საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (15 მარტი, 2009 წ.)

15 მარტი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-15-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98-20

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 15 მარტი, 2009 წ.

„ბედნიერება შვილების ყოლასა და მშობლების პატივისცემაშია“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყოველი ჩვენგანი განსაკუთრებით ფიქრობს დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ჩვენი
ყურადღება ამ საკითხზე იმიტომაც არის გამახვილებული, რომ მეტად რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. სახეზეა მცდელობა საქართველოს დაყოფის, მისი დანაწევრებისა. ჩვენ
ვდგავართ უმძიმესი და საძწუხარო ფაქტის წინაშე – საქართველო დღეს დროებით ვერ
აკონტროლებს – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ზოგჯერ ამბობენ, რომ დავკარგეთ
აფხაზეთი და ცხინვალი. პირადად მე – არავითარ შემთხვევაში არ ვუშვებ ამ აზრს – არ
არის დაკარგული საქართველოსთვის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, შიდა ქართლიც
და აფხაზეთიც არის განუყოფელი ნაწილი საქართველოსი და, ღვთის მადლით, ასეთად დარჩება. ასეთია ნება ღვთისა, ასეთია სურვილი ჩვენი ერისა და მე ვიტყოდი, ასეთია
სურვილი აფხაზებისა და ოსებისა, რადგან თუკი ჩვენი უცხოობა ასე გაგრძელდა, –
რამდენიმე წლის შემდეგ აფხაზები აფხაზეთში აღარ იქნებიან, – იქ სხვა ერების
წარმომადგენლები ჩასახლდებიან, იგივე მოელის ოსებსაც. ამიტომ ერთად უნდა ვიზრუნოთ,
რომ მთლიანი და ძლიერი იყოს საქართველო და ჩვენთან ერთად ძლიერი იქნება აფხაზეთიც
და გაძლიერდებიან ოსებიც.

გუშინ რეზიდენციაში სტუმრად გვყავდა ამერკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი.
ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მომავალზე. მასთან საუბარში გამოვთქვი აზრი, რომ კარგი
იქნებოდა, შექმნილიყო რეგიონი – მშვიდობიანი კავკასია. ცხადია, ასეთი რეგიონის
შექმნა არ გულისხმობს კავკასიის გამთლიანებას ერთ სახელმწიფოდ, ისევე დარჩება ეს 3
სახელმწიფო კავკასიაში, მაგრამ ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ერთობლივი ძალებით
ვიზრუნოთ მშვიდობისათვის ამ
რეგიონში.

კავკასია უნდა იყოს მშვიდობიანი, იმიტომ რომ დესტაბილიზაცია ამ რეგიონში საშიშია
მთელი მსოფლიოსთვის.

ჩვენ რომ მხოლოდ საქართველოს მშვიდობისთვის ვიზრუნოთ, შეიძლება, სათანადო ყურადღება
არც მოგვაქციოს მსოფლიომ. ევროპა და ამერიკა
საქართველოს მხარს უჭერს, მაგრამ ეს გამოიხატება მხოლოდ
განცხადებებში, – და ეს საკმარისი არ არის; და თუკი გვსურს,
მოვიპოვოთ მსოფლიო საზოგადოების ნამდვილი მხარდაჭერა,
ჩვენ უნდა ვიფიქროთ მთელი ამიერკავკასიის რეგიონის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და
სომხეთის მშვიდობაზე. ვფიქრობ,
რომ ეს საინტერესო იდეაა და ამ
საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრივ, ყველაფერი
უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ
განმტკიცდეს, გამრავლდეს და
გაძლიერდეს ჩვენი ერი.

ახლა თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო კიდევ ერთ საკითხზე. ხშირად ჩვენ ერთმანეთს
ბედნიერებას ვუსურვებთ და ის კი არ ვიცით, როგორ მივაღწიოთ ამას და რა არის
ბედნიერება. ადრეც მითქვამს თქვენთვის და მინდა შეგახსენოთ, ერთი პოეტი ამბობს,
ყოველ შემთხვევას, ყოველ მოვლენას, რომელიც ადამიანის თუ ერის ცხოვრებაში ხდება,
აქვს მეორე სახელი – ბედი, ღვთის განგება. უფალი წინასწარ ჭვრეტს ჩვენს სამომავლო
ქმედებებს. უფლისთვის წარსული, აწმყო და მომავალი – ყველაფერი აწმყოა, ყველაფერს
აწმყოში ხედავს.

