საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება ( 18 დეკემბერი, 2005 წ.)

18 დეკემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-18-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9b

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 18 დეკემბერი, 2005 წ.

„მუხლი მოიყარეთ უფლის წინაშე და
მადლობა შესწირეთ იმ დღისთვის, რომელიც გაჩუქათ მან“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ამ დღეებში ჩვენ სულიერი ზეიმი გვაქვს. გუშინ იყო ხსენება წმიდისა დიდისა
მოწამისა ბარბარესი, დღეს არის ხსენება უდიდესი ღირსისა მამისა, საბა განწმედილისა,
ხვალ კი აღინიშნება ხსენება წმიდისა ნიკოლოზ მღვდელმთავრისა.

ადამიანი გვირგვინია ღვთის ქმნილებისა და იგი ერთ მდგომარეობაში არასდროს
ჩერდება. ადამიანი ან მაღლა უნდა მიდიოდეს, ან დაბლა ეცემოდეს. მაგრამ, უნდა
გვახსოვდეს, რომ „არა არს კაცი, რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს“. ესე იგი, დაცემა
გარდაუვალია, მაგრამ ამ დაცემის შემდეგ კაცი ისევ უნდა ადგეს და ღვთის ძალითა და
შეწევნით უნდა გააგრძელოს თავისი ცხოვრების გზა. ბოროტი სული უნერგავს ადამიანს
სასოწარკვეთილებას, უიმედობას და იგიც ხშირად ვარდება ამ ბოროტი სულის გავლენის
ქვეშ. სწორედ ის არის ბოროტი სულის მიზანი, რომ ადამიანს უიმედობა ჩაუნერგოს და
ხშირ შემთხვევაში ამას ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს ხოლმე. ყველა ადამიანში არის
მადლი სულისა წმიდისა და როცა კაცი დაეცემა, ეს მადლი უნდა შეეწიოს მას ადგომაში.

ეს ძალიან რთული პროცესია, ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ამ სულიერი
ამაღლებაში, სულიერ ადგომაში. განსაკუთრებით უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს იმ დროს,
როცა ადამიანი დაცემულია, როცა მას უჭირს. დღეს ალბათ, მიაქციეთ ყურადღება
სამოციქულოს – წმიდა პავლე მოციქულის ეპისტოლე ასე მთავრდება: „ურთიერთას სიმძიმე
იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“. სწორედ ეს არის ჩვენი მოვალეობა,
რომ ერთმანეთს ვუშველოთ, ერთმანეთის ტვირთი ვიტვირთოთ და აღვასრულოთ სჯული
ქრისტესი. ეს არის უდიდესი და უმთავრესი მოვალეობა ყოველი მართლმადიდებელი
ქრისტიანისა.

დღეს წაიკითხეს სახარება, სადაც მოთხრობილია ათი განკურნებული კეთროვნის ამბავი.
უფალს გზაზე ათი კეთროვანი შეხვდა. ისინი მივიდნენ მაცხოვართან, ღაღადებდნენ და
ეხვეწებოდნენ, დახმარებოდა და განეკურნა ისინი.

კეთრი უმძიმესი ავადმყოფობაა, ინფექციური სნეულება, რომელიც ერთი ადამიანისაგან
მეორეზე გადადის. კეთროვნები მუდამ გარიყულნი იყვნენ ჯანმრთელი ადამიანისაგან. ხშირ
შემთხვევაში ისინი უდაბნოში ცხოვრობდნენ, იმიტომ, რომ ხალხი ქალაქში ან სოფელში მათ
არ აჩერებდა. ზოგჯერ ხდებოდა, რომ კეთროვანს ქვებითაც კი ქოლავდნენ, თუ ის სოფლიდან
არ გავიდოდა.

