საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (21 მარტი, 2010 წ.)

21 მარტი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-21-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98-20-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 21 მარტი, 2010 წ.

„პაოლო იაშვილი იყო ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი და
პოეტი,
ერთ-ერთი უერთგულესი შვილი საქართველოსი!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ღვთის მადლით, მოგვიახლოვდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული… ღმერთმა
მშვიდობიანი და ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ჩვენ და სრულიად საქართველოს!

არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრება მთელ ერს ეკუთვნის; არიან ადამიანები, რომლებიც
სხვა ადამიანების ტვირთს საკუთარ თავზე იღებენ და მათ ცხოვრებას უადვილებენ. დავით
წინასწარმეტყველი ამბობს: „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“. ასეთი რჩეული ადამიანები, ღვთის მადლით, ოდითგანვე ბევრი
ჰყავდა და დღესაც ჰყავს საქართველოს…

დღეს განსაკუთრებული დღეა – მეორედ შობა პაოლო იაშვილისა. ჩვენ მხედველობაში
მივიღეთ ის ძალიან მძიმე გარემოება, ის მძიმე რეპრესიები, რაც 1937 წლის რეალობაში
არსებობდა! სწორედ ამ რეპრესიების მსხვერპლი გახდა პაოლო იაშვილიც. ცნობილია, რომ
ის არაერთხელ გამოიძახეს უშიშროების სამსახურში და სხვათა დასმენა მოსთხოვეს. მან დიდი წამება გამოიარა. მაგრამ ტანჯვას ღირსეულად და ძალიან
ვაჟკაცურად იტანდა, მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს პირობებში იმყოფებდა! ბოლოს ვერ
გაუძლო ზეწოლას… მწერალთა კავშირის მორიგი სხდომის დროს სხვა ოთახში გავიდა და
თავი მოიკლა. ეს იყო მეხის დაცემის მსგავსი, ეს იყო შემაძრწუნებელი მოვლენა!
მართალია მან თავი მოიკლა, მაგრამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ არ გაეცა თავისი
მეგობრები – მწერლები, პოეტები; იგი ბერიასთან იყო გამოძახებული და ამ სხდომის
შემდეგ მას უნდა შეხვედროდა…

ასეთი წერილი დაუტოვა მან თავის ქალიშვილს – მედეას; იგი წერდა: ჩემთვის საუკეთესო
გამოსავალი თვითმკვლელობააო. ამას იმიტომ წერდა,
რომ იცოდა, ვეღარ გაუძლებდა იმ
წამებას, რომელიც მას ელოდა და
მეგობრების დასმენას სიკვდილი
არჩია!

პაოლო იაშვილი იყო ერთ-ერთი
საუკეთესო მწერალი და პოეტი, ერთ-ერთი უერთგულესი შვილი საქართველოსი!

1937 წლიდან – დღემდე – მისთვის ეკლესიას არ ულოცია. მას არ
აქვს წესი აგებული და აი, დღეს,
ღვთის მადლითა და წყალობით, შესრულდება პირველი პანაშვიდი მისი
სულისთვის.

მინდა ვთხოვო მის შვილიშვილს და
ახლობლებს, დაგველოდონ და წირვის ძემდეგ მათ დიდუბის პანთეონში გაჰყვებათ მოძღვარი,
დეკანოზი პეტრე, რომელიც პაოლო იაშვილს წესს საფლავზე აუგებს.

მინდა გამოვთქვა უდიდესი სიხარული ამ გადაწყვეტილების გამო. ეს მართლაც მისი მეორედ
შობაა! ღმერთმა აცხონოს, ღმერთმა შეუნდოს მას თვითმკვლელობა ღმერთმა ნათელში
ამყოფოს პაოლო იაშვილის უკვდავი სული!

მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს საბერძნეთი აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. ვულოცავთ
მის აღმატებულებას, საბერძნეთის ელჩს ამ დიდ თარიღს. მსურს გულითადად მივულოცო მთელ
ბერძენ ხალხს, სრულიად ელადას ეს შესანიშნავი თარიღი!

საუკუნეების მანძილზე ქართველებსა და ბერძნებს მჭიდრო კავშირი გვქონდა. ეს კავშირი
დღემდე არ შეწყვეტილა და მომავალშიც სულ უფრო განმტკიცდება და გაძლიერდება.
საქართველო ელადას მეგობარი იყო მუდამ. ქართველი ხალხი დიდ პატივს სცემს ბერძნულ
კულტურას, ფილოსოფიას, ხელოვნებას. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ
ბერძენი ხალხისაგან, ისევე, როგორც მათ ისწავლეს ბევრი ქართველებისგან. მინდა კიდევ
ერთხელ მივულოცო მის აღმატებულებას ეს დიდი დღესასწაული და საჩუქრად წმინდა სამების
ხატი გადავცე.

ახლა კი შესრულდება დოქსოლოგია, რომლის შემდეგაც ჩვენ შევასრულებთ პანაშვიდს პაოლო
იაშვილის სულის საოხად.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №11, 2010 წ.