საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (22 ნოემბერი, 2009 წ.)

22 ნოემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-22-%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%91

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 22 ნოემბერი, 2009 წ.

„გონიერი ადამიანი მუდამ მზად არის ბავშვსაც მოუსმინოს და მით უმეტეს,
იგი მუდამ უგდებს ყურს ზრდასრულო ადამიანის მოსაზრებებს…“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ხშირად ადამიანები ელოდებიან სასწაულს – სასწაულს ბუნებაში, საკუთარ თავსა ან
მის გარშემო მყოფ ადამიანებში, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება, რომ თვით ადამიანია
ყველაზე დიდი სასწაული, თვით ადამიანია ისეთი მოვლენა, რომელსაც ვერც ერთი
მეცნიერი ვერ ახსნის. ურწმუნო ადამიანები ასეთ შემთხვევებში ამბობენ: „დღეს ჩვენ
ამა თუ იმ ფაქტს ვერ ვხსნით, მაგრამ მოვა დრო, მეცნიერება განვითარდება და
ავხსნით“. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი, ეს მცდარი მსჯელობაა.

ერთ ადამიანს ჰკითხეს, თუ რა არის ყველაზე საშიში ადამიანის ცხოვრებაში. მან
უპასუხა, რომ ეს არის კატეგორიული აზროვნება, – როდესაც ფიქრობ, რომ მარტო შენ
ხარ მართალი და სხვა არავინ, რომ მარტო შენმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს, შენი აზრი
უნდა მიიღოს ყველამ. ასეთი აზროვნება ძალიან საშიშია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ
არიან ჩვენზე უფრო გონიერი, უფრო გამოცდილი ადამიანები. და ყოველ ჩვენგანს უნდა
ჰქონდეს უნარი, რომ მოვუსმინოთ ყოველ ადამიანს. ზოგი ისეთი ადამიანია, რომ
ნებისმიერ უცხო აზრსა, თუ საქმიან საუბარში სხვა ადამიანის მიერ გამოთქმულ იდეაში
აუცილებლად რაღაც ეჭვს შეიტანს და გადაჭრით განაცხადებს: „არა, მე ასე არ ვფიქრობ,
მე სულ სხვა აზრის ვარ“. ასეთი ტონი უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ამ ადამიანს უჭირს
სხვისი აზრის მოსმენა და გაზიარება. ეს ძალიან საშიში მოვლენაა, რომელიც ადამიანს
აკნინებს. გონიერი ადამიანი მუდამ მზად არის ბავშვსაც მოუსმინოს და მით უმეტეს, იგი
მუდამ უგდებს ყურს ზრდასრულო ადამიანის მოსაზრებებს. დავით წინასწარმეტყველი ამბობს:
„…და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“. უფალი ირჩვვს და აღამაღლებს
ადამიანს,
მაგრამ ამისთვის, უპირველეს
ყოვლისა, ერი უნდა იყოს
ღვთისა, მორწმუნე, ღვთის მოსავი, კეთილის მყოფელი, მოსიყვარულე და უფლის
მსასოებელი. და აი, ასეთი ერისაგან
აღამაღლებს უფალი თავის
რჩეულს.

მაგრამ რატომ ირჩევს უფალი? წინაშე უფლისა ხომ ყველა
ადამიანი თანასწორია? უფალი
ხედავს მომავალს, როგორც აწმყოს. უფლისათვის არ არსებობს წარსული და მომავალი, მისთვის ყველაფერი აწმყოა;
უფალი ხედავს, თუ რისი გამკეთებელია ადამიანი და ამის
მიხედვით აძლევს მას დიდებას.
მაგრამ როდესაც ადამიანი
განდიდდება, მზად უნდა იყოს
იმისთვის, რომ ამპარტავნებამ და მსგავსმა ქვენა გრძნობებმა არ შეიპყრას იგი, არ
იფიქროს, რომ ეს მისი დამსახურებაა. როცა უფალი დიდებას ან ბარაქას გვიბოძებს, უნდა
ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ჩვენი დამსახურება, არამედ – ღვთის წყალობა. ადამიანს უნდა
ჰქონდეს უნარი მადლიერებისა, მადლობა და დიდება უნდა შეწიროს ღმერთს.

ქადაგების დასაწყისში ვთქვი, რომ ადამიანი სასწაულებს ეძებს, სინამდვილეში კი
ყველაზე დიდი სასწაული თავად არის. საოცარია ადამიანი. მას თითქოს სხვადასხვა სახე
აქვს. ერთი ისეთია, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია საკუთარი თავი, მეორე თუ როგორ
გვიყურებს სხვა და მესამე – თუ ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში. რეალობაში კი, როდესაც
ჩვენს თავს ვაფასებთ, ხშირად ვაიდეალებთ კიდეც, ყოველ შემთხვევაში, საკუთარ თავს
ხშირად
ისეთ რაღაცეებს ვპატიობთ, რასაც სხვას არ ვპატიობთ ხოლმე.

