საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (26 აპრილი, 2009 წ.)

26 აპრილი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-26-%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 26 აპრილი, 2009 წ.

„მინდა მივმართო ჩვენ ხელისუფლებას, ჩვენს ოპოზიციას, მოვიდნენ ტაძარში და
ყველამ ერთად მოვინანიოთ ჩვენი
ცოდვები. ვინც უფრო მეტად სულიერია, მან უნდა დაუთმოს სხვას…“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ქრისტე აღდგა!

„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. მართლაც, მიუწვდომელია
ღვთის განგება, ღვთის წყალობა. არსებობს მადლი და ცოდვა. ცოდვას ადამიანი
ჯოჯოხეთისაკენ მიჰყავს, ხოლო ღვთის მადლი ყოველგვარ ცოდვას აღემატება და იგი
ადამიანს სასუფეველში ამკვიდრებს. მთავარი პირობა ადამიანის ცხონებისა არის
სინანული, ხედვა საკუთარი ცოდვისა. ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: „Nosce te
ipsum“ – შეიცან თავი შენი. ხშირად ჩვენ ვაიდეალებთ საკუთარ თავს. ვფიქრობთ, რომ
ცოდვა, რომელსაც ჩვენ ვიდებთ, – ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა. წმინდა მამები
და მეცნიერები ამბობენ, რომ თითქოს ადამიანი სამსახოვანია: მისი პირველი სახეა – ის,
რასაც გარშემო მყოფნი ხედავენ, მეორე – რა წარმოდგენაც აქვს ადამიანს საკუთარ
თავზე, დაბოლოს ის, რაც სინამდვილემი ვართ. უნდა გვახსოვდეს, რომ „არა არს კაცი,
რომელი ცხონდეს და არა სცოდოს“. არ არსებობს უცოდველი ადამიანი, მაგრამ წყალობა
ღვთისა აღემატება ყოველგვარ ცოდვას, თუ ადამიანში სინანულია. წმინდა ეფრემ ასური
ამბობს: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათაი და არა განკითხვად ძმისა
ჩემისა“. ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც გააჩნია საკუთარი ცოდვების განცდა,
რომელიც ხედავს თავის თავს, თავის ნაკლს, თავის შეცდომებს და ცდილობს,
გათავისუფლდეს ცოდვებისაგან. ადამიანი არის ჯვრის მტვირთველი. უფლის მიერ ბოძებული ჯვარი ბოლომდე უნდა
მივიტანოთ. ადამიანი ეცემა, მაგრამ დაცემულ მდგომარეობაში კი არ უნდა დარჩეს,
არამედ უნდა ადგეს და სვლა განაგრძოს. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მომავალი
სამშაბათი გამოცხადდეს სინანულის დღედ. თქვენ იცით, როგორ დაუპირისპირდა ერთმანეთს
ჩვენი ხალხი და მივიღე გადაწყვეტილება, რომ სამშაბათს, საღამოს 6 საათზე, მთელ
საქართველოში, ყველა ეპარქიაში, ყველა რაიონში, ყველა ტაძარში, წავიკითხოთ შენდობის
ლოცვა, რაც იქნება სინანული ჩვენი ცოდვების გამო, – ხალხი უნდა მივიდეს და
სამღვდელოებამ შენდობა მისცეს. ამ მეტად მწიშვნელოვან დღეს მინდა მივმართო ჩვენ
ხელისუფლებას, ჩვენს ოპოზიციას, მოვიდნენ ტაძარში და ყველამ ერთად მოვინანიოთ ჩვენი
ცოდვები. ვინც უფრო მეტად სულიერია, მან უნდა დაუთმოს სხვას. იმედი მაქვს, რომ
ღვთის წყალობა, ღვთის მადლი გადაარჩენს საქართველოს.

დღეს არის ღირსშესანიშნავი დღე,
რადგან ვლოცავთ 4 გვარს: ახვლედიანებს, იოსელიანებს, ჩხაიძეებსა და ცინცაძეებს.
ოთხივე გვარი მეტად ცნობილია. მრავალი დიდი პიროვნება გამოსულა მათგან. ცინცაძეების
გვარიდან იყო დიდი პიროვნება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე,
რომელიც ამ ღვაწლს 20 წლის განმავლობაში, ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში –
1932-52 წლებში ეწეოდა. იყო ისეთი დრო, როცა მთელი სინოდი დაპატიმრებული იყო და
პატრიარქს უფლება არ ჰქონდა თავისი სახლიდან (მისი რეზიდენცია სიონის ეზოში
გახლდათ) სიონის ტაძარში გამოსულიყო. მინდა, შევთხოვო უფალს, დალოცოს ეს ოთხივე
გვარი, ღმერთმა გაახაროს, ღმერთმა გაამრავლოს, ღმერთმა ინებოს, რომ გაძლიერდნენ.

მინდა აღვნიშნო, რომ ახვლედიანების გვარიდან ჩვენ გვყავს მთავარეპისკოპოსი
ვახტანგი. მრავალი წელია იგი საქართველოს ეკლესიას ემსახურება და დღეს აყვანილია მიტროპოლიტის ხარისხში. მინდა გადავცე ოთხივე გვარის უფროსებს
ისტორიული წიგნი, რომელსაც ეწოდება „ნათელი ქრისტესი“. იოსელიანებისა და
ახვლედიანების გვარების წარმომადგენლებმა თავადაც მაჩუქეს ძალიან ძვირფასი ხატები.
დიდ ხარ შენ, უფალო!

დღეს კიდევ ერთი სიხარულია: იკურთხება ჯვარი, რომელიც ყოვლადწმინდა სამების ლავრის
ეზოში არსებულ სანათლავზე აღიმართება. ახლა ჩვენ შევასრულებთ ჯვრის კურთხევას და
წირვის შემდეგ აღესრულება მისი აღმართვა,

დღეს ასევე დაგირიგდებათ ნაკურთხი პური, რომელსაც ეწოდება არტოსი. მას მთელი წლის
განმავლობაში შეინახავთ და ზოგჯერ, როცა შეუძლოდ იქნებით, მიიღებთ მცირე ნაწილს.

ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.
მიუხედავად სიძნელეებისა, საქართველო და ჩვენი ეკლესია მიდის წინ, ხდება მისი
სულიერი ამაღლება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მწუხარება სიხარულით შეიცვლება.

ქრისტე აღდგა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №15, 2009 წ.