საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (28 იანვარი, 2007 წელი)

28 იანვარი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-28-%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%90

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

28 იანვარი, 2007 წელი

„მადლი ადამიანს ეძლევა მარხვით,
ლოცვით, კეთილი საქმითა და თავმდაბლობით!“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყოველ ადამიანს და ყოველ ერს თავისი დამახასიათებელი თვისებები გააჩნია. ჩვენ რომ
გადავხედოთ ჩვენს წარსულს და შევაფასოთ დღევანდელობა, დავაკვირდეთ ქართველი
ადამიანის ხასიათს, დავინახავთ, რომ ქართველი კაცი ამაყია, ეს კი ძალიან საშიშია!
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რით ვიამაყოთ და ამასთან, გვახსოვდეს, რა არის თავმდაბლობა, რა
მოაქვს თავმდაბლობას. ბიბლიაში წერია: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი და
თავმდაბალთ მოანიჭებს მადლს“. თავმდაბლობა ძალიან საჭირო თვისებაა ჩვენთვის და ძალიან
საჭიროა მადლის მიღება ღვთისაგან. დარწმუნებული ვარ, რომ ღვთის მადლით, აუცილებლად
ვისწავლით თავმდაბლობას.

დღევანდელი სახარება სწორედ ამის შესახებ მოგვითხრობს. იგავი მეზვერესა და
ფარისეველზე – ტაძარში შევიდა ორი ადამიანი: მეზვერე და ფარისეველი. მეზვერე არის
ის ადამიანი, რომელიც ხარკს კრეფს ხალხისაგან და ძალიან ხშირად უსაფუძვლოდ იღებს
ისეთ გადასახადს, რომელიც არ ეკუთვნის. მეზვერე ითვლებოდა ყველაზე ცოდვილ
ადამიანად, რადგან უსამართლოდ იტაცებდა იმას, რაც არ ეკუთვნოდა, ხოღო ფარისეველი – ეს
იყო იმ
საზოგადოებაში პატივცემული ადამიანი. დღეს ჩვენ სულ სხვა შეხედულება გვაქვს
ფარისეველზე. ფარისეველს ვუწოდებთ ადამიანს, რომელიც გარეგნულად თავს კეთილ კაცად
მოგვაჩვენებს, სინამდვილეში კი მასში სიკეთე არ დევს. თუმცა ისინი იმ დროსაც
ასეთები იყვნენ, გამორჩეულ პიროვნებებად ითვლებოდნენ. და აი, ეს ორი ადამიანი შედის
ტაძარში. მეზვერე დგება უკან, იგი გრძნობს თავის დანაშაულს, მკერდში მჯიღს ირტყამს
და ასე ლოცულობს: „ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე“. ფარისეველი კი
დგება წინ და მიმართავს უფალს: „მაღლობელი ვარ, უფალო, რომ მე არა ვარ ისეთი ცოღვილი,
როგორც სხვები. მე ვიხდი გადასახადს, ვმარხულობ და ვასრულებ იმას, რასაც უნდა ასრულებდეს
ადამიანი“. მაცხოვარი ამბობს, რომ ტაძრიდან მეზვერე უფრო გამართლებული გავიდა,
ვიდრე ფარისეველი.

უნდა გვახსოვდეს – თუ რა არის ლოცვა და როგორი უნდა იყოს ადამიანის ლოცვა. ლოცვა
მრავალსახოვანია. უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ლოცვა ეს არის კიბე,
აღმართული დედამიწიდან – სამოთხემდე. მაგრამ არის ისეთი ლოცვაც, რომელიც ძალიან
მძიმედ ადის უფალთან – ესაა გარეგნული, ზედაპირული ლოცვა, როდესაც ადამიანი
ლოცულობს მხოლოდ სიტყვებით, ანდა სურს, შეასრულოს თავისი კანონი და სინამდვილეში,
მისი სიტყვები თავადაც არ ესმის. ასეთი ლოცვა დედამიწაზე რჩება, იგი ვერ აღწევს
ღმერთამდე. მაგრამ არის გულიდან გამოსული ლოცვები და არა მარტო გონება მონაწილეობს
მასში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, გული! აი, ეს არის ძლიერი ლოცვა. ამ დროს
ადამიანი მიდის ხატთან და აღავლენს წრფელ ლოცვას, ანდა, შეიძლება, ხატი სულაც არ
იყოს და ისე ილოცოს. თუმცა ხატი, რა თქმა უნღა, ძალიან მნიშვნელოვანია. ხატი – ეს
არის სარკმელი სასუფევლისა, რომელშიც ჩვენ ვხედავთ პირველსახეს. მაგალითად, თუ შენ
წინაშე არის ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა, შენი გონება ადის ზეცად და იქ
ხედავ, იქ შეიგრძნობ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წყალობას.

