საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (22 იანვარი, 2006 წ.)

22 იანვარი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-22-%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%90

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 22 იანვარი, 2006 წ.

„არ უნდა დაველოდოთ, როდის მოვა ჩვენთან გზააცდენილი,
 – თავად უნდა მივიდეთ მასთან და დავეხმაროთ“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანის ცხოვრება – ეს არის ურთულესი პროცესი და ბედნიერია ის, ვინც იპოვის
თავის გზას, თავის მიზანს, გაიგებს იმას, ვინ არის, რისთვის არის მოსული ამქვეყნად
და სად უნდა წავიდეს. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება
და სიცოცხლე.“ უფლის სიტყვებში პირველ ადგილზე არის ნახსენები გზა. ბედნიერია ის
ადამიანი, რომელიც ჰპოვებს ამ გზას. მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი დგას ჭეშმარიტ
გზაზე, რომლის შედეგიც მარადიული სიცოცხლეა.

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ადამიანის ცხოვრება – ეს არის გამოცდა. ამას ამბობს
მართალი იობი. ცხოვრება მართლაც, გამოცდაა და ადამიანმა უნდა ჩააბაროს ეს გამოცდა.

მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ საკითხზე – ეს არის ქართველი ადამიანი
და დღევანდელი დღე. ბევრჯერ მითქვამს, რომ ქართველი ადამიანი ღვთისაგან
მადლმოსილია, ღვთისაგან დაჯილდოებულია, მაგრამ ამავე დროს, მას ბევრიც მოეკითხება.
შეიძლება, სხვა ერის წარმომადგენელს იმდენი არ მოეკითხოს, რამდენიც ქართველ კაცს,
რადგან ვისაც უფალი ბევრს აძლევს, მას ბევრსაც მოჰკითხავს. უპირველს ყოვლისა,
მოგვცა დიდი სიყვარული. თქვენ იცით, იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „ღმერთი სიყვარული
არს“. მრავალი სახელი უწოდა ადამიანმა უფალს, მაგრამ ეს, ალბათ, ყველაზე ამაღლებული
და ყველაზე სწორია. ღმერთი არის სიყვარული! და ამ სიყვარულის ნაწილი, ანუ თავისი
ნაწილი, თავისი თვისების ნაწილი გაგვიზიარა ჩვენ უფალმა. და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ
დიდი წყალობისათვის, ამ დიდი სიყვარულისათვის.

კაცობრიობას, ადამიანს უფალმა მისცა თავისუფლება. რატომ? იმიტომ რომ ადამიანმა
უნდა მიიღოს მონაწილეობა თავისივე ცხონების პროცესში. ადამიანის ცხონება ძალით თავს
მოხვეული კი არ უნდა იყოს, თვითონ მან უნდა მოისურვოს ეს. თვით ადამიანს უნდა
ესმოდეს, რა არის ცოდვა და რა მადლი და უნდა სძულდეს ცოდვა და არასდროს შეურიგდეს
მას. ამიტომ ეს ცხოვრება ურთულესი გამოცდაა ადამიანისა.

თანამედროვე საზოგადოებაში ძალიან ბევრი ლაპარაკია თავისუფლებაზე, ადამიანის
უფლებებზე. წარმოიშვა მთელი რიგი ორგანიზაციებისა: ბავშვების უფლებების დაცვის
კომიტეტი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და სხვა მრავალი. მაგრამ,
სამწუხაროდ, ხშირად ჩვენ ვიწონებთ და ვიცავთ იმას, რაც ვნებს ადამიანს.

