საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (26 თებერვალი, 2006 წ.)

26 თებერვალი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-26-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 26 თებერვალი, 2006 წ.

„როგორც მდინარე, ისე მიედინება კაცობრიობა იმ უსასრულო
სამყაროში“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს
ხსენებას მეორედ მოსვლისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხსენებას საშინელი
სამსჯავროსი. დღევანდელ ღვთისმსახურებაზე თქვენ მოუსმინეთ სახარებას მეორედ მოსვლის
შესახებ. ზოგიერთს ჰგონია, თითქოს, მეორედ მოსვლა – ალეგორიაა ან სხვა რაღაც
მსგავსი რამ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მეორედ მოსვლა უფლისა ჩვენისა იესო
ქრისტესი გარდაუვალია, მაგრამ არავინ იცის, როდის მოხდება ეს. მოციქულებიც და მათი
თანამედროვეებიც ფიქრობდნენ, რომ ეს მათ გარდაცვალებამდე მოხდებოდა. და ყველა
შემდგომი თაობაც ასე ფიქრობდა. მაგრამ აი, დადგა უკვე XXI საუკუნე და კაცობრიობა
კვლავ ელოდება მეორედ მოსვლას, საშინელ სამსჯავროს. და დღემდე არავინ იცის, როდის
მოხდება ეს, ამიტომაც მუდამ მზად უნდა ვიყოთ ამისათვის.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ, თუ რა არის მიზანი ადამიანის ცხოვრებისა,
რისთვის მოვსულვართ ამქვეყნად და სად მივდივართ. ძალიან კარგია, როცა ადამიანი
ხშირად დადის სასაფლაოზე, ათვალიერებს საფლავებს. ალბათ, თქვენც ხშირად
ამოგიკითხავთ წარწერები საფლავებზე. ადამიანებს ჩვევიათ, დააკვირდნენ საფლავებს,
თარიღებს. ვუყურებთ თარიღებს და ვხედავთ, – შარშან ცოცხალი იყო ეს ადამიანი და დღეს
უკვე აღარ არის, ერთი კვირის წინ ან გუშინ ჯერ კიდევ ჩვენს გვერდით იყო და დღეს
უკვე იმქვეყნადაა. როგორც მდინარე, ისე მიედინება კაცობრიობა იმ უსასრულო
სამყაროში. საფლავებზე ზოგჯერ საინტერესო ეპიტაფიები გვხვდება; ზოგი ლექსსაც აწერს
ან რაიმე გამონათქვამს. მახსენდება ერთი საფლავი. მასზე ასეთი სიტყვები ამოვიკითხე:
„ზღაპარი დამთავრებულია.“ ანუ თითქოს ეს ცხოვრება იყო ზღაპარი და ადამიანის
გარდაცვალებით იგი დასრულდა. ეს ცხოვრება ზღაპარი არ არის. ეს ცხოვრება ადამიანის
გამოცდაა. და ბედნიერია ის, ვინც შეძლებს, აიტანოს და ჩააბაროს ეს გამოცდა.
ზღაპარშიც დიდი სიბრძნეა ჩადებული, მაგრამ ცხოვრება გაცილებით უფრო რთულია. ვერავინ
ჩაწვდება ადამიანის ყოფის არსს, ამა თუ იმ პიროვნების სიღრმეს. თითქოს ვიცნობთ
ადამიანს, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიცნობთ. ჩვენ არ ვიცით, როგორია სული
ადამიანისა და სხეულის შესაძლებლობებს ვაცნობიერებთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ არის
შეერთებული ადამიანის სული და სხეული. ჩვენ არ ვიცით, რა არის აზროვნება; და
საერთოდ, ბევრი რამ არ ვიცით. საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო მიღებული ასეთი
გამონათქვამი, რომ თუ დღეს რაიმე არ ვიცით, მომავალში შეიძლება გავიგოთო. არის
ისეთი საკითხები, რომელსაც ადამიანი ვერასდროს გაიგებს და ეს შეიძლება საჭიროცაა.
საჭიროა, რომ არ ვიცოდეთ ყველაფერი; ანუ ვიცოდეთ იმდენი, რაც ჩვენთვის საჭიროა და
საკმარისი.

