საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება ( 24 იანვარი, 2010 წ.)

24 იანვარი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-24-%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%90

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 24 იანვარი, 2010 წ.

„თავმდაბლობა – ეს არის ღვთისგან ბოძებული მადლი,
რომელსაც ადამიანი სასუფეველში აჰყავს!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გუშინ ეკლესია უკვე „მარხვანის“ კითხვას შეუდგა, მალე დიდმარხვაც დაიწყება… ამ კვირას მეზვერესა და ფარისევლის კვირიაკე ეწოდება და ეკლესია სინანულისა
და მარხვის მომზადებისკენ მოგვიწოდებს.

ადამიანი რთული არსებაა. შეიძლება მან უკიდურესადაც კი დაიმდაბლოს თავი. ამის
მაგალითია დიდი დავით აღმაშენებელი, რომელმაც თქვა: „გულზე დამადგით ფეხი
ყოველმან!“ ასეთი სიტყვები არ უთქვამს არა თუ რომელიმე სხვა მეფეს, ჩვეულებრივ
ადამიანსაც კი!

აი, კიდევ ერთი მაგალითი თავმდაბლობისა – ვაჟა-ფშაველა ამბობს: „მე მინდა ვიყო
ბალახი, მე არ მწადიან ცელობა“. ე.ი. მას ურჩევნია, რომ იგი მოცელონ, ვიდრე თავად
შეიქნეს ცელი!

საოცარი სათნოებაა თავმდაბლობა! ეს არის ღვთისაგან ბოძებული მადლი, რომელსაც
ადამიანი სასუფეველში აჰყავს! თავმდაბალ ადამიანს უფალი ყველაფერს უსრულებს,
ყოველივეს ანიჭებს.

ჩვენ ყველას სწორედ ეს სათნოება გვაკლია და ამის საპირისპირო სენი – სიამაყე და
ამპარტავნება გვაწუხებს. ქართველი ადამიანი ამპარტავანია და ჩვენ უნდა
გავთავისუფლდეთ ამ მძიმე ცოდვისგან!

მახსენდება სემინარიაში სწავლის დროს ჩემი პირველი ჩამოსვლა თბილისში, არდადეგებზე;
შემიყვანეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს
მელქისედეკ III-სთან. ვინც ცოტა ხანდაზმული ბრძანდებით, ალბათ გახსოვთ ეს დიდი
პატრიარქი! უწმინდესისა და უნეტარესი მელქისედეკის შესახებ არსებობს მოგონებები:
მან ძალიან მძიმე წლები გამოიარა. დაამთავრა ყაზანის სასულიერო სემინარია; ცოლი
ადრე გარდაეცვალა და შვილები მამის იმედად დარჩა. მათ ბინაში თურმე ისე ციოდა,
თითქმის ყინავდა და ამიტომ ჯერ თავად ჩაწვებოდა ხოლმე ლოგინში, რომ გაეთბო იგი და მერე შვილებს აწვენდა…

როდესაც მასთან ლოცვა-კურთხევაზე მიმიყვანეს, ასეთი სიტყვები მითხრა: „გახსოვდეს,
ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მიანიჭებს მადლსა“. და ეს რატომღაც
რუსულად მითხრა. მგონი იმიტომ, რომ ეგონა, ასე უფრო კარგად გავიგებდი. იმდენად
ღრმად ჩამწვდა მაშინ გულში მისი სიტყვები, დღესაც მასზე ვფიქრობ, ალბათ მან ჩემში
ამპარტავნება დაინახა და ამიტომ გამაფრთხილა…

დღევანდელი სახარების საკითხავი სწორედ თავმდაბლობას ქადაგებს. ეკლესიაში შევიდა
ორი ადამიანი: მეზვერე და ფარისეველი. ფარისეველი წინ დადგა და ფიქრობდა: „მე
ვასრულებ მცნებებს და არ ვარ ისეთი, როგორიც ის მეზვერეა!“ მეზვერე კი იყო კაცი,
რომელიც გადასახადს კრეფდა და ხალხს არ უყვარდა. მეზვერე გრძნობდა თავის ცოდვებს და
ამბობდა: „მიწყალე მე, ღმერთო!“ და წმინდა წერილში წერია, რომ მეზვერე უფრო
გამართლებული გავიდა ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ფარისეველი
დაისაჯა. ეს ასე არ არის. ღმერთი იმდენად მოწყალეა, რომ ამ სიტყვების გამო არ
დასაჯა ფარისეველი. სახარების ეს ადგილი შემდეგს გვაუწყებს: მეზვერე უფრო
გამართლებული გავიდა, ანუ – ფარისეველზე მეტად გამართლებული.

და სახარების ეს საკითხავი მთავრდება სიტყვებით: „რომელმაც აღიმაღლოს თავი თვისი,
იგი დამდაბლდეს და რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლლდეს“.

თავმდაბლობა – ეს არის რჩეულთა ხვედრი და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს
რჩეული უფლისა!

ღმერთმა მოგანიჭოთ სიმდაბლე და მორჩილება!

ღმერთმა მისცეს ჩვენს ერს ეს უდიდესი ნიჭი, რათა ყოველი ადამიანი ცხონდეს და ყოველი ჩვენგანის სახელი ჩაწერილი იყოს წიგნსა მას ცხოვრებისასა!

ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა! ღმერთმა მისცეს მშვიდობა და მთლიანობა სრულიად
საქართველოს!

მართალია, დღეს უჭირს საქართველოს, დარღვეულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ
იმედი არუნდა დავკარგოთ! სწორედ ეს თვისებები – თავმდაბლობა, მარხვა, ლოცვა,
სიკეთის კეთება დაგვიბრუნებს აფხაზეთსაც და ცხინვალის რეგიონსაც! ღშერთმა ინებოს!

დღეს ჩვენ ვლოცავთ ოთხ გვარს: ბერიძეებს, მიქაბერიძეებს, კომახიძეებსა და
გეგეჭკორებს.

ბერიძეების გვარის წარმომადგენელი მოძღვრები ეკლესიაშიც მსახურობენ. უწინ ზოგიერთი
ამ გვარის შვილი მუსულმანი ყოფილა; ახლა კი ისინი ჩვენზე კარგი ქრისტიანები არიან.

ჩვენ ასევე ვლოცავთ 189-ე და მე-15 საჯარო სკოლებს.

მეტად მახარებს გვარებისა და ორგანიზაციების დალოცვის ეს პრაქტიკა, რომელიც ჩვენთან
უკვე ტრადიციად იქცა!

დალოცვილი და გახარებულები იყავით, ღმერთმა გაგამრავლოთ და გაგაძლიეროთ! ღმერთმა
ინებოს, რომ თქვენი გვარებიდან დიდი მამულიშვილები გამოსულიყვნენ!

ჩვენ დღეს ვაჯილდოებთ ერთ სასულიერო პირს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ფოკაში
მოღვაწეობს – მღვდელ-მონაზონ ილია ხურცილავას; ის ჯილდოვდება ოქროს ჯვრითა და
იღუმენის წოდებით.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №3, 2010 წ.