საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (16 მარტი, 2008 წ.)

16 მარტი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-16-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98-20

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 16 მარტი, 2008 წ.

„ეკლესია დგას ჩვენი ერის
სადარაჯოზე: სადაც ქართველი ერია, – იქ არის ეკლესიაც“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. დღეს განსაკუთრებული დღეა, რომელსაც
ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი. ღვთის მადლით, განვლო დიდმარხვის პირველმა
კვირამ და დაგვიდგა ეს დღე. რატომ ზეიმობს ეკლესია ამ დღესასწაულს?
მოგეხსენებათ, პირველ საუკუნეებში – ვიდრე VII-VIII საუკუნეებამდე ეკლესია სულ
ბრძოლებში იყო: ეკლესია იბრძოდა სიწმინდისათვის, სიმართლისათვის. და ნიშნად
გამარჯვებისა, იყო დადგენილი ეს დღესასწაული, რომელსაც ეწოდა ზეიმი
მართლმადიდებლობისა.

ამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვმართებს ფიქრი იმის შესახებ, თუ რა არის ეკლესია, რა
მნიშვნელობა ჰქონდა მას საუკუნეების მანძილზე, რა ფუნქცია აქვს დაკისრებული დღეს და
რა უნდა აკეთოს ეკლესიამ მომავალში. ღვთის მადლით, ეკლესია არის ერის სულიერი ძალა.
წარმოიდგინეთ, ეკლესია რომ არ ყოფილიყო საქართველოში, – საკითხავია იარსებებდა თუ
არა დღეს ქართველი ხალხი. ეკლესიის ძალა რომ არ ყოფილიყო, გამთლიანდებოდა ჩვენი
ქართველი ერი? მრავალი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ იმისი, თუ რამდენად დიდია ძალა
ეკლესიისა, მაგრამ ეს არის სულიერი ძალა.

ხშირად გვეუბნებიან, რომ ეკლესია უნდა დადგეს ამა თუ იმ მხარეს. მინდა ყველას
გითხრათ, ეკლესია დგას ჩვენი ერის სადარაჯოზე: სადაც ქართველი ერია, – იქ არის ეკლესიაც. და
თუკი სადმე არის განხეთქილება, ეკლესია ცდილობს, დაუახლოოს დაპირისპირებული
ადამიანები ერთმანეთს. ცხადია და ბუნებრივია, რომ უნდა არსებობდეს განსხვავებული
აზრი, მაგრამ თუ იგი ურთიერთდაპირისპირების საგანი ხდება და თუკი იგი
ავნებს ქვეყანას,
ერს, მაშინ ადამიანმა უნდა დათმოს
თავისი პოზიცია და
ქვეყნის სამსახურში
უნდა ჩადგეს, უნდა
ემსახუროს ხალხს
და ყველაფერი უნდა
გააკეთოს ერის საკეთილდღეოდ და ქვეყნის გასამთლიანებლად. ყოველ ჩვენგანს მართებს
ფიქრი
ამის შესახებ.

ეკლესია აღასრულებს თავის
ფუნქციებს – იგი
სულიერად აერთიანებს ერს. ამაშია ძალა ეკლესიისა. ეკლესიაში არსებობს მადლი სულისა
წმინდისა, რომელიც მოქმედებს ყოველ ჩვენგანზე.

