საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (3 ივნისი, 2007 წელი; ზუგდიდის მაცხოვრის სახელობის ტაძარი)

3 ივნისი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-3-%e1%83%98%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ზუგდიდის მაცხოვრის სახელობის ტაძარი, 3 ივნისი, 2007 წელი

„სვანური და მეგრული უძველესი
დიალექტებია, ეს არის განშტოებანი ქართული ენისა და
უნიკალური მთლიანობა ქართული გენისა, რომელიც უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. მართლაც, დიდია უფალი
და საკვირველია მისი საქმენი, რომელიც მან საქართველოზე გამოავლინა. ჩვენს წარსულს
და დღევანდელ დღეს რომ გადავხედოთ, დავინახავთ, – უფალი განსაკუთრებით სწყალობდა და
სწყალობს ჩვენს ქვეყანას, მის ყოველ კუთხეს. საქართველოს ყოველმა კუთხემ ჩვენს
სამშობლოს მისცა გამოჩენილი ადამიანები, თავდადებული პიროვნებები, რომელთაც
სამშობლოს მთლიანობას, მის კეთილდღეობას შესწირეს თავი. საქართველოს ყოველმა კუთხემ
შექმნა უნიკალური კულტურის ნიმუშები მხატვრობაში, ხუროთმოძღვრებაში, გალობაში,
სიმღერაში… ამ უნიკალური კულტურით გამოირჩევა სამეგრელოც. ვმადლობთ უფალს, რომ
ასეთი დიდი წყალობა მოიღო ჩვენს ქვეყანაზე.

უფალი ბრძანებს: „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“. რამდენი რჩეული
ადამიანი ყოფილა და რამდენი რჩეული ადამიანი არის დღესაც სამეგრელოში, საერთოდ,
მთელ საქართველოში და რამდენი იქნება მომავალში. ოღონდ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ
უნდა დავკარგოთ ჩვენი სარწმუნოება, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ რწმენა, სიყვარული და
სასოება – იმედი ღვთისა და იმედი ადამიანისა.

გავიხსენოთ, თუნდაც ისეთი დიდი პიროვნება, როგორიც იყო უწმინდესი და უნეტარესი,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, თავდადებული აღმსარებელი ამბროსი ხელაია.
საოცარია მისი ცხოვრება და მოღვაწეობა. სწორედ ამიტომ საქართველოს ეკლესიის წმინდა
სინოდმა გადაწყვიტა, რომ იგი წმინდანთა დასში შეერაცხა.

მოგეხსენებათ, მას მოღვაწეობის ყველაზე რთული პერიოდი ხვდა წილად. ეს იყო ის
დრო, როდესაც საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველო. უწმინდესმა და უნეტარესმა
ამბროსიმ გენუის კონფერენციას საპროტესტო მემორანდუმი გაუგზავნა, სადაც იგი
მსოფლიოს საქართვეოს გადარჩენას სთხოვდა; ამის გამო იგი დააპატიმრეს და სასამართლო
პროცესმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
დახვრეტა მიუსაჯეს.

როდესაც მას ჰკითხეს, უკანასკნელად რამეს ხომ არ იტყოდითო (და მათ ეგონათ,
უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი პატიებას და შეწყალებას ითხოვდა), მან წარმოსთქვა
ისტორიული სიტყვები: „ჩემი სული ეკუთვნის უფალს, გული – სამშობლოს, ხოლო ეს ხორცი
თქვენთვის მომიგდია, რაც გინდათ, ის უყავითო“.

ამის შემდეგ იგი ციხეში გადააგზავნეს. მახსოვს, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II
მიამბობდა, (იგი უწმინდესი ამბროსის მდივანი იყო): „მთელ რეზიდენციაში მარტო
დავრჩი, ყველა დაპატიმრებული იყო; მოვიხედე და დავინახე, რომ ფაეტონით უწმინდესი და
უნეტარესი ამბროსი ხელაია მოიყვანეს. ციხიდან გამოეშვათ, უკვე ცუდად იყო და
წირვა-ლოცვის ჩატარება აღარ შეეძლო. მას სთხოვეს, მხოლოდ ხალხს დაენახეო და სიონის
ტაძარში შემოიყვანეს. მთელი ქალაქი სიონის გარშემო შეიკრიბა. უწმინდესმა და
უნეტარესმა ამბროსიმ ხალხს ჯვარი გადასახა და გონება დაკარგა. ხალხმა კი მის წინაშე
დაიჩოქა და ასე დაჩოქილი შეჰყურებდაო“.

