საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (29 აგვისტო, 2010 წ.)

29 აგვისტო
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-29-%e1%83%90%e1%83%92%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 29 აგვისტო, 2010 წ.

„ჩიხი და კედელი არ არსებობს ადამიანის თუ ერის
ცხოვრებაში.
გახოვდეთ, რომ შესაძლებელია, რომ ჩვენმა ერმა გამონახოს ისეთი გზები,
რომელიც მას დაეხმარება სულიერ და მატერიალურ წინსვლასა და განვითარებაში“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ვიხსენებ იმ დროს, როცა ჩვენ პირველად ჩავედით დიდი დელეგაციით იერუსალიმში….
მაცხოვრის საფლავთან რომ მივედით, ყველანი სათითაოდ შევდიოდით სალოცავად და ყველა
თავის სათხოვარს სთხოვდა. ბოლოს ცალ-ცალკე ყველა გამოვკითხე, რა იყო თქვენი
პირველი სათხოვარი-მეთქი და აღმოჩნდა, რომ ყველამ საქართველოს გადარჩენა შეავედრა უფალს! აი, ეს არის ჩვენი სანუკვარი ოცნება, ეს არის ჩვენი უპირველესი
ლოცვა-ვედრება და ჩვენი იმედი. ღმერთო, გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო!

მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ სურვილი, საჭიროა საქმე. წმინდა იაკობ მოციქული ამბობს: ლოცვა საქმის გარეშე მკვდარიაო. ამიტომ ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ ჩვენი სულისთვის, ჩვენი თავისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. სამწუხაროდ, ჩვენ მარტო მოვითხოვთ,
ვიძიებთ, რისი მიღება გვსურს სამშობლოსგან და იმაზე ნაკლებად ვფიქრობთ, ჩვენ რას
ვაძლევთ ჩვენს ქვეყანას, რას ვაკეთებთ მისთვის. როცა ამერიკის პრეზიდენტად კენედი
აირჩიეს, მან ეს საოცარი სიტყვები უთხრა ხალხს: ნუ ფიქრობ იმაზე, რას მოგცემს
ქვეყანა, იფიქრე, რისი მიცემა შეგიძლია შენ შენი ქვეყნისთვის.

დღეს ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ყველამ უნდა იფიქროს ამაზე და განსაკუთრებით, ჩვენმა ახალგაზრდობამ. ჩვენ ნიჭიერი და გონიერი ახალგაზრდობა გვყავს. მაგრამ
ერთი საერთო თვისება ახასიათებს ქართველ ადამიანს – ჩვენ ძალიან აქტიურად ვიწყებთ
საქმეს და ვერ ვამთავრებთ მას. დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა უნდა ვისწავლოთ.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე დიდი ფასი აქვს დროს და იგი არ უნდა დავკარგოთ ამაოდ;
ყოველმა ადამიანმა უნდა იჩქაროს.

ალექსანდრე მაკედონელმა
უთხრა თავის მამას, ფილიპეს:
შენ ისეთი ძლიერი მეომარი
ხარ, უკვე ყველა დაიპყარი,
მტერი გაანადგურე და მე რაღას მიტოვებ საკეთებლადო?
და ალექსანდრე მაკედონელმა
დაიპყრო ნახევარი დედამიწა,
დაბოლოს არაფერი დარჩა მას, – 33 წლისა გარდაიცვალა. მას
ეკუთვნის ასეთი სიტყვები: „ქვეყნები კი არა, ხალხის გულები უნდა დამეპყროო“… როცა მისი ჯარი დაიპყრობდა
ქვეყანას, მასთან მოჰქონდა
მეომრებს დიდძალი ოქრო და
ალექსანდრე მაკედონელი ყველაფერს არიგებდა, თავისთვის
არაფერს იტოვებდა. როცა
მხედართმთავრები ეკითხებოდნენ მას: შენ რაღას იტოვებ შენთვისო? იგი პასუხობდა:
ჩემთვის იმედს ვიტოვებო. დასასრულ, როცა უკვე შეატყო თავის თავს, რომ მოახლოვდა
უკანასკნელი ჟამი მისი ამქვეყნიური ცხოვრებისა, მან უბრძანა თავის ხალხს: როცა
გამასვენებთ, ხელი ჩამოუშვით კუბოდან, რომ ხალხმა დაინახოს, არაფერი მიმაქვს
საიქიოში.

