საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება ( 21 თებერვალი, 2010 წ.)

21 თებერვალი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-21-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 21 თებერვალი, 2010 წ.

„ამის შემდეგ ვერავინ გაბედავს საქართველოს ეკლესიის
ხელყოფას“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ფსალმუნში ვკითხულობთ: „მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი
აღვიღო სული ჩემი“. შევთხოვოთ უფალს, გვიჩვენოს გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ, რომელიც
საქართველოს მშვიდობიანი და ბედნიერი მომავლისაკენ წაგვიყვანს. გავიმეორებ ერთი
პოეტის სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ ყოველ შემთხვევას აქვს მეორე სახელი – ბედი.
ეს ბედი იქმნება ღვთის ლოცვა-კურთხევითა და ადამიანის ცხოვრებით. ბედნიერია კაცი, რომლის ცხოვრებაც სათნოა უფლისათვის.

დღეს ეკლესია აღნიშნავს მართლმადიდებლობის ზეიმს; შევთხოვთ უფალს, დალოცოს თავისი
წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, დალოცოს და აცხოვნოს ერი ჩვენი და მეუფება
მისი! შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენი გზა, რომელიც ამქვეყნად უნდა განვლოთ, იყოს
მშვიდობიანი და ჩვენი ჯვარი ბოლომდე მივიტანოთ.

მეორე დღესასწაული, რომელსაც დღეს ჩვენ აღვნიშნავთ, არის კონსტანტინოპოლის
საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება.

მინდა გიამბოთ, რომ ეს ყველაფერი 1963 წელს დაიწყო. მაშინ 30 წლის გახლდით,
შემოქმედის ეპისკოპოსად ახლადნაკურთხი ვიყავი და როდოსის III კონფერენციაზე ჩავედი. ეს იყო მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგატების
შეკრება და მე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საბერძნეთში გავემგზავრე. მახსენდება
ის ძალიან მძიმე დღეები, როცა საქართველოს ეკლესია იჩაგრებოდა… ჩავედით
საბერძნეთში და ვიხილე, რომ საქართველოს ეკლესიას, ამ უძველეს წმინდა ეკლესიას, არ
მიაგებდნენ ღირსეულ პატივს და მას, რატომღაც, ავტონომიურ ეკლესიად მიიჩნევდნენ.
საქართველოს ეკლესია არასდროს ყოფილა ავტონომიური, თუმცა თავდაპირველად ანტიოქიის
საპატრიარქოში შედიოდა.

დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ ჩვენ დიდ მეფეს, ვახტანგ გორგასალს, რომელმაც საქართველოს
ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა. ამ მიზნის მისაღწევად მან გამოარჩია ორი წმინდა
ადამიანი პეტრე და სამუელი. ეს ის პეტრეა, რომელიც საქართველოს ეკლესიის პირველი
კათალიკოსი იყო. სიტყვა „კათალიკოს“ – ბერძნულია და ქართულ თარგმანში „საყოველთაოს“
ნიშნავს.

სადაც არ უწდა იყოს ქართველი ადამიანი, ის სულიერად საქართველოს ეკლესიას ეკუთვნის
და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მფარველობის ქვეშ იმყოფება. პირველი
კათოლიკოსი, რომელიც საქართველოს ეკლესიამ წმინდანად მერაცხა, იყო პეტრე, მისი
მომდევნო კი გახლდათ – სამუელი.

იყო ასეთი დიდი კანონისტი – ბალსამონი, საეკლესიო და საერო კანონების დიდი
სპეციალისტი; იგი ბიზანტიის იმპერიაში X-XI საუკუნეებში მოღვაწეობდა. და აი,
ბალსამონი წერს: ამბობენ, რომ ივერიის ეკლესიამ ავტოკეფალია ნეტარი პეტრე დროს
მიიღოო და ანტიოქიის პატრიარქ პეტრეს გულისხმობს. სწორედ ამ სიტყვის გარშემო იყო
ატეხილი დავა, ბჭობდნენ, თუ რომელი პეტრე ჰყავდა მას ნაგულისხმევი. საქმე ისაა, რობ
ანტიოქიის პატრიარქი პეტრე იყო – V საუკუნეშიც და XI საუკუნეშიც. ამიტომ იქ
კონსტანტინოპოლის დელეგაციისთვის იმის მტკიცება მომიხდა, რომ აქ საუბარია სწორედ
V საუკუნის მოღვაწე პეტრეზე და, ამგვარად, V საუკუნედან საქართველოს ეკლესია
დამოუკიდებელი იყო.

მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით სულ სხვა აზრის გახლდათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. იქ მიიჩნევენ, რომ ეკლესიას ავტოკეფალია
შეუძლია მიანიჭოს ან მსოფლიო კრებამ,
ან კონსტანტინოპოლის პატრიარქმა. ჩვენ არც ერთი არ გვქონდა, ამიტომ კონსტანტინოპოლი არ ცნობდა ჩვენს დამოუკიდებლობას და, თავის მხრივ, გვთავაზობდა, რომ
მოგვანიჭებდა ავტოკეფალიას. მე მათ ვუთხარი, რომ არ გვჭირდება ავტოკეფალიის
მონიჭება, რადგან V საუკუნიდან ავტოკეფალური ვართ, ჩვენ გვჭირდება, რომ ეს
უძველესი ეკლესია ავტოკეფალურად სცნოთ V საუკუნიდან.

დღეს მინდა მადლიერებით ვახსენო კონსტანტინოპოლის პატრიარქი დიმიტრიოსი. იგი
ჩამოვიდა კიდეც საქართველოში და ჩვენ ვსაუბრობდით ზამოთხსენებულ პრობლემასთან
დაკავშირებით. მე კონსტანტინოპოლს წარვუდგინე საბუთები, რომელიც ამტკიცებდა
ჩვენს ავტოკეფალიას, პატრიარქის წოდებას და ადგილს დიფტიქში.

ეს ნეტარხსენებული პატრიარქი საოცრად თავმდაბალი ადამიანი იყო. როცა პატრიარქი
ათინაგორე გარდაიცვალა და დადგა საკითხი ახალი პატრიარქის არჩევისა, დიმიტრიოსი
წმინდა სინოდის სულ ბოლო წევრი იყო და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სწორედ მას
აირჩევდნენ პატრიარქად. ღვთისა განგებით ავიდა ეს პიროვნება კონსტანტინოპოლის
საპატრიარქო ტახტზე; იმდენად კეთილი გახლდათ ეს ადამიანი და ისე კარგად განეწყო
საქართველოს მიმართ, რომ პირდაპირ უბრძანა თავის ეპისკოპოსებს, დადებითად
გადაეწყვიტათ ჩვენი საკითხი. დაბოლოს, კონსტანტინოპოლიდან დიდი დელეგაცია ჩამოვიდა.
ისევ დაიწყო მსჯელობა და ერთი სიტყვის გამო ვერ შევთანხმდით. მე ერთს ვეუბნებოდი,
ისინი – მეორეს და აი, ასე დავშორდით ჩვენ. ისინი წავიდნენ მოსკოვში, მოსკოვიდან
უნდა გაფრენილიყვნენ სტამბულში და სულ ბოლო წუთს, თვითმფრინავის ტრაპიდან
დამირეკეს, დათმეს თავისი პოზიციები და ჩვენ საბოლოდ შევთანხმდით. აი, ამ დროს
გადაწყდა ჩვენი ეკლესიის საკითხი და ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.

მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს დიდი დელეგაცია გაემგზავრა სტამბულში და ჩვენ
ჩამოვიტანეთ ორი ისტორიული დოკუმენტი – მსოფლიო პატრიარქისა და კონსტანტინოპოლის
წმინდა სინოდის წევრების მიერ დამოწმებული სიგელი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის შესახებ და ასევე სიგელი, რომელიც
ამტკიცებდა, რომ საქართველოს საპატრიარქოს მეთაურს ეწოდება – კათოლიკოს-პატრიარქი.

