საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (16 დეკემბერი, 2001 წ.)

16 დეკემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-16-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9b-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

სიონის საკათედრო ტაძარი, 16 დეკემბერი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ღვთის მადლით, მოგვიახლოვდა შობა-ახალწელიწადი. ახლა შობის
მარხვა დგას. მთელი მარხვის განმავლობაში ადამიანი განსაკუთრებით უნდა ცდილობდეს,
დააგროვოს სულიერი საუნჯე. ამისათვის მხოლოდ საჭმლის მიღებისაგან თავის შეკავება
საკმარისი არ არის. ყოველმა ჩვენგანმა, უპირველეს ყოვლისა, სიკეთე უნდა ვთესოთ,
სიკეთე ვაკეთოთ, ვიყოთ ურთიერთის მიმართ კეთილისმყოფელნი, რათა მშვიდობა სუფევდეს
ჩვენს გარშემო. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, რწმენასთან, სიყვარულთა და სასოებასთან
ერთად – სულიერი საუნჯეა. უფალი ბრძანებს: „სადაც არის საუნჯე შენი იქ არის გული
შენი“. ადამიანებს სხვადასხვაგვარი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ რა არის
საუნჯე. ზოგიერთისთვის მთავარია მატერიალური სიმდიდრე და ძალიან ბევრს ფიქრობს
მიწიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, რა ჭამოს, რა სვას, სად იცხოვროს; თუ
ერთი სახელი აქვს – ათი უნდა, თუ ერთი მანქანა აქვს – მეორეს შეძენაზე ოცნებობს, თუ
ფული დააგროვა – მეტის მოპოვების სურვილი უჩნდება. მაგრამ არიან ადამიანები,
მორწმუნენი, სულიერად მოაზროვნენი და ეკლესიურნი, რომელთაც ძალიან კარგად ესმით
სიტყვები უფლისა: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“. ჩვენ კმაყოფილნი უნდა
ვიყოთ იმით, რომ უფალი გვაძლევს პურს ჩვენი არსობისა. აქ, რა თქმა უნდა, არ
იგულისხმება პური, არამედ ყოველივე ის, რაც ადამიანს საარსებოდ სჭირდება. ჩვენ
ძალიან ხშირად დღევანდელ დღეზე კი არ ვფიქრობთ, არამედ ჩვენს შვილებზე,
შვილიშვილებსა და იმათ შვილებზე, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ვიყურებით – როგორ
იცხოვრებენ ჩვენი შთამომავლები მომავალში. ამიტომ მიწიერი საუნჯის მომგროვებლის
გული მიწაზეა. თუ გული მიწიერსაა მიჯაჭვული, სულიერი მას უკვე არაფრად ჭირდება და
მისთვის იგი უცხო ხდება.

დღევანდელ სახარებაში წერია, რომ ერთი ახალგაზრდა კაცი მივიდა
უფალთან და გამოსაცდელად ჰკითხა მას: რა გავაკეთო, რომ სასუფეველი დავიმკვიდრო?
საუბრის დასაწყისში მიმართა მას სიტყვით – „სახიერო“. მაცხოვარმა უპასუხა, სახიერი
მხოლოდ ღმერთია. ამ სიტყვებით უფალი ამხელს მას, რადგან იცის, რომ ამ კაცს არ სწამს
მისი სახიერება, არც ის სწამს, რომ იგი ღმერთია. უფალი რომ გულთმხილველია, მან
ამოიკითხა ამ ადამიანის აზრი და უთხრა: ხომ წერია სჯულში: „არა იმრუშო, არა იპარო,
პატივ-ეც მამასა და დედასა შენსა“. ხოლო იგი ეუბნება: ყველაფერ ამას მე
სიყმაწვილიდანვე ვასრულებო, მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ შეასრულა მან ეს
მცნებები. და მაშინ მაცხოვარმა ასე ურჩია მას: თუკი ამ მცნებებს აღასრულებდი, მაშინ
წადი, გაყიდე ყველაფერი, დაურიგე გლახაკებს და შემომიდეგ მე. „და განშორდა ჭაბუკი
იგი და იქმნა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად“, მისი გული სიმდიდრეს ვერ
განეშორა, რადგან იგი მცნებებს თუ აღასრულებდა, აღასრულებდა ფორმალურად. ასევეა
ყოველი ადამიანი, თუ მისი გული მიწიერსაა მიჯაჭვული.

ბედნიერია ის პიროვნება, ის გვარი, ის ერი, რომელიც სულიერ
საუნჯეს აგროვებს. უნდა ითქვას, რომ ქართველი ხალხი მუდამ ცდილობდა სულიერი საუნჯის
მოპოვებას. გადავხედოთ ჩვენს მეფეთა, დიდებულთა, ჩვენი ხალხის ცხოვრებას. როგორც კი
შესაძლებლობა მიეცემოდათ, აგებდნენ ეკლესია-მონასტრებს, ქმნიდნენ ხატებს. ხშირად,
მხურვალე და წრფელი ლოცვის შედეგად ეს ხატები სასწაულთმოქმედნი ხდებოდნენ. ჩვენი
სახელმწიფო მუზეუმი უძველესი საეკლესიო ნივთებითა და ხატებითაა სავსე. ეს ყველაფერი
ჩვენმა ეკლესიამ, ჩვენმა ერმა დააგროვა. ასეთი საუნჯე თითქოს მატერიალურდება, როცა
ხელშესახები ხდება, მაგრამ ამ მატერიალურში არის დიდი სულიერი ძალა, რადგან თან
ახლავს ლოცვა და რწმენა ჩვენი წინაპრებისა.

