საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (25 ნოემბერი, 2007 წელი)

25 ნოემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-25-%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%91

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 25 ნოემბერი, 2007 წელი

„ჩვენთვის არსებობს მხოლოდ ერთი
გზა – სასუფევლისკენ მიმავალი. რა თქმა უნდა,
არის სხვა გზაც – გზა ჯოჯოხეთისკენ, მაგრამ ეს არ არის საქართველოს ხვედრი…“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის წყალობისა და მისი შეწევნის გარეშე ადამიანი სასუფეველს
ვერ დაიმკვიდრებს. უფალი ბრძანებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“. ჭეშმარიტად,
„დიდ ხარ შენ, უფალო
და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ ნამდვილად დიდია უფალი და ჩვენი გონება მას
ვერასდროს მისწვდება. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ჩვენთვის არსებობს მხოლოდ ერთი გზა –
სასუფევლისკენ მიმავალი. რა თქმა უნდა, არის სხვა გზაც – გზა ჯოჯოხეთისკენ,
მაგრამ ეს არ არის საქართველოს ხვედრი, ეს არ არის ჩვენი გზა.

ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მარადიული ნეტარების ღირსნი
გავხდეთ. არსებობს მრავალი საშუალება, სხვადასხვა სახის მოღვაწეობა, ადამიანის
სასუფეველში მიმყვანებელი.

წმინდა დოროთემ წარმოგვისახა სამყაროს ასეთი სახე: მან დახატა წრე, რომლის ცენტრშიც
შემოქმედი უნდა წარმოვიდგინოთ, რადიუსები კი არის სხვადასხვა ადამიანის ცხოვრების
გზა. ყველა რადიუსი ცენტრისკენ მიილტვის; წერტილი რადიუსზე ადამიანის სულიერი
მდგომარეობის გამომხატველია უფალთან მიმართებაში. როდესაც ადამიანი უფალს
უახლოვდება, ანუ ამ სქემის მიხედვით, წერტილი ცენტრისკენ ისწრაფვის, – ამასთან
ერთად იგი უახლოვდება სხვა ადამიანებსაც, რადგან ცენტრთან ახლოს წერტილები ახლოს
არიან ერთმანეთთან, ვიდრე იგივე რადიუსებზე ცენტრიდან მოშორებით. საოცარია და
ძალიან მარტივი. ეს რეალობაა: ადამიანი უახლოვდება ღმერთს და ამასთან ერთად
უახლოვდება თავის მოყვასს.

არის მრავალი საშუალება, რომელსაც მივყავართ სასუფევლისაკენ; ეს არის ლოცვა, მარხვა
(უფალი ბრძანებს: „ლოცვითა და მარხვით განიდევნება ეშმაკი“), მოწყალება…

დღეს მინდა ორიოდე სიტყვით გესაუბროთ მოწყალების შესახებ, იმიტომ რმო დღეს არის
დიდი წმინდანის, იოანე მოწყალის ხსნების დღე. იგი იყო პატრიარქი ალექსანდრიისა. იგი
ცხოვრობდა მე-7 საუკუნეში და ჩვეულებრივი ცოლ-შვილიანი კაცი გახლდათ. უფალმა ისე
განაგო, რომ ცოლ-შვილი გარდაეცვალა და იგი ბერად შედგა; შემდგომში კი ალექსანდრიის
პატრიარქი გახდა. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრიის პატრიარქს აქვს განსაკუთრებული
ტიტული – პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა, მე-13 მოციქული და
მსოფლიოს მსაჯული. ამ ტიტულის მატარებელი იყო წმინდა იოანე. მისი სიკეთე იმდენად
დიდი იყო, რომ იგი ისტორიაში „მოწყალის“ სახელით შევიდა.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მოწყალება არის ყველაზე იოლი საშუალება, რომლითაც
ადამიანი ცხონდება. ზოგიერთი ჩვენგანი ამბობს: ვერ გავცემ მოწყალებას, იმიტომ რომ
მე თვითონ მიჭირს. ახლა ბევრს უჭირს, მაგრამ მოწყალება მარტო იმით არ გამოიხატება,
რომ ადამიანმა ფული ან საჭმელ-სასმელი გასცეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც
მოწყალებაა. მოწყალებაა აგრეთვე ისიც, როცა ადამიანი სხვა ადამიანის მიმართ სითბოსა
და ყურადღებას გამოიჩენს, როცა ანუგეშებს სასოწარკვეთილ ადამიანს და ტკბილ სიტყვას
ეტყვის. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა მრავალი ადამიანი სასოწარკვეთილებაში
ვარდება, მის გარშემო შექმნილი ვითარებიდან გამოსავალის დანახვა უჭირს. სწორედ ამ
დროს სჭირდება ადამიანს სულიერი დახმარება, ნუგეში, იმედის მიცემა.

