საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება ( 19 სექტემბერი, 2006 წ.)

19 სექტემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-19-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%94

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 სექტემბერი, 2006 წ.

„ჩვენ, ქართველებს გვახასიათებს
ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვა, ეს თვისება არის ქართულ გენში…“

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

მრავალტანჯული, მართალი იობი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება არის გამოცდა;
მართლაც, ასეა, ოღონდ ზოგის გამოცდა მძიმეა, ზოგისა – ნაკლებად და იგი უნდა
ჩააბაროს თითოეულმა ჩვენგანმა წინაშე კეთილთა და წინაშე ბოროტთა. გამოცდის შედეგად
კი ვლინდება, რომელ მხარეს მიიდრიკება ადამიანი.

ხშირად ბოროტი იმდენად მიმზიდველია, რომ ადამიანი მისი გავლენის ქვეშ ადვილად
ექცევა. კეთილი საქმე უფრო ძნელია; სიკეთის კეთება – ეს არის ღვაწლი, რადგან ხშირად
ამ დროს ადამიანი დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობს. ასე რომ ყოველი კეთილი,
ღვთივსათნო ადამიანის ჯვარი მძიმეა.

დღეს წაიკითხეს სიტყვები წმიდისა პავლე მოციქულისა: „ურთიერთარს სიმძიმე
იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“. ჩვენ, ქართველებს გვახასიათებს
ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვა, ეს თვისება არის ქართულ გენში. მაგრამ რა
მდგომარეობაშია თითოეული ჩვენგანი? ვკითხოთ საკუთარ თავს: შეგვიძლია, სხვისი
ბედნიერება გავიზიაროთ ან სხვისი სიმძიმე ვიტვირთოთ? გვახარებს სხვისი ბედნიერება,
თუ შური გვეუფლება? თუ შური გვძლევს, მაშინ ვერ გავიზიარებთ სხვის სიხარულს.

თუმცა, ყოველი ადამიანი არის თავისი ჯვარის მატარებელი, მაგრამ ზოგიერთი
პიროვნება ერის ჯვარის მზიდველია. მიუხედავად იმისა, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია,
ჩვენი ჯვარი ბოლომდე უნდა მივიტანოთ და მისი სიმძიმის არ უნდა შეგვეშინდეს. იცოდეთ,
როდესაც გგონია, რომ ყველამ მიგატოვა: უფალმაც და ადამიანებმაც, – იმ დროს ღმერთი
ყველაზე ახლოსაა შენთან და უხილავად გეხმარება.

საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად ემსგავსება ძველ ისრაელს:
თავისი ხასიათით, თავისი ცოდვებით. მაგრამ ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს წარსულს,
დავინახავთ, რომ მიუხედავად ჩვენი მრავალი შეცდომისა და ჩვენი ცოდვებისა, უფალს
არასდროს მივუტოვებივართ და დარწმუნებული ვარ, დღესაც არ დაგვტოვებს. უფალმა
შეიყვარა ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ უფალი ხედავს გულსა კაცისასა და გული ქართველი
კაცისა არის წრფელი, მოსიყვარულე, ერთგული.

შევთხოვ უფალს, მოგვცეს ძალი და მადლი. „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს,
უფალმან აკურთხოს ერთი თვისი მშვიდობით“. უფალმა ინებოს, რომ ბოლომდე მივიტანოთ
ჩვენი ჯვარი და მივიდეთ იქ, სადაცა მართალნი განისვენებენ, ამინ!

დღეს მინდა ზოგიერთი სასულიერო პირი დავაჯილდოვო მაღალი წოდებით. და აი, ჩვენ
მივიღეთ ასეთი განჩინება:

მისი მაღალღირსება, იღუმენი კონსტანტინე ჭინჭარაული, წინამძღვარი მცხეთის ჯვრის
მონასტრისა აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში.

იღუმენი დავით ჭინჭარაული ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისთვის აყვანილია
არქიმანდრიტის ხარისხში და დანიშნულია ჯვრის მონასტრის წინამძღვრის მოადგილედ.

იღუმენი ბართლომე ფირცხალაიშვილი, წინამძღვარი თბილისის ფერისცვალების მამათა
მონასტრისა, ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისათვის აყვანილია არქიმანდრიტის
ხარისხში.

დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი, მოძღვარი სიონის საკათედრო ტაძრისა, მრავალი წლის
ერთგული სამსახურისათვის დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით.

მღვდელი ლავრენტი ბუზიაშვილი აყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია
ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

მღვდელმონაზონი ლუკა ფალავანდიშვილი აყვანილია იღუმენის ხარისხში და
დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

მღვდელი აბრაამ სოლომნიშვილი ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისთვის აყვანილია
დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქრის ჯვრის ტარების უფლებით.

დიდება და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დაჯილდოებულებს ვულოცავ ამ
მაღალ წოდებას, მაღალ ჯილდოს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში უფრო გაძლიერდება
მათი ერთგული სამსახური ერისა და ეკლესიის წინაშე.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. მინდა ასევე მოგახსენოთ, რომ
ჯეოსელმა თავის მომსახურებაში შეიტანა საეკლესიო კალენდარი და თუ თქვენ ხართ
ჩართული ჯეოსელში, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაიგოთ, რომელი წმინდანის დღესასწაულია
ამა თუ იმ დღეს. მინდა მადლობა მოვახსენო მათ ამ საქმისთვის და დავლოცო ისინი.
იმედი მაქვს, რომ მომავალში ისინი კიდევ უფრო მეტს გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს არის ღვთისმშობლის შობის დღესასწაული და არის
გელათობა. გარდა ამისა, წელს, ამ დღეს საქართველო აღნიშნავს გელათის აკადემიის 900
წლისთავს. გილოცავთ – ეს უდიდესი დღესასწაულია. ამასთან დაკავშირებით, ოთხშაბათს
შედგება სამეცნიერო კონფერენცია ქუთაისში. ოთხშაბათს საღამოს და ხუთშაბათს დილით
საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება გელათში, რომელსაც მე თავად შევასრულებ.

თქვენ გახსოვთ, რომ გელათის აკადემია დაარსებულია ჩვენი დიდი მეფის დავით
აღმაშნებელის მიერ. გარდა ამისა, ჩვენმა დიდმა მეფემ განსაზღვრა გელათის აკადემიის
სამეცნიერო მიმართულებანი. გელათის აკადემია უნდა ყოფილიყო ახალი იერუსალიმი –
თავისი დიდი სულიერებით და ახალი ათინა – თავისი მეცნიერებით. გილოცავთ გელათის
აკადემიის 900 წლისთავს!

ასევე გაცნობებთ, რომ შემდეგი კვირიდან საღამოს ლოცვა უკვე საღამოს 5 საათზე
დაიწყება.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №35,
2006 წ.