მინდა რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ ერთი დიდი ადამიანის შესახებ, რომელსაც დღეს
დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა. ეს ბრძანდება ბატონი ირაკლი აბაშიძე. დღეს წირვას
მისი შვილები ესწრებიან; ვულოცავ მათ მამის დაბადების დღეს. ეს პიროვნება მართლაც რომ
რჩეული იყო ღვთისა. ეს მადლი ღვთისა მასში განსაკუთრებით მას შემდეგ გამოვლიდა, რაც
მან პალესტინაში იმოგზაურა. სწორედ მაშინ დაიწერა ლექსი ქართული ენის შესახებ და
„პალესტინა, პალესტინა“. მისგან მომისმენია, რომ წმინდა მიწაზე ფეხის დადგმამ დიდი
გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე, შეძრა მისი შინაგანი სამყარო და ღრმად
მორწმუნე ადამიანი გახდა. მრავალი შეხვედრა და საუბარი გვქონია მე და ბატონ
ირაკლის. მახსენდება შოთა რუსთაველის საიუბილეო დღეები; იმხანად ბატონი ირაკლი
ბრძანდებოდა სადღესასწაულო საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე. გერმანიაში
გამოდიოდა მართლმადიდებლური ჟურნალი და გერმანელებმა მთხოვეს, დამეწერა
„ვეფხისტყაოსნის“ ღვთისმეტყველების შესახებ, თუ როგორია მასში ქრისტიანული
ღვთისმეტყველება. დავწერე სტატია და იგი წაიკითხა ბატონმა ირაკლიმ. მოგვიანებით მან
მითხრა, რომ ისიც ზუსტად ასე ფიქრობდა ამ საკითხებზე. მრავალი კეთილი საქმე
გაუკეთებია ბატონ ირაკლის. განსაკუთრებით იმ დროს, როცა იგი მწერალთა კავშირის
თავმჯდომარე ბრძანდებოდა. და აი, დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რომ უფალმა ნათელში
ამყოფოს მისი სული, ღმერთმა აცხოვნოს და მისი სული ჰფარავდეს მის ოჯახს, მის
შვილებს და შვილთა შვილებს.

ვულოცავ ბატონი ირაკლის ოჯახს ამ დიდ თარიღს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გარდა
ჩვეულებრივი კავშირისა, არსებობს კიდევ სულთა კავშირიც; ეს სულთა კავშირი ეხმარება
მის ოჯახს და მთელ ქვეყანას. მინდა ბატონი ირაკლის სახელზე ოჯახს გადავცე ხატი,
რომელიც ჩამოტანილია საბერძნეთიდან. აქ გამოსახულია მაცხოვარი და მთავარანგელოზები.
ეს ხატი იქნება მფარველი მათი ოჯახისა; დღეს ასევე ბატონი ირაკლის სახელზე ბავშვებს
დაურიგდება ტკბილეული, – ასე რომ, ბავშვები თავიანთ ლოცვებში მოიხსენებენ ბატონი
ირაკლის უკვდავ სულს.

გვახსოვდეს, რომ ადამიანმა ღრმად უნდა ჩაიხედოს თავის სულში, ნურავის ეგონება, რომ
ის უნაკლოა. უწინ დაგავალეთ, რომ ჩამოგეწერათ თქვენი დადებითი და უარყოფითი
თვისებები და გვეფიქრა იმაზე, როგორ გამოვასწოროთ ჩვენი ნაკლი. ეს თემა ისევ
გრჩებათ და ველოდები თქვენგან წერილებს, სადაც აღწერთ, თუ როგორ ხედავთ თქვენს
სულიერ მდგომარეობას. რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ვხედავთ ჩვენს
თავს. ქართველი ადამიანი ამპარტავანია. ერთმა ადამიანმა თქვა: „არსად მინახავს ასეთი
ამპარტავანი ხალხი, როგორიც ქართველებიაო“.

მახსენდება ჩემი სტუდენტობის წლები. ჩვენ გვყავდა ერთი საოცარი პროფესორი –
კოზლოვი.
მან იცოდა ხოლმე ძალიან მოკლე ქადაგების თქმა. მისი ქადაგებიდან ერთი ასეთი ამბავი
მახსენდება: ორი მეცნიერი ასტრონომი ღვთის არსებობაზე მსჯელობდა; ერთმა თქვა: მორწმუნე
ვარო, მეორემ მიუგო. მთელი ცხოვრება სხვადასხვა ხელსაწყოებით ვაკვირდებოდი
პლანეტებს და ვერსად ვნახე ღმერთიო. მისმა მეგობარმა ამაზე უპასუხა: ზეცას რომ
შეჰყურებ, ერთი რამ გავიწყდება, ჩაიხედო საკუთარ გულში და იქ ჰპოვებ ღმერთს. ყველამ
ჩავიხედოთ გულებში, იქ ვიხილავთ ღმერთს და მაშინ გვექნება რწმენა, გული გახდება
ტაძარი სულისა წმინდისა და ასეთი ადამიანი ბოროტებას აღარ ჩაიდენს.

ვიჩქაროთ სიკეთის საკეთებლად!

ღმერთმა დაგლოცოთ და კარგად გამყოფოთ. კიდევ ერთხელ შევთხოვ უფალს, ნათელში ამყოფოს
სული მონისა ღვთისა ირაკლი აბაშიძესი.

დღეს არის რამდენიმე გვარის დალოცვა: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა
წმინდისათა – ღმერთმა დალოცოს: დოლიძეები, რუხაძეები, კუმელაშვილები, ნოზაძეები,
ჯინჭარაძეები, ბენიძეები, გოგიძეები, მარდალეიშვილები. ღმერთმა დაგლოცოთ,
გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, გული გონიერი, ღმერთმა მოგცეთ
სიბრძნე, გაიხარეთ!

ღმერთმა დაგლოცოთ და დაგაჯილდოვოთ თქვენ ყველანი და მთელი ქვეყანა თავისი
სიყვარულითა და მადლით!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №36 (523), 2009 წ.