწუხარება და
მწუხარებას კი – სიხარული. ჩვენი ქვეყნის წარსულს რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ
მუდამ ასეთი ცვალებადობა ახასიათებდა საქართველოს ისტორიას, მაგრამ ჩვენს ქვეყანას
არასდროს დაუკარგავს იმედი და მუდამ გამოდიოდა ძალიან მძიმე მდგომარეობიდან,
რომელშიც ხშირად აღმოჩნდებოდა ხოლმე ავბედობის ჟამს. მწუხარებისა და მძიმე
განსაცდელის დროს ღმერთი მუდამ გამოაჩენდა ხოლმე ისეთ ხალხს, რომელთაც გამოჰყავდა
ერი გაჭირვებიდან. მადლობა ღმერთს, დღესაც არის ჩვენს ერში ასეთი ადამიანები.

დღეს ყველანი მადლობას ვწირავთ უფალს, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიდა იმ მეტად რთული
მდგომარეობიდან, როდესაც ათეულობით ოპოზიციონერი შიმშილობდა. ამას შეიძლება ძალიან
მძიმე შედეგები მოჰყოლოდა. მინდა გაგახსენოთ, რომ ჩემს მიმართვაში იყო მოწოდება
მოშიმშილეებისადმი, რომ შეეწყვიტათ შიმშილი, მაგრამ ამასთან ერთად იყო ასევე
მოწოდება ხელისუფლებისადმი, რომ მათ ისეთი ნაბიჯები გადაედგათ, რომელიც
გაამთლიანებდა ჩვენ ერს და სრულიად საქართველოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან
საშიშია კატეგორიული აზროვნება, ძალიან საშიშია ისეთი მდგომარეობა, როდესაც
ადამიანი ფიქრობს, თითქოს მხოლოდ ის ამბობს ჭეშმარიტებას და სიმართლეს. უნდა
ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ადამიანებს
ერთმანეთის ესმოდეს და თუ კეთილი აზრია გამოთქმული, სიამოვნებით გაიზიარონ იგი. მინდა კიდევ ერთხელ
მივმართიო ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს ოპოზიციას, რომ მოუსმინონ ერთმანეთს და ვინც
ამ საუბარში კეთილსა და სწორ აზრს გამოთქვამს, მისი მოსაზრება გაიზიარონ, მისი
აღსრულება დაისახონ მიზნად და ქვეყნის სასიკეთოდ განახორციელონ. იმედი მაქვს, რომ
საქართველო აუცილებლად გამოვა მძიმე მდგომარეობიდან და ამ მძიმე ჯვარს მოჰყვება
აღდგომა და ამაღლება!

დღეს ჩვენთან ერთად წირვაზე ბრძანდებიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები – სამი
მინისტრი: ბატონი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, ბატონი იულონ გაგოშიძე, და ჩვენი გაზრდილი,
ჩვენი სულიერი შვილი – კობა სუბელიანი, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ. ჩვენ
გულითადად მივესალმებით მათ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენი
ერი თანდათან მთლიანდება. ამ მთლიანობაშია ჩვენი ერის ძლიერება და მომავალშიც
ყოველთვის ასე იქნება. მინდა კიდევ ერთხელ აღვ ნიშნო, რომ წარსულშიც ბევრი ჰქონია
მძიზე განსაცდელი ჩვენს ქვეყანას, მაგრამ როცა გაჭირვება მოადგებოდა საქართველოს,
მთელი ერი ერთ მუშტად იკვრებოდა და ასე უმკლავდებოდა მტერს.

დღეს ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს იმის შესახებ, თუ რა არის პირადად მისი
გასაკეთებელი საქმე ქვეყნის სასარგებლოდ, რაში მდგომარეობს მისი ჯვარი, რა მიზანი
აქვს მის არსებობას. ყველას გახსოვთ, რა უთხრა ხალხს ამერიკის პრეზიდენტმა კენედიმ:
„ნუ იფიქრებთ იმას, თუ რა უნდა გაგიკეთოს თქვენ ამერიკამ, არამედ იფიქრეთ იმაზე, თუ
რა უნდა გააკეთოთ თქვენ მისთვის“. ჩვენც გვმართებს ფიქრი იმის შესახებ, თუ რა უნდა
გავაკეთოთ საქართველოსთვის, მისი მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენი ქვეყნის
მთლიანობისათვის.