დღეს აქ, შუა ტაძარში იყო გამოტანილი ეს დოკუმენტები, ახლა ტრაპეზზეა დასვენებული.
მინდა ვთხოვო მამებს, გამოიტანონ, მსურს, რომ გიჩვენოთ. ეს არის ხელმოწერილი
დედანი.

ეს სიგელი განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული საქართველოში. იგი მეტყველებს იმაზე,
რომ საქართველოს ეკლესია უძველესი დროიდან არის ავტოკეფალური და კონსტანტინოპოლის
საპატრიარქო ცნობს მას. ავტოკეფალია ბერძნული სიტყვაა და ორი სიტყვისაგან შედგება –
„ავტოს“ და „კეფალოს“ და ითარგმნება, როგორც „თვით თავი“, „თავისთავად თავი“, –
ე.ი. ეკლესია, რომელიც არ ემორჩილება სხვა პატრიარქს. ავტოკეფალია იყო უდიდესი
მონაპოვარი საქართველოს ეკლესიისა. ავტოკეფალიის საფუძველზე აშენდა ჩვენი ტაძრები
და მონასტრები, დაიწერა მრავალი წიგნი და ავტოკეფალიამ შეუწყო ხელი საქართველოს
განვითარებას.

აი, ასეთი დღესასწაულია დღეს. ჩვენ განსაკუთრებით ვინახავთ ამ დოკუმენტებს და
ვფიქრობთ, რომ ამის შემდეგ ვერავინ გაბედავს საქართველოს ეკლესიის ხელყოფას,
ვერავინ შეეცდება მის დამორჩილებას.

გიორგი მთაწმინდელის დროს ანტიოქიის
პატრიარქი შეეცადა, დაემორჩილებინა საქართველოს ეკლესია. იმ დროს წმინდა გიორგი
მთაწმინდელმა დაიცვა ჩვენი ეკლესიის უფლებები. წაუკითხა პატრიარქს წიგნი, სადაც
აღწერილია ანდრია პირველწოდებულის ქადაგებები და სადაც წერია, რომ დამაარსებელი
საქართველოს ეკლესიისა არის ანდრია პირველწოდებული. ანტიოქიის ეკლესია პეტრე
მოციქულის მიერაა დადგენილი, – წმინდა ანდრია კი იყო პირველად წოდებული, მან
მოუწოდა თავის ძმას – პეტრეს და მიიყვანა მაცხოვართან. და ვინ ვის უნდა
დაემორჩილოს, მომწოდებელი მოწოდებულს თუ პირიქით? – კითხულობს გიორგი მთაწმინდელი და
ამით ხაზი გაუსვა საქართველოს ეკლესიის ღირსეულ ადგილს. ამით დამთავრდა ეს მსჯელობა
და ანტიოქიის საპატრიარქო იძულებული გახდა გიორგი მთაწმინდელს დათანხმებოდა.
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მადლი უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და მადლი სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა
თანა და
სრულიად საქართველოზე, ამინ.

კიდევ ერთხელ შევთხოვ ამ დიდებულ დღეს უფალს, რომ აღდგეს მთლიანობა საქართველოსი!
არ შეგეშინდეთ!

დღეს ჩვენთან ერთად ლოცულობდა მრევლი ქუთაისიდან, ახალმოწამეთა ეკლესიიდან.
ახალმოწამეთა რიცხვში იგულისხმება მიტროპოლიტი ნაზარი და სამღვდელოება, რომლებიც
დახვრიტეს კომუნისტებმა მათთან ერთად მრავალი სხვა. ღმერთმა დაგლოცოთ და
გაგახაროთ! ქუთაისელებმა საჩუქრად მოგვიტანეს ახალმოწამეთა ხატი. ღმერთმა მეგიწიროთ
და დალოცვილი გამყოფოთ.

ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გააძლიეროს112-ე, 75-ე, 143-ე, 151-ე, 158-ე,
მე-200 საჯარო სკოლა და სკოლა-ლიცეუმი „იბერია“. დიდებული ტრადიცია დამკვიდრდა –
სკოლების და სასწავლებლების დალოცვა. დალოცვილი და გახარებული იყავით და ღმერთი
იყოს თქვენი მფარველი და მწყალობელი, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №7, 2010 წ.