საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (17 აპრილი, 2005 წ.; ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი)

17 აპრილი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-17-%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II
საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი, 17 აპრილი, 2005 წელი

„ნუ იფიქრებს ნურავინ, რომ ადვილად შეიძლება მოიპოვოს სასუფეველი“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ფსალმუნში ვკითხულობთ: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი
თვისი მშვიდობით.“ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ქართველი ადამიანი სწორედ ამას
სთხოვდა უფალს: უფალო, გვიბოძე ძალა და მშვიდობა! ამიტომაა ჩვენი მისალმება ასეთი:
„დილა მშვიდობისა“, „საღამო მშვიდობისა“. ეს იმიტომ, რომ მშვიდობა იყო, იგი არის და
იქნება სანუკვარი, სანატრელი ქართველი კაცისათვის. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, თუ ვის
აძლევს უფალი მშვიდობას. უფალი მშვიდობას თავის ერს ანიჭებს. ანიჭებს მას, ვინც
არის მისი ერთგული, ვინც ადიდებს უფალს და არის ღვთისათვის სათნო ცხოვრებით
მცხოვრები.

დღეს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმიდა მარიამ ეგვიპტელის
ხსენებას. წმიდა მარიამ ეგვიპტელი V-VI საუკუნეებში ცხოვრობდა. იგი საოცარი
მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი, როგორ შეიძლება, იგი
ცოდვიდან ამოვიდეს, განიწმიდოს და მადლმოსილი გახდეს. როგორც იცით, მარიამ
მეგვიპტელი წლების მანძილზე აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა, შემდეგ მოხდა მისი
მოქცევა და უდაბნოში წასვლა სამოღვაწეოდ.

აქ იგი შეხვდა ბერ ზოსიმეს, რომელსაც თავიდან გაექცა, რადგან სრულიად შიშველი
იყო – წლების მანძილზე უდაბნოში ყოფნისას შემოეხია და დაელია სამოსი და ის სრულიად
შიშველი დარჩა მზისა და წვიმის ქვეშ.

ბერმა ზოსიმემ ეს ადამიანი პირველად რომ დაინახა, დაეჭვდა, ბოროტი სული ხომ არ
არისო. ამაღლებულ ადგილს მოფარებულმა მარიამ ეგვიპტელმა ბერს სახელით მიმართა
(წარმოიდგინეთ, რამხელა სასწაულია: იგი ამ მოძღვარს საერთოდ პირველად ხვდება და
უკვე იცის, რა ჰქვია): „ზოსიმე, მომეცი ტანსაცმელი, უნდა მოვიხვიო და ისე შეგხვდე“.
და აი, შედგა შეხვედრა ბერისა და მეუდაბნოესი. ორივე იჩოქებს ერთმანეთის წინაშე და
კურთხევას ითხოვს: ორივე მათგანი თავის თავს უღირსად თვილის, რომ დალოცოს მეორე.
ბერი ზოსიმე გრძნობს, რომ მის წინაშე წმიდანია. გრძნობს იმას, რომ წლების
განმავლობაში ამ ქალს მოიპოვებული აქვს დიდი მადლი ღვთის წინაშე. წმიდა მარიამ
ეგვიპტელიც გრძნობს, რომ მის წინაშე დიდი ბერია. შემდეგ მარიამ ეგვიპტელი მიმართავს
მამა ზოსიმეს: შენ მოძღვარი ხარ, წირვა-ლოცვებს აღასრულებ, ამიტომ ვალდებული ხარ,
მაკურთხოო. აი, ასე იწყება მათი ურთიერთობა.

შემდეგ მარიამ ეგვიპტელი უამბობს მამა ზოსიმეს თავის ცხოვრებას. მისი ნაამბობი
მეტყველებს, რომ მან განვლო დიდი განსაცდელი და დიდი ტანჯვა და ბრძოლა გამოიარა.
მარიამ ეგვიპტელი ამბობს, რომ მუდამ ახსენდებოდა საშინელი დაცემის დღეები (ეშმაკი
აჩვენებდა ამას). და აი, ასეთ ტანჯვაში იყო იმდენი წელი, რამდენი წელიც უზნეოდ
იცხოვრა.

აი, ასეთი რთულია ადამიანის ცხოვრება. ნუ იფიქრებს ნურავინ, რომ ადვილად
შეიძლება მოიპოვოს სასუფეველი. სასუფეველი ღვთისა იიძულების და ვინც აიძულებს თავის
თავს, იგი მიიტაცებს მას, – ასე წერია საღმრთო წერილში. ამისთვის კი საჭიროა მთელი
სიცოცხლის მანძილზე ბრძოლა საკუთარ თავთან. მაგრამ ადამიანმა რომ შეძლოს, უნდა
იცნობდეს თავის თავს, უნდა იცნობდეს თავის ნაკლს და უნდა ჰქონდეს „განცდაი თვისთა
ცოდვათა“. როგორც ამბობს ღირსი მამა ეფრემ ასური: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი
თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.“ ეს არის გზა სიწმიდისაკენ, გზა
სასუფევლისკენ. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველ ჩვენთაგანს მოეცეს „განცდაი თვისთა
ცოდვათა“.

მადლობა ღმერთს, მართალია, დიდი წინააღმდეგობებით, მაგრამ მაინც ამ გზით
მიემართება ქართველი ერის დიდი ნაწილი!

ის ფაქტი, რომ ჩვენ წირვა-ლოცვას დღეს ამ ბრწყინვალე ტაძარში ვატარებთ,
მეტყველებს იმაზე, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან! ეს ტაძარი რომ ივსება მრევლით,
ნიშნავს, რომ გვაქვს „განცდაი თვისთა ცოდვათა“ და ეს გვახარებს.

დღეს ტაძარში წირვას ესწრებიან ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ემზადებიან
თურქეთში წასასვლელად. მათ უნდა გაიარონ წვრთნა თურქეთში. შევთხოვთ უფალს, რომ
წმიდა სამებამ დალოცოს ჩვენი ახალგაზრდები და მშვიდობით გაამგზავროს და მშვიდობით
დააბრუნოს სამშობლოში. აშოროს მათ ყოველი განსაცდელი. წმიდა სამება იყოს თქვენი
მფარველი! თუ თქვენ ახლოს იქნებით უფალთან, თუ ყოველდღიურად შესთხოვთ ღმერთს
შეწევნას, მადლი უფლისა და წყალობა მისი იქნება თქვენ ზედა!

დღეს ასევე შესანიშნავი დღეა იმიტომ, რომ დაიწერა ასლი დმანისის ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის ხატისა. ეს ხატი ცნობილი იყო, როგორც დიდი სასწაულების აღმსრულებელი.
ვისაც წაუკითხავს მისი ისტორია, იცის, რომ მრავალი ადამიანი განკურნებულა მისგან და
მათ შორის – მეფის ძე – ბატონიშვილი და კიდევ მრავალი სხვანი. მეუფე ზენონმა მოიძია
სიგელი, რომელზეც გამოსახულია დმანისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. და მის მიხედვით
დაიწერა დღეს ეს ხატი, რომელიც ახლა ჩვენს წინაშეა. მისი კურთხევა ახლა შედგება.

დმანისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და
სრულიად საქართველოს!

დმანისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გაამთლიანოს ჩვენი სამშობლო, დაამშვიდოს
საქართველო და მთელი ქვეყანა!

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს. „უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა
აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!“ ძალა და მშვიდობა სუფევდეს თქვენთან, თქვენს
ოჯახებში და მთელს საქართველოში, ამინ!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა თქვენ და სრულიად საქართველო!

ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №16(323),
2005 წ.