საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (28 ნოემბერი, 2010 წ.)

28 ნოემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-28-%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%91-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 28 ნოემბერი, 2010 წ.

„თამარ მეფის ამ წმინდა ჯვრით მინდა დავლოცო
სრულიად საქართველო!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტესმიერ ჩვენო სულიერო შვილებო, დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ტაძარში
დაბრძანებულია თამარ მეფის ჯვარი! ეს ის ჯვარია, რომლითაც მეფე თამარი თავის
სამეფოს და თავის ჯარს ლოცავდა. წირვის ბოლოს დავლოცავთ მთელს საქართველოს, მანამდე
კი საშუალება გაქვთ, ემთხვიოთ მას. ჯვრის ძალამ დაგლოცოთ და დაგიფაროთ! ჯვრის ძალამ
დალოცოს და დაიფარის სრულიად საქართველო, ამინ!

დღეს იწყება შობის მარხვა. გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მარხვა არის დიდი ძალა და
ღმერთმა მშვიდობიანი შობა-ახალი წელი გაგვითენოს! მარხვის მნიშვნელობა სახარებაში
დამოწმებულია თავად მაცხოვრის სიტყვებით, რომელიც ბრძანებს, რომ ეშმაკი ლოცვითა და
მარხვით განიდევნება. ამიტომაც მართებს ყოველ ჩვენგანს მარხვა და ლოცვა, რათა უფლის
შეწევნით ვძლიოთ ბოროტს.

მოხარულები ვართ, რომ დღეს წირვას ესწრება ჩვენი ჯარი, რომელსაც ვლოცავთ, თუმცა არა
იმისათვის, რომ იომონ, არამედ მშვიდობისათვის, რომ მშვიდობა სუფევდეს საქართველოში,
რომ დაიცვან ჩვენი ხალხი!

ფსალმუნში ვკითხულობთ: „წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა
ცხოვრებისა ჩემისათა“. თუკი მადლი და წყალობა ღვთისა აკლია ან არ აქვს ადამიანს,
იგი არ არის ბედნიერი. ეს კი იმიტომ ხდება, რომ იგი არ არის მზად, მიიღოს ეს
წყალობა ღვთისა. ბედნიერია ადამიანი, თუკი იგი ახლოსაა ღმერთთან, ყოველდღე ლოცულობს
და აქვს სულიერი შეხვედრა უფალთან. ეს კავშირი აუცილებელია ადამიანისათვის და ეს
ხდება ლოცვის საშუალებით; მაგრამ ადამიანის გული, მისი გონება, მუდამ უნდა
ლოცულობდეს. ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ სახლშიც, გზაშიც, სამსახურშიც, დასვენების დროს
– ყველგან და ყოველთვის. არასოდეს უნდა გაწყდეს კავშირი უფალსა და ადამიანს შორის.
არ უნდა მოხდეს ისე, რომ ადამიანმა, გავა თუ არა ეკლესიიდან, მაშინვე დაივიწყოს
ყოველივე სულიერი, კვლავ ჩაეფლოს ყოველდღიურ
ცხოვრებაში და ისევ ჩაიძიროს თავის ვნებებსა და ცოდვებში. ადამიანი ყოველდღე უნდა
სთხოვდეს უფალს, რომ წყალობა ღვთისა თანამავალ ეყოს მას.

ღმერთმა მოგვცა ჩვენ თავისუფალი ნება და ჩვენ თავად უნდა ავირჩიოთ ის გზა, რომელიც
უფლისაკენ მიდის. უფალი ბრძანებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. ეს არის
უფლის გზა, ეს არის გზა ბედნიერებისაკენ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დალოცვას. სასულიერო პირის
დალოცვა ღვთის ლოცვა-კურთხევაა. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის
დალოცვას. ყოველი თქვენგანი ყოველდღე უნდა მივიდეს მშობლებთან, დაიჩოქოს და დალოცვა
სთხოვოს და ბედნიერი იქნებით.