არიან ადამიანები, რომლებიც სხვისთვის ცხოვრობენ, სხვას ეწირებიან, სხვებზე
ზრუნავენ იმიდენად, რომ თავისი თავი ავიწყდებათ. და არიან ადამიანები, რომელნიც თავისი ეგოიზმის ნაჭუჭში არიან გამოკეტილნი და მეტი არავინ
ახსოვთ, ოჯახის წევრებიც კი ვერ ეტევიან მათ გულში. საბედნიეროდ, არიან ასევე
მადლმოსილი ადამიანებიც, რომლებშიც იმდენად დიდია მადლი ღვთისა, რომ მთელი მსოფლიო
ეტევა მათ გულში; ეტევა კეთილი და ბოროტი, ეტევა ავაზაკი, ეტევა ყოველი ადამიანი.

დღეს მინდა ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რა გვაკლია ჩვენ. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ
ერს გააჩნია მართლმადიდებელი სარწმუნოება. მართლმადიდებელი სარწმუნოება არის
საფუძველი ჩვენი სულიერი ტაძრისა, ეს არის ის ფუნდამენტი, რაზეც უნდა აშენდეს
საქართველო, ჩვენი დამოუკიდებლობა, ამაზე შენდება ჩვენი სულიერი და მატერიალური
დოვლათი. მაგრამ ამავე დროს საჭიროა თვითონ ადამიანის დიდი სურვილი, სიყვარული და მომავლის იმედი. ღმერთმა
დაიფაროს ჩვენი ერი, რომ ქართველმა ხალხმა არ დაკარგოს სიყვარული, რწმენა და
სასოება. ეს სათნოებენი მუდამ ჰქონდა. ქართველ ადამიანს და სულ ექნება, იმიტომ რომ
ჩვენ დავითიანნი ვართ! სიტყვა „დავითი“ ნიშნავს ღვთისაგან შეყვარებულს. ასეთი იყო
წინასწარმეტყველი დავითი. იგი შეცდომებსაც უშვებდა, მაგრამ სიყვარული ღვთისა მაინც
რჩებოდა და ღმერთი პატიობდა. იმიტომ რომ ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა და ადამიანი
კი მხოლოდ – სახეს.

რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა? ჩვენ ბევრს ვფიქრობთ
ამის შესახებ. მინდა მოგახსენოთ, რომ მრავალმა ოჯახმა, რომელსაც ჰქონდა
გადაწყვეტილი, რომ
ორ შვილზე მეტს არ იყოლიებდა, როცა შეიტყო, რომ პატრიარქი გახდებოდა მესამე ბავშვის
ნათლია, – მესამეც გააჩინა. ღვთის მადლით, უკვე 6 ათასზე მეტი ოჯახია, რომელთაც
მესამე შვილი შეეძინათ. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ დემოგრაფიული საკითხი ძალიან
მძიმეა საქართველოში. მთელი რაიონებია, სადაც სულ დაცარიელებულია ქართული სოფლები
და ეს მაშინ, როცა იქ ნაყოფიერი მიწებია, უხვი მოსავალია, ბრწყინვალე ჰაერია…