არ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება ბევრი კანონი შევასრულოთ. ამასთან, არ უნდა ვიჩქაროთ
ლოცვის დროს. წარმოიდგინეთ, თქვენ რომ სათხოვარი გქონდეთ, მიხვიდეთ ადამიანთან და
მას ნელა არ უთხრათ თქვენი თხოვნა, ანდა გულით არ შესთხოვოთ, – ის არც კი
მოგისმენთ. ასევეა უფლისადმი სათხოვარიც. ღმერთთან ამ კავშირში, უპირველეს ყოვლისა,
გული უნდა ჩავრთოთ. ლოცვის დროს უფალსა და ადამიანს შორის კავშირი უნდა შედგეს.

ადრე გიამბეთ: ერთი კაცი წირვის შემდეგ ტაძარში რჩებოდა და მაცხოვრის ხატს
უყურებდა, უბრალოდ უყურებდა და არაფერს ამბობდა. როცა ეს რამდენიმე დღე განმეორდა,
მასთან მოძღვარი მივიდა და ჰკითხა: „თქვენ ლოცულობთ, რომ უყურებთ მაცხოვრის ხატს?“
„არა“, – იყო პასუხი. „მაშ, ალბათ, მხატვრობას სწავლობთ“ – კვლავ ჰკითხა მოძღვარმა.
„არა“, – იყო პასუხი. „აბა მაშ, რატომ უყურებთ ხატს?“ – ჩაეძია მოძღვარი. კაცმა
მიუგო: „მე მას ვუყურებ, ის კი – მე და ჩვენ ორივენი ერთად კარგად ვართ“. აი, ამ
დუმილით, ამგვარი ცქერით, მან მიაღწია იმ მდგომარეობას, რომ უფალთან კავშირი გაჩნდა! სწორედ – ამას ნიშნავს ეს სიტყვები –
„ჩვენ ორივენი ერთად კარგად ვართ!“ ეს
არის ნეტარება და ეს ლოცვის შედეგია. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მიაღწევს
ამგვარ ნეტარებას. ღმერთმა მოგანიჭოთ მადლი და ძალა. მადლი ადამიანს ეძლევა
მარხვით, ლოცვით, კეთილი საქმითა და თავმდაბლობით. მადლი არის
უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.

მადლით აგავსოთ უფალმა თქვენ და მთელი საქართველო!

დღეს ნამდვილად დიდი მადლი სუფევს ჩვენს წმინდა ტაძარში! ეს წმინდა ტაძარი
თვითონაა მადლით აღსავსე! ჯერ მხოლოდ საძირკველი იყო ჩაყრილი, როდესაც უფლის მადლი გადმოვიდა მას ზედა. და ამას უკვე მაშინ გრძნობდა ყოველი
ადამიანი. მახსენდება ტაძრის საძირკვლის ჩაყრა, ზოგიერთი სკეპტიკოსი ამბობდა:
„როდის აშენდება ეს ტაძარი ან საერთოდ, აშენდება თუ არა?!“ მაგრამ ჩვენ გვწამდა,
ჩვენ გვჯეროდა, რომ უფლის წყალობით, ეს ტაძარი აშენდებოდა და ღმერთმა ააშენა კიდეც!
შეიძლება ითქვას, რომ იგი ღვთის აშენებულია, ხელთუქმნელი ტაძარია!

