საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (17 მარტი, 2001 წ.)

17 მარტი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-17-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98-200

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

სიონის საკათედრო ტაძარი, 17 მარტი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ღვთის განგებით, ყოველ ადამიანს უფლისაგან ბოძებული თავისი ჯვარი აქვს. რა არის
საჭირო იმისათვის, რომ ადამიანმა ღირსეულად ატაროს იგი? ამ კითხვაზე პასუხს თავად
უფალი გვაძლევს. იგი ბრძანებს: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლაი, უარყავნ
თავი და აღიღონ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე“. პირველი და მთავარი პირობა
საკუთარი თავის უარყოფაა. რამდენად შესაძლებელია ეს? ყველაზე მეტად ადამიანი ხომ
თავის თავზე ზრუნავს. მაგრამ თუ საკუთარ თავს ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ
მასში არის არა მარტო კეთილი სურვილები, არამედ ბოროტიც, და მეტიც, უფრო ხშირად
ჩვენ ვხდებით მონები და აღმასრულებელნი სწორედ ბოროტი ზრახვებისა; თვითოეულ
ჩვენთაგანში გამუდმებით მიმდინარეობს ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. ამიტომ, უნდა
ვეცადოთ, რომ დღის ბოლოს გამოვნახოთ დრო, თუნდაც რამდენიმე წუთი, რათა მარტო
დავრჩეთ საკუთარ თავთან და ღმერთთან, ჩავიხედოთ საკუთარ გულსა და გონებაში და
განვსაჯოთ ჩვენი საქციელი. დავფიქრდეთ, რა გავაკეთეთ კეთილი მთელი დღის მანძილზე ან
რა ბოროტი საქციელი ჩავიდინეთ, გავაცნობიეროთ, სად ვიმყოფებოდით გონებით – კეთილთან
თუ ბოროტთან. ყოველივე ამის შემდეგ ჩვენ დავინახავთ, რომ ძალიან ხშირად, ხან ერთ,
ხან მეორე მხარეს ვეხეთქებით. ადამიანი შეიძლება დაეცეს, მაგრამ არ უნდა დატკბეს
ცოდვაში ყოფნით, არ უნდა შეურიგდეს ცოდვილ მდგომარეობას.

ღმერთი ადამიანს ისეთ ჯვარს აძლევს, რომლის ტვირთვაც და ბოლომდე მიტანაც ძალუძს.
ლოცვის დროს, ზოგჯერ ვსაყვედურობთ ხოლმე უფალს, რომ თითქოს მძიმე ჯვარი გვიბოძა.
მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ იგი ითვალისწინებს ჩვენს ძალბეს, ჩვენს შესაძლებლობებს და
ყოველთვის, ყოველგვარი ტვირთვისთვის წინასწარ ამზადებს. ზოგს საკუთარ თავსა და
ოჯახზე ზრუნვას აკისრებს, ზოგიერთს – მთელს ერზე. მინდა მოგითხროთ ერთი მაგალითი
კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II ცხოვრებიდან. თქვენ იცით, რომ კომუნისტური რეჟიმის
ხანაში სამღვდელოების უმრავლესობა რეპრესირებული იყო: ან ხვრეტდნენ ან ასახლებდნენ.
ასეთთა რიგებში ბრძანდებოდა უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II, მას ციმბირში 10 წლით
გადასახლება მიუსაჯეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ იქაურ სასტიკ პირობებს ვერ გაუძლებდა
და უკან ვეღარ დაბრუნდებოდა. შვიდი წლის შემდეგ, მოსკოვის მთავრობის წინაშე
უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს (ცინცაძის) შუამდგომლობით, რომელიც იმ დროს
ეპისკოპოსის ხარისხში ბრძანდებოდა, იგი საქართველოში დააბრუნეს. როცა ეფრემი
სამშობლოში მოემგზავრებოდა, დასიებული და შიმშილისაგან დაუძლურებული იმდენად მძიმე
მდგომარეობაში იყო, რომ კაცი გამოაყოლეს, შეიძლება გზაში გარდაიცვალოსო. კასპიის
ზღვასთან რომ მოვიდა, სანაპიროსთან უამრავი ხალხი დახვდა, რომლებიც რიგში იდგნენ,
რათა მეორე ნაპირზე ბორნით გადასულიყვნენ. ყველანი ჩქარობდნენ. ღვთის განგებით,
რიგი სწორედ მის წინ შეჩერდა და ბორანზე ასვლა ვერ მოახერხა. იგი დიდხანს
თვალცრემლიანი ეხვეწებოდა მცველებს, რომ ბორანზე აეშვათ, რადგან მრავალი წლის
განმავლობაში სამშობლო არ ენახა. თქვენც კარგად მოგეხსენებათ, მაშინდელ დროს
სასულიერო პირებს პატივს არ სცემდნენ და მისი ვედრება მცველებმა არ შეისმინეს.
რამდენიმე ხნის შემდეგ მოვიდა ცნობა, რომ ის ბორანი, რომლითაც ერის მომავალი
სულიერი წინამძღვარი გამომგზავრებას აპირებდა, ჩაიძირა და ხალხი დაიღუპა. იგი ღვთის
განგებით გადარჩა, რადგან უფალი პატრიარქობისთვის ამზადებდა და ქართველი ერის ჯვარი
უნდა ეტვირთა. ასეთი შემთხვევები მის ცხოვრებაში მრავალი ყფოილა. აი, მაგალითად,
ვიდრე მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩევდნენ, გვიამბო, რომ ერთხელ,
დღისით, როცა ის ჯერ კიდევ ბათუმის მიტროპოლიტი ბრძანდებოდა და თავის კაბინეტში
იჯდა, ადამიანების ფეხის ხმა მეოსმა და დაინახა, რომ მის კაბინეტში ორი
მღვდელმთავარი შემობრძანდა – პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე), რომელიც მისი
ნათესავი გახლდათ და წმიდანად შერაცხული ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე). მათ
არცერთი სიტყვა არ უთქვამთ ეფრემისთვის. ეფრემს როდესაც ისინი უხილავს, უკითხავს,
მესამე სადღა არისო. მესამეში იგი ასევე მის ნათესავს, დიდ მღვდელმთავარ პიროსს
(ოქროპირიძე) გულისხმობდა, რომელიც ალავერდის ტაძარშია დასაფლავებული. მათ პასუხი
არ გაუციათ, მხოლოდ რამდენიმე წამს შეჩერებულან და შემდეგ ღრუბელივით
გაუჩინარებულან. მეორე დღეს კიდევ ერთი სასწაული აღსრულებულა: ამჯერად
მღვდელმთავარი პიროსი მობრძანებულა და ეფრემისთვის არც მას უთქვამს რაიმე. თავიანთი
მისვლით ამ მღვდელმთავრებმა მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა აუწყეს.
სულ ცოტა ხანში ეფრემი მართლად გამოირჩიეს პატრიარქად. ასე რომ, უფალი ყოველ
ჩვენთაგანს აძლევს ჯვარს და თანაც მაცხოვნებელს, რისთვისაც ყოველდღე, ყოველ წუთს,
ყოველ წამს მადლობას უნდა ვსწირავდეთ მას.

