საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (23 სექტემბერი, 2001 წ.)

23 სექტემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-23-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%94-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

სიონის საკათედრო ტაძარი, 23 სექტემბერი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად
საქართველო!

ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა მრავალი წინააღმდეგობა და განსაცდელია ყოველი
ჩვენგანისა და მთელი ერის წინაშე. როცა კეთილი და ბოროტი განსაკუთრებით ებრძვის
ერთმანეთს. ნათქვამია, რომ ბოლო ჟამს ბოროტება განსაკუთრებით მომძლავრდება. ჩვენ
უკვე ცხადად ვხედავთ ამას. თქვენ იცით, რომ გადადგმულია უზარმაზარი ნაბიჯები
მეცნიერებაში, ტექნიკაში, მაგრამ ამაზე უფრო დიდი ნაბიჯები გადადგმულია უკან –
ზნეობაში, რწმენაში, სულიერებაში, რადგან კაცობრიობის დიდმა ნაწილმა დაკარგა განცდა
ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. ამ ურთულეს დროს ჩვენს წინაშე დგება საკითხი: რა უნდა
ვაკეთოთ? რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსოფლიო გადარჩეს? რა უნდა გავაკეთოთ
იმისათვის, რომ „ბოროტსა სძლიოს კეთილმან“? უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა იყოს ჩვენი
ბავშვების, ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდა. თქვენ იცით, როგორ სათუთად უზრდიდნენ
შვილებს მამულს ჩვენი წინაპრები. ისინი ზნეობით, რწმენით გამოირჩეოდნენ. საოცარია,
ძალიან ხშირად მშობლებმა იცოდნენ, რომ სიკვდილი არ ასცდებოდა მათ შვილს, მაგრამ
ბრძოლის ველზე მაინც უყოყმანოდ აგზავნიდნენ, სამშობლოსათვის თავდადება მამულიშვილის
უპირველეს მოვალეობად ითვლებოდა. დღეს უკვე ასე აღარ არის, რადგან დღევანდელ
მშობლებს თავად არა აქვთ ასეთი აღზრდა მიღებული, თვითონ არა აქვთ სულიერება და
რწმენა. მთელი ისტორიის მანძილზე ჯერ არ ყოფილა ისეთი დრო, როგორიც ახლაა. როდესაც
შვილები სულიერად უფრო მაღლა დგანან თავიანთ მშობლებზე და მშობლებს შვილები
ასწავლიან, თუ რა არის ჭეშმარიტება, რა არის ჭეშმარიტი სარწმუნოება, რა არის სიკეთე
და რა – ბოროტება.

ამ ურთულეს დროს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლებს. ჩვენ მოხარულნი ვართ,
რომ დღეს აქ მობრძანდა 178-ე სკოლის დირექტორი მერაბ ხვედელიძე, სკოლის მოსწავლეები
და მასწავლებლები. საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა, რომ ჩვენს საკათედრო ტაძარში
მოდიან სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები და ლოცვა-კურთხევას იღებენ. ღმერთმა
დაგლოცოთ ბატონო მერაბ, ღმერთმა დალოცოს თქვენი სკოლის მოსწავლეები და
მასწავლებლები. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საკმარისი არ არის,
მასწავლებლებმა მოსწავლეებს მხოლოდ ცოდნა მისცენ. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მათი
სულიერი აღზრდა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ თუ ურწმუნო ადამიანს აქვს ცოდნა, იგი მას
ბოროტად გამოიყენებს. ცოდნის კეთილად გამოყენება იმ შემთხვევაში ხდება, თუ არსებობს
რწმენა ჭეშმარიტი ღმერთისა. მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების სწორად
გამოყენებაც მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოებითაა შესაძლებელი.

ასევე მინდა განსაკუთრებით შევეხო ერთ მოვლენას, რომელიც ძალიან სამწუხაროა.
როგორც იცით, საქართველოში მრავალი სექტა შემოიჭრა. უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი
მტრის მიერ არიან მოგზავნილნი, და ცდილობენ გახლიჩონ ჩვენი ერი, რათა დავკარგოთ
ჭეშმარიტი სარწმუნოება. მათ იციან, რომ დღემდე სწორედ ჭეშმარიტმა სარწმუნოებამ,
მართლმადიდებლობამ მოგვიყვანა. მართლმადიდებელი სარწმუნოება და ჩვენი დედა ეკლესია
არის ერთადერთი გზა და ძალა, გამაერთიანებელი ჩვენი ერისა. იგი გადაარჩენს
საქართველოს.

ღმერთმა გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. ღმერთმა მშვიდობა მოგანიჭოთ თქვენ და სრულიად
საქართველოს.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №39, 2001 წ.