საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (27 თებერვალი, 2005 წ.)

27 თებერვალი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-27-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 27 თებერვალი, 2005 წ.

„დაე, ყოველი ჩვენგანი, როგორც უძღები შვილი, დაუბრუნდეს მამაზეციერს,

რათა იყოს
ერთ სამწყსო და ერთ მწყემს!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღევანდელ დღეს უძღები შვილის კვირა ეწოდება. სახარებაში წერია იგავი უძრებ
შვილზე. მამას ჰყავდა ორი ვაჟი. უმცროსმა განიზრახა მამისაგან წასვლა. მას ეგონა,
რომ თუ ცალკე გავიდოდა და ქონებიდან თავის წილს წაიღებდა, უფრო ბედნიერად
იცხოვრებდა. ასეც მოიქცა. მამამ გულისტკივილით შეუსრულა წადილი. მაგრამ მამას გული
სტკიოდა არა იმიტომ, რომ ქონებას აძლევდა, არამედ იმიტომ რომ შვილი შორდებოდა მას.
სახარებაში წერია, რომ წავიდა შვილი უცხო ქვეყანაში და იქ განაბნია თავისი ქონება.
იმხანად იმ ქვეყანაში გაჩნდა შიმშილი და უძღები შვილი იძულებული გახდა, ერთ მდიდარ
ადამიანს მსახურად დადგომოდა. მდიდარმა მას ღორების მწყემსვა დაავალა. მისი
მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ საბრალოს ღორების სალაფავიც კი ენატრებოდა.
უკიდურესად შეჭირვებულს გაახსენდა თავისი ბედნიერი ცხოვრება მამის სახლში და მწარედ
ინანა. სინანულმა თავისი შედეგი გამიღო, – სულიწმიდა გადმოვიდა მასზე და შთააგონა,
რომ დაბრუნებულიყო მამასთან და ეთქვა: „არა ვარ ღირსი, მეწოდოს შენი შვილი, არამედ
მიმიღე, როგორც ერთი მუშაკთაგანი, როგორც ერთ-ერთი მსახური შენი“. თქვა ეს და
წავიდა სახლისკენ.

მამა სულ ელოდებოდა შვილის დაბრუნებას; იგი ყოველდღე გამოდიოდა და გზას
გაჰყურებდა საყვარელი შვილის მოლოდინში. ა აი, გამოჩნდა მისი ძე. მამამ რომ
დაინახა, გაეგება და სიყვარულით მოეხვია. შვილი დავარდა მამის ფეხებთან და უთხრა:
„მამაო, არა ვარ ღირსი, მეწოდოს შენი შვილი; მიმიღე, როგორც ერთი შენი მუშაკთაგანი,
როგორც ერთი მსახურთაგანი“. მამამ უბრძანა მოსამსახურეთ, რომ გამოეტანათ ახალი
ტანსაცმელი და ბეჭედი. ბეჭედი ნიშნავდა იმას, რომ მამა თავის ძეს უბრუნებს შვილის
წოდებას. შემდეგ დაკლა „ზვარაკი წამებული“ და იყო დიდი ლხინი.

ეს არის ისეთი იგავი, რომელიც შეეხება ყოველ ჩვენთაგანს. ჩვენ რომ გადავხედოთ
ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს წარსულს, თუნდაც დღევანდელ დღეს, მივხვდებით, რომ ყოველი
ჩვენგანი არის უძღები შვილი, ყოველი ჩვენგანი უნდა დაბრუნდეს მამაზეციერთან, ყოველ
ჩვენგანში უნდა გაჩნდეს სინანულის გრძნობა. სინანულის გარეშე არაფერი გამოდის
სულიერ ცხოვრებაში. ადამიანს უნდა შეეძლოს „განცდაი თვისთა ცოდვათა და არა
განკითხვად ძმისა ჩემისა.“

ეს იგავი ეხება მთელს კაცობრიობას. ამით უფალმა მიგვანიშნა, რომ კაცობრიობის
ნაწილი განუდგება მამაზეციერს, განუდგება ეკლესიას, დაკარგავს რწმენას, ჭეშმარიტ
სარწმუნოებას, მაგრამ განსაცდელით კვლავ დაბრუნდება მამაზეციერთან. და აი, ჩვენ
ვცხოვრობთ სწორედ იმ დროს, როცა მიმდინარეობს ამ დაბრუნების პროცესი.

იყო ჟამი, როცა მთელი ერი ღვთისმოსავი, ღვთის თაყვანისმცემელი იყო. მაგრამ დადგა
ისეთი საშინელი დრო, როცა ჩვენი ხალხი განუდგა ღმერთს და არა მარტო განუდგა,
მტრობაც გამოუცხადა. მაგრამ, როგორც ძველი რომაელები ამბობენ: დრონი იცვლებიან და
ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. და კვლავ სულიწმიდა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი
და ნაკლულევანთა აღმავსებელი, მოვიდა ჩვენზედა, ქართველმა ადამიანმა იგრძნო თავისი
დაცემა და ისევ დაიწყო დაბრუნების პროცესი. თუნდაც, ყოვლადწმიდა სამების ეს ტაძარი
და სხვა აღდგენილი თუ ახლადაშენებული ტაძრები არის ნიშანი იმისა, რომ ქართველი
ადამიანი ბრუნდება მამაზეციერთან. და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის,
ამ დიდი სიყვარულისათვის, ამ დიდი მოთმინებისათვის!

ხომ შეიძლებოდა, რომ მთელი ერი დასჯილიყო ამ განდგომის გამო?! მაგრამ უფალმა
იცოდა, რომ ჩვენი ხალხი კვლავ დაუბრუნდებოდა სინანულით უფალს.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ არსებობს მარადიული პრობლემა, მამებისა და შვილებისა.
ხშირად ისინი ერთმანეთს ვერ უგებენ. შვილი უკვე სხვაგვარად ფიქრობს, სხვაგვარად
მსჯელობს, სხვაგვარად ხედავს. მაგრამ მან არ უნდა დაკარგოს კავშირი თავის
მშობლებთან, თავის წინაპრებთან. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების
ლოცვა-კურთხევა არის ღვთის ლოცვა-კურთხევა და გირჩიეთ, ყოველდღე გეთხოვათ მათთვის
დალოცვა. კიდევ ერთხელ შეგაგონებთ ამას. გახსოვდეთ, ეს არის ძალიან ძლიერი
საშუალება ღვთის მადლის მიღებისათვის.
ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. უძღები შვილის კვირიაკით იწყება მზადება
დიდმარხვისათვის, რადგან იგია სინანულისა და მობრუნების დღე.

დაე, ყოველი ჩვენგანი, როგორც უძღები შვილი, დაუბრუნდეს მამაზეციერს, რათა იყოს
ერთ სამწყსო და უფალი ჩვენი იესო ქრისტე იყოს მწყემსი ჩვენი, ამინ.

ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა მთელი მსოფლიო დააბრუნოს მამაზეციერთან!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №9(316),
2005 წ.