საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება ( 29 ოქტომბერი, 2006 წ.)

29 ოქტომბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-29-%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 29 ოქტომბერი, 2006 წ.

„…დღეს ქართველ ერს
გადარჩენისათვის თანადგომა, ერთსულოვნება და მთლიანობა სჭირდება“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ვინ ვართ ჩვენ დღეს, ვინ ვიყავით წარსულში და ვინ ვიქნებით მომავალში? ყველა
ქართველს ძალიან გვაწუხებს ეს საკითხი. მრავალი პრობლემის წინაშე ვდგავართ დღეს.
ზოგიერთი ადამიანი ასეც სვამს ამ საკითხს: დღეს ვინ ვართ – ვიცით, წარსულში ვინ
ვიყავით – ისიც ვიცით, ხოლო მომავალში ვიქნებით თუ არა – არ ვიცით.

ისმის კითხვა: რა უნდა ვაკეთო იმისათვის, რომ ვიყოთ მომავალში და არა მარტო
ვიყოთ, არამედ ღვთის სათნო საქმეებიც ვაკეთოთ. რა გვაკლია ჩვენ ამისათვის? გვაკლია
თანადგომა, გვაკლია ერთსულოვნება. ხშირად გაჭირვების დროს ჩვენ არ ვდგავართ
ერთმანეთის გვერდით, ვართ განრიდებულნი და ვუყურებთ შორიდან, როგორ ეცემა ჩვენი
ახლობელი, ნათესავი ან მეგობარი. თითქოს, ეს ჩვენ არც გვეხება, მაგრამ დადგება
ჟამი, როცა, შესაძოა, ჩვენც შეგვეხოს და მაშინ მივხვდებით, თურმე, რამდენად საჭიროა
თანადგომა.

მახსენდება ერთი, მთელ მსოფლიოში ძალიან ცნობილი, გერმანელი სასულიერო პირი –
მარტინ ნიმიოლერი. მე მას პირადად ვიცნობდი. ეს პიროვნება უკვე გარდაცვლილია. იგი
გერმანიაში ცხოვრობდა და მან გამოიარა ჰიტლერის მმართველობის პერიოდი. იგი
მოგვითხრობდა: როდესაც იყვანდნენ და ხვრეტდნენ ებრაელებს, ჩვენ ვდუმდით, როდესაც
ღამღამობით პროფესორებს აპატიმრებდნენ და ხვრეტდნენ – კვლავ ვდუმდით და როდესაც
ჩვენს წასაყვანად მოვიდნენ – უკვე სხვები დუმდნენ და აღარავინ დარჩა, გვერდში რომ
დაგვდგომოდაო. ამ გერმანელმა სასულიერო პირმა გამოიარა ძალიან მძიმე ცხოვრება
საკონცენტრაციო ბანაკში და ცოცხალი გადარჩა.

მინდა გითხრათ, რომ დღეს ქართველ ერს გადარჩენისათვის თანადგომა, ერთსულოვნება
და მთლიანობა სჭირდება!

ერთ ფილოსოფოსს უწერია: „მონობის მოსპობა – მოსპობს კაცობრიობას“. პირდაპირ,
სიტყვა-სიტყვით ნუ გაიგებთ ამ აზრს, იგი გაცილებით ღრმაა. ის ფილოსოფოსი ამ
სიტყვებში იერარქიას გულისხმობს. იგი ამბობს, რომ იერარქიის მოსპობა გაანადგურებს
კაცობრიობას. ეს იყო ნათქვამი იმ დროს, როდესაც სოციალისტური ბანაკი მთელ მსოფლიოში
საყოველთაო თანასწორობას ქადაგებდა. ამ ცრუ იდეით შეპყრობილი იყო მთელი მსოფლიო.
ერთხელ, ერთმა მღვდელმთავარმა უთხრა ამ ცრუ იდეის მქადგებელთ: უფალმა ზეცაშიც კი არ
დააწესა თანასწორობა ანგელოზთა შორის, მათ შორისაც არის განსხვავებული მდგომარეობა
და როგორ მოითხოვს ადამიანი, რომ თანასწორობა დამყარდეს დედამიწაზეო.