მცირე ხნის წინ საქართველოში ჩამობრძანებული იყო შვეიცარიის პარლამენტის
თავმჯდომარე ქალბატონი, იგი მობრძანებული იყო საპატრიარქოში და ვისაუბრეთ
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობაზე. ქალბატონმა მითხრა: „ჩვენ არა
გვყავს ოპოზიციაო“. „მაშ, როგორ ხართ-მეთქი?“ – გამიკვირდა. „ყველანი ერთად
ვემსახურებით შვეიცარიას და მის კეთილდღეობასო“ – აი, ასე მიპასუხა მან.
შვეიცარიაში არ არის ისეთი პოლიტიზირებული საზოგადოება, როგორც ჩვენთანაა, იმიტომ
რომ ისინი ერთმანეთს უსმენენ და ყველანი ერთად ქვეყნის სასიკეთო ნაბიჯებს დგამენ. ჩვენ კი ყველაფერი
გვავიწყდება – შრომაც, სწავლაც და მარტო პოლიტიკაზე ვფიქრობთ. უპირველეს ყოვლისა,
უნდა შეიქმნას – შრომისადმი, სწავლისა თუ ოჯახისადმი განწყობა. საოცარი აღმოჩენაა
დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორია“, რომელსაც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვიყენებთ.
ადამიანს ბავშვობიდან უნდა შეექმნას განწყობა, თუ რამდენი შვილი უნდა ჰყავდეს,
როგორ უნდა ცხოვრობდეს, როგორ უნდა მოუაროს ოჯახს, როგორ უნდა იშრომოს, უნდა
ჰქონდეს განწყობა სწავლისადმი და ა.შ. ძალიან სერიოზული ფიქრი გვმართებს ამის
შესახებ.

მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს ჩვენთან იმყოფებიან მეცნიერების ჯგუფის
წარმომადგენლები, რომლებიც უნდა გაემგზავრონ კვიპროსზე. როგორც იცით, ჩვენმა
მეცნიერებმა იქ აღმოაჩინეს ქართული მონასტერი, რომელსაც ეწოდება ღალია. არსებობს
მოსაზრება, რომ ღალიის მონასტრის სახელი სიტყვა „ღელედან“ წარმოიშვა. ბერძნებს სხვა
მოსაზრება აქვთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველამ – ბერძნებმაც და ჩვენც – ვიცით,
რომ ეს არის ქართული მონასტერი. თავის დროზე არსებობდა ასეთი მოსაზრება, რომელიც
დღემდე აქტუალურია, რომ ჩვენი სახელოვანი მეფე თამარი შეიძლება იქ იყოს
დასაფლავებული.

ამჟამად კვიპროსზე ჩვენ უკვე გვყავს სამღვდელოება. სულ მალე ქართველი მეცნიერების
ჯგუფის 17-კაციანი ექსპედიცია გაემგზავრება კვიპროსზე, რომელიც იქ არქეოლოგიურსა და
სარესტავრაციო სამუშაოებს შეასრულებს. მინდა მადლობა მოგახსროთ გაწეული შრომისთვის
და შევთხოვო უფალს, კვლავ აღდგეს ეს სავანე და იქ მომავალში იღწვიან ქართველმა
ბერებმა. განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ ბატონ იულონ გაგოშიძეს; მან დიდი ამაგი
დასდო ამ საქმეს.

ქართულ ექსპედიციას მინდა გავატანოთ ხატი, რომელზეც არიან გამოსახულნი წმინდა
გიორგი, წმინდა ნიკოლოზი და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი. წააბრძანეთ ეს ხატი და
ეს წმინდანები შეგეწევიან თქვენ. ღმერთი იყოს თქვენი შემწე და მფარველი.

დღეს წირვას აგრეთვე ესწრებიან 68-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.
სკოლის დირექტორი გახლავთ ბატონი ცოტნე თვარაძე. ვლოცავთ ბავშვებს და მათ
აღმზრდელებს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

მინდა ასევე მოგახსენოთ, რომ ადრე მქონდა თქვენთან საუბარი იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს დალოცვას. დალოცვა – ეს
არის ღვთის ლოცვა-კურთხევა: განსაკუთრებით კი დალოცვა ბიბლიიდან წმინდა წერილის
ტექსტით, – ეს არის ღვთის მადლისა და სიყვარულის გადმოსვლა ადამიანზე. დღეისთვის
ჩვენ მოვამზადეთ 500-ზე მეტი დალოცვა ბიბლიიდან და ახლა გადმოგეცემათ თითო ცალი; ეს
უნდა შეინახოთ და ყოველდღე წაიკითხოთ.