ვფიქრობ, ჩვენ უნდა გადავხედოთ სხვა ქვეყნების მაგალითებს. ალბათ, გსმენიათ,
ისრაელში არის სოფლები, რომლებიც დააარსეს ებრაელებმა იმისათვის, რომ
გაძლიერებულიყო ქვეყანა. ამ სოფელს „კიბუცი“ დაარქვეს. კიბუცში საშუალოდ ასი-ორასი
ოჯახი ცხოვრობს, შესაძლოა, 50
ოჯახიც. ისინი ყველაფერს თვითონ
აკათებენ. სადურგლოც თავისი აქვთ.
კიბუცებს აძლევენ მიწის დიდ ნაკვეთს, სახელმწიფო ეხმარება, თვითონაც შრომობენ და
დოვლათიც აქვთ.
ფაქტობრივად, ამ კიბუცებმა გადაარჩინეს და შექმეს ისრაელის სახელმწიფო! მე ძალიან
მაინტერესებდა ეს საკითხი და იქ ყოფნის დროს ვესაუბრე
კიბუცის წევრ ერთ ებრაელს, რომელიც წარმოშობით ბელორუსიიდან
იყო. მას ჰქონდა დავალებული თეთრი
ინდაურების გამოყვანა. მე ვკითხე
მას, რა შემოსავალი აქვს მათ ფერმას
წელიწადში. მან მითხრა: ხარჯების
გარდა – სუფთა მოგება 350 ათას დოლარს გვაძლევსო. და ასეთი წარმოებები არის
მრავალი ამ კიბუცებში. რაც
კი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა,
ყველა სფეროში საქმიანობენ. იქ არის საქონლის ფერმა, თქვენ წარმოიდგინეთ, ღორების
ფერმაც არის. იუდევლები თვითონ არა ჭამენ ღორის ხორცს, მაგრამ, სამაგიეროდ, ყიდიან
და ეს მეტად შემოსავლიანი საქმეა. ასევე დიდი შემოსავალი აქვს მეფრინველეობას. და
ისინი ისე ცხოვრობენ, როგორც ერთ კარგ მონასტერში, ერთ დიდ ოჯახად. ეს თანხა მიდის
საერთო სალაროში და კიბუცის წევრები ყველაფრით უზრუნველყოფილები არიან. როცა კიბუცს
ახალი წევრი ემატება, თავიდან მას გამოცდის ვადით იღებენ, ნახევარი თუ 1 წლით. თუ
კარგად მუშაობს, უკვე მუდმივ წევრად იქცევა და არაფრის საზრუნავი აღარ აქვს,
სრულად უზრუნველყოფილი ხდება. თუ ადამიანი ასევე მოისურვებს წასვლას, თავისუფლად
მიდის იქიდან…

მე წარმომიდგენია ასეთი სოფლები საქართველოში, იმ ადგილებში, სადაც კარგი წყალია, კარგი ბუნებაა. ჩვენს ეკლესიას გააჩნია
რამდენიმე ჰექტარი მიწა და მე მზად ვარ ეს მიწები სრულად გადავცე საჩუქრად იმ
ხალხს, რომელიც შექმნის ასეთ კიბუცებს – XXI საუკუნის სოფლებს. იმ სოფელში
იქნება ტაძარი, საავადმყოფო, სკოლა და ა.შ., ყველა ის დაწესებულება, რომელიც
აუცილებელია ხალხისთვის. ვფიქრობ, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ რაღაც კონცეფციას
ასეთი სოფლების ასაშენებლად. შეიძლება, თავდაპირველად, იგი დიდი არ იყოს, 50 კომლი
დასახლდეს. მაგრამ ეს უნდა იყოს ახალგაზრდების საცხოვრებელი, იქ ახალგაზრდები
უნდა გამრავლდნენ, იყოლიონ შვილები და სოფელი გაძლიერდება. დარწმუწებული ვარ, ჩვენი
სახელმწიფო ძალიან სერიოზულად მოეკიდება ამას. ამის შესახებ მე არაერთხელ მქონია
საუბარი ჩვენს პრეზიდენტთან, ჩვენი ხელისუფლების წევრებთან. ისინი დაინტერესებული
არიან ამ საკითხით და ყველაფერს გააკეთებენ დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად.

ასე რომ, მე მაქვს ახალგაზრდების იმედი. რა თქმა უნდა, მათ ჯერ არ აქვს იმდენი
გამოცდილება, რაც უფროს თაობას. ამიტომ ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეს კავშირი უფროს
თაობასთან. უნდა სწავლობდნენ, პატივს სცემდნენ უფროსებს, რადგან ამაშია საწყისი
ბედნიერებისა.

როგორც უწინაც არაერთხელ მითქვამს, – ჩიხი და კედელი არ არსებობს ადამიანის თუ ერის
ცხოვრებაში. გახოვდეთ, რომ შესაძლებელია, რომ ჩვენმა ერმა გამონახოს ისეთი გზები,
რომელიც მას დაეხმარება სულიერ და მატერიალურ წინსვლასა და განვითარებაში.

