საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (25 ოქტომბერი, 2009 წ.)

25 ოქტომბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-25-%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 25 ოქტომბერი, 2009 წ.

„ჭეშმარიტი სარწმუნოება რომ არ გვქონოდა ქართველებს, ჩვენი ერი ვერ გაუძლებდა ამდენ
წინააღმდეგობას!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

რა არის ადამიანის ცხოვრება? ადამიანის ცხოვრება არის მუდმივი განსაცდელი,
მაგრამ, რაც მთავარია, გამოცდა. ამის შესახებ ბიბლიაც მოგვითხრობს. წმინდა და
მართალი იობი, რომელმაც დიდი განსაცდელი გაიარა, სვამს კითხვას: „გამოცდა ხომ არ
არის ადამიანის ცხოვრება?“ ცხოვრება მართლაც გამოცდაა და მისი ადამიანს არ უნდა
შეეშინდეს.

ერთ მეუდაბნოე ბერს მორჩილმა ჰკითხა: – მამაო, ზოგი მაქებს და
ზოგიც მაძაგებს და მე როგორ უნდა მოვიქცე? ბერმა უთხრა: – გადი სასაფლაოზე და
მიცვალებულებს ჩასძახე – ჯერ აქე ისინი, მერე აძაგე და ნახე, რას გეტყვიან.
მორჩილმა აღასრულა მოძღვრის სიტყვისა, შემდეგ დაბრუნდა მასთან და მოახსენა: – პასუხი
ვერ მივიღე, ხან ვაქე და ხან ვაძაგე მიცვალებულები, ისინი კი ჩუმად იყვნენ. მაშინ
მოძღვარმა უთხრა: – წადი და შენც ისე მოიქეცი, როგორც მიცვალებულები იქცეოდნენ.

ადამიანის ცხოვრება – ურთულესი პროცესია. იგი ბევრად არის დამოკიდებული თვითონ
პიროვნებაზე. ერთ-ერთი მცნება, რომელიც უფალმა მისცა კაცობრიობას, ეს არის: „პატივ
ეც დედასა და მამასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა
ზედა“. თუკი გვსურს, ბედნიერები ვიყოთ, თუკი გვინდა, რომ მშვიდობა სუფევდეს ჩვენს
გულში, გონებაში, სახლსა თუ სამსახურში, უპირველეს ყოვლისა, პატივი უნდა მივაგოთ
ჩვენს მშობლებს. თუკი ამას აღვასრულებთ, ვიქნებით არა მარტო ბედნიერნი, არამედ –
დღეგრძელიც ქვეყანასა ზედა.

მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ლოცვა-კურთხევა უნდა აიღოთ ხოლმე მშობლებისაგან. კიდევ
ერთხელ შეგახსენებთ, განსაკუთრებული პატივი მიაგეთ მშობლებს და ყოველდღე თავი
დაალოცინეთ. შვილი
მშობლებთან უნდა მივიდეს, დალოცვა სთხოვოს და მშობლის კურთხევა ღვთის
ლოცვა-კურთხევა იქნება; რასაც დედა გეტყვით, ის აუცილებლად შეგისრულდებათ. დალოცვის
შემდეგ მშობელს აუცილებლად ხელზე ემთხვიეთ. ზოგი ამას ასრულებს და
ზოგსაც ავიწყდება. ბედნიერება
ხომ ყველას გსურთ, – ეს კი
არის ერთ-ერთი პირობა ადამიანის ბედნიერებისა.

რა თქმა უნდა, ადამიანს განსაცდელი მუდამ თან სდევს. სამწუხაროდ, ხშირად განსაცდელი
ადამიანს იმ პიროვნებისაგან
მოევლინება, ვისთვისაც მთელი
ცხოვრება სიკეთე უკეთებია და
ვისაც მფარველობს. ასეთ შემთხვევაში ადამიანს პესიმიზმი
ეუფლება. პესიმიზმი და სასოწარკვეთილება ცოდვაა ღვთის
წინაშე. მინდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი
განსაცდელი გვდევს თან, ჩვენ
არ გვაქვს უფლება, პესიმისტები ვიყოთ უნდა გვიყვარდეს
ადამიანები და უნდა გვძულდეს
ცოდვა. ადამიანი არასდროს უნდა შეურიგდეს ცოდვას, არ უნდა
დატკბეს ცოდვით და მუდამ უნდა ჰქონდეს სინანულის განცდა. სინანული მარტო ის კი არ
არის, მოძღვართან რომ მივალთ და აღსარებას ვეტყვით. სინანულის განცდა ადამიანის
გულში მუდამ უნდა იყოს.

