საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება ( 18 ივნისი, 2006 წ.)

18 ივნისი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-18-%e1%83%98%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 18 ივნისი, 2006 წ.

„სხვა არცერთი ქვეყანა მეგულება
მსოფლიოში, რომ ამდენი წმინდანი,
ამდენი მოწამე და ამდენი სულიერი მოღვაწე ჰყავდეს“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის უდიდესი დღესასწაული – ყოველთა წმიდათა ხსენება და ამიტომ დღეს ყოველი
ჩვენგანის ანგელოზის დღეა. ყველას გილოცავთ ანგელოზის დღეს!

სახარებაში ვკითხულობთ: „სადაც არის საუნჯე შენი, მუნ არის გული შენი“. ჩვენ
ხშირად ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ რა არის ადამიანისთვის საუნჯე. თვალი რომ
გადავავლოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, დავინახავთ, რაზე ფიქრობდნენ წარსულში ჩვენი
წინაპრები, რაზე ოცნებობდნენ ისინი. რას იუნჯებდა წარსულში ქართველი ერი? ჩვენი
წინაპრები, უმეტესწილად, სულიერ საუნჯეს აგროვებდნენ.

ცოტათი უცნაურები ვართ ქართველები. აბა, რომელი მეფე ან თუნდაც რიგითი ადამიანი
დატოვებდა ანდერძად: „ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსო?“ ეს სხვას არავის უთქვამს,
ეს თქვა ჩვენმა დიდმა მეფემ – ვახტანგ გორგასალმა. ან თუნდაც გავიხსენოთ, მეორე
დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის ანდერძი. სხვა რომელ მეფეს ან თუნდაც რიგით
მოქალაქეს დაუბარებია: „გულზე დამადგით ფეხი ყოველმან?“ სხვას ვის აქვს ასეთი
თავმდაბლობა? ეს თქვა იმ უდიდესმა პიროვნებამ, იმ ხელმწიფემ, რომელმაც არნახულ
მწვერვალამდე აიყვანა საქართველოს დიდება.

ეს მაგალითები ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რომელი საუნჯის დაგროვებას ირჩევდა
ქართველი კაცი. ჩვენი ერი მუდამ სულიერ საუნჯეს ეძიებდა. და ამის შედეგია ის, რომ
წმიდანებით ყველაზე მდიდარი ქვეყანა საქართველოა. სხვა არცერთი ქვეყანა მეგულება
მსოფლიოში, რომ ამდენი წმიდანი, ამდენი მოწამე და ამდენი სულიერი მოღვაწე ჰყავდეს.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ, ღვთის მადლით, ქართველი ადამიანი ისეთი
თვისებითაა დაჯილდოებული, რომ რეალურად ხედავს, რა არის ჭეშმარიტი საუნჯე.
ქართველმა კაცმა კარგად იცის, რომ ნამდვილი სიმდიდრე არ არის მიწიერი, არამედ –
სულიერი. სწორედ სულიერ სიმდიდრეს იუნჯებდა ისტორიულად ქართველი და ამას უნდა
ვიქმოდეთ ჩვენც.

რა არის ერისთვის სულიერი საუნჯე? ჩვენი ტაძრები, ჩვენი მონასტრები, თუნდაც ეს
წმიდა ტაძარი წმიდა სამებისა – ეს არის ქართველი ადამიანის სულიერი საუნჯე. მე
არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ახალი საპატრიარქოს ლავრა მართლაც ხელთუქმნელი ტაძარია.
გავიხსენოთ, როგორ აშენდა ის, ვინ ააშენა, რა ხელმა ააშენა. დღესაც ძნელად
წარმოსადგენია. მახსენდება, როცა ვიწყებდით მშენებლობას, უფრო სწორად, ჯერ მხოლოდ
ვფიქრობდით მშენებლობის დაწყებას, ზოგიერთი სკეპტისკოსი ამბობდა, თქვენი ჩანაფიქრი
არარეალურიაო. ასევე ამბობდნენ, რომ პატრიარქი ვერ ხედავს რეალურ ცხოვრებასო.
შესაძლოა, ყველას არა, მაგრამ უმრავლესობას მაინც სწამდა, რომ უფალი აგვიშენებდა ამ
ტაძარს. ასეც მოხდა, უფლის შეწევნით, ქართველმა ხალხმა ააშენა ეს დიდებული ტაძარი.
მე ადრეც მითქვამს, რომ ეს არის ჩვენი ერის ავტოპორტრეტი. მადლობა უფალს, რომ
ასეთები ვართ. კი, ცოდვნილი ვართ და ხშირად ვეცემით, ხშირად ვცოდავთ, მაგრამ მაინც
ღვთისანი ვართ. ფსალმუნში წერია: „შენი ვარ, მაცხოვნე მე“, ანუ ცოდვილი ვარ, უღირსი
ვარ, მაგრამ შენი ვარ უფალო და მაცხოვნე მე. ასე ლოცულობდნენ ჩვენი წინაპრები, ამას
ევედრებოდნენ უფალს და სწორედ ამიტომ, ამგვარი თავმდაბლობითა და მათი სათნო
საქმეებით გახდა შესაძლებელი, რომ ამდენი წმიდანი ჰყავს დღეს საქართველოს.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ანგელოზის დღეს. დღეს ყოველი წმიდანის
დღესასწაულია, ყველასი – რომელიც ცნობილია და რომელიც არ არის ცნობილი, ჩვენ უნდა
ვიცოდეთ, რომ უმრავლესობა არ არის ცნობილი. ის, რაც საეკლესიო კალენდრებშია
შეტანილი, – მხოლოდ წვეთია ზღვაში. ძალიან ბევრია ღვთისმოსავი, რომელიც ცნობილი არ
არის ჩვენთვის და ისტორიისთვის. მათი ლოცვა შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს.
მათი ლოცვით გაძლიერდეს და გამთლიანდეს ჩვენი ქვეყანა! ამინ.

დღეს ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ წირვას დაესწრნენ და ჩვენთან ერთად
ლოცულობდნენ ჩვენი თანამემამულენი აფხაზეთიდან, კეძოდ, გალიდან. მინდა ყველანი
დაგარწმუნოთ, რომ ღვთის მადლით, ღვთის ძალით, ღვთის შეწევნით, სულ მალე დადგება ის
დრო, როცა ჩვენ, ყველანი, ერთად ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №25,
2006 წ.