საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (18 ოქტომბერი, 2009 წ.)

18 ოქტომბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-18-%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 18 ოქტომბერი, 2009 წ.

„საქართველო განუყოფელია, როგორც კვართი უფლისა!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ბედნიერი დღე და დიდი დღესასწაულია – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
წმინდა გრიგოლ ხანძთელს ახსენებს; ჩვენი ზეიმი ორკეცდება იმით, რომ ჩვენი
თანამწირველი დღეს სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, ვაშინგტონისა და
ნიუ-იორკის მთავარეპისკოპოსის, უნეტარესი იონა იყო. უნეტარესო მეუფეო,.ქრისტესმიერო საყვარელო ძმაო, დღეს ვიხსენებთ სიტყვებს დავით
წინასწარმეტყველისა: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. თქვენი ჩამობრძანება
არის ღვთის ნიშანი, რომ საქართველო გამთლიანდება, საქართველო დადგება მშვიდობის
გზაზე.

გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის სახელით, ჩვენი წმინდა სინოდის,
სამღვდელოების, მრევლისა და პირადად ჩემი სახელით. მინდა ვთქვა, რომ ურთიერთობა
საქართველოს უძველეს ეკლესიასა და ამერიკის ავტოკეფალურ ეკლესიას შორის – არის
მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა ერებსა და ეკლესიებს შორის. და
აი, დღეს, როცა მრავალი პრობლემის წინაშე დგას საქართველო, ჩვენ დიდად ვაფასებთ
თქვენს ჩამობრძანებას და ვფიქრობ, რომ ამას ექნება გარკვეული დადებითი შედეგები.
მიმაჩნია, რომ საქართველო, როგორც მთელი კავკასია, უნდა იყოს არა დაპირისპირების,
არამედ დიდ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ასპარეზი და სწორედ ჩვენი ეკლესიები
ცდილობენ მოიხსნას ეს დაპირისპირება.

მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენს ხალხს ერთსულოვნება სჭირდება. შიდა და გარე მტრები
ცდილობენ, დაჰყონ საქართველო, მაგრამ ჩვენ ვართ ერთი სისხლი და ხორცი, – აფხაზები,
ოსები, მთელი საქართველო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთად ვიყოთ. ჩვენ შორის
არის მრავალი ნათესაური კავშირი. უნდა ითქვას, რომ წარსულშიც იყო მცდელობა ასეთი
დაყოფისა და ჩვენი დიდი მეფის, ერეკლე II-ის დროს შედგა ტრაქტატი ქართველი ხალხის
მთლიანობისა, ერთობისა, ერთსულოვნებისა. დღეს, როცა ვგრძნობთ მტრის ხელს, რომელიც
ცდილობს დაყოს საქართველო,
ჩვენ ყველანი – ქართველები, აფხაზები, ოსები და ყველა მცხოვრებნი საქართველოისა,
ვაცხადებთ, რომ არ დავუშვებთ საქართველოს დანაწევრებას, ყველაფერს გავაკეთებთ
იმისათვის, რომ საქართველო იყოს მთლიანი და მშვიდობიანი.

ჩვენ შევადგინეთ ტექსტი, რომელიც ამჯერად ხელმოსაწერადაა გამზადებული. ყოველ
ქართველს, საქართველოს ყველა ერთგულ ადამიანს აქვს უფლება, რომ ხელი მოაწეროს ამ
ტრაქტატს და ეს იქნება გამოვლინება ჩვენი სურვილისა, ჩვენი ნებისა. საქართველო
განუყოფელია, როგორც კვართი უფლისა! საქართველო იქნება მთლიანი და ჩვენი ეკლესია
ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს მთლიანობა შევინარჩუნოთ.

ჩვენ დღეს ვდღესასწაულობთ წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენებას, რომელიც არის საოცარი
მაგალითი მთლიანობისა და ერთობისა. გრიგოლ ხანბთელი ცხოვრობდა VIII-IX საუკუნეებში,
მან შექმნა დიდი სასულიერო კერები. და ყველაფერი გააკეთა საქართველოს
გამთლიანებისათვის. უნდა ითქვას, რომ ამ გამთლიანების პროცესში აქტიური მონაწილეობა
მიიღო ეკლესიამ. ეკლესიას არ შეუძლია იყოს მხოლოდ მაყურებელი იმ პროცესების, რომლებიც ქართველ ხალხს და საქართველოს უკავშირდება. ეკლესიამ აქტიური
მონაწილეობა უნდა მიიღოს ქვეყნის სოციალურ, კულტურულ და სხვა პროგრამებში და ჩვენ
ამას ვაკეთებთ.