ასეთი თავისუფლება, ჩვენი არასწორი მიდგომით, მე ვიტყოდი, ჩვენი თავხედობით, –
აღვირახსნილობამდე მიგვიყვანს! მივდივართ იქამდე, რომ ცოდვა ცოდვად აღარ მიგვაჩნია,
ზოგიერთ ცოდვას ვერც ვხედავთ და მადლისაგან შორსა ვართ. ზოგი ჩვენთაგანი სწორედ
ასეთ ცხოვრებას ქადაგებს. ზოგიერთი ადამიანი იმას ქადაგებს, რომ ადამიანმა უნდა
აკეთოს ყველაფერი, რასაც კი მოისურვებს. ხოლო ბიბლიაში წერია, რომ „გულიდან
გამოდიან ზრახვანი კეთილნი და ბოროტნი“ – ე.ი. მხოლოდ კეთილი კი არა, ბოროტიც
გამოდის. მან უნდა გაარჩიოს, რა არის კეთილი და რა – ბოროტი. სამწუხაროდ, ამას ჩვენ
არ ვაკეთებთ. და უფრო შორსაც მივდივართ.

რას ვაკეთებთ და რა უნდა ვაკეთოთ? ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი და ჩვენი
საფიქრალია.

არსებობს 2 ძალა: სულიერი და ეროვნული. სულიერი ძალითაც დაგვაჯილდოვა უფალმა –
მოგვცა რა სარწმუნოება მართლმადიდებელი, ანუ ის რწმენა, რომელიც იყო დაარსებული
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ. ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა ის რწმენა, რაც იყო
მოციქულების დროს, როცა არ არსებობდა არავითარი განშტოება და განხეთქილება და იყო
ერთი სარწმუნოება. ბედნიერნი ვართ იმით, რომ ვდგავართ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და
ვიცავთ მას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გამოვეყოთ მთელს მსოფლიოს.
ჩვენ უნდა ვიქადაგოთ, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ნებისმიერი სარწმუნოების მქონე ადამიანს.
და დავანახოთ ჩვენი რწმენა, ჩვენი სიყვარული, თავმდაბლობა. ამასთან, არ უნდა
დაველოდოთ, როდის მოვა ჩვენთან გზააცდენილი, – თავად უნდა მივიდეთ მასთან და
დავეხმაროთ.

გაიხსენეთ წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ცხოვრება: მას ჰყავდა სულიერი მოწაფე,
რომელიც ბოლოს ავაზაკი გახდა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველი წავიდა მის მოსაძებნად და
იქამდე მისდევდა, ვიდრე უკან არ მოაბრუნა და ისევ ჭეშმარიტ გზაზე არ დააყენა: და
ასეთი მაგალითები ბევრია ჩვენი წინაპრების ცხოვრებაშიც.

თქვენ გახსოვთ, ერთხელ ეპისკოპოს გაბრიელს დახვდა ავაზაკი და მისი გაძარცვა
მოინდომა. გაბრიელმა უთხრა: „მე გაბრიელი ვარო.“ მისი სახელი ცნობილი იყო არა მარტო
საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეპისკოპოსმა ავაზაკი თავის სახლში დაიბარა,
რადგან თან არაფერი ჰქონდა. იგი მართლაც მივიდა და მეუფე გაბრიელი მას იმდენს
ელაპარაკა, რომ ავაზაკობას თავი დაანებებინა, ასწავლა, მზრუნველობა გაუწია და
შემდგომში იგი მასწავლებელი გახდა. ეს ამბავი არავინ იცოდა და მხოლოდ გაბრიელ
ეპისკოპოსის დასაფლავებაზე გაირკვა. რადგან თავისი თავგადასავალი გააცხადა.

ასე რომ, ერთი მთავარი ძალა ჩვენი ერისა – ჩვენი სულიერებაა.

მეორე ძალა – ეს არის ჩვენი ეროვნული ფასეულობანი. ეს არის ჩვენი მამული, ჩვენი
მიწა-წყალი, ეს არის ჩვენი ქართული ენა, ეს არის ჩვენი ლიტერატურა, კულტურა,
ხელოვნება, ჩვენი სიმღერა, ქართული გალობა და ის ყველაფერი, რაც ეროვნულ
ფასეულობაში შედის. სამწუხაროდ, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უარყოფენ ამას და
მას მოძველებულად მიიჩნევენ. თითქოს იგი უკვე უსარგებლოა. განა დადგება ისეთი დრო,
როცა აღარ იქნება საჭირო – წმიდა ილია მართალი, ვაჟა, აკაკი წერეთელი, იაკობ
გოგებაშვილი, შოთა რუსთაველი? დადგება ისეთი დრო, როცა არ იქნება საჭირო ქართული
ენა, ქართული კულტურა?

