საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (3 დეკემბერი, 2006 წ.; ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი)

3 დეკემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-3-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9b

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 3 დეკემბერი, 2006 წელი

„წმინდა მამები ამბობენ, რომ როცა ადამიანი თავისი ცოდვების გამო ტირის,
– ამ დროს მისი მფარველი ანგელოზი ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანის მუდმივი თანამგზავრია სიხარული და მწუხარება. ისინი თითქოს ტყუპი
ძმებივით არიან. მოდის სიხარული, მაგრამ იქვე ახლოს სამწუხარო ამბავიც ხდება. ეს
ჩვეულებრივი მოვლენაა ყოველი ადამიანის ცხოვრებაში. აღმოსავლური სიბრძნე ამბობს:
„ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა და ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ
მწუხარებისა.“ ამიტომ, როდესაც სიხარული გვეწვევა, უპირველეს ყოვლისა, მადლობა უნდა
შევწიროთ უფალს წყალობისათვის. ასევე უნდა მოვიქცეთ მაშინაც, როცა მოდის მწუხარება;
დიახ, მადლობა უნდა შევწიროთ უფალს, იმიტომ რომ ეს მონაცვლეობა აუცილებელია.
ადამიანს რომ სულ სიხარული ჰქონდეს, ის ალბათ, მალე დაივიწყებდა უფალს და სულიერად
დაიღუპებოდა. სწორედ მწუხარება გვახსენებს ღმერთს. წმინდა მამები ტიროდნენ, როდესაც
განსაცდელი არ ჰქონდათ, როდესაც უფალი არ უგზავნიდა მწუხარებას. ერთი ასეთი
შემთხვევა იყო: ბერობის დამაარსებელი ანტონი დიდი ერთხელ ერთ-ერთ მონასტერში
მივიდა; ბერებმა შესთხოვეს მას, მოგვეცი დარიგებაო. მან მორჩილად მიუგო: რა უნდა
გითხრათ, ცოდვილი კაცი ვარ, მოდით, ერთად ვიტიროთ ჩვენი ცოდვებიო. და იმდენად
ძლიერი იყო მისი სიტყვები, რომ მთელმა მონასტერმა ტირილი დაიწყო. ამ დროს
გარდამოვიდა მადლი სულისა წმიდისა.

წმინდა მამები ამბობენ, რომ როცა ადამიანი თავისი ცოდვების გამო ტირის, – ამ
დროს მისი მფარველი ანგელოზი ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს.

დღეს ჩვენ გვაქვს სულიერი სიხარული. ჩვენთან მოაბრძანეს ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ეწოდება „შენ ხარ ვენახი“. დიდი ხანი არ არის, რაც იგი
დაიწერა და უკვე მრავალი სასწაული ისმის მის მიერ აღსრულებული. ეს, უპირველეს
ყოვლისა, ჩვენი რწმენის გამო ხდება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვანიჭებს მადლს დიდი
რწმენისა. თუკი ადამიანი სარწმუნოებითა და სიყვარულით მიდის ნებისმიერ ხატთან, ის
აუცილებლად მიიღებს იმ დახმარებას, რომელსაც ითხოვს. უფალი ბრძანებს: „ითხოვდეთ და
მოგეცეს თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“. ჩანს, რომ მრავალი
ადამიანი ლოცულობდა ამ ხატის წინ და მრავალი ადამიანი განიკურნა, მრავალ ადამიანს
შეუსრულდა ვედრება. ღვთისმშობლის ხატი „შენ ხარ ვენახი“, რომელიც ახლა თქვენს
წინაშეა დაბრძანებული, დაწერილია კაბადოკიის ერთი მხატვრის მიერ. ეს ხატი იყო
დაბრძანებული კანკელზე. საოცრად თბილი ხატია, სასწაულთმოქმედი. როდესაც მამა არჩილ
მინდიაშვილმა ეს ხატი იხილა, მას გაუჩნდა სურვილი შექმნილიყო მისი ასლი. ასეც მოხდა
და ეს ასლი დაბრძანებული იყო თბილისის, პეტრეპავლეს სახელობის ტაძარში. უფალი
განაგებს ყველაფერს და მოხდა სასწაული, – დღეს ჩვენთან ასლთან ერთად უკვე თავად
დედანი ბრძანდება! იგი ჩამოაბრძანეს საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში და ქუთაისელმა
მოძღვარმა იგი მე გადმომცა. ახლა ეს ხატი დაბრძანებულია ყოვლადწმინდა სამების
საპატრიარქო ტაძრის წმინდა ტრაპეზზე. და დღეს მე მინდა, დაგლოცოთ ამ ხატით.

