საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (25 ნოემბერი, 2001 წ.)

25 ნოემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-25-%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%91-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

სიონის საკათედრო ტაძარი, 25 ნოემბერი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანები ძალიან ხშირად კითხულობენ, სასუფეველისაკენ მიმავალი რომელი გზაა
უფრო იოლი. ღვთისაკენ სავალი მრავალი გზა არსებობს: უპირველეს ყოვლისა, ადამიანს
ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი სარწმუნეობა უნდა ჰქონდეს, რაზეც სიყვარულის შენობა
უნდა ააგოს. ეს კი არის ურთიერთობა სხვებთან, განსაკუთრებით გაჭირვებულ
თანამოძმეებთან. ადამიანს, განსაკუთრებით კი სასულიერო პირს, უნდა ჰქნოდეს სულიერი
თვალი, რათა სხვათა გასაჭირი დაინახოს. მოძღვარი ღვთისაგან დადგენილია იმისათვის,
რომ განკურნოს კაცთა უძლურებანი, უჩვენოს მათ ჭეშმარიტი გზა, გზა ცხონებისა.

დღეს არის ხსენება ალექსანდრიის პატრიარქის, წმიდა იოანე მოწყალისა. იოანე
მოწყალე – მისი წოდებაა. საოცარია ამ ადამიანის ცხოვრება. იგი VII საუკუნეში
ცხოვრობდა. დაიბადა კვიპროსზე. მას ჰყავდა ოჯახი, მაგრამ მეუღლე და შვილები
გარდაეცვალნენ, რის შემდეგაც ბერობა გადაწყვიტა. ხალხის მოთხოვნითა და იმპერატორის
ნებით, იგი ალექსანდრიის პატრიარქად დადგინდა. საოცარი იყო მისი ცხოვრება და
მოღვაწეობა. პატრიარქობის ხანაში, ერთხელ მასთან მისი ახლო ნათესავი მივიდა და
უთხრა, ამა და ამ ადამიანმა მე ძალიან მაწყენინა და შენ იგი უნდა დასაჯოო.
პატრიარქმა მიუგო: მე მას ისეთ რამეს გავუკეთებ, მასზე მთელი ალექსანდრია
ილაპარაკებსო. და იგი დასაჯა იმიტ, რომ გადასახადებისგან გაათავისუფლა, რითაც,
პირიქით, მოწყალება მოიღო მასზე. მართლაც, მთელი ალექსანდრია ალაპარაკდა ამ
შემთხვევაზე. აი, ასეთი საოცრად შემწყნარებელი იყო ალექსანდრიის პატრიარქი იოანე.
იგი დიდ მოწყალებას იჩენდა გაჭირვებულთა მიმართ. მისი ბრძანებით, ეკლესიის
მსახურებმა ალექსანდრიაში გაჭირვებულთა რაოდენობა აღწერეს, და აღმოჩნდა, რომ ასეთ
მდგომარეობაში 7000 ოჯახი იყო. იოანე მოწყალე ამ ადამიანებს ყოველთვის ეხმარებოდა.
თუმცა ჩანს, რომ ალექსანდრიაში ჩვენზე უკეთ ცხოვრობდნენ, რადგან ჩვენ რომ ახლა
გაჭირვებულთა აღწერა დავიწყოთ, მათ რიცხვში ალბათ მთელი საქართველო უნდა ჩავწეროთ.
მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ წყალობა ღვთისა მუდამ იქნება ჩვენს ქვეყანაზე და არ
მოაკლებს მას შეწევნას. ჩვენ კი უპირველესად იმ გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ,
რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რმო ყველაზე გაჭირვებული ის
ადამიანია, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილია და სხვასაც აცდენს. განსაკუთრებულ
განსაცდელში არიან ამგვარები. შევთხოვთ უფალს, რომ თავისი დიდი წყალობა მოიღოს
ყოველ ჩვენთაგანზე, რამეთუ ყოველ ადამიანს რაღაც უჭირს, ან სულიერად, ან ფიზიკურად,
ან მატერიალურად, ყველას სჭირდება თბილის სიტყვა და ნუგეში. როცა ნახავთ შეჭირვებულ
ადამიანს, პირველ რიგში ნუგეში უნდა სცეთ მას იმით, რომ ყოველივე დროებითია.
გვხვდებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც სასოწარკვეთილებაში ვარდებიან. სამწუხაროა,
რომ ხშირად ისინი გამოსავალს ვერ პოულობენ და თავსაც იკლავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ
თავის სულს პირდაპირ ეშმაკს აბარებენ. ღმერთმა ყველა დაიფაროს ასეთი საშინელი
ცოდვისაგან. ამგვარად გარდაცვლილი ადამიანისთვის ლოცვაც კი არ შეიძლება.