ისტორიულად ცნობილია, როცა საქართველო რაღაც საშიშროების წინაშე დგებოდა, ქართველი
ხალხი მთლიანდებოდა და ერის შედუღაბება ეკლესიის უშუალო მონაწილეობით ხდებოდა. დღეს
ყველას შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ ამ ისტორიულ დოკუმენტს და მთელმა მსოფლიომ უნდა
დაინახოს, რომ ჩვენ ვართ ერთნი – ერთი ერი, ერთი ეკლესია, ერთი კულტურა, ერთი
სახელმწიფო.

უნეტარესო იონა, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, უფალი შეეწიოს თქვენს ახალგაზრდა
ეკლესიას; მინდა გთხოვოთ, რომ ილოცოთ საქართველოსა და ჩვენი ეკლესიის მშვიდობისა და
კეთილდღეობისათვის. „ისპოლა ეტი დესპოტა!“

მე მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს არის მიტროპოლიტ იონას ანგელოზის დღე. ვულოცავთ მას,
დიდი პატივისცემითა და სიყვარულით, და მივართმევთ ხატს ყოვლადწმინდისა
ღვთისმშობელისა.

მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს მრავალი ცნობილი გვარის წარმომადგენლები არიან ჩვენთან,
მადლობას მოვახსენებ მათ აქ მობრძანებისათვის. დღეს ვლოცავთ ბერიძეებს,
მაისურაძეებს, სიხარულიძეებს, დოლიძეებს, ნაზღაიძეებს, ბურდულებს, ჩანადირებს,
ფრუიძეებსა და სხვებს. ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეთ დიდი მადლი და დიდი სულიერი და
ფიზიკური ძალა!

დღეს ასევე ვაჯილდოებთ რამდენიმე სასულიერო პირს. ჯილდოვდება სვეტიცხოვლის
სამღვდელო პირები:

წინამძღვარი სვეტიცხოვლისა, არქიმანდრიტი ისააკი – მეორე გამშვენებული ჯვრით,
დეკანოზი თეიმურაზ შიოლაშვილი – გამშვენებული ჯვრით,
დეკანოზი ალექსი მარსაგიშვილი – გამშვენებული ჯვრით,
დეკანოზი მიქაელ მაჭარაძე – გამშვენებული ჯვრით,
მღვდელ-მონაზონი ექვთიმე (ბუსქანიძე) – ოქროს ჯვრით და ენიჭება იღუმენის წოდება,

მღვდელ-მონაზონი გიორგი (თელია) – ოქროს ჯვრით და ენიჭება იღუმენის წოდება,
მღვდელ-მონაზონი ანტონი (ფიჩხაია) – ოქროს ჯვრით და ენიჭება იღუმენის წოდება,
მღვდელ-მონაზონი ალექსი (არაჩემია) – ოქროს ჯვრით და ენიჭება იღუმენის წოდება,
9ღვდელ-მონაზონი ლუკა (თანდილაშვილი) – ოქროს ჯვრით და ენიჭება იღუმენის წოდება,

მღვდელ-მონაზონი ილია (კარტოზია) – ოქროს ჯვრით და ენიჭება იღუმენის წოდება.

დღეს ჩვენ ვლოცავთ ასევე ნასიძეების გვარს. ყოველ გვარს, რომელიც აქ არის დასალოცად
მობრძანებული, ჩვენ გადავცემთ წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხატს, რომელიც მათი მფარველი
იქნება.

დღეს წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ აჭარელი სტუდენტები. ჩვენ დიდი სიყვარულით ვლოცავთ
მათ და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა ჰქონოდეთ და კარგი მამულიშვილები
გამოსულიყვნენ, საქართველოსათვის თავდადებულნი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა გრიგოლ ხანძთელის დღესასწაულს. მისი ლოცვით ღმერთმა
დალოცოს, გაახაროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №31, 2009 წ.