წარმოიდგინეთ მცირე სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ოჯახს. ბოლო წლებში
ხშირდაა საუბარი იმის შესახებ, რომ ცოლ-ქმარი თავისი უფლებებით თანასწორი უნდა
იყოს. საღვთო წერილში კი წერია, რომ მამაკაცი არის თავი ოჯახისა. უნდა ვიცოდეთ, რმო
თანასწორობა სპობს და ანადგურებს საზოგადოებას. ჩვენ რომ გადავხედოთ ძველ
ფილოსოფიას, თუნდაც ქრიტიანობამდელს, – ძველ აღმოსავლურ ფილოსოფიას, კონფუცის
ფილოსოფიას – იგი დამყარებულია იმაზე, რომ უმცროსმა პატივი უნდა სცეს უფროსს, უნდა
იყოს ერთსულოვნება და ამით გადარჩება კაცობრიობა.

როდესაც ჩვენ ერთსულოვნებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ არა მარტო ადამიანს, არამედ
ბუნებასაც. ადამიანსა და ბუნებას შორის უნდა იყოს ჰარმონია. უნდა იყოს გაგება, უნდა
იყოს ურთიერთთანადგომა. დღეს ძალიან აქტუალურია ეკოლოგიის პრობლემები,
დაბინძურებულია ჰაერი, წყალი, საკვები, – ყველაფერი ემუქრება კაცობრიობას.
ადამიანმა ყოველი ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ თავისი ცხოვრების წესით
დაუახლოვდეს ბუნებას, დაიცვას და გაუფრთხილდეს მას. ეს კეთილ ნაყოფს გამოიღებს
მომავალში.

მინდა კიდევ ერთი მაგალითი მოვიყვანო. ერთ წიგში ამოვიკითხე: წარმართულ დროში
იყო ერთი ბატონი, რომელსაც ჰყავდა ბევრი მონა. ბატონმა გამოირჩია ერთი ქალწული,
რომელსაც ენდობოდა, უდიდეს პატივს სცემდა და გულწრფელად უყვარდა. ერთხელ ბატონმა
დიდი წვეულება გამართა და შეკრებილ ხალხს გამოუცხადა: ჩემს მონათა შორის ერთი
ადამიანი ავირჩიე, რომელსაც მინდა მთელი ჩემი სიმდიდრე დავუტოვოო და ის ქალწული
წარადგინა. იმხანად ხალხი ხშირად მიმართავდა თვითმკვლელობას, ამ ბატონსაც
განზრახული ჰქონდა თავის მოკვლა, მისთვის ვენები უნდა გადაეჭრათ და სისხლისგან
დაცლილიყო. ამ ქალწულსაც დიდი პატივისცემა და სიყვარული ჰქონდა თავისი ბატონისა და
როდესაც დაინახა, რომ მისი ბატონი სისხლისგან იცლება, შეძრწუნდა, ხალხს უთხრა: მე
არ მჭირდება ეს სიმდიდრე და მეც მოვკვდები მასთან ერთად, რადგან მე მხოლოდ მისი
სიყვარული მჭირდებაო. აი, ასეთი სიყვარული და პატივისცემა იყო თვით წარმართებშიც
კი.

ვფიქრობ, თანდათან იღვიძებს ჩვენი ერი, თანდათან უფრო მეტად ვგრძნობთ, რომ
საჭიროა სიახლოვე ბუნებასთან, მცენარეებთან, ცხოველებთან. მინდა გითხრათ, რომ დრეს
კუს ტბაზე იმართება საქონლის გამოფენა. ხალხმა მიიყვანა იქ თავისი საქონელი და
ყველას უჩვენებენ, თუ რას მიაღწიეს ამ მოკლე დროში.

იმედია, რომ ჩვენი ერი, ღვთის მადლით, უკეთესი გახდება. იმედია, შევიცნობთ
საკუთარ სულს, შინაგან სამყაროს და შევიტყობთ, რა გვაკლია და რა გვჭირდება.