როცა დაგლოცავთ დედა და მამა, ხელზე ემთხვიეთ მათ. და საერთოდ, მინდა ვისაუბრო
ხელზე მთხვევის მნიშვნელობაზე. როცა ხელზე ემთხვევით მოძღვარს, ამით თქვენ მას კი
არ მიაგებთ პატივის, არამედ ღებულობთ მადლსა და ძალას ღვთისგან. მოძღვრის ხელი
განასახიერებს ღვთის მაკურთხებელ მარჯვენას, იგი არის დიდი მადლის მატარებელი და
ამგვარი ქმედებით მადლი ღვთისა თქვენზე გადმოდის.

დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ღვთის მადლი, რომელიც დაიცავს, დაიფარავს და
გაამთლიანებს სრულიად საქართველოს; დაიცავს ყოველ ადამიანს, მკვიდრსა საქართველოისა
და საზღვრებს გარეთ მყოფს.

ახლა თამარ მეფის ამ წმინდა ჯვრით მინდა დავლოცო სრულიად საქართველო!

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ღმერთმა დალოცოს საქართველოს
პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა, მინისტრთა კაბინეტი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი
მხედრობა! ღმერთმა დალოცოს მთავრობა და ოპოზიცია! ორივემ უნდა იცოდეს, რომ ისინი
სამშობლოს მომავალზე არიან პასუხისმგებელნი! ამიტომ უნდა დათმონ პირადი და
ყველაფერი გააკეთონ, რათა საქართველო გამთლიანდეს!

ღმერთმა დალოცოს ჩვენი მეცნიერები! ღმერთმა დალოცოს ჩვენი სასწავლებლები! უფალმა
დალოცოს ჩვენი ბავშვები, ახალგაზრდები, ჭარმაგები და ხანდაზმულები! ღმერთმა დალოცოს
ყველა ის ხალხი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს!

ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო! ღმერთმა დალოცოს აფხაზეთი, ღმერთმა დალოცოს
აჭარა, ღმერთმა დალოცოს გურია, თუშეთი, იმერეთი, კახეთი, ლაზეთი, მესხეთი!
ღმერთმა დალოცოს მთიულეთი, სამეგრელო, ოდიში, რაჭა, ლეჩხუმი! ღმერთმა დალოცოს
სვანეთი, ფშავ-ხევსურეთი, ქართლი, ხევი და ჰერეთი, ტაო-კლარჯეთი! ღმერთმა დალოცოს
უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი!

განსაკუთრებით მინდა დავლოცო სხვა ერების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში
ცხოვრობენ და ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის ერთგულნი არიან!

ღმერთმა დალოცოს ჩვეწი მიწა-წყალი, ჩვენი ჰაერი და ჩვენი ქვეყანა! ღმერთმა დალოცოს
ყოველი გაჭირვებული ადამიანი, ყოველი უძლურებასა შინა მყოფნი – საავადმყოფოებსა თუ
სახლებში! ღმერთმა დალოცოს საპყრობილეში მყოფნი და ღმერთმა გაათავისუფლოს ისინი!

ღმერთმა დალოცოს ჩვეწი წინაპარნი, ჩვენი მეფეები და დედოფალნი, მამამთავარნი და
კათოლიკოს-პატრიარქნი! ღმერთმა დალოცოს ჩვენი საავადმყოფოები, ჩვენი ექიმები,
განსაკუთრებით მინდა დავლოცო ჩვენი სასწავლებლები იმიტომ, რომ აქ არის მომავალი
საქართველოსი! ღმერთმა მოგვცეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, სამშობლოს სიყვარული და
ადამიანის დაფასების უნარი! ღმერთმა მოგვცეს თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა
და არაგანკითხვად ძმისა ჩვენისა! ღმერთმა მოგვცეს სიყვარული და სასოება, იმედი
ღვთისა და ადამიანისა! ღმერთმა მოგვცეს სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა!

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები! ღმერთმა გაამრავლოს საქართველო და
ქართველი ერი!

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა
სულისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №40, 2010 წ.