ამას ქართველი ადამიანი ქმნიდა საუკუნეების მანძილზე და არავის აქვს უფლება, ეს
დღეს უარყოს! ამით ის ადამიანი საკუთარ თავს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ჩვენი
ფასეულობების, ჩვენი სულიერი ფასეულობის გარეთ აყენებს და, რა თქმა უნდა, ის
ადამიანი დაღუპვის გზაზე დგას!

ასეთი ადამიანები ხდებიან კოსმოპოლიტები. მათ არ გააჩნიათ არც სამშობლო, არც
მამული, არც ენა, მათთვის ყველაფერი უცხოური უკეთესია. სინამდვილეში კი არ არის
უკეთესი უცხოური, მაგრამ მათ ასე მიაჩნიათ. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ისინი
მყარად არ დგანან თავის საფუძველზე. ეს ხდება იმიტომ, რომ მშობლებმა თავის დროზე არ
მისცეს სულიერი საზრდო. ეს ხდება იმიტომ, რომ მშობლებმა ვერ მიაქციეს სათანადო
ყურადღება თავის შვილებს, და შედეგიც სახეზეა.

ჩვენი წინაპრები ამბობდნენ და ჩვენც ვამბობთ: „როგორც უფალი, სამშობლო ერთია
ქვეყანაზედა“. როგორი სიყვარულია გამოვლენილი ამ სიტყვებში, რამდენი სითბოა, როგორი
რწმენაა, როგორი თაყვანისცემაა! „როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“ – ეს
იმას ნიშნავს, რომ შენ სამშობლოს წიაღში უნდა იყო და სამშობლო შენს გულში უნდა
ეტეოდეს! და არა მარტო მიწა-წყალი, არამედ ადამიანებიც და ყველაფერი ის, რასაც შენი
სამშობლო ჰრქვია.

ზოგიერთი ამბობს: როგორ შევიყვარო ცოდვილი ადამიანი? ჩვენ ყველანი ცოდვილები
ვართ. არ არსებობს ადამიანი, რაღაც ცოდვა რომ არ ჰქონდეს. მამები გვასწავლიან:
ცოდვა შეიძულე, ხოლო ადამიანი შეიყვარე. ცოდვა უნდა გვძულდეს და ადამიანი უნდა
გვიყვარდეს. ჩვენ არ ვიცით, მომავალში ვინ იქნება ის ცოდვილი ადამიანი. შეიძლება,
ის ანგელოზთა სწორი გახდეს, ამიტომ ამობს წმიდა ეფრემ ასური: „ჰე, უფალო, მომანიჭე
მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.“

აი, ამ ორ ძალას, ამ ორ ფასეულობას – სულიერ და ეროვნულ საუნჯეს უნდა
გავუფრთხილდეთ ჩვენ. ამით ღმერთმა დაგვაჯილდოვა ჩვენ და უნდა ვაცნობიერებდეთ, რისი
მფლობელები ვართ. უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს მრავალი სვეტი, მრავალი საფუძველი
ჩვენი ერისა და იმ სვეტებზე დგას დღევანდელი საქართველო!

მინდა მოგცეთ დავალება, რომ დამიწეროთ, ვინ მიგაჩნიათ თქვენ სვეტად
საქართველოსი, რომელზეც დაყრდნობილია ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო – ეს იქნება
მწერალი თუ რიგითი ადამიანი, ბერი თუ ერის კაცი. მომავალში მინდა, რომ დაიწეროს
წიგნი: „სვეტნი საქართველოისანი“, რათა ბიოგრაფიულ საინტერესო მომენტებთან ერთად იქ
იყოს ნაჩვენები ის საქმენი, რომლითაც ისინი გამოჩნდნენ და სამაგალითო გახდნენ.

ღმერთმა დაგლოცოთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №4(357),
2006 წ.