წმინდა დავით ნინასნარმეტყველი ერთ-ერთ ფსალმუნში ამბობს: „და მოეწყინა ჩემ თანა
სულსა ჩემსა…“ – მართალია, ადამიანი ხშირად განსაცდელშია, მაგრამ არ უნდა
მოეწყინოს სულს ჩვენში. მწუხარების შემდეგ აუცილებლად მოდის სიხარული, მწუხარება და
სიხარული მუდამ ენაცვლებიან ერთმანეთს. როცა დაეცემი, შესთხოვე უფალს: „უფალო, მე
ვეღარ მოვდივარ შენთან და შენ მოდი ჩემთან“, უფალი მოვა, წამოგაყენებს და ისევ
გააგრძელებ გზას. ღმერთმა მოგვცეს სიბრძნე, ღმერთმა ყველას მოგვცეს გული გონიერი!
არ
უნდა შეგვეშინდეს და იმედი უნდა გვქონდეს ღვთისა! საქართველო აუცილებლად გადარჩება,
საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება! როდესაც ჩვენს გარშემო სამწუხარო მოვლენებს ვხედავთ, უნდა
ვიცოდეთ, რომ ეშმაკს შურს ჩვენი, მას შურს ქართველი ერისა. მსოფლიოში არ არის არც
ერთი ერი ასეთი მოსიყვარულე და მორწმუნე და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი
წყალობისათვის!

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის! ღმერთმა მშვიდობა და სიხარული მოგცეთ!
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, ამინ!

დღეს არის ხსენება VII მსოფლიო კრებისა, ეს ის კრებაა, რომელზეც საბოლოოდ გაიმარჯვა
მართლმადიდებლობამ. მართლმადიდებლობა – უდიდესი ძალაა! ჭეშმარიტი სარწმუნოება რომ
არ გვქონოდა ქართველებს, ჩვენი ერი ვერ გაუძლებდა ამდენ წინააღმდეგობას!

დღევანდელი დღის აღსანიშნავად, მინდა მღვდელ-მონაზონი ვახტანგი ერთგული
სამსახურისათვის დავაჯილდოვო ოქროს ჯვრით და აღვიყვანო იღუმენის ხარისხში.

დღეს ვლოცავთ რამდენიმე გვარს: ალანიებს, თოდუებს, ბენდელიანებს, ჩუგოშვილებს,
ბურდულებს და თარხნიშვილებს.

ალანიების გვარი დიდი და ცნობილი გვარია საქართველოში, მათ მრავალი გამოჩენილი
ადამიანები ჰყოლიათ. ამ გვარმა დააწერინა შესანიშნავი ხატი დედა ღვთისმშობლისა –
„ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი“. გფარავდეთ დედა ღვთისა!

მეორე გვარი, რომელსაც დღეს ვლოცავთ – თოდუების გვარია. აქ ბრძანდება ბატონი ფრიდონ
თოდუა და ამ გვარის სხვა წარმომადგენლები. გახარებული იყავით, გამრავლდით,
გაძლიერდით, ბევრი მვცნიერი გამოსულა თქვენგან; გილოცავთ. დალოცვილი იყოს თქვენი
გვარი სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა!

ბენდელიანების გვარი დალოცვილი იყოს! გაიხარეთ და გამრავლდით!

ჩუგოშვილების გვარი დალოცოს ღმერთმა, გაიხარეთ!

ბურდულების გვარი დალოცოს უფალმა! დალოცვილები იყავით და გაიხარეთ!

თარხნიშვილები ძალიან ცნობილი გვარია, დალოცვილები იყავით, ეკლესიაში იარეთ,
აღსარება თქვით, ზიარება მიიღეთ, სახლები აკურთხებინეთ და კარგად იქნებით. ამ
გვარის წარმომადგენლებმა დააწერინეს თარხნიშვილების მფარველი ხატი.

დღეს ასევე დასალოცად არის მოსული სხალთის ეპარქიის 60 მოსწავლე, მშობლებთან და
პედაგოგებთან ერთად. ღმერთმა დალოცოს სხალთის ეპარქია, ძალიან დიდ საქმეებს აკეთებს
მეუფე სპირიდონი. დალოცვილი და გახარებული იყავით!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №32, 2009 წ.