საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (24 სექტემბერი, 2006 წ.)

24 სექტემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-24-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%94

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 24 სექტემბერი, 2006 წელი

„ზოგს შეუძლია იტვირთოს სხვისი სიმძიმე, ზოგს კი – არა.
ეს ადამიანის რწმენაზე, მის სულიერებაზეა დამოკიდებული!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანის ცხოვრება – ეს არის რთული გზა, რომელიც ყველამ უნდა განვლოს. და ამ გზაზე
ყოველ ადამიანს ღვთისაგან მოცემული აქვს თავისი ჯვარი: ზოგს უფრო მძიმე, ზოგს –
ნაკლებად. და ეს ჯვარი თითოეულმა ჩვენგანმა ბოლომდე უნდა მიიტანოს.

არის შემთხვევა, როცა ადამიანი ეცემა თავისი ჯვრის სიმძიმის ქვეშ. ამ დროს ჩვენ არ
უნდა გვეგონოს, თითქოს უფლისგან მიტოვებული ვართ. განსაცდელის დროს უფალი ყოველთვის
მოდის ჩვენთან და გვეხმარება, – ჩვენთან ერთად ტვირთულობს ჩვენს ჯვარს, რომელიც
თავადვე გვიბოძა.

უფალი გვეწევა და ჩვენც ერთმანეთს უნდა შევეწიოთ, უნდა შევუმსუბუქოთ ერთმანეთს
ცხოვრების ტვირთი, რომელიც ღმერთმა გვარგუნა. პავლე მოციქული გვმოძღვრავს: „ურთიერთ
სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“. მაგრამ ზოგს შეუძლია
იტვირთოს სხვისი სიმძიმე, ზოგს კი – არა. ეს ადამიანის რწმენაზე, მის სულიერებაზეა
დამოკიდებული.

თუ ადამიანი მორწმუნეა, გაჭირვებულს აუცილებლად დაეხმარება. ხშირად ამბობენ, – დღეს
ყველას უჭირს. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დახმარება მხოლოდ მატერიალურ
შემწეობას არ გულისხმობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ადამიანს ესეც ჭირდება. მაგრამ უნდა
გვახსოვდეს, რომ, ადამიანი უპირველესად სულიერ დახმარებას, თბილი სიტყვის თქმას,
გამხნევებას, იმედის მიცემას საჭიროებს. ეს ყველაფერი დახმარებაა.

ერთი ჭიქა წყალი რომ მიაწოდო მწყურვალს, ესეც არ იკარგება ღვთის წინაშე! არცერთ
თბილ და იმედის მიმცემ სიტყვას დაგივიწყებთ უფალი. მატერიალურ დახმარებაზე მეტად
ზოგჯერ შენგან ადამიანი უფრო საჭიროებს ასეთი სიტყვების მოსმენას: „ნუ გეშინია,
ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი კარგად იქნება!“ აი, ეს არის ადამიანის დახმარება.

დღეს არის ერთი დიდი წმინდანის ხსენება, რომლის ცხოვრება აუცილებლად უნდა იცოდეთ
თქვენ, ეს წმინდანია – წმინდა თეოდორა ალექსანდრიელი. იგი V საუკუნეში ცხოვრობდა და
მოღვაწეობდა. საოცარია წმინდა თეოდორა ალექსანდრიელის ცხოვრება, საოცარია მისი
მოთმინება, მისი რწმენა, მისი სიყვარული ღვთისა და ადამიანებისა!

