საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება

27 მარტი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II
საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 27 მარტი 2005 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ღვთის წყალობით განვლო უკვე დიდი მარხვის ორმა კვირამ და ჩვენ სულიერად
ვემზადებით ბრწყინვალე აღდგომისათვის.

ეკლესიის დიდი მამა, წმიდა ანტონი დიდი, რომელიც არის დამაარსებელი ბერობისა,
შემდეგ დარიგებას გვაძლევს: „ეცადე მიაღწიო იმ მდგომარეობას, რომ ყოველი ადამიანი
გლოცავდეს შენ.“ ანუ როგორი რწმენა, სიყვარული და თავმდაბლობა უნდა ჰქონდეს
ადამიანს იმისათვის, რომ ყოველი ადამიანი მას ლოცავდეს! ეს მეტად რთულია, თუმცა
ამის განხორციელება შესაძლებელია.

დღეს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია თესალონიკის მთავარეპისკოპოსის, წმიდა
გრიგოლ პალამას ხსენებას აღნიშნავს. საკვირველია მისი ცხოვრება და მისი დარიგებანი.
ეს წმიდა მამა და მღვდელმთავარი ძალიან ღრმად წვდება ადამიანის ბუნებას, და
ასკვნის, რომ სულიერ ცხოვრებაში, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ღვთის წყალობა,
ღვთის მადლი, ნათელი ქრისტესი და მეორე, ასევე მეტად მნიშვნელოვანი არის თვითონ
ადამიანი და მისი ნება. ადამიანს უნდა უნდოდეს ქრისტეს ნათელის მიღება, ადამიანს
უნდა ჰქონდეს სურვილი, გახდეს მკვიდრი სასუფეველისა. ამიტომ ამბობს უფალი:
„ითხოვდეთ და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ“.

თანამედროვე კაცობრიობა ისეთ დროს და ისეთ პირობებში ცხოვრობს, როცა მისი
ძირითადი საფიქრალი მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა. მაცხოვარი ბრძანებს: „სადაც
არის საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი.“ ამიტომაც მთავარია, რომ ვიფიქროთ სულიერი
საუნჯის მოპოვებაზე. და, რა თქმა უნდა, როცა სხეულში ვართ, ნივთიერზეც უნდა
ვიზრუნოთ. ამიტომაც გვასწავლის ლოცვას: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“. ანუ
უნდა ითხოვო ის, რაც დღეს აუცილებლად გჭირდება. და უფალი არასდროს მოგვაკლებს მას
(რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება არა მარტო პური, არამედ ყოველივე ის, რაც ადამიანს
სჭირდება).

დღეს განსაკუთრებული დღეა კიდევ იმით, რომ ჩვენ აღვნიშნავთ საბერძნეთის ეროვნულ
დღესასწაულს, მის დამოუკიდებლობას. საბერძნეთი, თქვენ იცით, ეს ის ქვეყანაა, სადაც
პირველ საუკუნეში მოციქულებმა იქადაგეს სახარება. საბერძნეთი არის ქვეყანა,
რომელმაც შექმნა უდიდესი მსოფლიო კულტურა. საბერძნეთი არის ქვეყანა, სადაც
გამოვლინდა უბადლო ფილოსოფიური აზროვნება, საბერძნეთი არის ქვეყანა, სადაც
მოღვაწეობდნენ უდიდესი მამები და ღვთისმეტყველები.

ჩვენ მივესალმებით მის აღმატებულებას, ქალბატონ ელჩს და ვულოცავთ ღირშესანიშნავ
დღეს მას და იმ დიპლომატიურ კორპუსს, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს აქ ესწრებიან.

საბერძნეთი იყო და მომავალშიც ყოველთვის იქნება მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა
და მაღალი აზროვნებისა.

როდესაც წმიდა მეფე დავით აღმაშენებელმა დააარსა გელათის აკადემია, მას სურდა,
რომ ის სავანე ყოფილიყო ახალი იერუსალიმი თავისი სულიერებით და მეორე ათინა, თავისი
მეცნიერული მოღვაწეობით, დიდი კულტურითა და ღრმა აზროვნებით. მთელი მსოფლიო,
მართლმადიდებელი სამყარო დღესაც ამას ელოდება საბერძნეთისგან.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს. დღეს აქ შესრულდება საგანგებო ლოცვა საბერძნეთის
კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის. აღევლინება ლოცვა, რათა მეგობრობა და სიყვარული
სუფევდეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის.

ღმერთი იყოს მფარველი საბერძნეთისა და საქართველოსი.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №13(320),
2005 წ.