წმინდა წერილიდან გახსოვთ, წინასწარმეტყველი იერემიას წიგნში უფალი ამბობს: შენ ჯერ
ჩასახული არ იყავი დედის მუცელში, როდესაც გიცნობდიო. და იქვე არის ნათქვამი, რომ
ადამიანს ქმნის უფალი – „მე გყავ შენ“. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა
მივაქციოთ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს.

მადლობა ღმერთს, ახლა მრავალი ადამიანი ფიქრობს მესამე შვილზე, მაგრამ ეს არ არის
საკმარისი. თქვენ უნდა გყავდეთ იმდენი შვილი, რამდენსაც უფალი მოგცემთ. სწორედ ამაშია
ბედნიერება და ასეთია განგება ღვთისა. მადლობა ღმერთს, ჩვენ გვაყავს მრავალშვილიანი
ოჯახები, თუმცა ჯერ არც ისე მრავლად. ჩვენ გვყავს სასულიერო პირები, მე ვიტყოდი,
გმირები, რომლებიც მრავალ შვილს უზრდიან ქვეყანას. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი
ადამიანია მამა ბესარიონ მენაბდე, წინამძღვარი წმინდა ნიკოლოზის ტაძრისა. მას ეყოლა
მე-12 შვილი, რომლის ნათლია მე ვარ. ჩვენთან ასევე ბრძანდება დღეს მამა ალექსანდრე
ბოლქვაძე, რომელსაც ასევე 12 შვილი პყავს. დღეს მე განსაკუთრებით ვლოცავ ამ ორ
მოძღვარს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი მოძღვრები და ღმერთმა ინებოს, რომ ბევრს გაუჩნდეს
სურვილი, მიბაძოს მათ.

დღეს მინდა დავაჯილდოვო ეს ორი მოძღვარი.

დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, წინამძღვარი წმინდა ნიკოლოზის სახ. ტაძრისა, ეკლესიაში
ერთგული სამსახურისთვის ჯილდოვდება ოქროს ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით.

მინდა კიდევ მოგახსენოთ, რომ მამა ბესარიონი საერო განათლებით არქიტექტორია და მისი
პროექტით და ზედამხედველობით მრავალი ტაძარი აშენდა. მამა ბესარიონი ასევე
სამხატვრო საბჭოს წევრი გახლავთ. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს იგი და კიდევ
მრავალი შვილი მისცეს.

დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთგული
სამსახურისთვის ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით.

მახსენდება მამა ალექსანდრეს სტუდენტობა. მახსოვს, მცხეთაში, სასულიერო სემინარიაში
იყო
ლიტერატურული საღამო და მან იქ წაიკითხა ლექსი, ხალხი ტიროდა მის სიტყვებზე.
ღმერთმა დაგლოცოთ, მამაო, და ბედნიერი გამყოფოთ.

კვლავ მინდა მივუბრუნდე ბედნიერების თემას და აღვნიშნო, რომ ყველას გვსურს, ვიყოთ
ბედნიერნი, მაგრამ ხშირად არ ვიცით, რა მოვიმოქმედოთ ამისთვის. ბედნიერება შვილების
ყოლასა და მშობლების პატივისცემაშია. ერთ-ერთი მცნება ღვთისა გვმოძღვრავს: „პატივ ეც
დედასა და მამასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“.
ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, მთელ საქართველოს და საქართველოში მცხოვრებ აფხაზებს,
ოსებს, რუსებს, ყველა მართლმადიდებელ ადამიანს, რომ განსაკუთრებული პატივი ეცით
თქვენს წინაპრებს. თუკი მშობელი გარდაცვლილია, მისდამი პატივისცემა უნდა გამოხატოთ
მისი მოხსენებით, უნდა გააკეთოთ საკურთხი მის სახელზე, გასცეთ მოწყალება გაჭირვებულ
ადამიანებზე და ბედნიერი და დღეგრძელი იქნებით ქვეყანასა ზედა.

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, ყოველ დილას მიიღეთ ლოცვა-კურთხევა მშობლებისაგან.
ადრეც ბევრჯერ გითხარით, – ზოგი ასრულებს ამას, ზოგს მაინც უჭირს. დილით რომ
ადგებით, დედ-მამას ხელზე ემთხვიეთ დადალოცვა სთხოვეთ. ისინი დაგლოცავენ და ეს
იქნება დალოცვა ღვთისა.

კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა აწ და მარადის და
უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №8, 2009 წ.