დღეს ჯვრის თაყვანისცემის კვირაა და თაყვანსა ვსცემთ უფალსა ჩვენსა ჯვარცმულსა,
რომელიც წყალობს ყოველ ჩვენთაგანს, ჩვენს ქვეყანას, სრულიად საქართველოს.

ამ დიდებულ დღესასწაულზე ჩვენთან დასალოცად მობრძანდნენ თბილისის „რაინდთა
საავტორო სკოლის“ წარმომადგენლები. ღმერთმა ინებოს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ამ
სკოლაში სწავლობენ, ჭეშმარიტ რაინდებად აღიზარდონ. სხვანაირად არც შეიძლება,
ქართველი უსათუოდ რაინდი, ღვთის მოსავი, სამშობლოს თაყვანისმცემელი და მისი
დამცველი უნდა იყოს. სკოლის დამაარსებელია ბატონი მურთაზ მნათობიშვილი. დღეს,
მასთან ერთად, ამ დიდ საქმეს ემსახურება ქალბატონი ნინო მნათობიშვილი. გისურვებთ,
რომ ჩვენი ახალგაზრდობა მართლად დიდ ადამიანებად გაგეზარდოთ. თუნდაც სახელწოდება
უკვე დიდ მოვალეობას გაკისრებთ და ღმერთმა ინებოს, რომ ეს დიდი მისია
აღგესრულებინოთ. უპირველეს ყოვლისა, მინდა, გითხრათ, რომ მასწავლებელმა ყველაფერი
უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ბავშვს უფლის ჭეშმარიტი რწმენა ჩაუნერგოს. ძალიან
ხშირად ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა დისციპლინების სწავლებას
და ნაკლებს – აღზრდას. თუ ჩვენ რწმენას და ზნეობას არ ვასწავლით მათ, მაშინ ქიმიის,
ფიზიკის, მათემატიკის ცოდნა შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული. ჩვენს წინაშეა
განვლილი საუკუნის მაგალითი, როდესაც მხოლოდ მეცნიერებისა და ტექნიკის
განვითარებაზე ზრუნავდნენ. შედეგებს უკვე ვიმკით, ჩვენ თვითონ ვხედავთ, თუ
სადამდემივიდა კაცობრიობა. მსოფლიოში იმდენი იარაღი დაგროვდა, რომ მისი საშუალებით
არა მხოლოდ ადამიანების, არამედ დედამიწაზე მთელი სიცოცხლის განადგურებაც კი
შეიძლება, თანაც არაერთგზის. ეს ბოროტება ურწმუნოთა მიერ არის შექმნილი. წლების
განმავლობაში ასობით და ათასობით მეცნიერი მუშაობდა ყოველივეს გამანადგურებელი
იარაღის შესაქმნელად. როცა თავიანთი ქმნილების საშინალებაში დარწმუნდნენ, ბევრმა
მათგანმა შეინანა კიდეც, მაგრამ უკვე გვიან იყო, რადგან იარაღი უკვე თანდათან
ვრცელდება მთელს მსოფლიოში. აი, ამიტომ მხოლოდ რწმენა, სიყვარული და სასოება
გადაარჩენს კაცობრიობას. გისურვებთ, რომ ეს სამი სათნოება მტკიცედ იყოს დაცული
თქვენს გულებში.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი მფარველი კალთა.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №12, 2001 წ.