და აი, ათი კეთროვანი შეხვდა უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს. ისინი ევედრებოდნენ
მას, რომ განიწმიდონ ამ საშინელი ავადმყოფობისაგან. უფალი კი უბრძანებს: წადით და
ეჩვენეთ მღვდელს. თქვენ, ალბათ, არ იცით, რატომ ამბობს ამას უფალი. მაშინ ასეთი
წესი არსებობდა: როცა ადამიანი კეთრისაგან განიწმიდებოდა, ის უნდა მღვდელს
შეემოწმებინა და თუ ის დაადასტურებდა, რომ ადამიანი მართლაც განკურნებული იყო,
მხოლოდ მაშინ აბრუნებდნენ მას სახლში. მართლაც, ყველანი წავიდნენ მაცხოვრის ბრძანების
შესასრულებლად, მაგრამ უფალთან მხოლოდ ერთი დაბრუნდა, ისიც – სამარიტელი. უფალი
ეკითხება მას: ნუთუ ათივე არ განიწმიდა? დანარჩენი ცხრანი სად არიანო? მათ ხომ
მადლობა უნდა ეთქვათ უფლისათვის? მაგრამ განწმედილი დუმდა. უფალი კი ეუბნება მას:
„აღდეგ! სარწმუნოებან შენმან გაცხოვნა შენ“. აი, ეს – მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია
ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ ძალიან ხშირად ვეხვეწებით უფალს შეწევნას; ვთხოვთ:
გვაპატიე, შეგვინდე, მოგვეცი სახლი, მოგვეცი შვილები, ათას რამეს ვთხოვთ. ხანდახან
ისეთ რამესაც ვთხოვთ, რაც ამაოა, რაც არ სჭირდება ადამიანს (ზოგჯერ კი იმასაც
სთხოვ, ჩემი მტერი დასაჯეო). უფალი ყოველთვის გვისრულებს ჩვენი სულისთვის მარგებელ
თხოვნას, მაგრამ
ჩვენ ხშირად მადლობის თქმა გვავიწყდება.

ერთ-ერთი ქადაგების დროს მე უკვე გიამბეთ ერთი ამბავი, მაგრამ კვლავ მინდა შეგახსენოო. ერთი მოძღვარი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დადიოდა,
სულიერ ავადმყოფებს რჩევა-დარიგებებს აძლევდა და ეხმარებოდა. ერთი სულით სნეული
ავადმყოფი, რომელიც დროდადრო იმ საშინელი მდგომარეობიდან გამოდიოდა და მცირე ხნით
სრულიად ჯანსაღი ხდებოდა, ამ მღვდელს ეუბნება: მამაო, მადლობას სწირავთ უფალს, რომ
ჯანსაღი გონება მოგცათო? მოძღვარი ამბობდა: მართლაც, არასდროს მომსვლია თავში აზრი,
რომ ღმერთისთვის მადლობა მეთქვაო. ყოველმა ჩვენგანმა მადლობა უნდა შესწიროს უფალს
ყველაფრისათვის. ყოველთვის უნდა ვამბობდეთ: დიდება და მადლობა ღმერთს
ყველაფრისათვის.

თქვენ იცით, როდესაც წმიდა იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლიდან განდევნეს, გადმოასახლეს
საქართველოში, იქ, სადაც ეწამა წმიდა ვასილისკო. მან აქ უკანასკნელი სიტყვები
წარმოთქვა და ეს იყო: „დიდება უფალს ყველაფრისათვის“. ესე იგი, მან მადლობა
შესწირა ღმერთს იმ დიდებისათვის, რომელიც მას ჰქონდა, იმ დამცირებისთვის, რომელშიც
მერე იმყოფებოდა. აი, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს
ჩვენ. ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა – ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა,
ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს.

ზოგიერთ მორწმუნეს ასეთი წესი აქვს: ადგება თუ არა ლოგინიდან, მუხლს მოიყრის
ღვთს წინაშე და მადლობას შესწირავს მას. თქვენც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რა თქმა
უნდა, ვისაც შეგიძლიათ, გაღვიძებისას მუხლი მოიყარეთ უფლის წინაშე და მადლობა
შესწირეთ იმ დღისთვის, რომელიც გაჩუქათ მან. საცოდავია ის ადამიანი, რომელიც
უმადურია, რომელსაც არ ახსოვს ის წყალობა რომელსაც ღვთისგან ღებულობს. ძალიან ხშირად
ასეთი ადამიანი კარგავს იმ მადლს, რომელიც მას უბოძა უფალმა. ღმერთმა დაგლოცოთ,
ღმერთმა მშვიდობითა და სიხარლით გაავსოს თქვენი გული, თქვენი გონება, თქვენი ფიზიკური და
სულიერი სამყარო. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველის
ამინ.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №5,
2006 წ.