აი, ასეთი თავდადებული ადამიანი მოგვცა ჩვენ სამეგრელომ. ამ კუთხიდან სხვაც
მრავალი ღირსეული ადამიანი გამოურჩევია უფალს: მათ რიცხვს ეკუთვნის – ცოდნე
დადიანი, გიორგი ჭყონდიდელი (რომელიც იყო ეკლესიის მმართველი და დიდი მოღვაწე) და
მრავალი სხვა.

მე მყავდა ნათლია, დედა ზოილე და ის იხსენებდა ხოლმე დიდ მოღვაწეს უთუთი
ფაჩულიას, ასევე უდიდესი მოღვაწეა და წმინდანთა დასშია აღყვანილი სამეგრელოს
მკვიდრი ალექსი შუშანია და მრავალი სხვა. ვინ ჩამოთვლის იმ წმინდა მამებს და წმინდა
დედებს, რომლებიც ამ კუთხემ საქართველოს მისცა.

მინდა ვთქვა, რმო დიდი მადლი მოჰფინა ღმერთმა საქართველოს ამ კუთხის შვილების
მოღვაწეობით; ეს მადლი უნდა შევინარჩუნოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის,
რომ საქართველო იყოს მთლიანი და ძლიერი ქვეყანა. დიდი მწუხარებით ვადევნებთ თვალს
იმ სავალალო მდგომარეობას, რაც დღეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშია. ჩემთვის
განსაკუთრებით მძიმეა ამის ყურება, მე ხომ 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი.
მახსოვს, სოხუმიდან ხშირად ჩამოვდიოდით ზუგდიდში და აქ ვყიდულობდით პროდუქტს,
ვიძენდით საჭირო ნივთებს – ზუგდიდი უფრო მდიდარი იყო, ვიდრე სოხუმი. ღმერთი
მოწყალეა და ყველაფერი აქ კვლავაც კარგად იქნება.

ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვიმყოფები თქვენს გვერდით. ვფიქრობ, რომ სამეგრელო – ეს
არის კუთხე, რომელიც სათავეში ჩაუდგება საქართველოს გამთლიანებას. სამეგრელო არის
ის კუთხე, სადაც ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება გაბრწყინდა და მაგალითად იქცა
სხვა კუთხეებისათვის. ამიტომ მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ
საქართველოს მთლიანობისთვის. თქვენ უნდა იფიქროთ არა მარტო ამ კუთხეზე, არამედ
მთლიან საქართველოზე. მაგალითად, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ლაზეთი. ლაზები –
ჩვენი სისხლი და ხორცია. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან მესხები, მათაც
დახმარება სჭირდებათ. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება ერთ მუჭად შეკრული ერთსულოვანი
საქართველო და ვფიქრობ, უფალი მოგვმადლებს მთლიანობასა და ერთობას.

მართალია, მტრულად განწყობილი ძალები ცდილობენ, დაყონ ჩვენი სამშობლო კუთხეებად,
გააღვივონ სეპარატიზმი: ნდობლობა და ბზარი შეიტანონ ქართველებს შორის, მაგრამ იმათ
არაფერი გამოუვათ, იმიტომ რომ ქართველი კაცი ბრძენია. მტრული ძალები თითქოს
მზრუნველობა იჩენდნენ, სთავაზობენ საქართველოს ძირითად კუთხეებს – სამეგრელოსა და
სვანეთს თავისი მწერლობა ჰქონდათ, ასევე ბიბლია და ღვთისმსახურება „თარგმნონ“.
ისმის მარტივი კითხვა: მაშინ როდესაც ასეთი გამოჩენილი წინაპრები ჰყავდა ამ
კურთხეს, განა მათ არ შეეძლოთ ეზრუნათ ამაზე, ეს რომ საჭიროდ მიეჩნიათ? რატომ არ
გააკეთეს ეს ჩვენმა დიდმა კათოლიკოს-პატრიარქებმა – თუნდაც ამბროსი ხელაიამ, ან
კირიონმა, ლეონიდემ და სხვებმა? რომ გადავხედოთ უძველეს ხელნაწერებს, მათ შორის არც
ერთი არ არის სვანური და მეგრული, იმიტომ რომ მეგრული და სხვანური უძველესი
დიალექტებია, ეს არის განშტოებანი ქართული ენისა და ქართული გენისა; და ეს
უნიკალური მთლიანობა ქართული გენისა ჩვენ უნდა დავიცვათ შევინარჩუნოთ. ასევე უნდა
დავიცვათ და შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურა, ხალხური სიმღერები, საგალობლები და სხვ.
ჩვენ ვამაყობთ ყოველივე ამით. დიდება უფალს, რომ გვაძლევს ამ მრავალფეროვნებას!

