საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (24 ივნისი, 2007 წელი)

24 ივნისი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-24-%e1%83%98%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 24 ივნისი, 2007 წელი

„მოძღვრის ხელზე მთხვევა არავითარ
შემთხვევაში არ არის მის მიმართ პატივისცემის გამოხატულება,
ეს არის ღვთისადმი თაყვანისცემა სულიწმინდის მადლის მიღებისას და ეს არის უდიდესი
საიდუმლო!“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. საკვირველება და სასწაული
ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია, მაგრამ სრულიად რეალურია ღვთისათვის. უფლის
ყოველი დალოცვა, ყოველი კურთხევა – სასწაულია. კურთხევის დროს უფალი იქმს სასწაულს.
როცა სასულიერო პირი ადამიანს ლოცავს, მასზე უხილავად გადმოდის მადლი სულისა
წმინდისა, რომელიც არის „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“. მადლობა
ღმერთს, რომ დღეს ქართველი ადამიანი უფრო მეტად ხედავს და გრძნობს ამ მადლის
არსებობას. სწორედ ამიტომაა, რომ იგი მოდის ტაძარში, რათა მიიღოს მადლი სულისა
წმინდისა.

ზოგჯერ მორწმუნეს ეკითხებიან: მოძღვრისაგან ლოცვა-კურთხევისას მას ხელზე რომ
ემთხვევი, ეს რა არის, მის მიმართ პატივისცემის გამოხატულება თუ რაღაც სხვა რამ?
მოძღვრის ხელზე მთხვევა არავითარ შემთხვევაში არ არის მის მიმართ პატივისცემის
გამოხატულება, ეს არის ღვთისადმი თაყვანისცემა სულიწმინდის მადლის მიღებისას და ეს
არის უდიდესი საიდუმლო. ამიტომ, როცა გაქვთ საშუალება, სასულიერო პირს რომ
დაინახავთ, აუცილებლად მიდით მასთან და აიღეთ ლოცვა-კურთხევა. სასულიერო პირი არის
გამცემი სულიწმინდის მადლისა. სწორედ მასზეა ნათქვამი წმინდა წერილში: „რასაცა
შეკრავთ ქვეყანასა ზედა, კრულ არის ცათა შინა და რასაცა გახსნით ქვეყანასა ზედა,
ხსნილ არის ცათა შინა“.

დღეს არის დღესასწაული ყვლადწმინდისა ღვთისმშობლის ერთ-ერთი უძველესი ხატისა,
რომელსაც ეწოდება „ღირს არსი“. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს
არის ცნობილი სასწაულთმოქმედი ხატი და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მისი ასლი ახლახან
ჩამობრძანდა ჩვენთან წმინდა ათონის მთიდან. და ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ის მადლი,
რომელიც გააჩნია ამ ხატის დედანს, ასევე გამოჰყვა მის ასლს და დაივანა ჩვენთან.
დღეს ჩვენ მადლობა უნდა შევწიროთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ყოვლადწმინდა
ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი წმინდა კალთა თქვენ და სრულიად
საქართველოს.

დღეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დასალოცად მოვიდნენ მოსწავლეები და
მასწავლებლები სამი სკოლიდან – ჯავახეთიდან – ბარალეთის სკოლიდან, წმინდა ილია
მართლის სახელობის გიმნაზიიდან და 123-ე საჯარო სკოლიდან. რამდენიმე წლის წინ
წარმოუდგენელი რამ იყო, რომ სკოლის მოსწავლეები დირექტორთან და პედაგოგებთან ერთად
ეკლესიაში მოსულიყვნენ. მადლოს ღმერთს, რომ დღეს არის ამისი საშუალება. დალოცვილი
იყავით დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები. მადლი სულისა წმინდისა იყოს
თქვენ ზედა და ღმერთმა ინებოს, რომ სიკეთე აკეთოთ, სიყვარული გასცეთ და
თქვენვე სიყვარული და სიხარული დაგიბრუნდებათ. მინდა შევთხოვო უფალს, ღმერთმა
დალოცოს ეს სკოლები, მათი აღსაზრდელები და აღმზრდელები. მინდა მივმართო ჩვენს
ბავშვებს: ჩვენო სულიერი შვილებო, ჩვენო ბავშვებო, თქვენ ხართ მომავალი
მამულიშვილები, მოქალაქეები ჩვენი ქვეყნისა და უნდა გახდეთ ღირსეული ადამიანები და
ასახელოთ საქართველო. თქვენ უნდა გააგრძელოი ჩვენი ცხოვრება და აღშენება
ჩვენი ქვეყნისა, ამიტომ კარგად უნდა ისწავლოთ, კარგი განათლება მიიღოთ. დრო ფუჭად
არ დაკარგოთ და ერიმანეთში არ იჩხუბოთ. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში უკვე
არსებობს ისეთი სკოლები, რომლის აღსაზრდელები გაკვეთილების შემდეგ ერთმანეთთან
შეურიგებლად შინ არ მიდიან. თუკი დღის განმავლობაში ვინმესთან რაიმე კონფლიქტი
მოუვიდათ, შინ წასვლამდე ისინი აუცილებლად ერთმანეთს ურიგდებიან, აუცილებლად
სთხოვენ ერთმანეთს პატიებას და ისე ბრუნდებიან შინ. ეს უნდა გახსოვდეთ. მასწავლებლებს
მინდა ვთხოვო, რომ ორიანი არ დაუწერონ მოსწავლეებს. შეძლებისდაგვარად აღასრულეთ ეს
ლოცვა-კურთხევა. როდესაც მასწავლებელი ხშირად უწერს მოსწავლეს ორიანს, ეს იმას
ნიშნავს, რომ ის მასწავლებელი სუსტია.

ღმერთმა დაგლოცოთ. დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №22,
2007 წ.