საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (16 სექტემბერი, 2007 წელი)

16 სექტემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-16-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%94

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 16 სექტემბერი, 2007 წელი

„ხშირად უნდა მივმართოთ უფალს,
ლოცვით შევთხოვოთ, გვიბოძოს სიმშვიდე;
ვევედროთ, რომ კაცობრიობას დაგვიბრუნოს სიმშვიდე, როგორც დაკარგული სამოთხე…“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყოველ დროს, ყოველ ჟამს, ყოველ საუკუნეს ახასიათებს თავისი გამორჩეული თვისებები,
გააჩნია თავისი სახე. როგორ შეიძლება, დავახასიათოთ ჩვენ ის დრო, რომელშდც
ვცხოვრობთ? მინდა გავიხსენო მოციქულის
სიტყვები: „დრონი ბოროტნი არიან“. არ ვიცი, რას იტყოდა მოციქული პავლე ჩვენ დროზე,
მაგრამ მინდა ვთქვა, რომ დღეს ყველაფერი გამიწიერებულია, ყველაფერი დამცირებული და
დამდაბლებულია. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ კაცობრიობამ და ზოგადად
ადამიანმა დაკარგა სიმშვიდე. ადამიანს აღარ გააჩნია სიმშვიდე. თუმცა, ცხადია, ასეთი
რამ ადამიანს წარსულშიც ახასიათებდა, მაგრამ არა ამ ზომით. დღეს შფოთიანი ჟამი
დგას. ადამიანმა დაკარგა სიმშვიდე, რადგან მან დაკარგა კავშირი ღმერთთან. არსებობს
ძალიან მოკლე ლოცვა დავით წინასწარმყტყველისა: „მოიხსენე უფალო დავით და ყოველი
სიმშვიდე მისი“. ეს ლოცვა მიგვითითებს, რომ ხშირად უნდა მივმართოთ უფალს, ლოცვით შევთხოვოთ,
გვიბოძოს სიმშვიდე; ვევედროთ, რომ კაცობრიობას დაგვიბრუნოს სიმშვიდე, როგორც
დაკარგული სამოთხე, როგორც ნეტარი, ბედნიერი მდგომარეობა. და საოცარი ისაა, რომ
ადამიანი, რომელსაც გააჩნია სიმშვიდე, მშვიდია ყველგან – თავის თავთან, ოჯახთან,
სამსახურში, ტაძარში და ეს სიმშვიდე ეფინება მის გარშემო. სხვაგვარად რომ ვთქვათ,
სიმშვიდე არის მადლი სულისა წმინდისა. წმინდა მამები ამბობენ: მოიპოვე მცირე მადლი
სულისა წმინდისა და ცხონდები შენც და ცხონდებიან მრავალნი შენ გარშემო.

დღეს ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ადამიანი განსაკუთრებით საჭიროებს სიმშვიდეს.
თუ ადამიანს არ ექნა სიმშვიდე, იგი ვერ გაარჩევს, სად არის კეთილი და სად არის
ბოროტი. თუ არ აქვს სიმშვიდე, ადამიანი ვერ დაამყარებს კავშირს უფალთან, ვერ შედგება
დაახლოება და შერწყმა ღვთისა და ადამიანის ენერგიისა.