წმინდა თეოდორა ალექსანდრიელი გათხოვილი ქალი იყო. ერთხელ, როცა მისი ქმარი სადღაც
სხვა ქალაქში იყო წასული, თეოდორას ახალგაზრდა კაცი შეუჩნდა, მის შეცდენას
ცდილობდა. თეოდორა მტკიცე უარზე იდგა, ახალგაზრდა კაცის მზაკვრულ სიტყვებს არ
იღებდა. კაცი არ მოეშვა, ბოლოს ვიღაც მიუგზავნა და ახლა უკვე ამგვარად ცდილობდა მის
დაყოლიებას. ეშმამ აცდუნა ქალი და თეოდორა დაეცა, იმ მამაკაცთან შესცოდა. მაგრამ
თავისი დაცემა იმდენად განიცადა, რომ ქმრის სახლში ვეღარ გაჩერდა და ვიდრე ქმარი
შინ დაბრუნდებოდა, სახლი დატოვა. ქმარი რომ დაბრუნდა, ცოლი შინ არ დახვდა. მან
თავისი მეუღლის ძებნა დაიწყო, მაგრამ ამაოდ. თეოდორამ საოცარი გადაწყვეტილება
მიიღო, მან მამაკაცის სამოსი ჩაიცვა და მამათა მონასტერს სამოღვაწეოდ მიაშურა.
მივიდა ბერებთან და თავი მამაკაცად წარუდგინა, უთხრა: მე თეოდორე ვარ, მორჩილად
მიმიღეთო. წინამძღვარმა შეამჩნია მისი მშვენიერი გარეგნობა და ამიტომ ყური არ
ათხოვა, უარით გამოისტუმრა. თეოდორა არ მოეშვა, იგი მთელი ღამე კარიბჭესთან იდგა და
ითხოვდა, მიმიღეთო. ბოლოს, როდესაც წინამძღვარი მისი გადაწყვეტილების სიმტკიცეში
დარწმუნდა, მონასტრის საძმოში მიიღო, როგორც ბერი, როგორც მამაკაცი. რატომ
გადაწყვიტა თეოდორამ მამათა მონასტერში წასვლა? რატომ აირჩია მან ეს მძიმე გზა?
აირჩია იმიტომ, რომ თავისი ცოდვა ამ გზით გამოესყიდა, თავი სასტიკად ეწამებინა და
მამაკაცების გვერდიგვერდ ცხოვრებით მოთმინება გაეძლიერებინა. მონასტერში იმდენად
წმინდა იყო მისი ცხოვრება, რომ მას ნიანგი ემსახურებოდა. მონასტრის მახლობლად ტბა
იყო, საიდანაც ბერები წყალს ეზიდებოდნენ. თეოდორა ტბასთან რომ მივიდოდა, ნიანგი
ნაპირთან მიცურდებოდა ხოლმე, თეოდორა მასზე ამხედრდებოდა და ნიანგს იგი შუა წყალში
შეჰყავდა, რათა იქ საუკეთესო წყალი შეევსო. ბერები მას შურით შეჰყურებდნენ.
უკვირდათ და შურდათ, რომ ის, ახლადმოსული სულიერად ასეთი ძლიერი იყო. ქმარი კი
ეძებდა თეოდორას და დღე და ღამე მწარედ ტიროდა. ერთხელ მას ესმა ხმა, რომელმაც
უთხრა: წადი ამა და ამ გზაზე, იქ აქლემები ჩაივლიან და ერთერთ აქლემზე ამხედრებული
ადამიანი, თავს რომ დაგიკრავს, ის არის შენი ცოლიო. მართლაც, წავიდა და დაჯდა იმ
გზაზე. აქლემებიც იხილა და ერთ-ერთ მათგანზე მჯდომმა ბერმა მას თავი დაუკრა.
მაგრამ, რას წარმოიდგენდა, რომ სწორედ ის ბერი იყო მისი მეუღლე! ქმარმა ვერ
გულისხმაჰყო, ეგონა უბრალოდ, ვიღაც ბერი მომესალმაო, კვლავ განაგრძო ძებნა და
დარდი. ერთხელ თეოდორას ასეთი რამ შეემთხვა. იგი მონასტერში სურსათის მომმარაგებელი
იყო და გზაში დაუღამდა. იგი დედათა მონასტერში მივიდა და ღამის გასათევად დარჩა.

იმ დროს იქ იმყოფებოდა სტუმრად მისული იღუმენიას დისშვილი, – თავისუფალი ცხოვრების
ქალი. იგი მოიხიბლა თეოდორას მშვენიერებით, რადგან მამაკაცი ეგონა და ღამე მასთან
მივიდა. თეოდორამ დაარიგა ქალი, უთხრა, რომ ასეთი საქციელი ცოდვა იყო და უკან
სენაკში გაისტუმრა. შემდეგ ეს ქალი მაინც სხვასთან ცდუნდა და დაორსულდა. როდესაც
მონაზვნებმა მისი ორსულობის შესახებ შეატყვეს, გამოკითხვა დაუწყეს, თუ ვისგან იყო
ფეხმძიმედ. ქალმა ბერი თეოდორე დაასახელა. როდესაც ქალმა იმშობიარა და მას ვაჟი
შეეძინა, დედებმა ჩვილი მამათა მონასტერში მიიყვანეს და ბერ თეოდორეს დაუტოვეს, –
შენი შვილია და თავადვე მოუარეო. როდესაც მონასტრის საძმომ შეიტყო, რომ თურმე ბერი
თეოდორე ქალთან დაცემულა, ჩვილთან ერთად მონასტრიდან გააძევეს. თეოდორა დუმდა, მას
არაფერი უთქვამს თავის გასამართლებლად. როგორ შეიძლებოდა, ჩვილი ქალს მისგან
შესძენოდა, – თეოდორაც ხომ თავად ქალი იყო!