მინდა მოწყალეის რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო. როდესაც მე სასულიერო სემინარიაში
და აკადემიაში ვსწავლობდი, მოსკოვში ერთი სამონაზვნე, დედა ირინე ცხოვრობდა,
რომელიც თავისი მოწყალებით გამოირჩეოდა. ხშირად იგი თავის პატარა ოთახში სტუდენტებს
ღებულობდა. საოცარი ადამიანი იყო. მისი ოთახი იმდენად პატარა იყო, რომ იქ მარტო ორი
საწოლი ეტეოდა; საწოლებს შორის შუაში პატარა გასასვლელი რჩებოდა და ფანჯარასთან
პატარა მაგიდა ედგა. როდესაც მასთან ვსტუმრობდით, უპირველეს ყოვლისა, იგი ლოგინს
გაგვიშლიდა; თეთრეული და ლოგინი მუდამ საოცრად სუფთა ჰქონდა. ჩვენ მოგვასვენებდა,
თვითონ კი სადილის მზადებას იწყებდა. მას პენსიის მეტი არაფერი გააჩნდა, მაგრამ
მისი მოწყალების გამო ღმერთი აძლევდა ბარაქას და აი, ასე მოღვაწეობდა დედა ირინე.

ზოგჯერ ზაგორსკიდან მოსკოვში რომ ჩავდიოდით, დედაოს ვეუბნებოდით, თითქოს,
ბიბლიოთეკაში მივდიოდით, სინამდვილეში ოპერას ვუსმენდით დიდ თეატრში. ეს ცოდვა მე
თვითონ მაქვს ჩადენლი. იმას კი ყველაფერი სჯეროდა. საოცარი ადამიანი იყო თავისი
ცხოვრებით, თავისი საუბრით, – ნამდვილად წმინდა პიროვნება იყო.

დედა ირინა ნოვოდევიჩის მონასტერში დადიოდა. იქ ყველა იცნობდა მას. წირვა-ლოცვის
შემდეგ ტაძარში სპეციალურად რჩებოდა და ხალხს ათვალიერებდა; თუკი დაინახავდა ვინმე
უცხოს, ჩამოსულს, მივიდოდა და ეკითხებოდა: ბინა ხომ არ გჭირდებაო და თავის პატარა
ბინაში წაიყვანდა. სრულიად უცნობი ადამიანები მიჰყავდა. იყო შემთხვევები, როცა იგი
გაქურდეს კიდეც (რაღაც ნივთები ჰქონდა შემორჩენილი ძველი დროიდან), მაგრამ
მიუხედავად ამისა, ის მაინც აგრძელებდა თავის მოღვაწეობას, მოწყალების საქმეს.

როდესაც ბერად აღკვეცისათვის ვემზადებოდი, მან თავისი ჯვარი მაჩუქა (აღკვეცის დროს
საბეჭური ეძლევა და მასთან ერთად ხის ჯვარიც). ეს მას თავისთვის ჰქონდა შენახული,
მონაზვნობისათვის ემზადებოდა. უფალმა კი ისე განაგო, რმო სამონაზვნო გავიდა ამ
ქვეყნიდან. ახლაც მაქვს ის ჯვარი, დღემდე ვატარებ.

