საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (22 თებერვალი, 2009 წ.)

22 თებერვალი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-22-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 22 თებერვალი, 2009 წ.

„არც მე შემაძლია უთქვენოდ და არც თქვენ შეგიძლიათ უჩემოდ. მადლობა და დიდება უფალს
ამ დიდი წყალობისათვის!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ერთმანეთს რომ ვლოცავთ, ხშირად ვამბობთ. „ღმერთს ებარებოდეთ“ და „იხარეთ ორსავ
სოფელსა შინა“. ეს ჩვენი წინაპრების შესანიშნავი დალოცვაა. და აი, ამ ან უკვე
განვლილმა დღეებმა გვიჩვენეს, რამდენად ახლოსაა ორივე სოფელი ერთმანენთთან. ამა
სოფლიდან იმ სოფლამდე სულ ერთი ნაბიჯია. მადლობა და დიდება უფალს, რომ ეს დრო
გახანგრძლივდა და ჩვენ კვლავ ერთად ვართ.

ყველაზე დიდი საიდუმლო არის თავად ადამიანი. საოცარია ბუნება კაცისა; ვერავინ
ჩაწვდება და ამოიცნობს მას, – მითუმეტეს მის სულიერ სამყაროს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ კვალი ღვთისა ყველგანაა: ადამიანის მოქმედებაში, მის
აზროვნებაში, სურვილებში; კარგად ჩანს, რომ უფალი ხელმძღვანელობს ადამიანს. უფალი
ჭვრეტს ყოველივეს და მას ხელჩაკიდებულები მივყავართ ყველანი იმ მეორე სოფელში.

დღეს ერთ ფილოსოფიურ წიგნს ვკითხულობდი, სადაც ამოვიკითხე ერთი მეცნიერის სიტყვები:
„მე ვარ ის, რაც არა ვარ“. და მაინც ვინ არის ადამიანი? ამბობენ, რომ იგი სამი
სახისაგან შედგება.
მისი პირველი სახეა ის, რასაც ჩვენ თვითონ ვხედავთ საკუთარ თავში, ანუ ის
წარმოდგენა, რაც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენზე. უნდა გვახსოვდეს, რომ არ უნდა გვეგონოს და
არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ სწორედ ეს არის ჩვენი ჭეშმარიტი სახე. ასეთი კატეგორიული
აზროვნება მეტად საშიშია.

ადამიანის მეორე სახეა ის, როგორსაც ხედავს მას საზოგადოება. და ბოლოს, მესამე –
ესაა ის, თუ ვინ არის ის სინამდვილეში. სინამდვილეში ჩვენ ვართ ხატება ღვთისა და
შეგვიძლია მივაღწიოთ ღვთის მსგავსებას, თუკი ვიღვწით ამისთვის. ადამიანები ცოდვით
შემოსილნი ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, – ხატება ღვთისა მაინც მკვიდრობს ჩვენში.
მსგავსად იმისა, ძვირფასი ბრილიანტი ტალახში რომ ჩავარდება და აღარ ჩანს მისი
ბრწყინვალება, – ასეა ნებისმიერი პიროვნება. ცოდვებითაა დასვრილი მისი სული და
სხეული, მაგრამ როგორც კი განიწმინდება კვლავ ძვირფასი ბრილიანტივით ბრწყინავს. აი,
მიზანი ყოველი ადამიანისა, განიწმინდოს სული და გამოაჩინოს პირვანდელი უფლისმიერი
ხატება. მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვუსმენთ რადიოს და ტელევიზიას, ვეცნობით
პრესას… ვხედავთ, რომ ადამიანების მიზნები უფრო ხშირად სულ მატერიალურია, სულ
მიწიერია. მათი საზრუნავია მარტოოდენ ის, თუ რა შევიძინოთ, როგორ მრვიწყოთ ცხოვრება
და ა.შ. და ბევრს ავიწყდება, რომ სინამდვილეში ადამიანის მიზანი სულ სხვა რამ
არის, მის სულს სულ სხვა რამე სჭირდება. ადამიანის მიზანი სინამდვილეში არის
სულიერი საუნჯის შეკრება. დღევანდელი სახარება სწორედ ამის შესახებ შეგვახსენებს.
უნდა გვახსოვდეს, რომ მეორედ მოსვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი გარდაუვალია და
ამიტომ ჩვენი უპირველესი მიზანი ისეთი უნდა იყოს, რაც საშუალებას მოგვცემს, დავდგეთ
მარჯვენით უფლისა. ღმერთმა ინებოს, რომ მთელი ქვეყანა დაუდგეს მას მარჯვენა მხარეს.
ნათქვამია, რომ გაყოფილნი იქნება ხალხი – ზოგი მარჯვენით დადგება და ზოგიც
მარცხენით და როგორც მწყემსი განარჩევს ცხვარსა და თიკანს, ასე გამოარჩევს კეთილსა
და ბოროტს უფალი.

