საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (19 თებერვალი, 2006 წ.; სიონის საპატრიარქო ტაძარი)

19 თებერვალი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-19-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 19 თებერვალი, 2006 წ.

„ყოველი ჩვენგანი ამსოფლად იმისთვისაა მოსული,
რომ სასუფეველისთვის მოემზადოს!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანი არის გვირგვინი ქმნილებისა და ამავე დროს არის ისეთი არსება, სადაც
შერწყმულია სიკეთე და ბოროტება. როგორც ერთი მეცნიერი ამბობს: ქვეყანა გაიპო შუაზე
და ბზარმა გაიარა ჩემს გულზე. ეს ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანში, მის გულში
ხდება. და ამ ბრძოლაში ადამიანმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს!
დღეს არის კვირა, რომელსაც ეწოდება უძღები შვილის კვირიაკე. სლავურად ცოტა
სხვაგვარად ჟღერეს – მეძავი შვილის კვირიაკე ეწოდება.

სახარებაში ნათქვამია, რომ მამას ჰყავდა ორი შვილი და უმცროსმა განიზრახა წასვლა
სახლიდან. გამოითხოვა თავისი წილი, მიუხედავად იმისა, რომ მას წილი არ ეკუთვნოდა,
რადგან სახლისთვის არაფერი ჰქონდა გაკეთებული, – ყველაფერი მამამისისა იყო. მამამ
მაინც მისცა შვილს წილი და სახლიდან გაუშვა. ეს იგავი არის წინასწარმეტყველება
თანამედროვე კაცობრიობაზე, ანუ იმაზე, რომ მრავალი დარჩება მამასთან და მრავალი
განუდგება მას. ადამიანი ძალიან ხშირად ტყუვდება, ხშირად იგი საკუთარ ძალას,
გონებასა და საქმეს ეყრდნობა და ფიქრობს, რომ ღვთის გარეშე უფრო თავისუფალი იქნება,
უფრო ბევრს გააკეთებს.

წავიდა უმცროსი ვაჟი და თავისი ქონება მეძაობაში განაბნია. შიმშილი იყო იმ
ქვეყანაში, სადაც ის იმყოფებოდა. გაკოტრებული ჭაბუკი მეღორე გახდა. მამამისი კი ამ
დროს მდიდარი ადამიანი იყო. და წერია სახარებაში, რომ უძღებ შვილს ღორების
სალაფავიც კი ენატრებოდა. ამ დროს დაეუფლა მას სინანული, განცდაი თვისთა ცოდვათა.
და გაუჩნდა აზრი, – დაბრუნებულიყო მამასთან და ეთქვა: მამაო, არ ვარ ღირსი, მერქვას
შენი შვილი, მიმიღე, როგორც ერთი შენი მუშაკთაგანი.

და როცა მიუახლოვდა თავის სახლს, დაინახა, რომ მამამისი იდგა და გზას გასცქეროდა
თავისი დაკარგული შვილის მოლოდინში. როცა გზად მომავალი შვილი დაინახა, გამოეგება,
მოეხვია და გულში ჩაიკრა. შვილი მუხლებზე დავარდა და შეჰღაღადა: მამაო, არა ვარ
ღირსი, მერქვას შენი შვილი; მიმიღე, როგორც ერთი შენი მუშაკთაგანი. მამამ მიიღო,
როგორც თავისი საყვარელი შვილი და თავის მსახურთ უბრძანა, მოეტანათ მისთვის
საუკეთესო შესამოსელი და შეემოსათ იგი და ასევე მოეტანათ მისთვის ბეჭედი და
ჩამოეცვათ მისთვის თითზე. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ მამა უბრუნებდა მას შვილის
წოდებას. და წერია სახარებაში, რომ მამამ უბრძანა, დაეკლათ ზვარაკი ჭამებული და იყო
დიდი ზეიმი.

იგავში შემდეგ საუბარია იმის შესახებ, რომ სახლში დაბრუნებულმა უფროსმა შვილმა
როცა ნახა ეს ზეიმი, იწყინა და მამას უთხრა: მამაო, ჩემთვის არაფერი გაგიკეთებია,
ყურადღება არ მოგიქცევია, ერთი თიკანიც არ დაგიკლავს, რათა ჩემს მეგობრებთან ერთად
მემხიარულა; ამან კი მთელი შენი ქონება განაბნია, შენ კი მას ასეთი ზეიმი მოუწყვეო.
მამა პასუხობს: ყოველივე ჩემი შენ გეკუთვნის, ხოლო შენი ძმა მკვდარი იყო და
გაცოცხლდა, დაკარგული იყო და დაბრუნდა – სწორედ ამას ვხარობ და ვდღესასწაულობო.

აი, ასეა, დიდი ზეიმია ზეციურ სამყაროში, როცა ადამიანი სინანულით ბრუნდება
უფალთან, როცა ადამიანი განიცდის თავის ცოდვას და სინანულით მიდის შემოქმედთან.

ეს იგავი არის წინასწარმეტყველება იმისა, რომ ის დაკარგული ნაწილი კაცობრიობისა,
რომელიც უფალს განუდგა, ღვთის მადლითა და წყალობით კვლავ დაბრუნდება მამაზეციერთან
და კვლავ მისი მფარველობის ქვეშ იქნება.

ჩემთან ერთი მონაზონი იყო, რომელიც ასე ამბობდა: „სცოდავ? მოინანიე და მოემზადე
სამოთხისათვის!“ მართლაც, ყოველი ჩვენთაგანი ამსოფლად იმისათვისაა მოსული, რომ
სასუფეველისთვის მოემზადოს. ამისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, სულიერად უნდა
განვიწმიდოთ და ასე მოვემზადოთ სასუფეველისათვის. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა.
ღმერთი სიყვარულია და მამაზეციერი მიგვიღებს ჩვენ, როგორც მოწყალე მამა.

ღმერთმა ძალა მოგვცეს სულიერი განწმენდისათვის! ღმერთმა მოგვცეს განცდაი თვისთა
ცოდვათა და ღირს გვყოს სასუფეველისა!

ამ ორი, მოსამზადებელი კვირის – ხორციელი და ყველიერი კვირის შემდეგ იწყება დიდი
მარხვა.

ღმერთმა ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად
საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №8(361),
2006 წ.