თეოდორა ჩვილთან ერთად უდაბნოში გავიდა. რამდენიმე წლის განმავლობაში იქ ცხოვრობდა
და ჩვილსაც იქ ზრდიდა. მასთან ირმები მიდიოდნენ, თეოდორა მათ წველიდა და ჩვილს რძით
კვებავდა. ასე გაატარა უდაბნოში 6-7 წელი. თვითონ უდაბნოში მცენარეებს ეძებდა და
ამით საზრდოობდა. როდესაც ბერებმა დაინახეს, როგორ მოღვაწეობდა თეოდორა უდაბნოში,
იგი უკან მონასტერში დააბრუნეს. თუმცა დაბრუნების შემდეგ ის მალევე გარდაიცვალა.
მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეიტყვეს ბერებმა, რომ იგი ქალი ყოფილა. მაშინ
მიხვდნენ, რომ ტყუილ-უბრალოდ დასწამეს ცილი და მთელი საძმო მისი ცხედრის წინაშე
დაემხო, ბერები მუხლმოყრილი პატიებას ევედრებოდნენ მას.

წმინდა თეოდორას ყოფილ ქმარს ჰქონდა ჩვენება: წადი ამა და ამ მონასტერში და იქ
იხილავ შენ მეუღლეს გარდაცვლილსო. აი, ასეთი საოცარია წმინდა თეოდორა
ალექსანდრიელის ცხოვრება!

საერთოდ, რთულია ადამიანის ცხოვრება. ადამიანის ამქვეყნიური გზა – ეს არის გამოცდა.
ნურავის ეგონება, რომ ვინმეს ცხოვრება შეიძლება იყოს ია-ვარდებით მოფენილი!

ყველას აქვს თავისი განსაცდელი, თავისი გაჭირვება ცხოვრების გზაზე. ჩვენ უნდა
ვეცადოთ, შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ტვირთის სიმძიმე.

მინდა, შევთხოვო უფალს, რომ მოგვცეს ძალა, მოთმინება და, უპირველეს ყოვლისა, რწმენა
და სიყვარული. რადგან თუ ადამიანს გააჩნია სარწმუნოება და სიყვარული, თუ ადამიანს
გააჩნია „განცდაი თვისთა ცოდვათა“, ის სხვას არ განიკითხავს, პირიქით, ის სხვას
დაეხმარება. და სწორედ ამისთვისაა მოწოდებული ყოველი ადამიანი!

დღეს აქ ბრძანდებიან ექიმები საპატრიარქოს სამშობიაროდან. მინდა გაცნობოთ, რომ
იღუმენი ადამი (ახალაძე) დანიშნულია ამ სამშობიაროს დირექტორად. მოხარული ვარ, რომ
დღეს ჩვენთან ბრძანდება ამ სამშობიაროს მედპერსონალი. ვფიქრობ, რომ თქვენ ბევრ
სიკეთეს გააკეთებთ, მრავალ სიხარულს მოუტანთ ადამიანებს და გაუადვილებთ იმ მძიმე
პერიოდს, რომელიც მშობიარობას თან სდევს. ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა ძალა მოგცეთ!
ღმერთმა ბევრი სიკეთე გაგაკეთებინოთ! ჩვენ უნდა ვეცადოთ, ბევრი სიკეთე ვაკეთოთ და
თან უნდა ვიჩქაროთ სიკეთის კეთება. მინდა, სამშობიაროს მედპერსონალს ხატები
გაჩუქოთ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს დიდებული ტაძარი არის წმინდა სამების
სახელობის და ამ წმინდა ადგილას სწორედ წმინდა სამების ხატებს გიძღვნით. დალოცვილი
და გახარებული იყავით თქვენ და ის ადამიანები, რომლებიც დახმარებისთვის
მოგმართავენ!

მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის კრწანისის დღესასწაული, თუ შეიძლება, ეს დღე
დღესასწაულად იწოდოს. ეს დღე ერთდროულად არის ჩვენი გლოვაც და სიხარულიც – ალბათ,
ორივე ერთად. დღეს ორ საათზე კრწანისის ველზე შესრულდება პარაკლისი და პანაშვიდი.

ჩვენთან არს ღმერთი!

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №36(389),
2006 წ.