საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (2 აპრილი, 2006 წ.; ივერიის ღვთისმშობლის სახელობის კარიბჭის ტაძარი)

2 აპრილი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-2-%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ივერიის ღვთისმშობლის სახელობის კარიბჭის ტაძარი, 2 აპრილი, 2006 წ.

„…მტერი ნადირობს ჩვენს ხალხზე,
ცდილობს, სასუფეველს გამოსტაცოს ქართველი ადამიანია…“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის განსაკუთრებული და ბედნიერი დღე არა მარტო ამ მონასტრისათვის, არამედ
მთელი საქართველოსათვის: ღვთის მადლით, დღეს ეკურთხა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
ტაძარი, რომელსაც ეწოდება მეკარე; ეს არის კარიბჭე სასუფევლისა. ბედნიერია
საქართველო, რომ ასეთი გაჭირვებისა და მრავალი განსაცდელის ჟამს შეძლო ამ ტაძრის და
დიდებული ლავრის აშენება.

დღეს არის ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე კიბისაღმწერელისა, ბერძნულად
კლემაქსისა. ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერელი გვასწავლის, როგორ ავიდეს ადამიანი
სასუფეველში და რა განსაცდელები უნდა დაძლიოს ამ გზაზე. უნდა ვიცოდეთ, რომ კიბე
აღმართულია ჯოჯოხეთიდან სასუფევლამდე და ჩვენ შუა ადგილზე ვიმყოფებით, ადამიანი
უნდა წავიდეს ან მაღლა, ან დაეშვას დაბლა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ საქართველო,
მართალია, მრავალი გაჭირვებით, მრავალი განსაცდელით, მაგრამ მაინც მიდის მაღლა –
ღვთისაკენ.

რამდენიმე წლის წინ ჩვენ გამოვთქვით ასეთი სიტყვები: „ქართველნო, ერთად
ღვთისაკენ!“ ადამიანი, რომელიც მიდის ღვთისაკენ, ამავე დროს, უახლოვდება მოყვასს.
უნდა ვიცოდეთ, რომ მსვლელობა ღვთისაკენ, ამავე დროს, ეს არის მსვლელობა
მოყვასისკენაც;

არ უნდა დაგვავიწყდეს მოყვასის გაჭირვება, ის, რომ მარავალი ადამიანია, რომელსაც
ლუკმა-პური არა აქვს და ჩვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ ყველაზე მეტად დღეს
სულიერი დახმარება სჭირდება მთელ მსოფლიოსაც და ქართველ ადამიანსაც. თუ სულიერი
საზრდო გვექნება და ჩვენი სულიერი ფასეულობანი დაცული იქნება, ყველაფერი დალაგდება,
თავის ადგილზე დადგება. ჩვენ პირიქით, ვაკეთებთ, ვიწყებთ მატერიალურით და შემდეგ
ვფიქრობთ სულიერზე.

ადამიანი უნდა ამაღლდეს მიწიერ პრობლემებზე და მაშინ დაინახავს, რომ მთავარია
სულიერი ფასეულობანი, ჩვენი რწმენა, ჩვენი სიყვარული და სასოება; ეს უნდა იყოს
ჩვენი ცხოვრებისა და მოღვაწეობის საფუძველი. თქვენ გახსოვთ, როგორ ვიწყებდით წმინდა
სამების ტაძრის მშენებლობას, ასეთივე განწყობით, ასეთივე რწმენით უნდა დავიწყოთ
ჩვენი სულიერი ცხოვრებაც.

დღეს მრავალი განსაცდელი ემუქრება ჩვენს სულიერებას, პირდაპირ შეიძლება ვთვათ,
რომ მტერი ნადირობს ჩვენს ხალხზე, ცდილობს, სასუფეველს გამოსტაცოს ქართველი
ადამიანი და ამისათვის სხვადასხვა მიზეზს მიმართავს, იგონებს თავისუფლებას,
დემოკრატიას და სხვა. ჩვენ ყველას გვესმის, რა არის დემოკრატია და თავისუფლება.
ბედნიერია ადამიანი, თუ ნამდვილად გაიგებს,
რა არის თავისუფლება, თავისუფლება და დემოკრატია არ ნიშნავს აღვირახსნილობას, არ
ნიშნავს იმას, რომ უარვყოთ ათი მცნება, ცხრა ნეტარება, უარვყოთ წმიდა მამათა და
მსოფლიო კრებათა ის დადგენილებანი, რომლებიც წინაპრებმა დაგვიტოვეს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ის ადამიანი და ის ერი, რომელიც უარყოფს ჭეშმარიტ რწმენას და
მასზე დაფუძნებულ თავის ტრადიციებს, უარყოფს წარსულს, მას მომავალი არ აქვს, ის
აუცილებლად დაიბნევა და დაიღუპება.

დღეს ადამიანი თითქოს ეჩვევა ცოდვას, ფიქრობს, რომ თუკი სხვები აკეთებენ, მანაც
უნდა გააკეთოს ეს. სასუფევლისაკენ
ჩვენი ასეთი მსვლელობა მე მაგონებს დარიალის ხეობაში, თერგში ჩამდგარ ადამიანს,
რომელიც ცდილობს, მდინარის დინების წინააღმდეგ წასვლას. თერგი ამ ხეობაში იმდენად
გაშმაგებულია, რომ მოაქვს ქვები, დიდი ლოდები და წყალში შესულ კაცს ფეხებს
აუცილუბლაღ დაამტვრევს. აი, ამას ჰქვია ცოდვით სავსე ცხოვრების მორევში ჩვენი
ყოფნა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გვიჭირს, მაინც ღვთის მადლით უნდა ვიაროთ წინ, არ
უნდა შევუშინდეთ იმ განსაცდელს, იმ გაჭირვებას, რომელიც გვხვდება და მადლობა უნდა
შევწიროთ უფალს იმ ჯვრისათვის, რომელიც მოგვცა. შეიძლება ჯვარი მძიმეა, მაგრამ
უფალი, რომელიც გვაძლევს ამ ჯვარს, თავადვე
დაგვეხმარება, რომ ბოლომდე მივიტანოთ იგი და სასუფევლის ღირსნი გავხდეთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ და ბედნიერ დღეს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი და
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ დაიცვას საზღვარნი და კარიბჭენი საქართველოისანი!
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავის კალთა თქვენ და სრულიად
საქართველოს!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღვთს მადლით, ღვთის წყალობით, კარიბჭე
სასუფევლისა ღიაა, გახსნილია ჩვენ წინაშე და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი
გახდეს მკვიდრი ღვთის სასუფევლისა.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №14,
2006 წ.