დღეს ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში დიდი
გასაჭირია, რომ მრავლადაა ხელმოკლე ოჯახები, გვაქვს დიდი პრობლემები და ასე შემდეგ.
მე მინდა გკითხოთ: როდის არ უჭირდა საქართველოს? თუნდაც დავით აღმაშენებლის დროს
განა არ იყო პრობლემები? როცა საქართველო გავრცობილი გახლდათ ზღვიდან – ზღვამდე,
ნიკოფსიიდან – დარუბანდამდე? – გაჭირვება, რა თქმა უნდა, მაშინაც არსებობდა. ასეთია
ცხოვრება, ზოგს უჭირს, ზოგს ულხინს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ვისაც ულხინს, მან
დაინახოს გაჭირვებული ადამიანი, გაუწოდოს მას დახმარების ხელი, ისე როგორც საკუთარ
ძმას, დას, შვილს, ახლობელს. თუ მატერიალურ დახმარებას ვერ გაუწევს, უნდა ანუგეშოს
მაინც, თბილი სიტყვა უთხრას განსაცდელში ჩავარდნილს; დიდი საქმეა ღვთის წინაშე,
როცა გაჭირვებაში მყოფს ანუგეშებ. ადამიანები ხშირად კარგავენ იმედს, მათ ჰგონიათ,
რომ უკვე ყველაფერი მორჩა, ჩიხში მოექცნენ და იმის იქით ვეღარაფებს ხედავენ. იცოდე,
როცა ფიქრობთ, რომ არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს, მთელი არსებით მიენდე ღმერთს და
უფალი აუცილებლად შემწედ მოგევლინებათ.

უწინაც მიამბნია თქვენთვის ერთი ამბავი. სასულიერო აკადემიის
დასრულების შემდეგ, ჯერ სულ ახალგაზრდა, ბათუმში ვმსახურობდი. იქ ცხოვრობდა ორი და
– ტურგენევების დიდებული წარსულის მქონე გვარის წარმომადგენლები. ისინი სრულიად
მარტო იყვნენ დარჩენილი და მატერიალურად საკმაოდ უჭირდათ. ერთხელ, ერთ-ერთი მათგანი
ეკლესიაში მისულა და უფლისთვის უთხოვია: უფალო, მე უკვე აღარაფერი შემიძლია,
სრულიად გავღატაკდი, საჭმლის ფულიც აღარ მაქვს, მიშველეო. მორწმუნე, რომელიც იქვე
მდგარა, შემდეგ მიამბობდა – თითქოს ვიღაცა მიბიძგებდა, წავსულიყავი იმ ადამიანთან
და დახმარება მიმეცა. ძალიან მერიდებოდა, მაგრამ მივედი მასთან და სამი მანეთი
მივაწოდე, თან ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადე, რომ ასეთი სურვილი გამიჩნდა.
გაჭირვებულმა მანდილოსანმა მადლობა მითხრა, პირჯვარი გადაიწერა და ხატს შეღაღადა:
მადლობელი ვარ, უფალო, შენ ისმინე ჩემი ლოცვა და პურის ფული გამიჩინეო.

ასე რომ, არასოდეს არ უნდა დაკარგოთ იმედი. უნდა გახსოვდეთ, რომ
სწორედ ყველაზე დიდი გაჭირვებისას თქვენთან ყველაზე ახლოსაა უფალი, რომელიც
აუცილებლად გამოგიწვდით დახმარების ხელს.

დღეს ჩვენთან ერთად ლოცულობდნენ ღამბაშიძეების გვარის
წარმომადგენლები. ღამბაშიძეთა გვარი ერთ-ერთი დიდებული და ისტორიული გვარია
საქართველოში. მათ შორის მრავალი სასულიერო პირიც ყოფილა. ამ გვარის მრავალი
წარმომადგენელი მეცნიერების სხვადასხვა დარგში იღწვის. დღეს მათი საგვარეულო,
ისტორიული ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა, მთელი წირვის განმავლობაში ტრაპეზზე
გვქონდა დასვენებული. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს,
გაამრავლოს ღამბაშიძეების გვარი და მისცეს მათ, უპირველეს ყოვლისა, სულიერი და
მატერიალური საუნჯე, რადგან ორივე საჭიროა. სანამ ადამიანი ხორცში იმყოფება, მას
აუცილებლად მატერიალურიც სჭირდება. ამასთან, მატერიალური საუნჯის სათანადო
გამოყენებაც სწორად უნდა შეგვეძლოს. უნდა გვახსოვდეს, რომ მოწყალების გამცემი
მარჯვენა არასდროს დარჩება ცარიელი. ღმერთი ათმაგად და ასმაგად შეეწევა მას.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს
ღამბაშიძეების გვარი.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №51, 2001 წ.