მახსენდება, მაშინ უკვე ეპისკოპოსი ვიყავი და უცხოეთში ვახლდი ჩვენს პატრიარქს,
უწმინდესსა და უნეტარეს ეფრემ II-ს. უცხოეთში მოსკოვის გავლით ვიყავით. მოსკოვში
რომ შევჩერდით, უწმინდესს ვთხოვე, მომეცით ლოცვა-კურთხევა, ჩემი მწყალობელი დედა
ირინე ვინახულო-მეთქი და მივედი მასთან. იგი უკვე ავად იყო. ჩემი სურათი ჰქონდა
გადიდებული და მას ელაპარაკებოდა.
ოთახში რომ შევედი ლოგინში წამომჯდარი დამხვდა და მითხრა: „დღეს შენს სურათს
ველაპარაკებოდი, ჩამეძინა და ხმა მომესმა – ეპისკოპოსი ილია დღეს შენთანო მოვაო და
აი, შენც მოხვედიო“. მოვიკითხე, საჩუქრები მივუტანე. და ვკითხე: „ვინ გივლით?
მარტო ხართ-მეთქი?“ მან კი მომახარა: „სასწაული მოხდა, ჩემი მეზობელი, ერთი
ახალგაზრდა ქალი მივლისო. ყოველდღე სამჯერ დღეში ჩემთვის საჭმელი მოქავს,
მირეცხავს და საკუთარი დედასავით მივლისო“. აი, ხედავთ? – მისი მოწყალება არ
დაიკარგა და ბოლო დღეებში ღმერთმა ასეთი მოწყალე ადამიანი გამოუჩინა.

დედა ირინასთან ორი საათი ვიყავი. ერთად გავიხსენეთ ჩემი სტუდენტობა, მისი
მოწყალება, საქართველოში სტუმრობა (ერთხელ დედა ირინე საქართველოში მყავდა
ჩამოყვანილი). გამოვემშვიდობე და წამოვედი. თბილისში ჩამოვედი და ორი დღის
შემდეგ მოვიდა დეპეშა, რომ დედა ირინე გარდაიცვალა.

გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ ეს წმინდა ადამიანი – სამონაზვნე ირინე.

ასეთი მაგალითი ჩვენშიც ძალიან ბევრია. მრავალი ადამიანი მინახავს, რომელიც
სხვებისთვის ცხოვრობს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თავის ნაჭუჭმი არიან
ჩაკეტილები და ვერავის ხედავენ თავის გარშემო. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთა გულში
ოჯახის წევრებიც კი არ ეტევიან. მაგრამ მათ გვერდით
არსებობენ ისეთნიც, რომელთა გულში ეტევა მთელი ქვეყანა. საბედნიეროდ, ასეთი
ადამიანები ბევრნი არიან და
ისინი თქვენ შორისაც მრავლადაა.

მოწყალე ადამიანი უყვარს
უფალს. დღეს, როცა გარშემო ამდენი გაჭირვებაა, განსაკუთრებით გვმართებს სიკეთის
ქმნა.

ამასთან, ჩვენ უნდა დავინახოთ მოწყალე ადამიანი და
დავაფასოთ მისი ქველმოქმედება. აი, ეს ტაძარი, ეს სიწმინდე მოწყალებითაა აშენებული,
მათ შორის – თქვენი შემოწირულებითაც. ღმერთმა შეგიწიროთ და დაგლოცოთ!

მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად მრავალი პრობლემისა, საქართველო გადარჩება! და ჩვენ
ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომელიც არის მფარველი ჩვენი ქვეყნისა და თუ
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა გადააფარებს საქართველოს თავის წმინდა კალთას,
ვერავითარი მტერი ვერაფერს დააკლებს მას!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ და სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №37,
2007 წ.