მაგრამ არიან ადამიანები, რომელნიც მთელ თავის სიცოცხლეს ხალხსა და ღმერთს
სწირავენ და მოღვაწეობენ. გუშინ, 24 ნოემბერს, 100 წელი შეუსრულდა ხელნაწერთა
ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს ილია აბულაძეს. იგი საოცარი პიროვნება იყო. მე მქონდა
მასთან შეხვედრის ბედნიერება. ეს მოხდა იმ დროს, როცა მე ვამთავრდებდი სასულიერო
აკადემიას და ვმუშაობდი საკანდიდატო დისერტაციაზე: „ურთიერთობა საქართველოსა და
ბიზანტიას შორის და ათონის ივერთა მონასტრის ისტორია“. თქვენ იცით, რომ ათონის
ივერთა მონასტერი გალხდათ ცენტრი არა მარტო დიდი სულიერებისა, დიდი მოღვაწეობისა,
არამედ, ამავე დროს, ქართველები აქ დიდი სამეცნიერო მოღვაწეობასაც ეწეოდნენ,
რომელთა შორის იყვნენ ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელები. მე მივედი ბატონ ილია
აბულაძესთან და ვთხოვე, რომ ჩემი შრომისათვის ხელნაწერები მჭირდებოდა. ბატონმა
ილიამ თავისი ხელით, ისე, რომ არავისთვის დაუვალებია, დიდი სიყვარულით მომიძებნა
ყველაფერი და გადმომცა ხელნაწერთა ანაბეჭდები. როდესაც ამ ადამიანზე ვსაუბრობთ,
ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ იგი მოძღვრის ოჯახში აღიზარდა, მამამისი გახლდათ
დეკანოზი ვლადიმერ აბულაძე. დღეს, დიდი გამოსვლის დროს, ისიც და თვად ბატონი ილიაც
ბარძიმში მოვიხსენიეთ.

ილია აბულაძე დიდი მეცნიერი და საოცარი პიროვნება იყო. საოცარი იმით, რომ მთელი
საბჭოთა კავშირის მასშტაბით, სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომელი და დირექტორი
აუცილებლად პარტიული უნდა ყოფილიყო. მაგრამ ილია აბულაძე პარტიული არ გამხდარა. იგი
იმდენად დიდი მეცნიერი იყო, რომ ამგვარი რამ ვერ აიძულეს.

ჩვენ დღეს შევასრულებთ პანაშვიდს მის სახელზე. აქ ბრძანდებიან ხელნაწერთა
ინსტიტუტის წარმომადგენლები. მე მინდა დავლოცო ყველა, ვინც მუშაობს ამ დიდებულ,
წმიდა დაწესებულებაში. ძირითადად, იქ ხომ წმიდა ადამიანების მიერ დაწერილი
ხელნაწერები ინახება. როცა ესა თუ ის თარგმანი კეთდებოდა, ან ორიგინალური
ნაწარმოები იწერებოდა, ბოლოს ავტორი ან მთარგმნელი აწერდა მას თვის სახელს და
თხოულობდა, მომიხსენიეთ თქვენს ლოცვებშიო. სამწუხაროა ის, რომ ეს ხელნაწერები
ათეული და ასეული წლების მანძილზე დადებულია საცავებში, ვინახავთ მას, მაგრამ ვერ
ვასრულებთ ჩვენი წინაპრების ანდერძს, ვერ ვლოცულობთ მათთვის. ზოგადად მე ვიხსენიებ
ყველას, ვინც იმოღვაწევა სამეცნიერო დარგში, მაგრამ კარგი იქნება, და ეს ჩემი
თხოვნაცაა, ხელნაწერებიდან ამოვიწეროთ მათი სახელები, თუ როდის მოღვაწეობდნენ
ისინი. შეიძლება რაღაც ბიოგრაფიული მონაცემებიც კი ვიპოვოთ მათ შესახებ. ისინი
ღირსნი არიან იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის მოვიხსენიებდეთ მათ სახელებს
წირვა-ლოცვაში.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ! ღმერთმა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს
სული მონისა ღვთისა ილია აბულაძისა, ამინ. ახლა კი შევასრულებთ პანაშვიდს მისი
სულის საოხად.

ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

 

პანაშვიდის დასასრულს უწმიდესმა და უნეტარესმა, საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დალოცა თბილისის 190-ე სკოლა, რომლის დირექტორი
გახლავთ ბატონი დავით კეკელია.

მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ მრევლს შეახსენა, რომ საშობაო მარხვა იწყება
28 ნოემბერს. პატრიარქის კურთხევით, 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათისა და პარასკევის
გარდა ხსნილია თევზით. 25 დეკემბრიდან – 7 იანვრამდე კი თევზი აღარ მიიღება.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №48, 2001 წ.