უზენაესი მსაჯული მიმართავს მარჯვენა მხარეს მდგომთ: „მოვედით კურთხეულნო მამისა
ჩემისანო, რამეთუ მშიერ ვიყავ და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასუთ მე,
საპყრობილესა და საავადმყოფოსა ვიყავ და მომხედეთ მე“ და ისინი ჰკითხავენ: როდის გიხილეთ შენ, უფალო? და
პასუხად მოისმენენ: რაიცა ჰყავთ უმცირესისთვის, ჩემთვის ჰყავთ. შემდგომ ამისა
მიმართავს მარცხენა მხარეს მდგომთ: „წარვედით ჩემგან, წყეულნო“, რამეთუ მშიერ ვიყავ
და არა მეცით მე ჭამადი…

აი, ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის მთავარი აზრი ჩვენი
ცხოვრებისა, რომ ყოველდღე ვყოფდეთ მოწყალებას, – მშიერნი დავაპუროთ, მივხედოთ
გაჭირვებულ ადამიანს, – ეს არის ის, რაც მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. დღეს ჩვენ
ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, როდესაც ყველას უჭირს. მაგრამ ადამიანმა მაინც უნდა
გამონახოს საშუალება, რომლითაც ყურადღებას მიაქცევს მასზე მეტად გაჭირვებულ
ადამიანს. ყოველმა კაცმა უნდა დაინახოს სხვისი გასაჭირი და ეცადოს, შეუმსუბუქოს
ჯვარი მოყვასს.

დღეს დარღვეულია ჩვენი ქვეყნის მთლიანობა. ჩვენი ცოდვების გამო უფალმა განსაცდელში
ჩაგვაგდო, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფალი აღარ წყალობს
საქართველოს. „უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი
მშვიდობით.“ ეს ძალა და მშვიდობა ღვთისა აუცილებლად გვექნება, მაგრამ ჩვენ ისიც
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ბევრი წყალობა გვიბოძა უფალმა. არსად არის ამდენი სიწმინდე, რაც საქართველოშია და არსად არის ამდენი სულიერი სიუხვე, რაც საქართველოშიან
და აი, ამიტომაა, რომ უფალი მეტს ითხოვს ჩვენგან. საქართველო არის ახალი ისრაელი.
თქვენ გახსოვთ, როგორც კი ცოდვაში ჩავარდებოდა ისრაელი, უმალ განსაცდელს უგზავნიდა
უფალი, რათა განეწმინდა ერი.

ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული, ქვეყნისა და ერის, ეკლესიის
მთლიანობა სუფევდეს საქართველოში!

დღეს ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ ჩვენს
ახალგაზრდობაზე. ის, რითიც დღეს საქართველოს ახალგაზრდობა ერთობა, ხშირ
შემთხვევაში, დამღუპველია. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად – მშობლებმა, ოჯახმა, სკოლამ,
ეკლესიამ უნდა გაამოვნახოთ ისეთი საშუალება, რომლითაც დავიცავთ ჩვენს მომავალ
თაობას. საუკუნეების მანძილზე ქართველმა ერმა მექმნა საოცარი სულიერი სიმდიდრე და
ჩვენ ამას სათუთად უნდა გავუფრთხილდეთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

მინდა ყველას მადლობა მოგახსენოთ ლოცვებისათვის. თქვენმა ლოცვებმა და ღვთის
წყალობამ დამაბრუნა სამშობლოში. ადრეც ვთქვი და ისევ ვამბობ, არც მე შემაძლია
უთქვენოდ და არც თქვენ შეგიძლიათ უჩემოდ. მადლობა და დიდება უფალს ამ დიდი
წყალობისათვის!

დღეს ჩვენთან ერთად წირვა-ლოცვაში მონაწილეობას ღებულობს სამღვდელოება ცხინვალისა
და ნიქოზის ეპარქიიდან.

მინდა დავაჯილდოვო რამდენიმე მათგანი. მღვდელი დავითი დურგლიშვილი ღვთის წინაშე და
ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ჯილდოვდება ოქროს ჯვრით და ენიჭუბა დეკანოზის
ხარისხი.

მღვდელი გიორგი დათაშვილი დღეს ნიქოზში წირავს და მეუფე გადასცემს ამ ჯილდოს –
დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში.

მღვდელი რაჟდენ კინწური ერთგული სამსახურისათვის დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და
აყვანილია დეკანოზის ხარისხში.

სამივე მოძღვარი ნიქოზისა და ცხინვალი ეპარქიაში მსახურობს და სამივეს ოჯახებს
დამწვარი აქვთ სახლები. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ გულისხმიერება და შევეწიოთ მათ.

ღმერთმა დაგლოცოთ. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი ლოცვებისათვის.
გერმანიაში ყოველდღე ასობით ადამიანი რეკავდა და კითხულობდნენ ჩემი ჯანმრთელობის
ამბავს. მართლაც, სულ ერთი მცირე ნაბიჯი ყოფილა იმქვეყნად გასასვლელად… ასე რომ,
ადამიანი მუდამ მზად უნდა იყოს გარდაცვალებისთვის.

დალოცვილი იყავით. დღეს არის ხორციელი კვირა და საშინელი სამსჯავროს ხსენება.
ხვალიდან უკვე აღარ მივიღებთ ხორცს, – იწყება ყველიერის კვირა. შეგახსენებთ,
ყველიერის ხუთშაბათს არის შიო მღვიმელის დღესასწაული.

ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მშვიდობა ლოცვის მადლი მოგცეთ. და
თქვენი ლოცვით საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. ღმერთმა მშვიდობიანი და
ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და მთელ საქართველოს

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №7, 2009 წ.