საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (29 აპრილი, 2001 წ.)

29 აპრილი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-29-%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

სიონის საკათედრო ტაძარი, 29 აპრილი, 2001 წ.

ქრისტე აღსდგა!

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო მინისტრო,
ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო!

დღევანდელ კვირას მენელსაცხებლე დედათა კვირიაკე ეწოდება. დღეს მსოფლიოს
მართლმადიდებელი ეკელსია ასევე აღნიშნავს წმიდა დიდი მეფის თამარის ხსენების დღეს.
მეტად მნიშვნელოვანია, რომ სრულიად საქართველო და მისი ეკლესია დღესასწაულობს
ქართული არმიის შექმნის ათი წლისთავის იუბილესაც.

დღეს უსათუოდ უნდა გავიხსენოთ ჩვენი დიდი მეფის თამარის ცხოვრება და მოღვაწეობა.
თამარ მეფე ყოველგვარ იმედს, უპირველეს ყოვლისა, ღვთის რწმენაზე, უფლის შეწევნაზე
ამყარებდა, თავისი დიდი წინაპრის, მეფე დავით წინასწარმეტყველის მსგავსად.
გავიხსენოთ დავითი, როცა იგი იერუსალიმში დიდებით შედიოდა და მთელი ერი სიხარულით
ეგებებოდა, მან მოუხმო ერის დიდებულებს და ბრძანა: „უფალი მეფობს“, ე.ი. მე კი არ
ვმეფობ, უფალი მეფობსო. როცა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება და დარწმუნებული ვარ,
ღვთის მადლითა და წყალობით – ეს ძალიან მალე მოხდება, უსათუოდ უნდა გავიმეოროთ
დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: „უფალი მეფობს“.

ამასთან, უფალი არის ძალის მომნიჭებელი. იგივე მეფე წინასწარმეტყველი ამბობს:
„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!“ ძალა და
მშვიდობა ღვთის ხელთაა და იგი რომ მოგვენიჭოს – მორწმუნენი უნდა ვიყოთ. თამარ მეფეს
ქჰონდა ერთი, მეტად მნიშვნელოვანი წესი, რომლის აღსრულება უნდა გაგრძელდეს დღესაც
და მომავალშიც: კერძოდ, ყოველ კვირა დღეს ტაძრებსა და მონასტრებში მთელი ჯარი
სალოცავად მიდიოდა. მე ვფიქრობ, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო მინისტრო, რომ
ეკლესიაში მისვლა წელიწადში ერთხელ კი არა, ყოველ კვირასაა საჭირო. ეკლესიაში
სიარული და ლოცვა დიდ ძალას მიანიჭებს ჩვენს ჯარს, გააძლიერებს მას სულიერად და
ფიზიკურად. და, ამასთან ერთად, გაამთლიანებს ჯარსა და ერს. ერმა უნდა გაითავისოს
ჩვენი ჯარი. უნდა იცოდეს, რომ იქ ჩვენი შვილები მსახურობენ, რომლებიც ჩვენს
სამშობლოს იცავენ. საქართველო სხვამ კი არ უნდა დაიცვას, სხვისი იმედი კი არ უნდა
გვქონდეს, არამედ ღვთისა და საკუთარი ჯარისა. ყოველ კვირას ტაძრებში მათი სიარული
ჩვენს ერთიანობას საოცრად შეუწყობს ხელს, რაც მეტად მნიშვნელოვანია.

როცა საქართველოს მტერი შემოესეოდა, თამარ მეფე ერთ მეტად მნიშვნელოვან წესს
იცავდა. მას თავისი ჯარი ბრძოლის წინ ტაძარებსა და მონასტრებში მიჰყავდა, სადაც
ისინი ეზიარებოდნენ და ლოცვა-კურთხევას იღებდნენ. შემდეგ კი ფეხშიშველი მეფე ჯვრით
ხელში წინ მიუძღვებოდა ლაშქარს, ლოცავდა მას და საბრძოლველად აკურთხებდა. და თავად
სამეფო სასახლეში კი არ ბრუნდებოდა, არამედ კვლავ მონასტერში მიდიდოდა და დღესა და
ღამეს ლოცვასა და ღვაწლში ატარებდა და უფალს კარის გამარჯვებასა და ერის გადარჩენას
ავედრებდა.

წმიდა მეფე თამარის ლოცვა-კურთხევა შეეწიოს ჩვენს ჯარს. დარწმუნებული ვარ, რომ
დადგება ის ბედნიერი დღე, როცა ომის გარეშე, მშვიდობიანად გადაწყდება ყველა სადაო
საკითხი. თუმცა, ჯარის არსებობა აუცილებელია. იგი უნდა იცავდეს ჩვენს საზღვრებს,
ჩვენს კულტურას, ჩვენს რწმენას, ჩვენს ერს, ჩვენს სულიერ და ფიზიკურ ფასეულობებს.

მახსენდება, რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქის ნიკოლოზის ვისიტი საქართველოში. ჩვენ
ეს დიდებული პატრიარქი დარიალის ხეობაში ჩავიყვანეთ და ვთხოვეთ ჩვენი საზღვრები
დაელოცა. თითქოს წინათგრძნობა გვქონდა, რომ საქართველოს საზღვრებს რაღაც დიდი
საფრთხე ელოდებოდა. პატრიარქმა დალოცა საქართველოს საზღვარი და ბრძანა: ზეციურ
სამყაროში თქვენ იმდენი თავდადებული წმიდა მოწამე გყავთ – დავითი და კონსტანტინე,
არჩილი და ლუარსაბი, ქეთევანი, თამარი, დავით აღმაშენებელი, დემეტრე თავდადებული,
ასი ათასი მოწამე და მრავალი სხვა, რომ ვერავინ შესძლებს საქართველოს ხელყოფასო.
შევთხოვოთ უფალს, დაიცვას საქართველოს საზღვრები და დაიფაროს სრულიად საქართველო.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ! ნიშნად ჩვენი ლოცვა-კურთხევისა,
გადმოგცემთ წმიდა გიორგის ხატს, როგორც გამარჯვების სიმბოლოს. ღმერთმა ინებოს, რომ
თქვენი თაოსნობით და ჩვენი პრეზიდენტის მეთუარობით მალე გამთლიანდეს სრულიად
საქართველო. ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტე აღსდგა! საქართველო აღსდგა!

შემდეგ უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია
II დალოცა 69-ე საშუალო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. სკოლას
ხელმძღვანელობს ბატონი დემურ გოთოშია.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №18, 2001 წ.