მახსენდება, ტაძარს საძირკვლის გაჭრისას მთელი მსოფლიოს წმინდა ადგილებიდან
ჩამოვაბრძანეთ სხვადასხვა სიწმინდეები, ქვები, წმინდა ნაწილები და ჩავდეთ ტაძრის
საძირკველში. სიწმინდეები ჩამოვიტანეთ საქართველოს სხვადასხვა ადგილებიდანაც:
გელათდან, სვეტიცხოვლიდან, ჭყონდიდიდან და სხვ. ადამიანები წერდნენ თავის გვარებსა
და სახელებს ქვებზე და აწყობდნენ ტაძრის საძირკველში. ეს ყველაფერი იზიდავს ღვთის
მადლს!

ამ წმინდა ტაძარში დღეს შესრულდა განსაკუთრებული ლოცვები საქართველოს
კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის! დღეს ასევე განსაკუთრებით ვილოცეთ ჭყონდიდის
ეპარქიისათვის, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ესწრებიან ჩვენს მსახურებას. მოგეხსენებათ, ისტორიულად ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჭყონდიდის ეპარქიას და მის
მმართველ მღვდელმთავარს. ჭყონდიდელი მღვდელმთავრები, თქვენ იცით, იყვნენ უახლოესი
პირები საქართველოს მეფეებისა. დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში შედის მარტვილისა და
აბაშის რაიონები. მოხარულნი ვართ, რომ მარტვილიდან და აბაშიდან ჩამოვიდნენ ჩვენი
ძმები და დები, ჩვენი სულიერი შვილები, მიიღეს მონაწილეობა წირვა-ლოცვაში და მიიღეს
დიდი მადლი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მადლი დიდხანს გაგყვებათ თქვენ; ეს მადლი
გაგყვებათ მარტვილში, აბაშაში და მოეფინება მთელ სამეგრელოს. მინდა, დავლოცო
ჭყონდიდის ეპარქიიდან ჩამოსული სამღვდელოება და, უპირველეს ყოვლისა, ჭყონდიდელი
ეპისკოპოსი პეტრე, რომელიც სულ ახალი დანიშნულია ამ ეპარქიის მმართველად.
დარწმუნებული ვარ, რომ ჭყონდიდის ეპარქია იცვლის ფერს და იგი გახდება სამაგალითო
ეპარქია მთელი საქართველოსათვის. მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ ხშირად
ჩამობრძანდეთ აქ და მორწმუნეები თბილისიდანაც ხშირად ჩამოვიდნენ ხოლმე თქვენთან.

დღეს ვითვალისწინებ რა მეუფე პეტრეს დიდ დამსახურებას, (მოგეხსენებათ, იგი იყო
ხევისა და სტეფანწმინდის ეპისკოპოსი, ძალიან დიდი საქმეები გააკეთა ამ ეპარქიაში
და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტს გააკეთებს ჭყონდიდის ეპარქიისთვის). ჭყონდიდის
ეპისკოპოსი პეტრე აღყვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

ღმერთმა დალოცოს მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე და მისცეს მას
სულიერი და ფიზიკური ძალა!

ასევე ვითვალისწინებთ სამღვდელოების დამსახურებას ეკლესიის წინაშე და მღვდელი
სერაფიმე დანელია, მღვდელი გიორგი ბასილაია, მღვდელი ზოსიმე ჯიქია, მღვდელი ანდრია
მელია, მღვდელი გიორგი ზარანდია, მღვდელი ეგნატე მიქაძე, მღვდელი ტარიელ რუხაძე აყვანილნი არიან დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდებიან ოქროს ჯვრის
ტარების უფლებით.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ჩვენს სტუმრებს კი, ჭყონდიდის
ეპარქიიდან, ველოდებით საპატრიარქო რეზიდენციაში. ყველა დაჯილდოებულებს გილოცავთ,
ღმერთმა დიდი მადლი და ძალა მოგანიჭოთ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №4,
2007 წ.