საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (25 დეკემბერი, 2005 წ.)

25 დეკემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-25-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9b

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 25 დეკემბერი, 2005 წ.

„ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გავხდებოდი,
როცა ჯერ კიდევ სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი, ძალიან უბრალო ოცნება მქონდა:

მინდოდა, ვყოფილიყავი მოძღვარი პატარა სოფელში, რომ მეც მემუშავა ისე,
როგორც სხვა გლეხები მუშაობენ და ამასთან, მოძღვარი ვყოფილიყავი. მაგრამ უფალი
მეფობს,
უფალი განაგებს ყველაფერს, უფალი ანიჭებს მადლს და ძალას“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. „უფალმან ძალი ერსა
თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“ – ეს არის ფსალმუნის
სიტყვები.

ძალა და მშვიდობა გვჭირდება, გვჭირდებოდა და დაგვჭირდება მომავალშიც. მაგრამ
რომელ ძალაზეა აქ საუბარი? უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, სულიერ ძალაზე და
მადლზე. ეს არის ძალა ღვთისა, ერი, რომელიც შეიძენს ამ მადლს, მას მიენიჭება
მშვიდობა.

აი, ეს პროცესი მიმდინარეობს დღეს და ჩვენ ვმადლობთ ღმერთს, რომ უფალი გვაძლევს
მადლს და მშვიდობას.

ძალიან ძნელია, წარმოიდგინო ის წლები, რომელიც ჩვენ განვვლეთ, – ეს არის 28 წლის
მოწამეობა. საოცარია განგება ღვთისა, საოცარია მადლი ღვთისა! ძალიან ხშირად იგი
ეძლევა უძლურთ.

ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გავხდებოდი, როცა
ჯერ კიდევ სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი, ძალიან უბრალო ოცნება მქონდა:
მინდოდა, ვყოფილიყავი მოძღვარი პატარა სოფელში, რომ მეც მემუშავა ისე, როგორც სხვა
გლეხები მუშაობენ და ამასთან, მოძღვარი ვყოფილიყავი. მაგრამ უფალი მეფობს, უფალი
განაგებს ყველაფერს, უფალი ანიჭებს მადლს და ძალას.

პავლე მოციქული ამბობს: „ცოდვილთაგან პირველი მე ვარ!. და მე რაღა მეთქმის?!
ალბათ, მთელი საქართველოს ცოდვები რომ შევკრიბოთ, – ეს ყველაფერი ჩემშია. მაგრამ
მიუხედავად ამისა, უფალი ჩვენთანაა, უფალი ახლოსაა ჩვენთან. უფალი მეფობდა, მეფობს
და იმეფებს! ხოლო ჩვენ ვართ ძალიან უძლური მუშაკნი ღვთისანი.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით, მომხდარიყო სინერგია – დაახლოება ღვთის
ენერგიისა და ადამიანის ნებისა, ნაწილობრივ, მივაღწიეთ კიდეც და ამისი შედეგი თქვენ
ბრძანდებით.

მახსოვს ისეთი წლები, როცა ჩვენი ტაძრები ცარიელი იყო. მაგრამ დაიწყო ღვთის
მადლის გამობრწყინება საქართველოში.

საოცრება მოხდა თვით იმ დღეს, როცა აღსრულდა ჩემი ინტრონიზაცია.

ეს უკვე იყო ნიშანი ღვთისა, ეს იყო სასწაული ღვთისა, როცა სვეტიცხოვლის ეზო და
მთელი მცხეთა აივსო მოსახლეობით, განსაკუთრებით, ახალგაზრდებით. ხალხი რაღაცას
ელოდა, ხალხი თითქოს გრძნობდა, რომ იწყება რაღაც არაჩვეულებრივი პროცესი, იწყება
სულიერი წინსვლა. მაგრამ ჩვენ თვითონ ვერ ვაცნობიერებდით, ჩვენ თვითონ არ გვესმოდა,
რა ხდებოდა. აღსრულდა ის, რაც ნებავდა უფალს.

როცა ვუყურებთ ამ წლებს, რომელიც გამოვიარეთ, ნათლად ვხედავთ, რომ უფრო
გამწვავდა დაპირისპირება ნათელსა და ბნელს შორის, უფრო გამოიკვეთა, სად არის კეთილი
და სად – ბოროტი. ჩვენ ამას ვამბობთ არა იმიტომ, რომ განვიკითხავთ ზოგიერთს, არამედ
ვამბობთ იმიტომ, რომ დავეხმაროთ მათ და შევთხოვოთ უფალს, ისინიც დადგნენ კეთილ
გზაზე.

ერთ მოხუცებულს ჰკითხეს: ყველაზე მეტად რა აკლია საქართველოსო? ზოგიერთმა თქვა,
რომ აკლია შუქი, აკლია პური, აკლია რაღაც მატერიალური და იმ ადამიანმა კი თქვა:
ქართველს აკლია ქართველობა. ყველაზე მძიმე ეს არის: ქართველს აკლია ქართველობა,
ქართული სულისკვეთება, ქართული წესი. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ადვიად ვღებულობთ
უცხოეთიდან შემოსულ ჩვევებს და ვივიწყებთ საკუთარ წეს-ადათს.

როგორ წარმოიდგენდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ჩვენი ახალგაზრდობა აი, ასე
მოიქცეოდა, როგორც დღეს იქცევა ზოგიერთი. ბოლო ასმა წელიწადმა განსაკუთრებით
შეცვალა ყველაფერი, მაგრამ არ უნდა გვიკვირდეს, ბიბლიაში ნათქვამია, რომ როცა
ბოროტი იგრძნობს აღსასრულის მოახლოებას, იგი გაამკაცრებს თავის ბრძოლას.

არ შეგეშინდეთ ცოდვის სიმძიმის, არ შეგეშინდეთ დაცემისა. მთავარია, დაცემის
შემდეგ ავდგეთ და ისევ გავაგრძელოთ ჩვენი გზა ღვთისაკენ მიმავალი. აი, ამიტომ ითქვა
თავის დროზე: ქართველნო, ერთად ღვთისაკენ.

მე იმედით ვუყურებ ჩვენს მომავალს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა, რომლის
წილხვედრია საქართველო, არ დაუშვებს საქართველოს დაცემას.

თქვენ გახსოვთ, ვაჟა-ფშაველამ 1911 წელს ჩვენებაში ნახა თამარ მეფე, სხვა წმინდა
მეფენი და მოწამენი. შუაში იდგა თამარიო და იყო ბრწყინვალე, როგორც ცისკარიო; ეს
წმიდანები ერთხმად ამბობდნენ: „აღსდგება საქართველოო!“ და აი, ეს აღდგომა
საქართველოსი დაწყებულია, და ბოროტი ვერაფერს დააკლებს ჩვენს ქვეყანას.

წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან და საქართველოში.
ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №1,
2006 წ.