ადრეც მიამბნია თქვენთვის, გასაბჭოების შემდეგ, როცა ხელისუფლებაში ათეისტური
რეჟიმი მოვიდა, ცნობილი მეცნიერი პავლოვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. კრემლის ერთ-ერთმა
დიდმა ჩინოსანმა (დიდი იმათი გაგებით იყო, თორემ სინამდვილეში იგი ძალიან პატარა
იყო) ჰკითხა მას: „თქვენ მსოფლიოში ცნობილი ფიზიოლოგი ბრძანდებით, დიდი მეცნიერი და
ნუთუ, თქვენ მორწმუნე ბრძანდებით?“ პავლოვი ხომ მღვდლის შვილი იყო. და პავლოვმა
უპასუხა: „როცა ჩვენ ადამიანის სისხლს ვსწავლობთ, მორწმუნე კი არა, შეიძლება
წმიდანიც კი გახდე, იმდენად ამტკიცებს ეს ღვთის არსებობას.“ ასე რომ სისხლიც ვერ
შეგვისწავლია, ადამიანის აზროვნება ხომ საერთოდ მიუწვდომელია!

XIX საუკუნეში ცხოვრობდა ფრანგი ასტრონომი კამილ ფლამარიონი. ასტრონომი იყო,
მაგრამ ძალიან ხშირად ის ეხებოდა სულიერ საკითხებს. მას აქვს დაწერილი მრავალი
წიგნი და მათ შორის „ღმერთი ბუნებაში“. მას ცდებისათვის ცხოველები ჰყავდა და მათ
საგანგებოდ შეფერილ საკვებს აძლევდა და შემდეგ აკვირდებოდა ცვლილებებს. დროდადრო ამ
ცხოველების ნაწილს ჰკლავდა და კვეთავდა, რათა შეესწავლა, როგორ იცვლებოდა უჯრედები.
ამ კვლევის შედეგად მან გამოიტანა დასკვნა, რომ უჯრედები ყოველ 28-30 დღის
განმავლობაში იცვლება. შემდეგ იგი ცხოველებს უკვე სუფთა, შეუღებავ, საჭმელს აძლევდა
და დაამტკიცა, რომ ისევ 28-30 დღე გახდა საჭირო, რომ ფერადი შენარევისგან უჯრედები
მთლიანად გასუფთავებულიყო. ასე დაასკვნა მან საბოლოოდ, რომ ადამიანში ხდება
უჯრედების განახლება და ჩვენი აზროვნება, ჩვენი თვითშეგნება არ ყოფილა დამოკიდებული
ჩვენს ფიზიკურ სხეულზე, – არამედ მარტოოდენ სულზე. ანუ აზროვნება სულის თვისებაა.
ძალიან საინტერესო მეცნიერია და თუ შეგხვდებათ მისი წიგნები აუცილებლად წაიკითხეთ.

დიახ, ადამიანის ცხოვრება გამოცდაა და ყველაზე კარგად მას აბარებს ის, ვინც
სიკეთეს სთესავს. არ უნდა გავიდეს არცერთი დღე, რომ სიკეთე არ გავაკეთოთ.

სახარებაში ნათქვამია, რომ მეორედ მოსვლის დროს ანგელოზები, ღვთის ბრძანებით,
კაცობრიობას მარჯვენა და მარცხენა მხარეს დააყენებენ. მარჯვენა მხარეს მყოფთ ეტყვის
უფალი: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, მშიერი ვიყავ და მეცით მე ჭამადი,
წყურიელ ვიყავ და მასუთ მე, სნეულ ვიყავ, საპყრობილეში ვიყავ და მომხედეთ მე. ისინი
ჰკითხავენ: როდის გიხილეთ შენ უფალო ან მშიერი, ან მწყურვალი. და უფალი ეტყვის: რაც
გაუკეთეთ ერთსა მცირეთაგანსა ჩემსა (სხვა ადამიანს), ის გამიკეთეთ მე. ე.ი. როცა
ჩვენ სიკეთეს ვაკეთებთ, ადამიანს ვეხმარებით, ამას უფალი ღებულობს, როგორც დიდ
შესაწირავს.

მარჯვენით მყოფნი არიან მკვიდრნი სასუფეველისანი. ხოლო მარცხენით მყოფთა ეტყვის
უფალი: მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მომეცით მე საჭმელი, მე მწყუროდა და თქვენ არ
მასვით მე“ – და ეს ხალხი განწირულია ტანჯვისა და ჯოჯოხეთისათვის.

ამიტომაც, ჩვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ მოვიხვეჭოთ ფული, სახლები,
მანქანები, ქონება – ეს ყველაფერი აქ რჩება. ჩვენ უნდა მოვიხვეჭოთ სულიერი საუნჯე
და უფალი ამბობს: სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. ღმერთმა ინებოს,
რომ სულიერი საუნჯე დავაგროვოთ. ღვთის მადლით, საქართველო სიკეთის გზაზე დგას და
მომავალში ღვთის ლოცვა-კურთხევით, უფრო გაძლიერდება.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ინებოს, რომ სრულიად საქართველო და ყოველნი ქართველნი
და მთელი კაცობრიობა მარჯვენით დააყენოს უფალმა და გახდეს მკვიდრი სასუფეველისა!

ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №9(362),
2006 წ.