მინდა გითხრათ, რომ ბიბლიის კითხვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა – ეს არის სიტყვა
ღვთისა, ეს არის უფლის საუბარი ადამიანთან. მრავალი შემთხვევა ყოფილა, როცა
ადამიანი კითხულობდა წმინდა წერილს, (ბიბლია, თქვენ იცით, შედგება ორი ნაწილისაგან
– ძველი და ახალი აღთქმა) და მასზე ხილულად გადმოსულა მადლი სულისა წმინდისა.
ასეთი მაგალითები ბევრია და მინდა შეგახსენოთ ერთი მათგანი, – ნეტარ ავგუსტინეს
ცხოვრება. ნეტარი ავგუსტინე დიდი ნიჭის პატრონი იყო, მაგრამ თავაშვებულად ცხოვროდა.
ჯერ კიდევ 16 წლის ჭაბუკს უკვე უკანონო შვილი ჰყავდა. დედამისი ცრემლით ლოცულობდა,
რომ მოქცეულიყო მისი ვაჟი და ქრისტიანულად ეცხოვრა. ბოლოს ნეტარი ავგუსტინეს დედა
მივიდა წმინდა ამბროსი მედიოლანელთან (მედიოლანი – დღევანდელი მილანია). მას ხალხში
დიდ პატივს მიაგებდნენ. აღსანიშნავია, რომ წმინდა ამბროსი მედიოლანელი
სასწაულებრივად იყო გამორჩეული ეპისკოპოსად. ეს ასე მოხდა: მედიოლანში გარდაიცვალა
მღვდელმთავარი და ხალხი ახალ ეპისკოპოსს ირჩევდა. ვერაფრით მოხერხდა
სამღვდელმთავრო კანდიდატურის შერჩევა. ამ დავას, როგორც მეფის წარმომადგენელი,
ესწრებოდა ამბროსიც. დავა გაგრძელდა და როცა მაინც ვერ დაადგინეს ახალი
ეპისკოპოსი, უეცრად ძუძუმწოვარა ბავშვმა დაიყვირა – „ამბროსია ეპისკოპოსი!“ ამბროსი
მაშინ უბრალო ერისკაცი, მინისტრი გახლდათ, რომელსაც არ ჰქონდა არავითარი კავშირი
სასულიერო წოდებასთან. ამბროსი შეშინდა, დატოვა ის შენობა და დაიმალა; ჯერ უდაბნოში
იყო, შემდეგ თავის სახლში სპეციალურად ქალების კაბები დაკიდა, რომ მასზე ეფიქრათ,
თითქოს ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა. „მე ღირსი არ ვარ მღვდელმთავრობისო!“ –
გამუდმებით იმეორებდა. მაგრამ ხალხი მაინც არ ეშვებოდა. ხალხმა უთხრა: „ჩვენ არ
ვიცით, ღირსი ხარ თუ არა, ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ღმერთის
მიერ ხარ გამორჩეულიო“. ამის შემდეგ ერთ კვირაში მოხდა ამბროსის კურთხევა
ეპისკოპოსად – ჯერ დიაკვნად, მერე მღვდლად, და ბოლოს – ეპისკოპოსად. ისეთი დიდი
პიროვნება გახდა ამბროსი, რომ დიდ სასწაულებს აღასრულებდა. აი, ამიტომ მივიდა
სწორედ მასთან ნეტარი ავგუსტინეს დედა. იგი ცრემლით ავედრებდა შვილს და სთხოვდა,
ელოცა ავგუსტინესთვის. წმინდა ამბროსი მედიოლანელმა ჰკითხა ქალს: „ცრემლით თუ
ლოცულობ უფლისადმიო?“ „კი, ყოველდღე ცრემლით ვევედრები ჩემი შვილის გადარჩენასო“, –
მიუგო დედამ. მაშინ წმინდა ამბროსიმ დაამშვიდა იგი და მტკიცედ უთხრა: „არ შეიძლება,
რომ დედის ცრემლი დაიკარგოს უფლის წინაშეო!“ და აი, იმ დროს, როდესაც ამბროსი
მედიოლანელი ამ სიტყვებს წარმოთქვამდა, ნეტარმა ავგუსტინემ უეცრად სახარება ხელში
აიღო და მის კითხვას შეუდგა. ეს კი ნამდვილი ხილული სასწაული იყო, რადგან იმ დრომდე
ავგუსტინე წმინდა წერილს ზედაც არ უყურებდა… ამ კითხვის დროს გადმოვიდა მასზე
მადლი ღვთისა და მას სინანული შესძინა. ავგუსტინე გავიდა ბაღში და მწარედ ტიროდა
თავის ცოდვებს. აი, ასე მოექცა ნეტარი ავგუსტინე და ეს პიროვნება გახდა უდიდესი
მღვდელმთავარი და უდიდესი მასწავლებელი ქრისტიანობისა. ესაა ნათელი მაგალითი იმისა,
თუ რა მადლი ახლავს წმინდა წერილის კითხვას!

ახლა დაგირიგდებათ საგანგებოდ მომზადებული დალოცვები ბიბლიიდან, – იქ მითითებულია,
საიდანაა ამოღებული ეს დალოცვა. ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ მას. მომავალში კიდევ
მოვამზადებთ თქვენთვის მსგავს დალოცვებს და სხვა დროსაც დაგირიგებთ. და ამ
დალოცვასთან ერთად მადლი ღვთისა, სიყვარული და წყალობა იქნება თქვენსა და
საქართველოზე.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულს! ღმერთმა ინებოს,
რომ ჯვრის ძალამ მოგვცეს მადლი და ძალა, რათა განვაგრძოთ გზა ცხოვრებისა და ღირსი
გავხდეთ სასუფეველისა!

შევთხოვოთ უფალს, რომ ყოველი ჩვენგანის, ყოველი ადამიანის სახელი ჩაიწეროს წიგნსა
მას ცხოვრებისასა.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №12, 2008 წ.