მახსენდება, ის დრო, როდესაც მე ვიყფი აფხაზეთის მღვდელმთავარი. იმხანად იქ
უდაბნოში ცხოვრობდა ორი მონაზონი. საოცარი ადამიანები იყვნენ. იშვიათად მოდიოდნენ
საკათედრო ტაძარში, მაგრამ როცა მოდიოდნენ, ყველა გრძნობდა, რომ ნათელი და მადლი
ღვთისა იყო მათთან და მათ გარშემო. მახსენდება ერთი შემთხვევა, რომელიც მათ სახელს
უკავშირდება. იქ უდაბნოში მათ ჰქონდათ აშენებული პატარა ფიცრული, მცირე სენაკი, სადაც
ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. ერთხელ მათ დაინახეს, რომ მათი სენაკისკენ კოჭლობთ,
მიბაჯბაჯებს დათვი. დედები შეშინდნენ,
სასწრაფოდ შევიდნენ თავის სენაკში და კარი ურდულით ჩაკეტეს. დათვი კარს მიადგა და
თავისი დასისხლიანებული თათი გაიშვირა, თითქოს დახმარებას სთხოვდა. დათვს თურმე
ლურსმანი თუ რკინის ნაჭერი ჰქონდა უკანა თათში გარჭობილი და ვერაფრით ვერ
თავისუფლდებოდა მისგან. წარმოიდგინეთ, რომ ამ ცხოველს იმდენი აზრი ჰქონღა რომ მივიდა
დედებთან, რომელთაც ნდობა გამოუცხაღა და მათგან დახმარებას ელოდა. დედებმა აიღეს
მაშა, კარი ოდნავ შეაღეს და დათვს თათიდან რკინა ამოღეს. მოისვენა საბრალო ცხოველმა,
დაწვა, აილოკა თავისი თათი და წავიდა. საღამოხანს კვლავ გამოჩნდა და დედებს
სიმინდის ტაროები მოუტანა. წარმოიდგინეთ, მხეცს მადლიერების გრძნობა ჰქონია და
მოვიდა და მადლობის ნიშნად მან ასეთი რამ მოიმოქმედა. სიმინდი დედებს კართან დაუყარა
და წავიდა. მას შემდეგ დათვი დედებს დაუმეგობრდა და მონაზვნებსაც უკვე მისი აღარ
ეშინოდათ. დათვი ხშირად სტუმრობდა დედებთან. ახლომდებარე სოფლელებიც გაუთამამდნენ
მას და აღარც მათ ეშინოდათ მისი.
სოფლელებმა დედებს უთხრეს, იქნებ თქვენს დათვს ბაფთა შეაბათ, რომ შემთხვევით სხვა
დათვში არ აგვერიოს და არ მოვკლათო. ასეც მოიქცნენ, მართლაც შეაბეს დათვს წითელი
ბაფთა და ასე, ბაფთაშებმული, დადიოდა იგი ტყეში. მაგრამ ადამიანი, ზოგჯერ მაინც
ისეთ თვისებას იჩენს, რომ მხეცზე უარესი ხდება და ვიღაც სოფლელს მაინც მოუკლავს ეს
დათვი.

მინდა კვლავ სიმშვიდის თემას დავუბრუნდე და აღვნიშნო, რომ სიმშვიდე, მადლი სულისა
წმინდისა, – საოცრებაა, ეს არის ის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ გვაცხოვნებს.

ღვთისაკენ მიმავალი გზა მრავალია: ზოგი განსაკუთრებით ლოცულობს, ზოგი აკეთებს
სიკეთეს, ზოგი კიდევ რაღაც სხვა მადლსა იქმს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ყველაზე
მნიშვნელოვანი მაინც არის სხვისი გაჭირვების დანახვა და მისი დახმარება. ადამიანმა
უნდა აკეთოს, რაც შეიძლება მეტი სიკეთე და ყოველი ღონე უნდა იხმაროს ამისთვის. და
სიკეთე უხვად დაუბრუნდება მას. შევთხოვ ფფალს, რომ მადლი სულისა წმინდისა უხვად იყოს
თითოეულ ჩვენგანზე, სრულიად საქართველოზე.

ჩვენ მრავალი პრობლემის წინაშე ვდგავართ და ეს ყველაფერი აიხსნება იმით, რომ
ჩვენ უფრო მეტად ვზრუნავთ მიწიერზე, ვიდრე სულიერზე. სულიერი უნდა იყოს საფუძველი
ჩვენი ცხოვრებისა. რა თქმა უნდა, მიწიერზეც უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ პირველადი მაინც
სულიერია.

წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სყვარული სუფევდეს თქვენთან და საქართველოში, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №28,
2007 წ.