ყველაფერი ღვთით ხდება, ყველაფერში ღვთის განგებაა. და ის, რომ დღეს
საქართველოში ბრძანდება ამ ხატის ასლიც და დედანიც, ეს იმას ნიშნავს, რომ
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა არ ტოვებს თავის მამულს, თავის წილხვედრ ქვეყანას.
დედანი პირდაპირ ბათქაშზეა შესრულებული. ხატს უკანა მხრი დან აქვს წარწერა, რომელიც
გვამცნობს, რომელი ეკლესიიდან არის იგი.

ყოვლადწმინდა ღვთიმშობელმა დედამ დაგლოცოთ, გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და
სრულიად საქართველოს!

ამიერიდან ეს ხატი იქნება დაბრძანებული აქ, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში
და ყოველ თქვენთაგანს ექნება საშუალება, მობრძანდეს და თაყვანი სცეს მას, ილოცოს
მის წინაშე. ეს არის ძალიან დიდი სიხარული ჩვენთვის. ღვთის ლოცვა-კურთხევით
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ შეგისრულოთ ყოველი თქვენი თხოვნა-ვედრება.

ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს
სრულიად საქართველო.

დღეს არის, აგრეთვე, ხსენება წმინდა პროკლესი. ეს დიდი წმინდანია. იგი იყო
მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა და რაც მთავარია, – მოწაფე წმინდა იოანე
ოქროპირისა. თქვენ ყველამ იცით, ცხოვრება წმინდა იოანე ოქროპირისა. გახსოვთ, ის იყო
მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა და სამეფო ოჯახმა იგი უსამართლოდ განდევნა
ქვეყნიდან. წმინდა იოანე ოქროპირმა თავისი ცხოვრება საქართველოში, კამანის წმინდა
ვასილისკოს წყაროსთან დაასრულა. წმინდა პროკლე დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმული იყო
წმინდა იოანე ოქროპირის მიერ. წმინდა პროკლე დიდი სასწაულთმოქმედი იყო. იგი V
საუკუნეში მოღვაწეობდა. იმ დროს დიდი მიწისძვრები იყო კონსტანტინეპოლში და მთელი
მოსახლეობა გავიდა მინდორში; მათ შორის იყვნენ აგრეთვე მთავარეპიკოპოსი
სამღვდელოებასთან ერთად და ბიზანტიის იმპერატორიც. ყველანი ერთად ლოცულობდნენ, რომ
ღმერთს დაეწყნარებინა გამძვინვარებული სტიქია. ამ დროს ამოვარდა ქარიშხალი და
ქარბორბალამ ერთი პატარა ბიჭუნა ზეცაში აიტაცა და რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ
უვნებლად დაუშვა მიწაზე. იმ ბავშვმა უამბო ხალხს, რომ ცად იხილა ანგელოზთა დასი,
რომელიც უფალს უგალობდა შემდეგი სიტყვებით: წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო,
წმინდაო უკვდავო და ხალხმა აღტაცებით დაუმატა – შეგვიწყალენ ჩვენ. ასე რომ, სწორედ
წმინდა პროკლეს მღვდელმთავრობის დროს დამკვიდრდა ეს ლოცვა და შემდეგ ცნობილი გახდა
მთელ საქრისტიანოში.

“წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ!“ ეს არის
ძალიან ძლიერი ლოცვა და არაერთხელ გამოვლენილა მისი ძალა. მინდა მოგითხროთ ერთი
მაგალითი. უდაბნოში მოღვაწეობდა ერთი ბერი, რომელიც მთელი სამყაროსათვის ლოცულობდა
და ყველა ებრალებოდა. ბოლოს მან იწყო ლოცვა ეშმაკისათვისაც კი. ევედრებოდა უფალს:
ადრე ისიც ხომ ანგელოზი იყო, შეუნდე მასო. უფალს ესმა მისი წმინდა ლოცვა და
გამოეცხადა მას: შედი შენს გამოქვაბულში, მოვა შენთან ბოროტი სული და ერთად ილოცეთ:
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ და თუ ის ამ
ლოცვას გაიმეორებს – ვაპატიებო. მართლაც, დადგა ბერი ლოცვად, გამოეცხადა მას ბოროტი
სული და ერთად დაიწყეს ლოცვა. ბერმა თქვა: „წმინდაო ღმერთო“, – მანაც გაიმეორა –
„წმინდაო ღმერთო“, – იმიტომ რომ მან იცის, რომ ღმერთი წმინდაა, მას სწამს ღმერთის,
იცის მისი არსებობის შესახებ. „წმიდაო ძლიერო“ – თქვა ბერმა და ბოროტმა სულმაც
გაიმეორა – ესეც იცის, რომ ღმერთი ძლიერია. შემდეგ ბერმა თქვა: „წმიდაო უკვდავო“ და
ეშმაკმაც გაიმეორა და ბოლოს, როდესაც ბერმა წარმოთქვა: „შეგვიწყალენ ჩვენ“ – ეს
ვეღარ გაიმეორა ბოროტმა, – იმდენად ამპარტავანია იგი, რომ არ შეუძლია შესთხოვოს
უფალს შეწყალება. ესე განმეორდა სამჯერ და ბოლოს ცეცხლის სახით გამოვარდა იგი იმ
გამოქვაბულიდან; ბოროტმა სულმა ვეღარ აიტანა ეს ლოცვა უფლისადმი და განეშორა
იქაურობას. აი, მაგალითი იმისა, თუ რამდენად ძლიერია ეს ლოცვა. ძალიან ხშირად უნდა
გავიმეოროთ ჩვენ ეს ლოცვა და იგი შეგვეწევა ჩვენ.

წმინდა პროკლე კიდევ ცნობილია იმით, რომ იმპერატორ თეოდოსი II-ეს წმინდა იოანე
ოქროპირის გადმოსვენება სთხოვა. თეოდოსი II იყო მათი შვილი, ვინც გააძევა იოანე
ოქროპირი იმპერიიდან. უკვე 31 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა დიდი
მღვდელმთავარი. და წმინდა პროკლემ შეჰბედა მეფეს: დროა, თავის კათედრაზე დავაბრუნოთ
წმინდა იოანე ოქროპირიო. მეფემ დელეგაცია გამოგზავნა საქართველოში დიდი
მღვდელმთავრის უხრწნელი გვამის გადასასვენებლად, მაგრამ მოხდა სასწაული – მას ძვრა
ვერ უყვეს. ქვის სარკოფაგი, რომელშიც იყო დასვენებული მისი წმინდა გვამი დღესაც
არსებობს აფხაზეთში, სოხუმის საკათედრო ტაძარში. მაშინ მთავარეპისკოპოსმა პროკლემ
უთხრა მეფეს: წმინდა იოანე ოქროპირი განაწყენებულია ჩვენზე, შენს მშობლებზე და
ამიტომ პატიება უნდა ვთხოვოთო. მეფე თეოდოსი II-მ დაწერა წერილი, მიმართა წმინდა
იოანე ოქროპირს, როგორც ცოცხალს, ხელი მოაწერა და სამეფო ბეჭდით აღბეჭდა. მხოლოდ
მას შემდეგ, რაც წერილი წმინდა იოანე ოქროპირს ხელში ჩაუდეს, დართო ნება წმინდანმა,
რომ მისი უხრწნელი გვამი კონსტანტინეპოლში გადაესვენებინათ.

აი, ასეთი წმინდანის ხსენებაა დღეს და წმინდა პროკლეს ლოცვა-კურთხევა გეწეოდეთ
თქვენ და სრულიად საქართველოს! თქვენ გახსოვთ, წმინდა იოანე ოქროპირის უკანასკნელი
სიტყვები იყო: „დოქსა ტო თეო პანდონ ენეკა“ ბერძნულად – მადლობა ღმერთს
ყველაფრისათვის. ანუ მადლობა სიხარულისათვის და მწუხარებისათვის! აი, ასე უნდა
ვცხოვრობდეთ ჩვენც. დიდება და მადლობა უნდა შევსწიროთ უფალს. მართლაც, დიდება და
მადლობა უფალს! და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, რომელიც არის წილხვედრი
ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა აუცილებლად გაბრწყინდება, მას აუცილებლად მიეცემა
სულიერი ძალა. ამ ორი ხატის მობრძანება საქართველოში, აქ, წმინდა სამების ტაძარში
კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უწერია მშვიდობა, სიხარული და
გაბრწყინება!

დალოცვილი და გახარებული იყავით!

ღმერთმა ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენოთ! ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №45(398),
2006 წ.