ღმერთმა ინებოს, გაგვიხსნას გონება და კიდევ ბევრი ასეთი აზრი მოგვივიდეს, რომ
ვიცოდეთ, რა ვაკეთოთ. მინდა გითხრათ, რომ ამ ზაფხულს დავინტერესდი, თუ რამდენი
ახალგაზრდა აბარებდა უმაღლეს სასწავლებელში და მათგან რამდენი მიიღეს. შევიტყვე,
რომ თურმე 11 ათასი ახალგაზრდა დარჩა უმაღლესი სასწავლებლის გარეთ. მე ახლა ის
მაფიქრებს, თუ რა უნდა აკეთონ მათ? ან ნარკომანები გახდებიან, ან უნდა იპარონ, ან
რამე ცუდი საქმე აკეთონ? ამიტომ
ჩვენ უნდა ვიფიქროთ მათზე, უნდა შევძინოთ მათ ხელობა. ვფიქრობ, საჭიროა,
სამწლიანი ლიცეუმების
შექმნა. სადაც უპირველეს
ყოვლისა ისწავლიან რამე
ხელობას და ამასთან ასევე
ისწავლიან საღმრთო წერილს, მსოფლიო ისტორიას,
ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას, ლოგიკას, ფსიქოლოგიას,
ფილოსოფიას და
იქნებიან მაღალი ინტელექტის მქონე განვითარებული
და მოაზროვნე ახალგაზრდები, რომელთაც ეცოდინებათ სხვადასხვა ხელობა.
ასეთი ლიცეუმის კურსდამთავრებული იქნება ან ფერმერი, ან დურგალი, ან ოქრომჭედელი,
ან სხვა რომელიმე ხელობის მცოდნე ოსტატი. ასე რომ, ესეც ჩვენს გეგმებშია და
შეიძლება შევხვდე კიდეც განათლების მინისტრს და ვისაუბრებთ ამის შესახებ.

იმედი მაქვს, რომ თქვენ დაფიქრდებით ამ საკითხებზე და ჩამოაყალიბებთ წერილობით,
შეიძლება, ჩვენ ყველაფერი ვერ გავითვალისწინოთ და თქვენ დაგვეხმაროთ, ან თქვენ ვერ
გაითვალისწინოთ და ჩვენ შევავსოთ თქვენი მოსაზრებები და ა.შ.

დღეს ვლოცავთ ციცქიშვილების დიდებულ გვარს. მინდა გითხრათ, რომ თქვენ
ბედნიერებისთვის და ცხონებისათვის ისაც გეყოფათ, რომ თქვენი წინაპარი იყო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე. მე არაერთხელ მომისმენია, რომ ეს იყო
ძალიან ჭკვიანი და ძალიან ღრმად მოაზროვნე ადამიანი. ის ხედავდა მომავალს და
ცდილობდა, ბრძნული გადაწყვეტილებები მიეღო. ეს იყო მეტად რთული დრო, ეს იყო ხანა
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ამბროსი ხელაიას პატიმრობის შემდგომი პერიოდი. აი,
ასეთი არეული ეკლესია ჩაიბარა მას და ყველაფერი დაალაგა, სიმშვიდე შეიტანა მასში.
გლოცავთ, ციცქიშვილებო, ღმერთმა დაგლოცოთ! ჩვენთან ტაძარში მსახურობს მღვდელი დავით
ციცქიშვილი. ამასთან ერთად, იგი თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის
პედაგოგია. ვითვალისწინებ მის მოღვაწეობას და იგი ჯილდოვდება ოქროს გამშვენებული
ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.

დღეს ასევე ჯილდოვდება მღვდელი ლევან კუტივაძე – ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით.

ასევე დიდი სიხარულით ვლოცავთ კიდევ ერთ გვარს – შეთეკაურებს. დალოცვილები იყავით,
გაგამრავლოთ ღმერთმა და ბევრი თავდადებული მამულიშვილი გამოვიდეს თქვენი გვარიდან!
დღეს ასევე ვლოცავთ – იორამიშვილებს. ღმერთმა დაგლოცოთ, საქართველოს სალოცავები
შეგეწიოთ, გაგამრავლოთ და სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენში!

დღეს არის ანჩისხატობა. ახლა ჩვენ მივალთ ანჩისხატში და იქ წავიკითხავთ ლოცვებს,
შემდეგ მივალთ მუზეუმში, სადაც არის დასვენებული დედანი ანჩისხატისა, ვემთხვევით
მას, ლოცვებს აღვავლენთ მის წინაშე და შევავედრებთ საქართველოს და თქვენ ყველას,
რომ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან და საქართველოში, ამინ!

დალოცვილი და გახარებულნი იყავით!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №28, 2010 წ.