თუნდაც ავიღოთ მთა, მთას თავისი სახე აქვს, იმერეთს – თავისი, კახეთს – თავისი,
მაგრამ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და ერთნი უნდა დავრჩეთ. ამისთვის შევთხოვთ უფალს
მის წყალობას, მის მადლს. მადლიყველაზე ძლიერია და ვერავითარი მტერი ვერაფერს
დააკლებს საქართველოს.

მინდა გამოვთქვა კიდევ დიდი სიხარული იმის გამო, რომ თბილისში გაკეთდა ლუსკუმა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პერანგის ჩასაბრძანებლად. დღეს ჩვენ იგი ჩავასვენეთ ამ
ჭურჭელში. ლუსკუმა თავისი პერანგით და წმინდა ნაწილებით იქნება დაბრძანებული აქ,
ზუგდიდში და დღესასწაულებზე გვექნება საშუალება, რომ ვემთხვიოთ მას.

მინდა მოგცეთ ასეთი ლოცვა-კურთხევა: ლოცვის დაწყებისას პირველად ილოცეთ
საქართვეოს კეთილდღეობისა და მთლიანობისათვის და შემდეგ თქვენი ოჯახებისთვის,
თქვენს ლოცვებში არ დამივიწყოთ მეც.

აღვნიშნავ იმასაც, რომ დიდი განსაცდელი გამოიარა ამ კუთხემ, მაგრამ მედგრად და
ვაჟკაცურად შეხვდა ჩვენი ხალხი მას. რა თქმა უნდა, დღესაც მრავალი განსაცდელია ჩვენ
წინაშე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დაიძლევა, ყველაფერი დამშვიდდება.

სამეგრელო კიდევ ბევრ ნიჭიერ ადამიანს მისცემს სამშობლოს, რომლებიც გაიტანენ
ქართველი ადამიანის სახელს მთელ მსოფლიოში.

წყალობა, მშვიდობა, სიყვარული და სიხარული მოგმადლოთ უფალმა თქვენ და სრულიად
საქართველოს.

დღეს განსაკუთრებული დღეა და მეტად სასიხარულო გადაწყვეტილება მივიღეთ: დღეს
მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ზუგდიდისა და ცაიშის მთავარეპისკოპოსი გერასიმე
აყვანილია მიტროპოლიტის ხარისხში. ზუგდიდელებს და მთელ საქართველოს ვულოცავთ მეუფე
გერასიმესთვის ამ მაღალი წოდების მინიჭებას.

მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, შემოქმედის მთავარეპისკოპოსი იოსები აყვანილია
მიტროპოლიტის ხარისხში. გილოცავთ თქვენ, მეუფე, შემოქმედის ეპარქიას და მთელ
საქართველოს. შემოქმედის ეპარქია ჩემთვის მეტად ძვირფასია, იმიტომ რომ 1963 წელს,
როცა ეპისკოპოსად მაკურთხეს, მეწოდა შემოქმედელი ეპისკოპოსი – ეს იყო ჩემი პირველი
ეპარქია.

მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსი
დიმიტრი აყვანილია მიტროპოლიტის ხარისხში.

მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი გრიგოლი
აყვანილია მიტროპოლიტის ხარისხში.

ასე რომ, საქართველოს შეემატა ოთხი მიტროპოლიტი.

დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ახლოს
ვართ უფალთან. დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და მთელი საქართველო!

კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ, თქვენი პირველი ლოცვა უნდა იყოს
მამულისთვის, მეორე – ოჯახისთვის და მესამე – ჩემთვის.

თქვენ იცით, რომ მცირე ხნის წინ რუსეთიდან გადმოსვენეს ნეშტი ჩვენი ქვეყნის
პირველი პრეზიდენტისა ზვიად გამსახურდიასი და მას საბოლოოდ ეღირსა დამკვიდრება
მშობლიურ მიწაზე, მამადავითის მთაზე. ახლა შევასრულებთ პანაშვიდს მისი სულისთვის.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №20,
2007 წ.