დღეს მნიშვნელოვანი დღეა. სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარს,
პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელს, რომელსაც თქვენ ყველანი კარგად იცნობთ, შეუსრულდა
60 წელი. მინდა ვთქვა, რომ მან ბევრი გააკეთა, მაგრამ უფრო მეტი საქმე ელოდება
მომავალში, უფრო მეტი უნდა გააკეთოს. ძალიან რთული წლები გამოიარა მან ჩვენთან
ერთად, მაგრამ მუდამ მხნედ იყო და მუდამ მტკიცედ იდგა ჩვენი ეკლესიის დასაცავად.
მინდა მივულოცო მას ეს საიუბილეო თარიღი თქვენი სახელით, ჩვენი წმინდა სინოდის
სახელით, ჩვენი სამღვდელოების სახელით და საჩუქრად გადავცე ძალიან ლამაზი სამკერდე
ჯვარი. ჩვენთან არს ღმერთი! ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაახაროს მამა გიორგი!

პროტოპრესვიტერი გიორგი: უწმინდესო და უნაეტარესო, მხოლოდ თქვენი კურთხევით
შევძელით ჩვენ, გაგვევლო ეს წლები თქვენთან ერთად. თქვენს გარეშე ეს, ალათ,
შეუძლებელი იქნებოდა და მადლობა უფალს და მადლობა თქვენ ამისთვის. ჩვენ ვიცით, რომ
ბევრ რამეს არ ვიმსახურებთ, მაგრამ უფალი მოწყალეა და ვიდრე ვიმსახურებთ, იმაზე
მეტს გვაძლევს და ესაა წინაპირობა იმისა, რომ მომავალში მეტი მოგვეთხოვება. თქვენი
კურთხევით, ღმერთმა შემაძლებინოს მეტის გაკეთება.

უწმინდესი და უნატარესი ილია II: ამინ.

ჩვენთან ერთად იმყოფება მამა ზაქარია ფერაძე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია დიდ
ღვაწლს ეწევა კვიპროსზე. თქვენ იცით, იქ მრავალი ქართველი მოღვაწეობს და მამა
ზაქარია მათ შეეწევა და სულიერ საზრდოს აძლევს. ჩვენ დიდად ვაფასებთ მის
დამსახურებას. მინდა ვთქვა ასევე, რომ უძველესი საუკუნეებიდან საქართველოს ჰქონდა
კავშირი კვიპროსთან და იქ ჩვენი ხალხის მიერ აშენებული მრავალი ეკლესია-მონატერი
იყო. მამა ზაქარია ამასაც ყურადღებას აქცევს. მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები.
ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სწამს, თითქოს თამარ მეფე
იქ იყოს დასაფლავებული.

ვითვალისწინებთ მამა ზაქარიას დიდ დამსახურებას ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის
წინაშე – იგი დღეს დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით.

ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაახაროს მამა ზაქარია.

დეკანოზი ზაქარია: მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენს დიდ პატრიარქს, უწმინდესსა და
უნეტარესს, რომლის ლოცვა-კურთხევითაც ვიმყოფებით ჩვენ უცხო ქვეყანაში და იქ,
უცხოეთში წასულ ჩვენს შვილებს ვუქადაგებთ ქრისტეს სიტყვას და ვემუდარებით,
დაბრუნდნენ უკან, საქართველოში.

როგორც უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა, კვიპროსში არის ძალიან ბევრი ქართული
სიწმინდეები, ქართული ეკლესია-მონასტრები, დიდი ნაკვალევი ჩვენი ერისა. უწმინდესის
კურთხევით, ჩვენ ვცდილობთ, ეს ყოველივე უკვალად არ დაიკარგოს. ჩვენმა ერმა და
მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, თუ რაოდენ დიდი საგანძური გააჩნია საქართველოს და რომ
ჩვენი ქვეყანა არ არის მარტო ერთ მცირე ადგილას ჩაკეტილი ქვეყანა, არამედ ის თავისი
დიდი სულიერებით მსოფლიოს მოიცავს. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით
ვცდილობთ, ვემსახუროთ ამ საქმეს.

მინდა, უდიდესი მადლობა მოვახსენო უწმინდესსა და უნეტარესს ასეთი ძვირფასი
ჯილდოსთვის, რომელსაც მე არც მოველოდი და არც თვთვლი თავს ღირსად, რომ ვიმსახურებ
ამას. დიდი მადლობა, უწმინდესო და უნეტარესო.

უწმინდესი და უნეტარესი ილია II: ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ!
ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო და ღმერთმა ინებოს, რომ მალე
გვეზეიმოს სრულიად საქართველოს გამთლიანება დიდი დღესასწაულით!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №40,
2006 წ.