მახსენდება ის დრო, როცა საძირკველს ვუყრიდით ყოვლადწმინდა სამების ამ წმინდა
ტაძარს. იმ დროს ვერავის წარმოედგინა, რომ ასეთი ბრწყინვალე ტაძარი აშენდებოდა,
მაგრამ უკვე იმ დროს ვგრძნობდით აქ განსაკუთრებული მადლის მოქმედებას. თითქმის 25
მ სიღრმის ქვაბული იყო ამოთხრილი და ჩვენ მოვდიოდით აქ და ვლოცულობდით. აქ უკვე
დამკვიდრებული იყო მადლი სულისა წმინდისა „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა
აღმავსებელი“. მახსენდება, თუ როგორ ჩავდეთ ქვაბულში მომავალი ტაძრის საძირკველში
მორწმუნე ადამიანების გვარ-სახელები და ლოცვა-ვედრება. ახლა ჩვენი სახელები და
ჩვენი ლოცვები ამ დიდებული ტაძრის საძირკველში მოექცა! ალბათ, გახსოვთ, ჩვენ საძირკველში ასევე ჩავყარეთ ოქროს მონეტები. ქეთევან
ბაგრატიონმა ჩადო თავისი საგვარეულო ბეჭედი. ჩვენი რწმენა და სასოება ყველაფერი
უკვე მეტყველებდა იმაზე, რომ მადლი ღვთისა გადმოდიოდა ამ ადგილზე და გადმოდიოდა
ჩვენზე. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.

მადლი ღვთისა არის ყოველგან, ლოცვაში „მეუფეო ზეცათაო“ ვკითხულობთ: „რომელი
ყოველგან ხარ და ყოველსავეს აღავსებ მადლითა შენითა“, – ე.ი. მადლი ყველგანაა და
ყოველსავეს აღავსებს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ღებულობს თუ არა
ადამიანი ამ მადლს, მზად არის თუ არა მისი გონება, გული, სულიერი სამყარო
იმისათვის, რომ ეს მადლი მიიღოს. თუ ადამიანის გულში ბოროტებაა, თუ ადამიანი თესავს
ბოროტებას, ამ ადამიანში, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მადლი. უპირველეს ყოვლისა,
ადამიანმა უნდა ჩახედოს თავის გულს, უნდა დავინახოთ ჩვენი ნაკლი. ამიტომ შევთხოვს
უფალს წმინდა ეფრემ ასური: „მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა“. ხედვა საკუთარი
ცოდვების და სინანულის ქონა – უდიდესი სულიერი ხელოვნებაა, მორწმუნე ადამიანის
უდიდესი მიღწევაა. თუ ეს შეგრძნება საკუთარი უღირსების, თუ განცდაი თვისთა ცოდვათა
არის ადამიანში, – ის აუცილებლად გამოსწორდება და აუცილებლად ცხონდება, – რადგან
მას ეძლევა შესაბამისი ძალა, რომ დასძლიოს ცოდვა.

უნდა ვიცოდეთ, რომ უფალი სურვილსაც კი იწირავს, როგორც საქმეს. თუნდაც ადამიანის
წრფელი სურვილი, რომ იყოს წმინდა, იყოს სუფთა, უკვე შეწირულია, როგორც საქმე. თუკი
ადამიანი ცდილობს, რომ დღეს იყოს უფრო წმინდა, ვიდრე იყო გუშინ, – ეს უკვე ღვთის
წინაშე დიდი ღვაწლია.

ცოდვა არსებობს მას შემდეგ, რაც დაეცნენ ადამი და ევა. „არა არს კაცი, რომელი
ცხონდეს და არა სცოდოს“. მაგრამ ადამიანი არ უნდა შეურიგდეს ცოდვას, ადამიანმა უნდა
იცოდეს, რომ ცოდვა – ეს არის ხორცმეტი, ეს არის ბოროტი ძალისაგან მოვლინებული
დაცემა და ადამიანმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს, არ უნდა მიიღოს იგი და მით უფრო,
არ უნდა დატკბეს ცოდვით. ცოდვა იზიდავს ადამიანს, ამიტომ იგი ფხიზლად უნდა იყოს და
ეწინააღმდეგებოდეს მას.

დღეს, როდესაც ჩვენ მართლმადიდებლობის ზეიმს ვდღესასწაულობთ, – შევთხოვთ უფალს, –
„უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“. ღმერთმა
მოგვცეს ძალა, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ცოდვას.

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება
სულისა წმინდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ
თქვენ და სრულიად საქართველოს! ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, დაამშვიდოს
და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №10, 2008 წ.