საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (23 მარტი, 2008 წ.)

23 მარტი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-23-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98-20

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 23 მარტი, 2008 წ.

„ზოგჯერ გვგონია, თითქოს ჩვენ
ვიცავთ მართლმადიდებლობას,
სინამდვილეში კი ჩვენი სარწმუნოება იცავს ჩვენს ერსა და ჩვენს ქვეყანას!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ძალა და მშვიდობა – ეს არის ის, რაც აუცილებელია ერისთვის და ყოველი
ადამიანისთვის.

ხშირად ვფიქრობთ, თუ რაშია ძალა ერისა. როგორ მოხდა, რომ ჩვენზე ძლიერი და
მრავალრიცხოვანი ერები გადაშენდნენ და დღეს უკვე მათი ხსენებაც აღარ არის, ისეთი
უძველესი ერები და ქვეყნები, როგორიცაა, საბერძნეთი, საქართველო, რუსეთი და
სხვა, ღვთის მადლით, დღესაც არსებობს და მომავალშიც იარსებებს. რამ გადაარჩინა
ისინი, რაშია მათი ძალა? უპირველეს ყოვლისა კი რა არის ღერძი სულიერებისა, რა
არის მთავარი იდეა ჩვენი ერებისა?

ქართული იდეა წმინდა ილია მართალმა (ჭავჭავაძემ) მოკლედ გამოთქვა: „მამაული, ენა,
სარწმუნოება“. დღეს, როცა თანდათან ასე აქტიურდება გლობალიზაციის პროცესი,
განსაკუთრებით გვმართებს ფიქრი ჩვენს სულიერ და ეროვნულ საუნჯეზე, ჩვენს სარწმუნოებაზე. ძალიან ხშირად მსოფლიოს არ ესმის, რა არის სარწმუნოება. ზოგიერთი ფიქრობს,
თითქოს მართლმადიდებლობა არის ჩაკეტილი რელიგია. სინამდვილეში, მართლმადიდებლობა
არის ის რწმენა და ის ტრადიცია, რომელიც გააჩნდა წმინდა მოციქულებს, ეს არის
სარწმუნოება და ტრადიცია განუყოფელი, მთლიანი ეკლესიისა, იმ დროიდან, როდესაც ჯერ
კიდევ არ იყო არც მართლმადიდებელი, არც კათოლიკე, არც პროტესტანტი, არც ანგლიკანი –
იყო მხოლოდ
ერთი წმინდა სამოციქულო ეკლესია!

ჩვენი ძალა – ბერძენი, ქართველი, რუსი და სხვა მართლმადიდებელი ერების ძალა – ჩვენს
სარწმუნოებაშია და მისით ნასაზრდოებ ჩვენს ეროვნულ ფასეულობებშია. სწორედ ეს ძალა,
ეს მადლი გვიცავს ჩვენ. ზოგჯერ გვგონია, თითქოს ჩვენ ვიცავთ მართლმადიდებლობას,
სინამდვილეში კი ჩვენი სარწმუნოება იცავს ჩვენს ერსა
და ჩვენს ქვეყანას.

დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ საბერძნეთის ეროვნულ დღესასწაულს და მე
ვულოცავ ამ დღეს საბერძნეთის ელჩს და საელჩოს
დიპლომატიურ კორპუსს. ეს
უკვე ერთგვარ ტრადიციად
იქცა და საქართველოს ეკლესია უკვე ათეული წელია,
ზეიმობს საბერძნეთთან,
ბერძენ ხალხთან ერთად მათი ერის დამოუკიდებლობის
დღეს. და დღესაც ჩვენ ბერძენ ხალხთან ერთად მადლობას ვწირავთ უფალს,
რომ თავისუფლება მიანიჭა
საბერძნეთს და მათთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს.

მინდა ასევე მივესალმო რუსეთის ელჩს, რომელიც დღეს ბრძანდება სამების წმინდა
ტაძარში; იგი
დღეს ეზიარა და მე ვულოცავ მას წმინდა ზიარების მიღებას.

დღეს, ასევე მინდა ვახსენო ერთი ადამიანი, რომელმაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნა
საქართველოს. ეს ბრძანდება ჩვენი დიდი და ღვაწლმოსილი მწერალი ოთარ ჭილაძე,
რომელსაც 75 წელი შეუსრულდა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს უფროს
თაობას, რომელმაც გამოიარა კომუნისტური მმართველობის ტოტალიტარული რეჟიმი და
შეინარჩუნა ის სიფაქიზე, სულიერება და სიღრმე, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს, ჩვენს ერსა და ეკლესიას. ვულოცავ ბატონ ოთარ ჭილაძეს
75
წლის იუბილეს. ღმერთმა ძალა მოგცეთ ღვთის მადლით.

ასევე მინდა გითხრათ, დღეს შეუსრულდა 40 დღე გარდაცვალებიდან ბატონ ბადრი
პატარკაციშვილს. ასე მოიყარა ზეციურმა და ქვეყნიურმა ერთად თავი და მიუხედავად
იმისა, რომ ჩვენ არც ვიცით, იგი მონათლული იყო თუ არა, ჩვენ არ შეგვიძლია, არ
აღვნიშნოთ, რომ იგი ბრძანდებოდა მორწმუნე ადამიანი და ყველას ეხმარებოდა. წმინდა
დავით წინასნარმეტყველის სახელობის ტაძარი თბილისში მისი შრომითა და მონაწილეობით მოიხატა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს
მისი სული!

კიდევ ერთხელ ვულოცავ ბერძენ ხალხს მათ დიდ ეროვნულ დღესასწაულს და შევთხოვ უფალს,
რომ „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“.
ამინ.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №11, 2008 წ.