საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (16 დეკემბერი, 2007 წელი)

16 დეკემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-16-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9b

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 16 დეკემბერი, 2007 წელი

„ნათქვამია, რომ ღვთის განგებით,
ნათლიისაგან გადადის უხილავი ძალა და მადლი.
ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩემი ნათლულები ბედნიერები იქნებიან“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანის ცხოვრება – ეს არის ურთულესი პროცესი. აღმოსავლური სიბრძნე ამბობს: „ჰოი, მწუხარებავ,
შენ საწყისი ხარ სიხარულისა. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა“. აი, ასეთი ცვალებადია ადამიანის ცხოვრება და ასეთი ჯვარი უნდა
ზიდოს ყოველმა ჩვენგანმა. ადამიანის ცხოვრება – ეს არის უდიდესი ღვაწლი. ამ ღვაწლით
ადამიანი უნდა დაუახლოვდეს ღვთის ნებას, ღვთის ენერგიას. თუკი ეს ორი ენერგია
შეერთდა, – ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ საოცარ შედეგს: ადამიანს უადვილდება ჯვრის
ტარება, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს იგი.

ჩვენ შევიტყვეთ, კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი ტაო-კლარჯეთში ხანძთის მონასტრის
გუმბათი ჩამოინგრა. ვფიქრობ, დადგა დრო, როცა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა
დაიწყოს მოლაპარაკება თურქეთის ხელისუფლებასთან, რომ ქართველ მღვდელმსახურებს
საშუალება მიეცეთ, ჩაატარონ ღვთისმსახურება ტაო-კლარჯეთის ჩვენს დიდებულ
ტაძრებში. თუკი საქართელოში თავისუფლად სრულდება მუსულმანური მღვდელმსახურება და
წესები, ალბათ, სამართლიანი იქნება, რომ მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა იქაც
შესრულდეს. ვფიქრობ, რომ თურქეთის მთავრობა დაგვრთავს ნებას; მით უმეტეს დღეს, როცა
ასეთი შესანიშნავი მეგობრული ურთიერთობაა ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის.

მინდა დღეს იმის შესახებ გესაუბროთ, თუ რა არის ნათლობა და რამდენად მნიშვნელოვანია
იგი ადამიანის ცხონებისათვის. წმინდა მამები ამბობენ, რომ ნათლისღება არის მეორედ
შობა. სახარებაში წერია, რომ ცხონდება ის, ვინც ნათელს
იღებს სახელითა მამისათა,
და ძისათა და წმინდისა სულისათა. ნათლისღება არის
უდიდესი საიდუმლო: წყალში
სამგზის შთაფლვით ადამიანი
სულიერად იწმინდება და
ახალ ცხოვრებას იწყებს. მოგეხსენებათ, რამდენად მძიმედ დგას დემოგრაფიული
საკითხი ჩვენს ქვეყანაში. ძალიან სამწუხაროა ის მოვლენა, რომ დღეს საქართველოში
შობადობამ იკლო და სიკვდილიანობამ იმატა; ქვეყანაში
მოსახლეობის კლების პროცესი მიმდიანერობს. ჩვენ
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
იმისათვის, რომ ეს პროცესი
შეჩერდეს და უფრო მეტიც, – პირიქით, მოხდეს მატება
ჩვენი მოსახლეობისა. ეს ბევრად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პირობებში ცხოვრობს
ხალხი; საჭიროა ხელის შეწყობა. ამ საქმეში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და,
უპირველეს ყოვლისა, ეკლესიამ. ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ
ოჯახს ერთი და ორი შვილი კი არა 3, 4, 7 და მეტი ჰყაედეს. და ეს ოჯახები იქნება
ბედნიერი. ამიტომ მე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება: ვისაც ეყოლება ყოველი მესამე
შვილი, რა თქმა უნდა, თუკი მშობლების სურვილი იქნება, განურჩევლად ეროვნებისა,
შეუძლიათ, მოგვმართონ თხოვნით და მე გავხდები მათი შვილის ნათლია. ყოველი მესამე
ახალშობლი ბავშვი საქართველოში ჩემი ნათლული იქნება. ამასთან, შეიქმნება პატრიარქის
სპეციალური ფონდი, რომელიც დაეხმარება ხელმოკლე ოჯახებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ჩემი წინადადება შეეხება მარტო ახალშობილებს. თუკი
მესამე შვილი უკვე რამდენიმე წლისაა, ის ჩემი ნათლული უკვე ვეღარ გახდება.

ნათქვამია, რომ ღვთის განგებით, ნათლიისაგან გადადის უხილავი ძალა და მადლი. ამიტომ
იმედი მაქვს, რომ ჩემი ნათლულები ბედნიერები იქნებიან. ჩვენ უკვე მოგვმართავენ ჩვილების მონათვლის სურვილით. მინდა
გითხრათ, რომ დაწესდება სპეციალური სიგელი, სადაც იქნება დადასტურებული, რომ
პატრიარქი არის ბავშვის ნათლია.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემი წინადადება არამც და არამც არ ნიშნავს
იმას, რომ ოჯახები მესამე შვილზე უნდა შეჩერდენენ. ერი უნდა გამრავლდეს! მეოთხე
შვილზე ოჯახს მიეცემა სპეციალური დალოცვის სიგელი; ის ოჯახი, რომელიც პატრიარქის
ლოცვა-კურთხევას შეასრულებს, დალოცვილი იქნება და ღმერთი შეეწევა მას. სიგელის
ტექსტი სპეციალურად შედგება და ოფიციალურად გადაეცემა დაჯილდოებულ ოჯახს. ვფიქრობ,
ეს ღვთის მადლით შეეწევა საქართველოს და ჩვენი წამოწყება კეთილ ნაყოფს გამოიღებს.

ჩემამდე მოდის ასეთი ამბები, რომ ზოგიერთ ოჯახებში, სადაც ორი შვილი ჰყავთ და მეტის
გაჩენას აღარ ფიქრობდნენ, ახლა სურვილი გაუჩნდათ, რომ მესამეც იყოლიონ. იმედი
მაქვს, რომ მესამეზეც არ გაჩერდებიან. საერთოდ, ადამიანმა უნდა იყოლიოს იმდენი
შვილი, რამდენსაც ღმერთი მისცემს! მაგალითად, მე ჩემს ოჯახში მეშვიდე შვილი ვარ და ვმადლობ უფალს და ჩემს
მშობლებს.

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! ღმერთმა გააძლიეროს და გაამრავლოს
ჩვენი ერი! იმედი მაქვს, რომ სულ მალე დადგება ისეთი დრო, როცა საქართველო
გამთლიანდება!

დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან უნარმოკლებული ბავშვები. სამწუხაროდ, ისინი ვერ
დადიან, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ღმერთი მისცემს მათ განსაკუთრებულ ნიჭს, – ეს
იქნება ნიჭი მეცნიერების სხვადასხვა დარგში თუ მხატვრობაში, ან კიდევ სხვა
მიმართულებაში, რითაც შესაძლოა ისინი მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ ადამიანებად
იქცნენ. ჩვენ მათთვის საჩუქრები მოვამზადეთ და ახლა გადავცემთ.

მინდა ისიც მოგახსენოთ, რომ დღეიდან ლოცვა დაიწყება საღამოს 5 საათზე; ვინაიდან დღე
მოკლეა და საქმეს ვეღარ ვასწრებთ.

დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №40,
2007 წ.